ილია ჭავჭავაძედან თანამედროვე უღირსებო და უეროვნებო ჩინოვნიკებამდე!

ილია ჭავჭავაძედან თანამედროვე უღირსებო და უეროვნებო ჩინოვნიკებამდე!

ქართული ისტორიული მეხსიერებიდან და დღევანდელი სინამდვილიდან, რა ღირებულებითი წანამძღვრებია საძიებელი, რაც მომავალში ქვეყნის წარმატების საფუძველი იქნება?! ერთად ვიფიქროთ! (ფიქრიც ღირებულებაა - პროდუქტს ქმნის)!

ევროკავშირში ასოცირება და თავად ევროკავშირი, აბსოლუტურ ღირებულებას არ წარმოადგენს, რომ საყოველთაო ბედნიერება თავისთავად მოგვიტანოს. ევროპულ ასპარეზზე ჩვენი წარმატება, მატერიალურ ფასეულობებთან შედარებით, უპირატესად არამატერიალური კატეგორიებით მიიღწევა, კერძოდ - სოლიდარული, ტოლერანტული საზოგადოების შექმნით, მაღალი პასუხისმგებლობით, ეროვნული მეხსიერების შენარჩუნებით და მისი უწყვეტობის განცდით, და როგორც შედეგი - ქართველთა საუკეთესო „შინაგან“ ფასეულობათა აღორძინებით და ქართული სახელმწიფოს ახალი თაობის მშენებელთა შექმნით.

ე.ი. ჩვენი მოლოდინი თუ აქტიურობა მხოლოდ პოლიტიკური, ეკონომიკური, ან სოციალური პრობლემატიკით არ უნდა შემოიფარგლოს. ღირებულებათა არჩევანში, მთავარი ღირებულებები (შესაძლებლობები) უნდა ვეძებოთ. მათ შორისაა: ფიქრი უკეთეს მომავალზე, თავისუფალ ქვეყანაზე; ძალისხმევა და ორიენტაცია საზოგადო სიკეთეებზე, მოქალაქეთა ღირსეულ სიცოცხლეზე; ზრუნვა მომავალ თაობათა მენტალურ და მორალურ სიჯანსაღეზე - ესაა ადამიანური ყოფის ძირითადი ღირებულებები ნებისმიერ ეპოქაში, ნებისმიერ საერთაშორისო კავშირში თუ გეოპოლიტიკურ არჩევანში.

ჩვენი წინაპრები უახლესი ისტორიიდან, შეზღუდული შესაძლებლობების პირობებშიც კი, სწორედ ამ კატეგორიებით ხელმძღვანელობდნენ და ასე ქმნიდნენ საქართველოს ისტორიას.

აღნიშნულის საილუსტრაციოდ, ეკონომიკის ერთ-ერთ სფეროში - საქართველოში საბანკო-საფინანსო საქმის სათავეებთან გეპატიჟებით...

საქართველოში საბანკო-საფინანსო სისტემის საფუძვლების შექმნა ილია ჭავჭავაძის და დიმიტრი ყიფიანის ეპოქას, მათ სახელს უკავშირდება. XIX საუკუნის მეორე ნახევარი ის გამონაკლისი პერიოდი იყო, როცა დამოუკიდებლობადაკარგულ საქართველოში, საკუთარი ფულის ნიშნების არარსებობის პირობებშიც კი, პირველი ქართული ბანკი მრავალი წლის განმავლობაში ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობის ეკონომიკურ (და ზნეობრივ) საფუძვლებს ქმნიდა.

ეს მოვლენა იმდროინდელი პრესის და საზოგადოების არაჩვეულებრივ ინტერესს იწვევდა. საზოგადოება ორ ბანაკად იყო გაყოფილი. სხვადასხვა ეტაპზე დაპირისპირებულები აღმოჩნდნენ საზოგადო თანამოაზრენიც - ილია და აკაკი წერეთელი, ილია და ივანე მაჩაბელი, მათი მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები. აზრთა ურთიერთგაზიარება და იდეათა ბრძოლა „ბანკობიადას“ სახელით მოინათლა.

ფეოდალური არისტოკრატია საადგილმამულო ბანკის იდეის დასამარებას ცდილობდა, თერგდალეულები კი მხურვალედ იცავდნენ ამ იდეას. 1864 წელს ჩასახულ იდეას 11 წელი დასჭირდა, რომ საქმედ ქცეულიყო.

