..არ მეწერებოდა, მასწავლებელო!

..არ მეწერებოდა, მასწავლებელო!

მინდა ჩემს უსაყვარლეს მასწავლებელს ჩემი პატარა წერილით მოვეფერო.

 

დილა მშვიდობისა, ბატონო ნოდარ! 

 

კიდევ დილა მშიდობისა!... 

 

ყოველ დილას გესალმები და ყოველ ღამე გემშვიდობები, დაწოლის წინ... შენ არ მპასუხობ მხოლოდ, მასწავლებელო!.. ახლა სხვები მპასუხობენ და ჩამჩიჩინებენ „წერე ჭეიშვილო, წერეო“!

 

...აღარ ვწერდი ნოდარ და მეგონა ჩემი ცხოვრება დამთავრდა...  ვიწექი დივანზე და უაზროდ მივჩერებოდი კედელზე შპალერივით გაკრულ ტელევიზორს! შენ დროს არ იყო მასე „ტუმბოჩკაზე“ დგამდნენ! ...

 

თუ ვინმე მოვიდოდა, ვმკურნალობდი, თუ არა და ვიყავი ჩემთვის, ჩუმად... უაზროდ... მივჩერებოდი ტელევიზორს - სულერთი იყო რას მივჩერებოდი!.. მერე ჩამეძინებოდა, პირდაპირ ტელევიზორის წინ ჩამეძინებოდა... 

 

დრო და დრო შემომაპარებდა... წერეო... ვისთვის მეწერა?. ..არ მეწერებოდა, მასწავლებელო - მოკვდა უშენოდ იუმორი საქართველოში... ჟურნალიც მოკვდა, შენი „ნიანგი“! მოკვდა კი არა, მოკლეს! ...როგორი გმირი და გულადი უნდა იყო კაცი ნიანგი, რომ მოკლა?

 

არ ვწერდი ნოდარ, ვერ ვწერდი! არ მოდიოდა აზრი, სიტყვა... ან რა მეიიუმერებოდა - ოცდხუთი წელია დაგვემხო თავზე ქვეყანა! არ გამოჩნდა ჭკვიანი პატრონი - არ გამოჩნდნენ პატრიოტი კაცები, საქრთველოზე რომ შეტკიოდეთ გული! 

 

ცოცხალი რომ იყო, შენ ამას ვერ გადაიტანდი! კიდევ კარგი არ მოესწარი! ვერ გადაიტანდი, ნოდარ! 

 

...შენ, თბილისის ომს, ან აფხაზეთის, სამაჩაბლოს ამბავს გადაიტანდი? 

 

ან გამათხოვრებულ გურიას გადაიტანდი? არ ეყოფოდა ამდენ უბედურებას შენი კეთილი გული, ნოდარ... 

 

სწორედ ამიტომ, სიკვდილი მინდოდა! როცა კაცი სიკვდილზე ფიქრობს, იმას არ ეწერება! რა გესწავლება ჩემგან - დაზაფრული და დაბოღმილი კაცი იუმორს ვერ დაწერს! ...სიკვდილი მინდოდა, მაგრამ არ ვკვდებოდი და ვიყავი ასე გამოკიდებული ტახტსა და ტელევიზორს შუა, ძილ-ღვიძილში იდიოტივით! 

საკუთარი თავი შემძულდა!... მერე ბავშვებმა ეს დალოცვილი „ლეპტოპი“ მიყიდეს - არ იყო შენ დროს ინტერნეტი, არც ლეპტოპი ყოფილა შენ დროს! ...არადა, რომ ყოფილიყო, ვიცი ორ იმდენს გააკეთებდი და დაწერდი, მაგარი რამეა კომპიუტერი! იცი რამდენი მეგობარი გავიჩინე ინტერნეტში? გავცოცხლდი, ნოდარ! ჩემი დაკარგული „ძმები“ მოვძებნე, მსოფლიოში გაფანტული ძმები ...და ამიტომაც გავცოცხლდი „ძამია“! 

 

კი ჩამჩიჩინებენ მეგობრები, „წერე ჭეიშვილო წერეო“! მარა აღარ მინდა ჩიჩინი, შეგონების გარეშეც ვწერ უკვე! ისე ვწერ... ჰონორარს, არავინ მიხდის, მარა ჩემზე ბედნიერი კაცი მეორე არ მოიძებნება ამ ვირტუალურ სამყაროში...

 

ინტერნეტი „საიქოსავითაა“ არავინ ჩანს ფიზიკურად, ცოცხლად, მარა ყველა ერთმანეთს ველაპარაკებით. დუღს ცხოვრება, უსხეულოდ... აქაც არიან ცოდვილები და წმინდანები, ბოროტი და კეთილი სულები! აქაც არის სამოთხე და ჯოჯოხეთი... 

 

ასე არასოდეს გაგთამამებივარ და „ძამიობით“ არ მომიმართავს შენთვის „ძამია“... პირველად გაგიბედე... ...„ლომი“ მოგმართავდა ხოლმე, ჩვენი ზაურია, ბოლქვაძე! რეზო გაბრიაძე და ტარიელ ჭანტურია კიდევ! 

 

...სხვა სულიერი ვინ შემოგკადრებდა „ძამიობით“ ლაპარაკს - ღმერთი იყავი ჩვენი!.. ახლა გაგიბედე პირველად, ვერ დამტუქსავ, ვერაფერს მეტყვი... თუმცა, სხვისი არ ვიცი და მე შენი დატუქსული კაცი არ მინახავს - ყველას ტკბილი ენით ესაუბრებოდი, ძმურად, მამაშვილურად! 

 

გიყვარდა ნიჭიერი კაცი და გვერდში ედექი -  შენობით რომ გელაპარაკები, ხომ არ გწყინს?.. რატომ გელაპარაკები და გიბედავ თუ იცი, შენობით ლაპარაკს? მართლა ხომ არ ფიქრობ, პასუხს ვერ გაგცემ, ვერ დამტუქსავ და იმიტომო!... 

 

არა, ნოდარ! ღმერთს მიმართავენ შენობით, ყველაზე სანუკვარს და საყვარელს - კეთილი სიტყვის, კეთილი გამოხედვის მეტი შენგან არაფერი მახსოვს! საკმარისი იყო შენი მოჭუტული თვალებით ერთი შემოხედვა და - „რა ხართ ეს ჭეიშვილები, არ გააგდეთ ხომ ხელიდან „პასტიანი რუჩკა“-ო? 

 

დატკეპნილი ლაპარაკი იცოდი... ხმას არ აუწევდი... ახლა ვხვდები რატომ ვწერდი იუმორს „კონვეირულად“! შენ მათამამებდი! შენ იყავი ჩემი მამოძრავებელი სასწაული ძალა! შენი შექება, შენი კეთილი გამოხედვა მათამამებდა, მაამაყებდა და მაწერინებდა... 

 

რახანია აღარ ხარ... და აღარც მე ვწერ ნოდარ... კანტიკუნტად თუ დავჩხაპნი რამეს... სულ გადავერთე ამ „ექსტრასენსორულ აღქმაზე“.. შემჭამეს და გამომხრეს ავდმყოფებმა!...ზოგს ჰგონია, ადვილია ეს საქმე! არ არის ადვილი, ჯანმრთელობას მართმევს - ვის ეტყვი, ვის გააგებინებ? რაც შენ აღარ ხარ აქ, იმის მერე აღარც მე ვარ „აქ“ და იმის მერე გავაგდე ხელიდან „პასტიანი რუჩკა ჭეიშვილმა“... 

 

მაგრამ, ეს დალოცვილი „ბიოველი“ რომ არ მოეცა მამა ზეციერს... ეს საოცარი განმკურნებელი ძალა, დამეხოცებოდა შიმშილით ყველა ვინც ხელებში შემომყურებდა და ვისაც შიოდა ყოველ დღე... გახსოვს ჩემი პირველი წიგნი „ნიანგის ბიბლიოთეკა“ ... „ბედის ირონია“ დაარქვიო რომ მითხარი, ის მოთხრობა მოგეწონა ყველაზე მეტად, ანანურში მთვრალები, ცხვრის მაგივრად, გადარეკვის დროს, მეცხვარის ძაღლს რომ შეაგდებენ მანქანაში და მერე ხინკლის ხუთი მოყვარული ჯეელი დუშეთის საავადმოფოში რომ მოხვდება ძაღლის ნაკბენებით... რამდენი იცინე გახსოვს?...

 

მერე კიდევ ოთხმოცდასამში, „ქუჩის ბიჭები“ რომ გამოვეცი, ნოველების კრებული... მწერალთა კავშირთან „ჩაგისაფრდი“ შენ და ჭაბუა მოხვედით „ვოლგით“. ერთი წიგნი მქონდა წარწერით, შენთვის გამზადებული, რომ მცოდნოდა ჭაბუა იქ იქნებოდა ხომ ვაჩუქებდი... მარა აბა რა ვიცოდი... ქოჩორი ამიწეწე, დახედე წიგნს და ჭაბუას გადაულაპრაკე - გაიცანი, ჭეიშვილების ჯიშია „ავტორუჩკით იბადებიან ესენი“... მაშინ ჭაბუამ ხელი ჩამომართვა და მომილოცა... კინაღამ გადავირიე კაცი!... 

 

ნახვამდის, ნოდარ „მეგობარო“... შეხვედრამდე... 

 

თამაზ ჭეიშვილი

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: