მამა პეტრე კვარაცხელია: რუსი არ არის ჩემი მეგობარი და ნურც მორწმუნეები შეებრძოლებიან ეკლესიას!
სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზი მამა პეტრე კვარაცხელია ,,ივერიონს“ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ქართული მონასტრების ბედზე, ეკლესიებში გახშირებულ ყაჩაღობაზე და სხვა პრობლემატურ საკითხებზე ესაუბრა.
- მამაო, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაძაბული ვითარებაა. თქვენის აზრით, რას აკეთებს ქართული ეკლესია იქ არსებულ ეკლესია-მონასტრებთან ურთიერთობის შესანარჩუნებლად?
- აფხაზეთი და სამაჩაბლო უკვე წლებია ისტორიის კუთვნილება გახდა და მხოლოდ მოგონებებსღა შემორჩა.
ეკლესიის მოვალეობა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება და იმ დაკარგული ერთობის დაბრუნებაა, რაც ქართულ-აფხაზურ, ქართულ-ოსურ ურთიერთობაში ყოველთვის გადამწყვეტი იყო. სიტუაცია, რაც არ უნდა მწვავე და დაძაბული იყოს, გამოსავალი ყოველთვის არსებობს - მთავარია კეთილი ნება გამოიჩინოს როგორც ერთმა, ისე მეორე მხარემ. ოღონდ ეს მეორე არასდროს ცდილობს დათმობაზე წავიდეს და ჩვენს ქვეყანას დამატებითს თუ არ აჩუქებს, საკუთარი მაინც დაუბრუნოს.
რუსებმა ისტორიის წინაშე გამოუსწორებელი დანაშაული ჩაიდინეს, როცა ქართული წარწერები თეთრად შეღებეს და მშობლიურ ენაზე წირვა-ლოცვის უფლება ჩამოგვართვეს. არ არის რუსეთი ჩემი მეგობარი და დროა, ერთმანეთი არ მოვატყუოთ!
- მორწმუნეები ხშირად ამბობენ, რომ ქრისტიანობას ისე არასდროს გასჭირვებია, როგორც 21-ე საუკუნეში... რას გულისხმობენ ისინი ამაში?
- ვერ გეტყვით, სხვა დროს რამდენად უჭირდა მართლმადიდებლობას, მაგრამ ვთვლი, რომ ჩვენ გვიჭირს- ადამიანებს, რომლებიც ახალ რელიგიებს ვიგონებთ და და სახელს იმავეს ვუტოვებთ.
დიახ, ბრძოლა უნდა არსებობდეს, გააჩნია რა კუთხით. ხშირად არასწორი რელიგიური გაგება იმ ბრძოლაზე უარესია, რასაც ათეისტები ეკლესიას უცხადებენ. ეს ნორმალურია. ასეც უნდა იყოს, როგორც ქრისტეს და ანტიქრისტეს არსებობა. დანარჩენი კი ჩვენი მოგონილია. დღეს ეკლესიას მორწმუნეები უფრო ებრძვიან, ვიდრე ურწმუნოები. უფრო ზუსტად კი ფსევდოლიბერალებმა ასპარეზი იმ ,,წმინდანებს" დაუთმეს, რომლებიც ბნელი ძალების ჩარევის გარეშეც შინაგან ნგრევას ადვილად ახერხებენ...
- როგორც ვიცით, ამასწინ წმინდა ბარბარეს ეკლესია გაძარცვეს. რასთან გვაქვს საქმე: უკიდურეს ეკონომიკურ გაჭირვებასთან, რომელიც ზნეობასა და მორალს მთლიანად სპობს თუ...
- მატერიალური მდგომარეობის გაუარესება, შეუძლებელია ეკლესიების ძარცვის მიზეზი იყოს! ქვეყანას როცა ძალიან უჭირდა, სწორედ მაშინ ცდილობდა ერი საკუთარ ინტერესებზე მაღლა მატერიალურ-სულიერი კულტურის ძეგლები დაეყენებინა და მცირედი შესაწირავით მოკრძალებული წვლილი შეეტანა ეროვნულ საქმეში. ასეთი ფაქტები ხშირად გვქონია, მაგალითად, როცა თემურ ლენგის შემოსევების შემდეგ გაჩნდა უამრავი ნასაყდრალ-ნაეკლესიარი. ქვეყანა სულს ღაფავდა. ალექსანდრე პირველის ინიციატივით მოსახლეობას სიმბოლური გადასახადი დაეკისრა, რაც აღდგენა-განახლებას მოხმარდა.
რაც დღეს ხდება, ვანდალიზმია. ამ ფაქტს გამართლება არ გააჩნია. ინებოს ღმერთმა, ავაზაკები მოაბრუნოს და ნებით მიიყვანოს ცხონებამდე!..
- ბევრი გულგატეხილად აღნიშნავს, რომ ეკლესია-მინასტრებში საეკლესიო ნივთები ძვირად იყიდება და მის შესაძენად ბევრს ხელი არ მიუწვდება. ვინ აწესებს მათზე ფასებს?
- მონასტრული ცხოვრება ურთულესია. ვისაც უფლისთვის თავის შეწირვა განუზრახავს, ტოვებს წუთისოფელს და მიუვალ ადგილებში აარსებს სულიერ სავანეს. ასეთები კი მხოლოდ შემოწირულობით არსებობენ. მესმის ხალხის გულისწყრომაც. მეც არ მომწონს ბევრი რამ, მაგრამ ამ ეტაპზე თავს შევიკავებ.
- თქვენ ბევრი ათეისტი ადამიანი შემოგიბრუნებიათ ღვთისკენ. რამდენადაც ვიცი, ერთ-ერთი ასეთი პოეტი თემო შენგელიაა. როგორ შეაყვარეთ მას ქრისტე?
- თამამი განაცხადია. ძალიან უცნაური და თავისებური ვარ. ჩემთან ვინც მოვა, მხოლოდ გულწრფელობით. არ მიყვარს წმინდანის როლის თამაში. შესაბამისად, ჩემნაირები მოდიან, ოღონდ ჩვენც გვაქვს უფლება, ვილოცოთ და გვქონდეს ცხონების სურვილი. შემოქმედი ხალხის გაგება არ არის ადვილი და თუ არ გვესმის, ჩვენი ბრალია. ღმერთს ყველა უყვარს. პოეტების ,,მოთვინიერება" კი ალბათ ერთ-ერთი სასწაულია. არ ვიცი, როგორ, მაგრამ მოდიან და რჩებიან. მადლობა უფალს, მას ხომ ყველაზე მეტად ესმის მარტოსულების. ვცდილობ ასეთებისთვის ყველაფერი გავაკეთო, მაგრამ არა ვიღაცის დასანახად. ,,ჩვენ ყოველ დილით ხელით ვეხებით მზეს, ცოცხალი ღმერთის გულივით წითელ მზეს"...
- თქვენ მრავალმხრივი სასულიერო მოღვაწე ხართ. არსებობს გამოთქმა, რაც მეტი იცი, მეტი კითხვა გიჩნდებაო. თქვენთვის თუ არსებობს ამოუცნობი და დაფარულიკითხვები, თუნდაც რელიგიური?
- რაც მეტი კითხვა ჩნდება, მით ახლოს მივდივართ ჭეშმარიტებამდე. ხშირად კითხვის დასმა ესირცხვილებათ, ან ჰგონიათ, რომ საკმარისად იციან. მე არ ვიცი და ამიტომ ბევრი შეკითხვა მაქვს. შესაბამისად ვიღებ პასუხებსაც.
-რომელი წიგნის წაკითხვას, მელოდიის მოსმენას, ფილმის ყურებასა და ლექსის წაკითხვას ურჩევდით დღევანდელ დღეს თქვენს მრევლს?
- წიგნის, წიგნის წაკითხვას ვუსურვებ!
,,დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის." ძალიან მიყვარს ფილმების ყურება. მუსიკა, მხატვრობა, თეატრი. ბიტ თაობის მწერლობა მეჩემება. სახარებასავით ვკითხულობ ,,პატარა უფლისწულს". ფილმებიდან ხშირად მახსენდება ,,პიანისტი". სულს მივსებს საგალობლები. ვუსმენ კლასიკას, თინა ტერნერს, ირაკლი ჩარკვიანს. ოღონდ იკითხონ და, როცა იქნება, აუცილებლად მიაგნებენ იმას, რაც უნდა წაეკითხათ.
,,ახლა ყველა ადამიანი მოთხრობა მგონია და ყოველ მათგანს სათაურს ვუძებნი."
ესაუბრა ია ჯღარკავა