ირაკლი სესიაშვილი: ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ალიანსის წევრ სახელმწიფოებს საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭებისკენ მოუწოდებს

ირაკლი სესიაშვილი: ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ალიანსის წევრ სახელმწიფოებს საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭებისკენ მოუწოდებს

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოების მთავრობებს და პარლამენტებს, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯის - გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებისკენ მოუწოდებს. გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-60 სხდომაზე იქნა მიღებული, რომელიც 15-18 მაისს, ქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა.

საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დეკლარაციის შესახებ ინფორმაცია, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს დღევანდელ ბრიფინგზე გააცნო. ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის შეფასებით, ერთადერთი დეკლარაცია, რომელიც ასამბლეის მუშაობის ფარგლებში იქნა მიღებული, ნატოს გაფართოებას შეეხებოდა და იგი მნიშვნელოვანი წარმატება და წინსვლაა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების თვალსაზრისით.

"ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაში მნიშვნელოვანი პუნქტი ჩაიწერა, რომლის თანახმადაც, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მთავრობებსა და პარლამენტებს განაგრძონ "ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის" იმპლემენტაციისთვის მხარდაჭერა და ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების თანახმად, როგორც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯი, მიანიჭონ ქვეყანას გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP). აღნიშნული ჩანაწერი მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა საქართველოსთვის, რათა გაგრძელდეს ალიანსში ინტეგრაციის პროცესი, რაც ქვეყანას ნატოს სრულფასოვან წევრობამდე მიიყვანს", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ საპარლამენტო ასამბლეაზე ქართული დელეგაციის საქმიანობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დელეგაციის წევრების ძალისხმევით დეკლარაციაში შეიქმნა ახალი, მე-8 პუნქტი, რომელშიც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ნატოს გაფართოების პროცესი მესამე ქვეყნის გავლენის ქვეშ ვერ მოექცევა.

"ნატოს რიგით მე-60 საპარლამენტო ასამბლეა წარმატებული იყო ჩვენი დელეგაციისთვის და მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს მხარდაჭერისთვის. აქვე უნდა აღინიშნოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მნიშვნელოვანი გამოსვლა ასამბლეის წინაშე, რომელსაც დადებითი გამოხმაურება და შედეგები მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ დეკლარაციას მხარი დაუჭირეს ისეთმა ქვეყნებმაც როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი და იგი თითქმის ერთხმად იქნა მიღებული", - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციას მის ხელმძღვანელთან ერთად, პარლამენტის წევრები თედო ჯაფარიძე, გიორგი ბარამიძე და ირაკლი ჩიქოვანი წარმოადგენდნენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: