Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (7)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
27-12-2014, 23:43
ნანახია: 1772

ვანო მაჭავარიანი:-

"ამ ადამიანებს რუსეთის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში შემწეობების, პენსიების თუ სხვა ეკონომიკურ–სოციალური სარგებელის მიღების შესაძლებლობა აქვთ. რაც სოციალურ ფონს იმ რეგიონში მშვიდს და კომფორტულს ქმნის, მაგრამ ჩნდება კითხვა - რის ფასად ხდება ეს ყველაფერი?", – აცხადებს ფორ.გე–სთან საუბრისას ექპერტი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ვანო მაჭავარიანი, რომლის განცხადებით, ეს არის თემა რომელზეც საქართველოს მთავრობამ სისტემატურად უნდა იმუშაოს.

 

რა ხდება კახეთის რეგიონში და მოსახლეობის რა კატეგორია ღებულობს რუსეთის პასპორტებს, ამ საკითხებთან დაკავშირებით For.ge ვანო მაჭავარიანს ესაუბრა.

 

-გავრცელებული ინფორმაციით კახეთში, რუსეთმა რუსული პასპორტების დარიგება დაიწყო, საუბარია ავარო-დაღესტნის მშენებარე გზის მიმდებარე ტერიტორიაზე. თუმცა, ამ დრომდე ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით, განმარტებები არ გაკეთებულა. რა მიზანი აქვს ამ კონკრეტულ შემთხვევაში კახეთის მიმართულებით რუსეთის ხელისუფლრბას?

 

- შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, გამომდინარე იქედან, რომ არაერთხელ მომიწია იმ მიმდებარე რაიონებში ჩასვლა, სადაც ცხოვრობენ საქართველოს მოქალაქე "რუსი პენსიონერები", რომლებსაც უკვე მიღებული აქვთ რუსული მოქალაქეობა, ისინი არიან რუსულ პენსიებზე თუ სხვა შემწეობებზე დამოკიდებული. მათ აქ ყოფნა ურჩევნიათ, მაგრამ რეალურად ისინი უკვე არიან რუსეთის მოქალაქეები. მე როგორც ვიცი ხალხის ეს რაოდენობა იზრდება.

 

რამდენად ცნობილია, ან ყურადღებას აქცევენ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ფაქტს, ჩემთვის ეს უცნობია. უბრალოდ, ისევ წაყრუების პოლიტიკა მიმდინარეობს, იმისათვის, რომ არ ვაწყენინოთ რუსეთს. ეს თემა რეალურია და საჭიროებს სახელმწიფოებრივ ყურადღებას, როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე.

 

-ხელისუფლება მხოლოდ იმიტომ დუმს, რომ რუსეთი არ გააღიზიანოს? 

 

- ამ ადამიანებს რუსეთის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში შემწეობების, პენსიების თუ სხვა ეკონომიკურ–სოციალური სარგებელის მიღების შესაძლებლობა აქვთ, რაც სოციალურ ფონს იმ რეგიონში მშვიდს და კომფორტულს ქმნის და ამ მხრივ ნაკლები პრობლემები იქმნება. მაგრამ, ჩნდება კითხვა - რის ფასად ხდება ეს ყველაფერი? რამდენად მიესადაგება კანონი საქართველოს ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებით ამ ადამიანებს, რომლებიც უკვე ღიად აფიქსირებენ თავის სიმპათიას რუსეთის მიმართ და ასევე მხარს უჭერენ იმ გზის მშენებლობას, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოსთვის შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ საფრთხის შემცველი იყოს?

 

საქართველსა და რუსეთს შორის დღეს არსებული მდგომარეობა ნამდვილად ვერ ჩაითვლება იმ დონეზე, რომ გზის ამ მონაკვეთის მშენებლობას მეგობრობის და მშვიდობის გზა დაერქვას. რუსული მხარე გზას თავის მონაკვეთზე ისე აშენებს, რომ ქართულ მხარესთან ეს არაა ერთობლივად შემუშავებული. ამიტომ, სანამ მეტწილად არ გაირკვევა მთელი რიგი თემები, რა თქმა უნდა, ეს გზა საფრთხის შემცველია. რაც შეეხება საზღვრისპირა მაცხოვრებელ მოსახლეობას, რომლებსაც სისტემურად ურიგდებათ რუსეთის პასპორტები, ადრე თუ გვიან, შესაძლოა ისინი გამოყენებული იქნან ზუსტად იმ მიზნებისთვის, რომ გარკვეული არასტაბილურობა შეიტანონ ამ რაიონში.

 

-რუსეთის პასპორტები რა კეტაგორიის ადამიანებს ურიდგებათ და კონკრეტულად სად რიგდება?

 

- ეს ხდება კახეთის რეგიონში, სადაც დასახლებული არიან როგორც ქართველები, ისე ოსები და ქისტები. რაც შეეხება კატეგორიას, ძირითადად, ესენი არიან პენსიონერები და მათი ოჯახის წევრები. შესაბამისად, ამას მოჰყვება ეკონომიკური თუ სოციალური სარგებელი რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომელსაც რუსეთის მთავრობა უხვად არიგებს ჩრდილოკავკასიის რეგიონებში. რუსული პასპორტების დარიგება ხდება კახეთის რაიონის მოსაზღვრე რეგიონებში – ახმეტისა და ასევე ყვარლის რაიონთან მდებარე სოფლებში. შემთხვევით მომიწია ამ რაიონში ყოფნა, გაკითხვით და მათთან საუბრის შემდეგ გაირკვა, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობაა ადამიანების, რომლებმაც რუსული პასპორტი მიიღეს.

 

ღიად ამაზე არ საუბრობენ, მაგრამ ცხადია, რომ ისინი ამით არსებობენ და ეს ცნობილია ადგილობრივი ხელისუფლებისთვის. რა თქმა უნდა, მათ აწყობთ, რომ ამ რეგიონებში სოციალურად დაძაბული ფონი არაა, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც იმავე სოფელში ცხოვრობენ და არ აქვთ რუსეთის მოქალაქეობა, საკამოდ რთულ ვითარებაში არიან იმათთან შედარებით, ვინც აიღო რუსეთის პასპორტი და იღებს რუსულ შემწეობებს. ეს მათ აფიქრებინებთ, თავადაც იფიქრონ მსგავს შესაძლებლობაზე, რომელიც მათ სოციალურ თუ ეკონომიკურ კეთილდღეობას მოემსახურება.

 

-დაახლოებით რამდენმა პროცენტმა მიიღო რუსეთის მოქალაქეობის პასპორტი, თუ ჰკითხეთ ამ ადამიანებს მხოლოდ ფინანსური სარგებლის გამო იღებენ რუსეთის პასპორტებს?

 

- მე შემიძია მხოლოდ გითხრათ ის, რაც იქ შეხვედრებიდან და საუბრებიდან ვიცი. თვითონაც არ მალავენ და მიაჩნიათ, რომ ისინი ფინანსურად და სოციალურად უკეთეს მდგომარეობაში არიან სხვა მოსახლეობასთან შედარებით. ეს თემა არის რეალური. ეს არ ნიშნავს, რომ რამე ამ ხალხის ბრალია, უბრალოდ, მათ ჩათვალეს, რომ სხვა გზით, მათ ეკონომიკური თუ ფინანსურ მდგომარეობას ვერაფერი გამოასწორებდა. მითუმეტეს, რომ მათი უმრავლესობა არის არაქართული წარმოშობის და შესაბამისად, ეს ორმაგი ლოიალობა, გვინდა თუ არა, რეალურად არსებობს.

 

-"რუსეთი არ არის ოკუპანტი", ჩვენ გვინდა რუსეთი და საბჭოთა კავშირი" – ამ ლოზუნგით გამართეს აქცია კახეთშის რაიონის სოფელ ავარეთში მცხოვრებმა ადგილობრივებმა და მოითხოვეს ავარო-დაღესტნის საზღვარზე გზის მშენებლობა. თუმცა, ამ საკითხზე ხელუფლების მხრიდან რეაქცია არ ყოფილა, ისევე როგორც ამ შემთხვევაში რუსული პასპორტების დარიგებასთან დაკავშირებით. არგუმენტი იმისა, რომ აქციის მონაწილეები კახელები არ არიან, ეს ხელისუფლებას აძლევს იმის ფუფუნებას, რომ ამაზე შესაბამისი რეაქცია არ ჰქონდეს?

 

- ეს არის კითხვა, რომელიც მთავრობას უნდა დაესვას. მე შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ პრობლემა არის პოლიტიკის არარსებობა, როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე. ზოგადად, ეს თემა არის პრობლემური მოსაზღვრე რაიონებში - ეს შეიძლება იყოს ეთნიკურად არაქართველი, მაგრამ ამავე დროს, არიან ქართველები, რომლებიც იღებენ რუსეთის მოქალაქის პასპორტებს. იგივე ხდება ახალქალაქშიც, მაგრამ კახეთში ეს თემა ბევრისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. იქ არის ძალიან დიდი არაქართული მოსახლეობა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ აქედან ფინანსურ სარგებელს იღებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, იქ სადამსჯელო ოპერაცია უნდა ჩატარდეს.

 

აქ საუბარია იმაზე, რეალურად ფაქტს შევხედოთ თვალებში და ადგილობრივ თუ ეროვნულ დონეზე შემუშავდეს და განხორციელდეს ის პოლიტიკა, რომელიც ამ ადამიანებს მეტად ჩართულს გახდის ქართულ სახელმწიფოებრივ საქმიანობაში და რითაც სოციალურად და ეკონომიკურად, უფრო უკეთეს პირობებში იქნებიან. მათ საქართველოს სახელმწიფოსთან თანამგობრობის პერსპექტივა უნდა დაინახონ. ამ ეტაპზე, ამ საკითხისადმი ემოციური მიდგომა არასწორი იქნება, მაგრამ მშვიდად, წყანარად სწორი პოლიტიკის ჩამოყალიბების გზით, ეს პრობლემა გადაწყვეტილი უნდა იქნას. ამაზე უნდა მიდიოდეს სისტემატურად მუშაობა. არა მარტო უშიშროების სამსახურების მიერ, არამედ ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის მიერ.

 

მე ვამბობ, რომ პრობლემა არსებობს, შესაბამისად, ვაფიქსირებ, რომ აუცილებელია სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ პრობლების აღსაკვეთად. ვფიქრობ, რომ ხელისუფლებაში გარკვეული დაბნეულობაა, არაა კოორდინირებული მუშაობა. ჩვენ უფრო მეტად გვესმის პირადი მოსაზრებები, რომელიც არაა სახელმწიფოს პოლიტიკის განმარტება. ეს არის თემა, რომელზეც საქართველოს მთავრობამ სისტემატურად უნდა იმუშაოს. სახელმწიფოებრივად უნდა იქნას განხილული, რომ იმ მოქალაქეებმა უფრო მეტად იგრძნონ თავი საქართველოს მოქალაქეებად, ვიდრე რუსეთის მიმართ იყვნენ ლოიალურები. ეს თემა მოსაგავრებელია.

წყარო: For.ge