ვახტანგ ძაბირაძე: „ნაციონალური“ კლანის ჩანაცვლება ბურჯანაძემ უნდა მოახერხოს!
„ივერიონს“ ესაუბრება პოლიტიკური ექსპერტი ბახტანგ ძაბირაძე
- ბატონო ვახტანგ, საზოგადოებაში არაერთგვაროვნება გამოიწვია ლევან ვასაძის მიმართვამ ხელისუფლებისადმი, რომელიც მან „ქორთიარდ მარიოტში“ გააჟღერა. როგორ ფიქრობთ, გადაეშვა თუ არა ვასაძე პოლიტიკაში და გამოიწვევს თუ არა ეს მესამე პოლიტიკური ძალის შექმნას საქართველოში?
- იცით, ლევან ვასაძე საკმაოდ აქტიურად გამოვიდა საზოგადოებრივ ასპარეზზე. ის სათავეში ჩაუდგა დემოგრაფიულ ფონდს, რომელიც მგრძნობიარე თემაა და მის პიროვნებას ხიბლს ანიჭებს. ის, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი საზოგადოებაში ბევრს არ მოსწონს, ბუნებრივია, თუმცა მისცემს თუ არა ამ კანონზე აქცენტირება ვასაძეს ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბების საშუალებას, ცოტა საორჭოფოა. ამისთვის მხოლოდ პოპულარობა და საზოგადოებისთვის ზეპირი დივიდენდების გაცემა არასაკმარისია. უნდა ითქვას, რომ ლევან ვასაძის პოპულარობას ჩრდილს აყენებს ვარაუდი მისი პრორუსულობის შესახებ.
- ლევან ვასაძემ ხელისუფლებას ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმების მოთხოვნით მიმართა. ჯერ ერთი, რამდენადაა მზად ამისთვის დღევანდელი პარლამენტი, რომ საკუთარი გადაწყვეტილება უკან გაიწვიოს და უარი თქვას „ევროპულ“ არჩევანზე და, მეორე, ამ კანონის გაუქმება, ხომ არ გამოიწვვს ავტომატურად რუსეთის ორბიტაზე გადასვლას?
- ეს კანონი არ გვქონდა, მაგრამ არ ვიყავით რუსულ ორბიტაზე, გვაქვს, მაგრამ ევროპელები მაინც არ ვართ!
მინდა გითხრათ, რომ ეს კანონი ცოდვას კი არ აკანონებს, ესაა კანონი ცოდვილთა არჩაქოლვის შესახებ. არაფერს ვამბობ ეკლესიაზე, რომელიც კრძალავს ამ კანონს და სხვანაირად ვერც იტყვის. ვფიქრობ, საერო ხელისუფლებიდან ბევრი ცდილობს ეკლესია და სახელმწიფო დაუპირისპიროს ერთმანეთს, რათა შემდეგ თავისი ზრახვები განახორციელოს. რაც შეეხება ლევან ვასაძეს, ის არ რის ის პიროვნება, ვინც სადღაც რაღაცას იტყვის და ამის გამო პარლამენტმა რიგგარეშე სხდომები უნდა მოიწვიოს. თუ პატრიარქი ამბობს, ის პატრიარქია და მის ნათქვამს უამრავი შრე აქვს, რომელსაც დაფიქრება და გააზრება სჭირდება; როცა მას პოლიტიკოსები ხვდებიან და საუბრობენ, ეს კიდევ სხვა საფეხურია, მაგრამ მეც რომ ვასაძესავით ავდგე და მოვითხოვო რომელიმე კანონის გაუქმება, ეს რას ემგვანება?!
მალე მივალთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ამ ორ წელიწადში ერი ჰომოსექსუალი ხომ ვერ გახდება და გადავირჩევთ. ბევრს არ აქვს უფლება საზოგადოებას ელაპარაკოს პატრიარქის ტონით. ამ ადამიანს, 30-წლიანი პატრიარქობის გარდა, რთული გზა აქვს განვლილი. მას ვერც ლევან ვასაძე და ვერც სხვა, ალბათ ერთი-ორი კაცის გარდა, საქართველოში, ვერ შეედრება.
- ბატონო ვახტანგ, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით საბოლოოდ ხომ არ ვამბობთ უარს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაზე?
- ამ დოკუმენტს ჩვენ ხელს მოვაწერთ. გუშინ რასმუსენი და მედვედევი ამბობდნენ, რომ ცივი ომისკენ მივდივართო და ამის ფონზე რუსეთი ხელმოწერაში ჩვენ და მოლდავეთს ხელს არ შეგვიშლის. ის ცდილობს, მსოფლიო ყირიმის ფაქტს შეაგუოს, თან დონეცკსა და ლუგანსკში სამაჩაბლოსა და აფხახეთის მსგავს სეპარატისტულ კერებს ქმნის, რათა მოსახლეობა უკრაინაში ასარჩევ ახალ პრეზიდენტს დაუპირისპიროს. თუ რუსეთი საქართველოში ჯარს შემოიყვანს, ე.ი. ნატო აამოქმედებს მე-5 მუხლს და დაიწყება საომარი მოქმედებები, რაც ამ ეტაპზე არცერთ მხარეს არ აძლევს ხელს.
- ბატონო ვახტანგ, ცნობილი გახდა, რომ , საქართველოში გამეფებული დუხჭირი სოციალურ-ეკონომიკური გარემოს მიუხედავად, ქართული სამინისტროები უზარმაზარი პრემიებით საჩუქრდებიან. თქვენი აზრით, რამდენად ადეკვატურია დასახელებული ციფრები ქართულ რეალობასთან?
- მოდით ასე შევხედოთ ამ საკითხს: მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლების პირველ პირებს უნდა ჰქონდეთ მაღალი, და არა არანორმალური, ანაზღაურება, მაგრამ მათი შემოსავლის მთლიანი ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს. ეს ადამიანები სახელმწიფო სამსახურში დროს კარგავენ, ენერგიას ხარჯავენ, მაშინ, როცა შეეძლოთ სხვა საქმით გამოემუშავებინათ ფული. მეორე მხრივ, საზოგადოებასაც აქვს თავისი მოთხოვნა - თუ ის ჩინოვნიკს ფულს გადაუხდის, მან მათი ცხოვრება უნდა მოაწესრიგოს!
- NDI-ის კვლევის თანახმად, ირაკლი ალასანიას რეიტინგი გაცილებით მაღალია ირაკლი ღარიბაშვილისრეიტინგზე. რაზე მეტყველებს ეს შედეგი?
- თუ ალასანია ან ღარიბაშვილი დაიწყებენ იმაზე ფიქრს, ეს ასე რატომაა, მიხვდებიან, რომ ასეც უნდა იყოს. თავდაცვისა და სამხედრო თემა ის სპეციფიკური საკითხებია, რომელზედაც მოსახლეობას ნაკლებად მიუწვდება ხელი. შეიძლება ყოველდღე გაიგო ახალი ამბავი დედაქალაქში მომხდარი მკვლელობის შესახებ, მაგრამ რა ხდება ჯარსა და თავდაცვაში გასაიდუმლოებულია. ( ჯარისკაცთა მოწამვლას თუ არ ჩავთვლით). დანარჩენი, რაც ქვეყანაში ხდება, ღარიბაშვილის საფიქრალია და მის კისერზეა. აბა, ალასანიას ხომ ვერ მოვთხოვთ სამუშაო ადგილების შექმნას?! ეს რეიტინგიც აქედან შეიძლება გამომდინარეობდეს.
- თქვენი აზრით, როგორ განაწილდება პოზიციები ადგოლობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, მოახერხებს თუ არა არასაპარლამენტო ოპოზიცია გამარჯვებას?
- ქართულ ოპოზიციას არა და არ ეშველა, 90-იანი წლებიდან მოყოლებული ვერ გაერთიანდა. მე მინდოდა, ოპოზიციას ებრძოლა ერთიან ფრონტზე, რაც მათ მესამე ძალის შექმნისკენ წაიყვანდა. ,,ქართულ ოცნებას“ არ აქვს მოსახლეობისგან ის მხარდაჭერა, რაც ჰქონდა, მაგრამ ამომრჩეველი, რომელიც განუდგა, ოპოზიციის ამომრჩევლად ვერ ჩამოყალიბდა. სამწუხაროდ, პირველ ადგილს დაიკავებს ,,ქართული ოცნება“, მეორეს - ,,ნაციონალური მოძრაობა“, მესამეს - ბურჯანაძის ალიანსი. ,,ნაციონალების“ მხარდამჭერები ჩამოყალიბდნენ ერთიან კლანურ ფორმად, რომლის ჩანაცვლება უნდა მოხერხოს ბურჯანაძემ.
- ეთანხმებით თუ არა იმ მოსაზრებას, რომ თბილისის მერი აუცილებლად თბილისელი უნდა იყოს?
- ვიღაცები ამ თემის წინ წამოწევას შეეცადნენ, თუმცა თბილისელი ამომრჩევლის ძალიან ცოტა ნაწილი ფიქრობს ასე. გლდანში ნაკლებად შეაწუხებთ ეს პრობლემა, ვაკეში კი, გლდანთან შედარებით, რაოდენობრივად ცოტა ამომრჩეველია.
- საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ თბილისის მერი ლორთქიფანიძე-ნარმანიას შორის გამარჯვებულში გამოვლინდებაო. თქვენ რას იტყვით ამის შესახებ?
- ნარმანია და ,,ქართული ოცნება“ ცალ-ცალკე არ უნდა წარმოიდგინოს ამომრჩეველმა. მისი საარჩევნო კამპანია მეტი აგრესიით (კარგი გაგებით) უნდა მიმდინარეობდეს. არჩევნებში, რა თქმა უნდა, ის გაიმარჯვებს, რადგან მას თავისი საკუთარი 39% აქვს.
- ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთმა ექსპერტმა განაცხადა, რომ თუ ადრე ქართულ ბიზნესზე ,,ნაციონალური მოძრაობა“ ძალმომრეობდა, დღეს ხელისუფლების ზეწოლას განიცდისო. მხედველობაში ჰქონდა ქართველი ბიზნესმენების მიერ ,,ქართული ოცნებისთვის“ გაცემული შეწირულობა. რამ მისცა მას ამის თქმის საფუძველი?
- მე იმ ექსპერტს ვკითხავდი, თვითონ რომ ჰქონოდა ფული, ოპოზიციას დააფინანსებდა? მე რომ მქონოდა, ხელისუფლებას დავაფინანსებდი. ასეა მთელ მსოფლიოში, ბიზნესი ამით ხელისუფლებასთან დაახლოებას ცდილობს და ეს ურთიერთობა მას საერთოდაც არ აკნინებს!
ესაუბრა ია ჯღარკავა