ხარძიანის მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ ჟურნალისტი ირაკლი კორძაია დაკითხა

ხარძიანის მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ ჟურნალისტი ირაკლი კორძაია დაკითხა

ბიზნესმენ  ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეზე, მთავარ პროკურატურაში ჟურნალისტი ირაკლი კორძაია დაიკითხა. როგორც კორძაიამ პროკურატურის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაკითხვა მოხდა იმ ინფორმაციების ირგვლივ, რომელიც ბიზნესმენის მკვლელობის შემდეგ გაახმოვანა.

როგორც კორძაიამ აღნიშნა, დეტალებზე, რაზეც გამოძიებასთან ისაუბრა, კომენტარს ვერ გააკეთებს  გამოძიების ინტერესებდან გამომდინარე. კორძაიას ინფორმაციით, მის გარდა, იგეგმება მოკლული ბიზნესმენის სხვა მეგობრების დაკითხვაც.

ირაკლი კორძაია მთავარ პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაიკითხა.

ირაკლი კორძაია ხარძიანის კუთვნილი ქონების დაბრუნების ხელოვნურად შეყოვნების პროცესს ლაშა ნაცვლიშვილსა და ზვიად ჯანყარაშვილს უკავშირებს. ამის შესახებ ირაკლი კორძაიამ 28 მარტს, ტელეკომპანია  "იმედის" ეთერში განაცხადა. 

"რაც შეეხება საქმის განვითარებას, 2012 წელს, როდესაც ბესო ხარძიანი გამოვიდა ციხიდან, როდესაც გაჩნდა იმედი, რომ ბიზნესმენებს, მათ შორის ბესო ხარძიანს, დაუბრუნდებოდათ მათი კუთვნილი ქონება, გია უდესიანის გვარის გარდა ამ საქმეში, მართალია ფარულად, მაგრამ გამოჩნდა სხვა გვარებიც. ეს გვარები არიან, ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც ხელოვნურად აყოვნებდა ამ პროცესს. ეს არის ბატონი ჯანყარაშვილი, რომელსაც აქვს პირდაპირი ბიზნესინტერესები ბატონ უდესიანთან და სწორედ ეს იყო ის დაბრკოლება", _ განაცხადა კორძაიამ.

ირაკლი კორძაიას განაცხადებით, ახლობლების, მეგობრების, ვარაუდები პირდაპირ მიდის გია უდესიანთან. 

"ვინც ბესო ხარძიანს კარგად იცნობს, მას პირადი მტრები არ ყოლია. ერთადერთი მტერი რომელიც მას ყავდა, ეს იყო გიორგი უდესიანი, რომელიც არ არის საქართველოში", _ დასძინა კორძაიამ. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: