გიორგი ტიგინაშვილი:-"საკუთარ ფესვებზე ზურგშექცეული ევროპული ინოვაციები თუ ნეო-ცივილიზაცია არც არაფერში გვჭირდება"

გიორგი ტიგინაშვილი:-"საკუთარ ფესვებზე ზურგშექცეული ევროპული ინოვაციები თუ ნეო-ცივილიზაცია არც არაფერში გვჭირდება"

   "ივერიონს" ესაუბრება ახალგაზრდა მწერალი და თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი (ივრისპირელი)

 

   -ბატონო გიორგი, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი სამოღვაწეო პროფილი უფრო მეტად სამწერლობო და საღვთისმეტყველო სფეროს მოიცავს, ამჯერად ნება მომეცით თანამედროვე პოლიტიკაზე გკითხოთ. თქვენი აზრით, სჭირდება თუ არა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება და რეალურად დაგვიცავს თუ არა იგი გარეშე საფრთხეებისაგან?

    -რა გითხრათ, დაბეჯითებით რაიმეს პროგნოზირება ერთობ რთული და შეუძლებელიც კია. თუმცა მე, როგორც რიგითი მოქალაქე, გამოვთქვამ გულწრფელ სურვილს, იმედსა და მზაობას, საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. დღევანდელი მოცემულობით თუ ვიმსჯელებთ, ეროვნული უსაფრთხოებისა და სოციალური დოვლათის ამაღლებისათვის აუცილებელიც კია ძლიერი პარტნიორების მოზიდვა და მათთან მჭიდრო სიახლოვე. ასე იქცეოდნენ ჩვენი დიადი მეფეებიც, როცა ხან დასავლეთ რომს, ხან  ბიზანტიას და ხანაც ირანსა თუ სხვა რომელიმე იმპერიას უკავშირებდნენ ქვეყნის არსებობისათვის საჭირო სტაბილურობასა და განვითარებას. ეს არ იყო უბრალოდ კონიუქტურული არჩევანი, არამედ უმთავრესად თვითგადარჩენის ბუნებრივი ინსტინქტი, რომელიც ჩვენში დღესაც ცოცხალია.  

   ვფიქრობ, რომ გამომდინარე ჩვენი თვითმყოფადი ეროვნულ-კულტურული ფასეულობებიდან, მკვიდრი სულიერი ღირებულებებიდან თუ რელიგიური მრწამსიდან, ჩვენი იდენტიფიკაცია სწორედაც, რომ დასავლურ სამყაროში ჩასახულ იდეებსა და ტრადიციებს ემყარება, რამეთუ მთელი დასავლური სამყარო (იდეაში) დგას სამ ძირითად პოსტულატზე, ესენია: ბერძნული ფილოსოფია, რომაული სამართალი და ქრისტიანული სარწმუნოება. ეს სამივე საგანძური კი ქართული სინამდვილისათვის ოდითგანვე დამახასიათებელი, გენეტიკური საუნჯე გახლდათ.

    თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, აქვე ერთმნიშვნელოვნად და პრინციპულად დავძენდი, რომ იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული ორგანიზაციები, იძულების წესით მოგვთხოვენ ერთსქესიანთა ქორწინების, მათთვის ბავშვის აყვანის უფლების, ჰომოსექსუალთა აღლუმების, არაბუნებრივი სექსუალური პრევერსიების პროპაგანდის, ევთანაზიის, ინცესტის, აგრესიული სეკულარიზმისა და ზნეობრივი ნორმების ხელყოფის დაკანონებას, მაშინ, მე დიდის მწუხარებითა და იმედგაცრუებით მკაცრად გავემიჯნები დასახულ მისწრაფებას და უარს ვიტყვი მათთან სიახლოვეზე. რამეთუ, მიმაჩნია, რომ თუკი ღირსეულად არ მიგვიღებენ და მხოლოდ სავიზო რეჟიმის გამარტივებასა და პოლიტ-ეკომონიკურ ბარაქას მოგვიტანენ, ასეთი, საკუთარ ფესვებზე ზურგშექცეული ევროპული ინოვაციები თუ ნეო-ცივილიზაცია არც არაფერში გვჭირდება.

   -როგორ  ფიქრობთ, "ევრაზიული კავშირი" ჩამოყალიბდება თუ არა ევროკავშირის საპირწონე ძალად და უნდა გადაიხაროს თუ არა საქართველოს პოლიტიკური ვექტორი მისკენ?

   -ამ ეტაპზე, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის გააზრების საფუძველზე, შემიძლია ვთქვა, რომ პირადად ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია "ევრაზიულ კავშირში" გაწევრიანების პერსპექტივაზე ფიქრიც კი, რადგან როგორც უკვე თანდათან გამოიკვეთა, ეს იქნება ახალი საბჭოთა "ძერჟავნიკული" კავშირი, რომელიც რუსეთის დომინანტობის ხელშემწყობ ინსტრუმენტად მოგვევლინება და კვლავინდებურად კრემლის კოლონიალისტურ თუ ექსპანსიურ უღელს გვითავაზებს. 

   რაც შეეხება პოლიტიკურ კურსსა და პლათფორმას, სადღეისოდ, ქართული საზოგადოების უმრავლესობამ უკვე გააკეთა არჩევანი დასავლური ვექტორისაკენ, რასაც ალბათ ყველანი პატივისცემითა და პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ. ამასთან, ამჟამინდელი გადასახედიდან, მაშინ როცა ჩვენი ტერიტორიის 20 % ოკუპირებული და წართმეულია, რაიმე სახით პრო-რუსული სიმპატიები თუ ზრახვები, როგორც მინიმუმ უტიფრობად მიმაჩნია. ახლანდელი ვითარება ასეთია, ხოლო მომავალში კი ნამდვილად არ ვიცი რა, როგორ და რანაირად იქნება. თეორიულად ისიც კი შესაძლებლად მიმაჩნია, რომ ოდესმე ჩრდილოელი მეზობელი სრულიად ტრანსფორმირდეს და შესაბამისად ჩვენ და მას საერთო გეოპოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესებიც გაგვიჩნდეს. მიჭირს ხვალინდელი დღის ჭვრეტა, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.

   ერთი რამ კი დანამდვილებით ვიცი, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება და მოთმინების გამომუშავება გვმართებს. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ იგი ბირთვული სახელმწიფოა და თანამედროვე მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე უფრო დაუცხრომელი ბობოქარი. ამდენად, უწინდელი ავანტიურული და უპასუხისმგებლო ხელისუფლების (იგულისხმება "ნაციონალური მოძრაობა") წარმომადგენელთა მსგავსად, ამჟამინდელი მთავრობა, რომ არ იქცევა, ეს მისასალმებელია, რამეთუ დიდი დათვის პროვოცირება და გაღიზიანება, ყველა ცხოველს ძვირად უჯდება ხოლმე ბუნებაში. ამიტომ საჭიროა გეგმაზომიერი და თანმიმდევრული მუშაობა, რაც რაღა თქმა უნდა ბეწვის ხიდზე სვლას გულისხმობს. 

   სამწუხაროდ, უნდა შევეგუოთ იმასაც, რომ საქართველოს ნებისმიერ მთავრობას, როგორი განსხვავებული, მონოლითური თუ ეკლექტური გამომეტყველებისაც არ უნდა იყოს ის, როგორი პრინციპული და ძლიერი ხედვებიც გინდა გააჩნდეს მას, ნებისმიერ შემთხვევაში მაინც უმძიმესი პრობლემები ექნება რუსეთის სახელმწიფო აპარატთან დიალოგში. ძლევის მანიით შეპყრობილ იმპერიას, მხოლოდ ორგვარი რაკურსით შეუძლია სხვისი დანახვა: მტრად ან მონად. სხვაგვარი დამოკიდებულება მას ჯერ-ჯერობით არ ძალუძს უბრალოდ.

    -თქვენ რუსეთთან ურთიერთობა ახსენეთ და როგორ ფიქრობთ, არის რაიმე სახის პოზიტიური ძვრები ამ კუთხით?

   -ალბათ, კუს ნაბიჯებით, მაგრამ მაინც იდგმება მიზერული სახის პოზიტიური ნაბიჯებიც. უფრო მეტად კი ამას ჩვენი მხრიდან ვხედავ. დასანანია, რომ შემხვედრი ნაბიჯები მთლიანობაში ჯერ კიდევ არ ჩანს. თუმცა კარგია, რომ ეკონომიკური ემბარგო მოგვიხსნეს და სარფიანი ბაზარი დაგვითმეს. ეს სასიცოცხლოდ გვესაჭიროებოდა ამ წუთისათვის. ამასთან, რამდენადაც ვიცი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლაც აღდგენილია, რისთვისაც სხვათა შორის გარდა კარასინი–აბაშიძის ფორმატისა, კათოლიკოს–პატრიარქ ილია II-ის ავტორიტეტსაც უნდა ვუმადლოდეთ. 

   აგრეთვე, სახალხო დიპლომატიისა და პირადი, ადამიანური კონტაქტების დადებით როლზეც შეიძლება იმედების დამყარება. მე არ ვარ რუსოფილი, მაგრამ ჩვეულებრივი რუსი ჩემთვის იგივე ძმა ან და არის, როგორც ქართველი. ამას მე ქრისტიანული მრწამსი მასწვალის და ეს არც უნდა გაუკვირდეს ვინმეს, თუმცა ვაი–ლიბერალები და რუსოფობი ბოღმიანები რასაკვირველია ამაში ვერ გამიგებენ და ეს არც წარმოადგენს არანაირ პრობლემას ჩემთვის. 

   ყოველთვის მიკვირს ხოლმე ჩვენში მომრავლებული ლიბერტარიანელების ლოგიკისა, რომელნიც ვითომ არმენოფობიას, ჰომოფობიასა და ამერიკანოფობიას ამხელენ, რატომ არაფრად აგდებენ რუსი ერისა და მათი წარმომადგენლების მიმართ წარმოთქმულ ქსენოფობიურ განცხადებებს? რა გამოდის, ლიბერალური ღირებულებები შერჩევითია? სიძულვილის რიტორიკა ზოგთან დასაშვებია? ეს ხომ არის რაღაც თვალთმაქცური პარადოქსი.

   ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ მე პატივს ვცემ რუს ერს, როგორც ჩემს სანუკვარ მოყვასს;ვეტრფი რუსულ ლიტერატურას, პოეზიას, მუსიკას, მხატვრობას; ვაფასებ მათ წმინდანებსადა ღვთისმეტყველებს, რომელნიც ერთიანი საყოველთაო მართლმადიდებელი ეკლესიისმნათობნი არიან, მაგრამ კატეგორიულადვემიჯნები და ვგმობ: რუსიფიკატორულ იმპერიალიზმს, კოლონიალიზმს და "მესამერომისეულ" იდეოლოგიას, რომელიც გავლენის სფეროების მოხვეჭასა და აბსოლუტურიძალაუფლების ჰეგემონიზირებას დაუფარავად ეწევა მთელს პლანეტაზე.

   -გლობალურ სიტუაციაზე რას გვეტყოდით, რა ხდება დღეს თანამედროვე სამყაროში?

   -ო, ეს ძალზე ფართოდ სასაუბრო თემაა და ამ ფორმატში ალბათ ვერ ჩავეტევი, რამეთუ პრობლემათა მთელი რიგი ასპექტები არსებობს რაზედაც დაუსრულებლად შეიძლება მსჯელობა. მოკლე შეფასება კი ასეთი მექნება: დღეს, ერთმანეთს უპირისპირდება ორი უდიდესი იმპერია – ამერიკისა და რუსეთის. მათი მიზანია ენერგო მატარებლებისა და გავლენის სფეროების გაფართოება დედამიწაზე. ამისათვის ორივე სისხლიანად იბრძვის. ამერიკა ვითომ და ტერორიზმის აღმოფხვრასა და სხვის დემოკრატიზაციაზე დარდში განმათავისუფლებელის მანტიით მიიჩქარის სხვადასხვა წერტილზე, სადაც მოსახლეობას ორად ჰყოფს, აპირისპირებს, სამოქალაქო ომების ინსპირირებას ახდენს და შემდეგ საშველად შედის. რუსეთიც დაახლოებით იგივენაირად, ოღონდ უფრო ღიად და თვალსაჩინოდ, ვითომ და საკუთარ თანამემაულეებსა და მოქალაქეებს იცავს სიავისაგან და ყველგან გამხეცებული შედის, თეთრი სახლის ჯინაზე და სეპარატისტულ კერებს ახალისებს. 

   თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ დედამიწას ორი ბარბაროსი ინკვიზიტორი ჰყავს: ა.შ.შ. და რუსეთი. როგორც უკვე აღვნიშნე, პირველი (ა.შ.შ.) – მოღიმარი სახით, გაიძვერულად გიტევს და განმათავისუფლებელის სახელით სარგებლობს, რომელიც სინამდვილეში ძალიან დაუნდობელია და მახრჩობელა გველის თვისებები აქვს. მეორე (რუსეთი) – უხეშად, ხისტად მოქმედებს და პირდაპირ თავითა და ტორებით მოდის, რათა დაგიმორჩილოს და წაგაქციოს. ორივე დამპყრობელია და სასტიკი, ორივეს კოლონიალისტური ზრახვები ამოძრავებს, ორივე სისხლით საზრდოობს და ორივე გველეშაპია! ერთს "ადამიანის უფლებები" აკერია შირმად, მეორეს კი "პირადი უსაფრთხოება". სამყაროზე ბატონობის სკიპტრა ორივეს საჯილდაოა! საბრალო საქართველო კი ამ ორ მონსტრს შორის, დაფლეთილი ანგელოზია, რომელსაც არასოდეს ძალმომრეობითი ომი არ უწარმოებია გარეთ... უფალმა გვიშველოს!

    -როგორც ვხედავთ, დღეს–დღეობით ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან სირიელი და ეგვიპტელი ქრისტიანები, რას კომენტარს გააკეთებდით აღნიშნულ უბედურებაზე? 

   -რა უნდა ვთქვა, უაღრესად შეშფოთებული და გულდამწვარი ვარ, როცა კი ჩვენს სულიერ და ქრისტესმიერ ძმებს, ამგვარ მდგომარეობაში ვხედავ. ქრისტიანები მუდამ ვიდევნებოდით წუთისოფლისგან, მაცხოვარიც ბრძანებს: იყუნეთ თქვენ ყოველთაგან მოძულებულ სახელისა ჩემისათვისო... უკეთუ მე მდევნეს, თქვენცა გდევდნენო, მაგრამ ამ XXI -ე საუკუნეში ასეთი გაუგონარი მასშტაბის სისასტიკე თუ გაჩაღდებოდა ჩვენს თავს, არ მეგონა. სტატისტიკური მონაცემებით ყველაზე დევნილი და მოწამეობრივი რელიგია ქრისტიანობაა. ასიათასობით ადამიანი თანამედროვე ყოფაში იმისათვის კვდება, რომ ქრისტეს მიმდევარია. ინტერნეტ სივრცე სავსეა ჯვარცმული, დახვრეტილი და ნაწამები ადამიანების ამსახველი ვიდეო კადრებითა თუ ფოტოებით, რომელთა ნახვაც ნამდვილად ცრემლის მომგვრელია და უზომოდ შემაძრწუნებელი. თქვენ სირია და ეგვიპტე ახსენეთ და მე მეტსაც გეტყვით: ნიგერიაში, უგანდაში, კენიაში, სუდანში, პაკისტანში, ირანში, ჩინეთში, ჩრდ. კორეაში, სიერა–ლეონესა და ერაყშიც ათიათასობით ადამიანს ხოცავენ ქრისტიანული აღმსარებლობის გამო. სამყარო ბორგავს, ხოლო მასმედია, გაერო და წამყვანი ქვეყნის მეთაურები ამ ამბავს უყრუებენ. აი ეს არის გასაგიჟებლად აუტანელი სირაქლემობა. 

   ბოლოს კი მინდა გულითადად მოვუწოდო ყველას, ვისი აზროვნებაც ეგოისტურად თუ ფანატიკურად მხოლოდ "მე და ღმერთზე" არ გადის და ვინც მოყვასზე ფიქრში სულის კვნესამდე მიდის, რომ ილოცონ ჩვენი ძმებისა და ზოგადად სამყაროს მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. ღმერთმა დალოცოს და დაამშვიდოს ყველი ერი და ხელმწიფება. ამინ!

                                                                                                                                                             ესაუბრა: ქეთი მიქაძე

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: