გურამ პეტრიაშვილი: ვიდრე ღვთისმშობელი თავის შვილს არ დაიყოლიებს- შეიბრალოს კრეტინი ქართველები - მანამდე არაფერი გვეშველება!
_ თუ მწერლის რეინკარნაცია შესაძლებელია, მაშინ გურამ პეტრიაშვილი არის ანდერსენის რეინკარნაცია, _ ასე შეაფასა უკრაინელმა ჟურნალისტმა, ოქსანა ფირიაევამ ქართველი მეზღაპრის შემოქმედება, უკრაინელმა მწერალმა და კრიტიკოსმა, ივან ანდრუსიაკმა კი იგი ოსკარ უაილდს შეადარა. მალე მკითხველი გურამ პეტრიაშვილის კიდევ ერთ წიგნს, „პატარა ქალაქის ზღაპრებს“ იხილავს:
_ თუ არ გინდა, რომ ცხოვრება ერთფეროვანი და უგემური იყოს, უნდა გჯეროდეს იმ პატარა არსებების, რომლებიც წიგნებში ცხოვრობენ და სასწაულების მოხდენა შეუძლიათ. „პატარა ქალაქის ზღაპრებში“ 28 საუკეთესო ზღაპარი შევიტანე. წიგნი ნიჭიერი მხატვრის, ნინო ჩაკვეტაძის მიერ არის დასურათებული და ვფიქრობ, მკითხველს საინტერესო მოგზაურობა ელის მის გმირებთან ერთად.
_ მეზღაპრე, პოეტი, პუბლიცისტი, კინომსახიობი, მულტიპლიკაციური ფილმების რეჟისორი, ყოფილი ფეხბურთელი, უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრი, პოლიტიკაში დასამახსოვრებელი ფრაზების ავტორი _ მაინც ვინ არის გურამ პეტრიაშვილი?
_ ბევრ რამეს მივედ-მოვედე ცხოვრებაში, მაგრამ ზღაპრები, როგორც სუნთქვა, ყოველ წამს ჩემშია, ჩემთან არის და მაინც ყველაზე უკეთ ეს საქმე გამომდის. ეს ხე, ეს ქვა, ეს სკამი, ყოველივე _ მიზეზი შეიძლება გახდეს, რომ ახალი ზღაპარი შევთხზა. ჩემს მკითხველს ახსოვს, ჯერ კიდევ 1988 წელს გამოცემული “პატარა ქალაქის ზღაპრები“. წიგნს იგივე სახელი არც ამჯერად დავარქვი უმიზეზოდ: როცა სოფლიდან ჩამოვედი, პატარა ქალაქი იყო თბილისი. ნაცნობის ნახვა თუ გინდოდა, უნივერსიტეტიდან ახლანდელ თავისუფლების მოედნამდე ფეხით უნდა გაგევლო და აუცილებლად შეხვდებოდი. ნაცნობებიც და უცნობებიც ერთმანეთს შორიდან ვესალმებოდით. აქედან დაიწყო ჩემი ზღაპრის გმირების თავგადასავლებიც. შემდეგ მთელი საქართველო თბილისში ჩამოვიდა და უცებ გაიზარდა ქალაქი...
ამჯერად ვწერ მოგონებების წიგნს, სადაც მთლიანობაში განვიხილავ ყველაფერს, რასაც ცხოვრებაში ვიყავი შეჭიდებული. 40-მდე კინოროლი მაქვს ნათამაშევი, გასულ წელს გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა ჩემი ასი ლექსი, მაგრამ ბევრმა დღემდე არ იცის, რომ ლექსებს ვწერ. ზოგიერთს, ალბათ, ჩემი ზღაპრებიც არ წაუკითხავს...
_ შეიძლება, ვინმემ მართლა არ იცის, რომ ლექსებს წერთ, მაგრამ არავის ავიწყდება თქვენი გამოსვლები ეროვნულ მოძრაობაში და ფრაზა _ „მე თქვენ მოგელანდებით“... ვის ემუქრებოდით, ბატონო გურამ?
_ მოგელანდებით-მეთქი, ვუთხარი პუტჩისტებს, ედუარდ შევარდნაძეს, თენგიზ კიტოვანს, თენგიზ სიგუას, ჯაბა იოსელიანს, გურამ გეგეშიძეს... მაგრამ შევცდი, რადგან გადაჭარბებით შევაფასე მათი სინდისი. უსინდისოს როგორ მოელანდები? მე მოველანდებოდი იმას, ვისაც სინდისი აწუხებდა. მწერალმა მაკა ჯოხაძემ მითხრა, რომ სიცოცხლის ბოლო წლებში გამუდმებით ურეკავდა იზა ორჯონიკიძე და ძალიან ნანობდა, რომ ზვიადს ებრძოდა. იზა ნიჭიერი ქალი იყო და, შეუძლებელია, მას სინდისი არ ჰქონოდა.
მწარედ დავამახსოვრე პუტჩისტებს თავი ჩემი გამოსვლებით. ვიდრე ეროვნულ მოძრაობაში ჩავებმებოდი, ბევრი ვიცხოვრე და ბევრიც ვნახე, მაგრამ როცა ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა გავიცანი მივხვდი, რაც აქამდე მიცხოვრია, მოსამზადებელი ეტაპი იყო ამ ადამიანებთან შესახვედრად. პუტჩისტებს ჩემი ერთგულება აღიზიანებდათ ზვიად გამსახურდიას და ეროვნული მოძრაობის იდეების მიმართ. არაერთხელ დამემუქრნენ ფიზიკური ლიკვიდაციით, რის გამოც იძულებული გავხდი სამშობლოდან გადავხვეწილიყავი.
_ ბატონო გურამ, როგორ ცხოვრობდით ამდენი წელი უკრაინაში?
_ ძირითადად უმუშევარი ვიყავი, არასტაბილური ჰონორარით ვცხოვრობდი, რასაც ვშოულობდი, ოჯახს ვუგზავნიდი. ჩემთვის კი ყოველდღიურად განსაზღვრული ულუფა მქონდა _ ერთი ბატონი პური და 200 გრამი კარაქი, _ რომ შიმშილით არ მოვმკვდარიყავი. ასეთი კვების რეჟიმის გამო ჰიპერტონიული კრიზი გამივითარდა და კინაღამ `ჩიბუხიც მივაყუდე~, მალე ინსულტიც დამემართა, მძიმედ დავავადდი, მაგრამ გადავრჩი. ინსულტმა განმეორება იცის და ვიფიქრე, აქ რომ მოვკვდე, ვის ექნება იმის საშუალება, რომ აქეთ-იქით კუბოთი `მაკატაონ~-მეთქი და სამშობლოში დაბრუნება დავაჩქარე. ამასობაში ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა... იმედი გამიჩნდა, როცა გავიგე, რომ მილიარდერი დადგა ხალხის გვერდით. ვიფიქრე, ის გადაარჩენს ქვეყანას მეთქი, თავის ხალხისთვის ასე ხომ არ შეიწუხებდა თავს გერმანელი, ინგლისელი ან რუსი მილიარდერი, ასე მხოლოდ ქართველი კაცი მოიქცეოდა-მეთქი, მაგრამ ჩამოვედი და რას ვხედავ? _ მკვდარი `რესპუბლიკელები~ გააცოცხლა ამ კაცმა და ქვეყნის პირველ პირებად აქცია, იმ ადამიანებს კი ბრძოლა დაუწყო, ვისაც ქვეყნის ბედზე ჭეშმარიტად შესტკივა გული!..
არასდროს არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, არც მაშინ _ როცა დეპუტატი ვიყავი. ხალხს ვეხმარებოდი მხოლოდ და ზვიადს ვუჭერდი მხარს, რადგან ის ხალხისა და ეროვნული იდეების ერთგული იყო. არ უნდოდა, რომ ქვეყანა ბანკებისა და მევახშეების ყოფილიყო, მაგრამ დღეს მხოლოდ პატარა ნაწილის, ვაჭრებისა და მევახშეების ხელშია ჩვენი ქვეყანა, დანარჩენი საქართველო კი გაღატაკებულია.
როგორც გვახსოვს, ქრისტემ ერთადერთხელ იხმარა ძალა და კინწისკვრით გამოყარა ტაძრიდან ვაჭრები და მევახშეები. ამ მამუკა ხაზარაძეს, ცა ქუდად რომ არ მიაჩნია და დედამიწა _ ქალამნად, ათასობით ადამიანი ულუკმაპუროდ და უსახლკაროდ რომ დატოვა და უხარია, რა მაგარი და წარმატებული ვარო, პირველს მას გააძევებდა უფალი ჩვენი ქვეყნიდან ფეხად რომ ჩამოსულიყო. ეს ის კაცია, რომელმაც იკადრა და მერაბ კოსტავას ხელი გაარტყა.
_ ეს როდის მოხდა, ბატონო გურამ?
_ სამწუხაროდ, მე ვერ შევესწარი ამ ამბავს, მაგრამ ბევრი თვითმხილველი არსებობს. ერთხელ, მერაბ კოსტავამ ხალხი მიიყვანა და მიტინგი ჩაატარა იმ ინსტიტუტის ეზოში, სადაც ხაზარაძე კომკავშირის კომიტიტის მდივანი იყო. ამ დროს მივარდა მერაბს გალაღებული კომკავშირელი ხაზარაძე თავის დამქაშებთან ერთად და ხელი გაარტყა. საპასუხოდ, მერაბმაც კარგად `დააკერა~ და `მოსვა~, მაგრამ დღეს რომ ჰკითხო ხაზარაძეს, ეს ფაქტი `არ ახსოვს~, თუმცა, არიან ადამიანები, ვისაც შეუძლიათ, შეახსენონ!
_ ოცი წელი ცხოვრობდით უკრაინაში და იქ მიმდინარე მოვლენებს, ალბათ, განსაკუთრებით ადევნებთ თვალ-ყურს. რა აზრისა ხართ, იმაზე, რომ უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა თავის ერთ-ერთ მრჩევლად კახა ბენდუქიძე დაასახელა და შესაძლოა მიხეილ სააკაშვილიც მალე მის გუნდში ვიხილოთ?
_ კარგია, რომ უკრაინელებს ბოლოს და ბოლოს ჩამოსცილდათ თვალზე ლიბრი და ის საზიზღარი ტიმოშენკო არ აირჩიეს, მაგრამ არ მგონია, რომ ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა მათი იმედები გაამართლოს. ეს `შოკოლადის კაცი~, თითქოს, დიდი ბიზნესმენია, მაგრამ მონოპოლისტია სინამდვილეში. არავინ ყოფილა არასდროს პეტრე პოროშენკო უკრაინაში. სააკაშვილი, კი როგორც ვიცი მისი კურსელია, ერთად სწავლობდნენ.
სიკვდილს არავის ვუსურვებ, მაგრამ ძალიან გამიხარდება სააკაშვილსაც და ბენდუქიძესაც რომ ჩახადონ საჯაროდ და როზგები ურტყან იმ გასიებულ უკანალებზე, იმის გამო, რაც მათ საქართველოს დამართეს. სააკაშვილის არაკაცობას ხომ მხოლოდ ერთი ქუჩაში მოკლული ახალგაზრდა, ერთი გირგვლიანი, ერთი ვაზაგაშვილი, ერთი გამცემლიძე... ან ერთი გურამ შარაძე ეყოფოდა.
_ ბატონო გურამ, გაამართლა თუ არა თვითმმართველობის არჩევნებმა თქვენი მოლოდინი?
_ ასე იყო ყოველთვის და ასეა ახლაც _ მმართველი გუნდი უნდა გავიდეს პირველ ადგილზე, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ ვიდრე ღვთისმშობელი არ ჩაერევა ჩვენს საქმეებში და თავის შვილს არ დაიყოლიებს, რომ შეგვიბრალოს ეს საცოდავი, კრეტინი ქართველები, რომლებმაც ჭკუა ვერაფრით ვისწავლეთ, _ არაფერი გვეშველება.
ესაუბრა ნონა ქარქაშაძე