იდეა საზოგადოებრივი (სააქციო) ბანკის შექმნას ითვალისწინებდა, რათა მოსახლეობის ყველა კატეგორიას, მათ შორის გლეხებსაც, ჰქონოდა კრედიტის გახსნის შესაძლებლობა. ბანკი დემოკრატიულ პრინციპებზე ორგანიზებული, მოგებაზე ორიენტირებული და ამ მოგებით საერთო-საზოგადოებრივი განვითარების ხელშემწყობი არასახელმწიფო, კომერციული დაწესებულება უნდა ყოფილიყო.

შევადაროთ ეს მისია დღევანდელ ქართველ ბანკირთა (მთლიანად, ქართული საბანკო სისტემის) მომხვეჭელურ, მტაცებლურ, ადამიანთა უბედურებაზე დაფუძნებულ და უსაზღვრო გამდიდრებაზე ორიენტირებულ საქმიანობის წესს. თუმცა, სჯობს, ისევ წარსულს დავუბრუნდეთ...

დიმიტრი ყიფიანის ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი უსაზღვრო იყო. მან საგანგებოდ შეისწავლა იმპერიის სხვა კერძო ბანკების წესდებათა საფუძვლები, რუსული და უცხოური ლიტერატურა და ჩამოაყალიბა „ქართული“ ბანკის ძირითადი დებულებები, რაც ადგილობრივ თავისებურებებს და ინტერესებს მიესადაგებოდა.


შემდგომ, 1870 წლიდან, გააქტიურდნენ ქართველი სამოციანელები. მათი მიზანი იყო ქართული საადგილმამულო ბანკი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სამსახურში ჩაეყენებინათ და ამ საქმისათვის ილია ჭავჭავაძეს ეხელმძღვანელა.

ილიამ ახალი წესდების შედგენა ითავა და მიზნის მისაღწევად დაუნდობელი ომი წამოიწყო. ბროკჰაუზ-ეფრონის რუსული ენციკლოპედიური ლექსიკონისთვის შედგენილ ავტობიოგრაფიაში იგი წერს: „ბევრი ყოყმანისა და მერყეობის შემდეგ, თუ რაგვარი საკრედიტო დაწესებულება დავაარსოთ, თავადაზნაურობამ გადასწყვიტა, ჩემის რჩევისამებრ, დაარსება საადგილმამულო ბანკისა და აირჩია კომისია, რომლის ერთ-ერთ წევრად მეც დამნიშნა წესდების შემდგენლად“ (ი. ჭავჭავაძე, ტ. 10, გვ. 311).

წესდება შემუშავდა, საჭირო იყო მისი დამტკიცება ფინანსთა სამინისტროში და მეორე - საგარეო ბრძოლის მოგება. „...იმისთანა კაცნი, რომელნიცა ზნეობრივად ისე გაქსუებულან თავისის სიკეთისა და პირადის ბედნიერების უკან დევნაში, რომ ყოველ ზრუნვას საყოველთაო კეთილისათვის უსაქმო კაცის ოცნებათა სთვლიან... რომელნიცა მუდამ ტრიალებენ ვიწრო სფეროში, არასოდეს აღწეულან თავისი პირადი სარგებლობის უმაღლეს და არ გამთბარან საზოგადოების სიკეთის სიყვარულითა...“ (ილიას სიტყვა, გაზ. „დროება“, 1872 წ., N 47). საზოგადო სიკეთის დამკვიდრება, თავის მხრივ, საფუძველი უნდა ყოფილიყო, რომ შემდგომ აღარ ყოფილიყვნენ „ასეთი კაცნი“.

აქ, კიდევ ერთხელ შევჩერდეთ, და დღევანდელი პარლამენტარები და „ასეთი კაცნი“ გავიხსენოთ, ვისაც ქართველმა ამომრჩეველმა, სანუგეშოდ და საიმედოდ, უკვე მერამდენედ, ხმა მისცა არჩევნებში, რათა ეს „რჩეულნი“ ამაღლებულიყვნენ „თავისი პირადი სარგებლობის უმაღლეს“ და გამთბარიყვნენ „საზოგადოების სიკეთის სიყვარულით“.

ამისათვის კი ეს ე.წ. „რჩეულნი“, უბრალოდ, ზნეობრივი კაცები უნდა იყვნენ და არა უზნეონი. აქაც, ძვირფასო მკითხველო, დიდხანს ნუ დავყოვნდებით და ისევ სამაგალითო წარსულს და ამ მხრივ, მართლაც საამაყო კაცებს დავუბრუნდეთ, ვინც ჩვენს საამაყო ისტორიას ქმნიდა...

პროექტი დასამტკიცებლად პეტერბურგში გაიგზავნა. პროცესის დასაჩქარებლად და საბანკო საქმის შესასწავლად, 1873 წელს ილია სახელმწიფო სამსახურიდან გადადგა და რუსეთში გაემგზავრა. ბოლოს, როგორც იქნა, 1874 წლის 28 მაისს დამტკიცდა თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის წესდება, რომელიც გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა. ასე დასრულდა პირველი ქართული ბანკის დაარსების მრავალწლიანი, პერიპეტიებით აღსავსე ეპოპეა. 1876 წლის 1 მაისს გაიხსნა ქუთაისის საადგილმამულო ბანკიც.

ილია ჭავჭავაძის საბანკო მოღვაწეობის ცნობილი მკვლევარი, იოველ ასათიანი, ძალზე საინტერესო, ზოგ შემთხვევაში კი უნიკალურ ინფორმაციას გვაწვდის. ბანკის დაარსების ასეთი ფართო შინაარსის ფორმულა და დემოკრატიული პრინციპები რუსეთის იმპერიის პრაქტიკაში იმ დროს არ არსებობდა: დამფუძნებელთა მემკვიდრეები ცალ-ცალკე ღებულობდნენ წევრი დამფუძნებლის უფლებას; ამ უფლებით, სრულწლოვან შვილებს მშობლების სიცოცხლეშიც შეეძლოთ ესარგებლათ; დამფუძნებელ წევრებად, ყველა მათი უფლებით, შეეძლოთ ყოფილიყვნენ ქალებიც. აღნიშნული პრინციპები წლების განმავლობაში წევრ დამფუძნებელთა რიცხოვნობის მუდმივ ზრდას უზრუნველყოფდა.

მოგვიანებით, სპეციალურად თბილისის საადგილმამულო ბანკისთვის, აიგო მონუმენტური შენობა. მისი მშენებლობა ილია ჭავჭავაძის თაოსნობით 1902 წელს დაიწყო და 1913 წელს დამთავრდა. ამჟამად, იქ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკაა განთავსებული.

XX საუკუნის დასაწყისი მთელ ევროპასა და რუსეთში ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისით ხასიათდება. საბანკო-საკრედიტო საქმიანობა საქართველოშიც საკმაოდ გართულდა. ილიას მოჰყავს მაგალითები ბესარაბიის, პეტერბურგ-ტულის, დონის, ვილენის ბანკების წარუმატებელი საქმიანობისა და კრიზისის შესახებ, რაც ასევე მამულების ბანკებში დატოვებით არის გამოწვეული.
მაგრამ, „ზოგიერთ კაცთა“ სუბიექტური მოტივები, როგორც საბაბი, ყოველთვის პოულობს გასაქანს კრიტიკულ სიტუაციებში, თუნდაც პრობლემის მიზეზი სრულიად ნათელი და ცხადი ობიექტური ფაქტორები იყოს. ადამიანთა განწყობის ეს საყოველთაო ფსიქოლოგიური მოტივაცია, ზედმიწევნით (და მრავალჯერ) აისახა როგორც თბილისის ქართული საადგილმამულო ბანკის ცხოვრებაში, ისე მთლიანად, საქართველოს უახლეს თუ თანამედროვე პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ილია ჭავჭავაძის მოტივები საყოველთაო კრიზისის შესახებ საბანკო საბჭოს კრებამ არ გაიზიარა. შედეგად, ბანკის გამგეობის თავმჯდომარის რეაქცია რადიკალური და მოულოდნელი იყო. მან გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ, მადლობა მოახსენა კოლეგებს თანამშრომლობისთვის, დაემშვიდობა დარბაზს და დატოვა სხდომა. საბაბი, ალბათ, აქაც ფორმალური იყო.

ამგვარად, დასრულდა ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა საბანკო სფეროში, რომელიც მთელი 30 წელი გრძელდებოდა - 1875-1905 წწ.

ეროვნული მნიშვნელობის ღონისძიებათა ნუსხა, რომელთა რეალიზაციისთვის ფინანსური მხარდაჭერა უშუალოდ უკავშირდება თბილისის საადგილმამულო ბანკს, საკმაოდ ფართოა.

ამ ნუსხაში გამოსაყოფია:


1. ბანკის მოღვაწეობა განათლების სფეროსა და ეროვნული კადრების მომზადების მხარდასაჭერად, რაც მეფის მთავრობის რუსიფიკატორულ პოლიტიკას უნდა დაპირისპირებოდა.

2. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსება და ორგანიზაციულად ჩამოყალიბება, რაც ბანკის მხარდაჭერის ერთ-ერთ პრიორიტეტად განიხილებოდა.

3. კახეთის რკინიგზის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოების წამოწყება და ფინანსურ-იდეოლოგიური უზრუნველყოფა.

4. ქართული თეატრის განვითარებისთვის ზრუნვა, რაც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის საწრთვნელ სკოლად განიხილებოდა.

საქართველოს პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში თითქმის არ დარჩენილა სფერო, სადაც ქართულ საადგილმამულო ბანკს თავისი მიზანდასახული პოლიტიკა არ გაეტარებინა. ბანკი, საერთო სარგებლობის, სასოფლო-სამეურნეო და ექსტრაორდინალური ფონდებიდან აფინანსებდა სასწავლო დაწესებულებებს, სტუდენტებს, მოსწავლეებს, სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებებს და გაზეთებს, საეკლესიო დაწესებულებებს, სტიქიით დაზარალებულებს, კერძო პირებს და ა.შ. სულ 1875-1909 წწ. ბანკს საზოგადო საჭიროებისათვის გაუღია 1944 136 მანეთი და 38 კაპ.

იმ პერიოდში, ქართული ბანკების საქმიანობის მთელ ისტორიას, ლაიტმოტივად გასდევდა ფიქრი, ზრუნვა და განსჯა მომავალზე, ახალ საქართველოზე. პრაქტიკულად, ბანკი საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ფუნქციას ითავსებდა!!!

მკითხველო, ძალიან მინდა, ის არაფორმალური „პარლამენტი“ და „მთავრობა“, სულისკვეთებით, დღევანდელს - ლეგიტიმურ, ფორმალურ ხელისუფლებას შევადარო, მაგრამ ვერ ვახერხებ. ახალი თაობის „მამულიშვილთა“ ძიებაში ხელს მიშლის დღევანდელი რეალობა - სულიერებისგან და ეროვნულობისგან დაცლილი, ხელისუფლების ამქარს მიტმასნილი სუბიექტების დაუოკებელი ამბიციები, მედროვე ჩინოვნიკური სული და მათი მომხვეჭელური ბუნება!!!...

აღსანიშნავია ილია ჭავჭავაძის სიტყვა თბილისის საადგილმამულო ბანკის წლიურ კრებაზე 1895 წლის 20 მაისს. ეს სიტყვა ილიას შემოქმედების ყველა კლასიკურ გამოცემაშია შეტანილი.

ამ გამოსვლაში ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი საბანკო თემაზე. აქ, ორატორის აზრი სცილდება საბანკო საქმის არსს და მოგების ხიბლს. ის საქართველოს ექვსსაუკუნოვანი დანაწევრების ტკივილით და გამთლიანების მოწოდებითაა გაჯერებული, რაც, ორატორის სულ 3 წუთიან გამოსვლაში ჩაეტია (იხ. სიტყვა: ი. ჭავჭავაძე, ტ.4., გვ. 437).

დაბოლოს, მინდა ვთქვა, რომ ამ თემაზე დიდი სიამოვნებით ვმუშაობდი. ზნეობის გაკვეთილებივითაა აქ მოყვანილი ფაქტები. ბანკის დაფუძნების იდეა და საქმე, ერთი დიდი პოემასავითაა - ადამიანთა სიყვარულის, მათზე ზრუნვის პოემა... ამას ღირსეული კაცები აკეთებდნენ, უბრალოდ, უხმაუროდ, და ყოველივეს ჩვეულებრივ, კაცურ მოვალეობად თვლიდნენ.

ეხლა?

პირდაპირ თავს გვაჭამენ მოპოლიტიკოსო არსებები, თავი კაცები რომ ჰგონიათ, და ქვეყანას "მართავენ", პარტიებს ქმნიან და ეს საქმე ბიზნესად უქცევიათ. არც ეროვნულად მოაზროვნე და არც ღირსებაშენარჩუნებული ქართულ პოლიტიკაში თითქმის აღარ მეგულება. ხოლო, აქ მოხვედრილი ნებისმიერი წესიერი კაცი, სულ მალე უწესო ხდება.

მკითხველო - ჩემო ახალგაზრდა მეგობარო, ჩაიბარე ქვეყანა და... გააგრძელე საქართველოს ღირსეული ისტორია!

ნუკრი მიხანაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: