Iverioni
«    აგვისტო 2019    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
აგვისტო 2019 (4)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
26-11-2015, 10:28
ნანახია: 913

რატომ დაგვიანდა კიბერრეზერვის (კიბერარმიის) შექმნა ქვეყანაში?

უკვე ყველასათვის ცნობილია, რომ სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო თავდაცვისუნარიანობის გარდა, ქვეყანა საჭიროებს კიბერთავდაცვას.

 

დღეს, ქვეყნების უმრავლესობა კიბერ მზადყოფნაშია, რაც გამოიხატება შემდეგ მიდგომებში: 

 

- ჰყავთ საკუთარი კიბერარმია;

- ფლობენ კიბერთავდაცვის სისტემას;

- მოწესრიგებული აქვთ კიბერსივრცის სამართლებრივი გარემო;

- კიბერთავდასხმის პრევენციისათვის არსებულ  ინფრასტრუქტურას გააჩნია უსაფრთოების მაღალი დონე;

- ქმედუნარიანია კიბერარმიის სტრუქტურის კოორდინაცია, მართვა, კომუნიკაცია და ქმედება; 

- ჰყავთ უწყება, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის კიბერუსაფრთხოებაზე;

- შემუშავებული აქვთ კიბერთავდასხმის შემდგომი რეგენერაციის (აღდგენის) გეგმა;

 

დაგვიანებულია, მაგრამ, მაინც სასიხარულოა, რომ კიბერთავდაცვის მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ქმნის კიბერრეზერვის სამსახურსა და კონცეფციას, რომელიც 2016 წლისთვის უნდა ამოქმედდეს. 

 

ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რამ განაპირობა, რომ ქვეყნის კიბერუსაფრთხოებისთვის  დაგვიანებით იქმნება კიბერრეზერვის (კიბერარმიის) ჯგუფი?

 

ფაქტია, რომ გლობალური საფრთხეების (ე.წ. ისლამური სახელმწიფოს-ISIS“ საფრთხე) პირობებში, საქართველოს კიბერარმია მზადყოფნაში არა არის. ფაქტობრივად, კიბერთავდაცვის მიზნით ადამიანური რესურსის მობილიზება დაგეგმილია 2016 წლისთვის.

 

საზოგადოებას კარგად ახსოვს 2008 წლის მასშტაბური და აგრესიული კიბერთავდასხმა ქვეყანაში. ამასთან, სამეცნიერო გარემო მუდმივად აღნიშნავდა არსებული გამოწვევების საჭიროებებსა და ქმედითი ღონისძიების გატარებაზე (კიბერარმიის შექმნის აუცილებლობაზე, კიბერუსაფრთხოების გამოწვევებზე, რომლის გავლენაც  ინტერნეტ-ბიზნესის განვითარებაზე დიდი იყო). თუმცა, პროცესების დაჩქარება, მანამ არ მოხდა, სანამ, ქვეყანა კონკრეტული ფაქტის (ISIS-ის საფრთხეების)  წინაშე არ აღმოჩნდა.

 

 

       ვინ უნდა გააკონტროლოს საქართველოს კიბერსივრცე და დაიცვას კიბერუსაფრთხოება?

 

ქვეყნის კიბერარმიისა და კიბერუსაფრთხოების კონცეფცია უნდა შეიმუშაოს „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა“, რომელსაც კოორდინაცია „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭომ“ უნდა გაუწიოს. აღნიშნულმა საბჭომ უნდა უზრუნველყოს კიბერპოლიტიკისა და კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავება, მთავრობაში წარდგენა (დასამტკიცებლად) და შესრულების მონიტორინგი.

 

რაც შეეხება ქვეყნის კიბერუსაფრთხოებას, მასზე პასუხისმგებელი უნდა იყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. დიახ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის „ქოლგის ქვეშ“ უნდა ჩამოყალიბდეს კიბერთავდაცვის სტრუქტურა, რომლის შემადგენლობაში, უნდა შევიდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერრეზერვი (როგორც ქვეყნის კიბერუსაფრთხოების ძირითადი ჯგუფის სარეზერვო დანაყოფი და დამატება), სამოქალაქო სექტორის საინიციატივო ჯგუფები, კორპორაციული სექტორის წარმომადგენლები და უცხოეთში მყოფი ქართული სათვისტომოს წარმომადგენელთა ჯგუფები, როგორც კიბერერთეულები. 

 

რატომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური?

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციებიდან გამომდინარე, სამსახური უზრუნველყოფს:

 

- სახელმწიფო უსაფრთხოებას (შესაბამისად სამსახურის ფუნქციებში უნდა იყოს კიბერუსაფრთხოებაც);

- ტერორიზმთან  ბრძოლას (სამსახურის ფუნქციებში უნდა იყოს  კიბერტერორიზმის პრევენციაც);

- ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფას (კიბერთავდაცვა ხელს უწყობს ელექტრონული ბიზნესის განვითარებას, რომლის პოტენციალს ქვეყანა ჯერ-ჯერობით სრულად ვერ ითვისებს);

- ტრანსნაციონალური ორგანიზებული და საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა (ასეთი კი სწორედ კიბერკრიმინალები და კიბერტერორისტებია);

- კონსტიტუციური წყობილების დაცვას, რომელსაც საფრთხე სწორედ კიბერტერორიზმა შეიძლება შეუქმნას.

 

ამრიგად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის სფერო და ამოცანები ფაქტობრივად ორიენტირებულია იმ პროცესებზე, რაც კიბერსაფრთხეებისაგან შეიძლება წარმოჩინდეს. ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გააჩნია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ მოქმედების ტაქტიკა და პრევენციის ტექნიკა, ფლობს შესაბამის ცოდნას, იმიჯსა და ნდობას. ამიტომ, მიზანშეწონილია აღნიშნულ სტრუქტურას გააჩნდეს კიბერთავდაცვის უფლებამოსილება . 

 

 

       რა უნდა გაკეთდეს კიბერუსაფრთხოების მიზნით?

 

- შეიქმნას „რეგულარული, შტატიანი“ კიბერერთეული, რომელიც მუდმივ მონიტორინგს განახორციელებს, ხოლო საფრთხეების ზრდის შემთხვევაში, კიბერარმიის მყისიერ მობილიზებას მოახდენს;

- კიბერსივრცეში უნდა გატარდეს ინფორმაციული პროპაგანდის (აგრესიის, ტერორიზმის, ბალკანიზაციის, ინფორმაციული ოკუპაციის და სხვა საკითხების) პრევენცია. საზოგადოებისათვის საფრთხის შემცვლელ პროპაგანდას სახელმწიფომ უნდა დაუპირისპიროს ე.წ. მშვიდობიანი ინფორმაციული პროპაგანდა და ეფექტიანი კიბერ ღონისძიებები;

- კიბერდანაშაულების ინტერნაციონალური სახე, ინტერნეტ-უსაფრთხოებისა და ფუნქციონალობის საჭიროება მოითხოვს ინტერნეტ-გარემოს რეგულირების პოლიტიკის საფუძვლიან გადახედვას, სამართლებრივი მექანიზმებისა და არალეგალური საქმიანობის პრევენციის ღონისძიებების გატარებას; 

- ბიუჯეტში, დამატებითი თანხები უნდა გამოიყოს ქვეყნის კიბერსაფრთხეების პრევენციისა და კიბერერთეულების (კიბერარმიის გარდა, უნდა შეიქმნას სამოქალაქო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენელთა საინიციატივო ჯგუფები, სათვისტომოს წარმომადგენელთა ჯგუფები) შექმნის მიზნით;

- ჯამში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში უნდა შევიდეს კიბერარმია. აღნიშნულმა სამსხურმა უნდა განახორციელოს კიბერპოლიტიკა. კიბერპოლიტიკის კონტექსტში, ძირითად მიმართულებად უნდა განისაზღვროს გლობალური და ლოკალური საფრთხეების პრევენცია და არა „პოლიტიკური მოტივები“. მაგალითად, ზოგიერთი ქვეყნის რეჟიმის მიერ „პოლიტიკური მოტივებით“ მკაცრად კონტროლირდება/იბლოკება ოპოზიციური ჯგუფების და რისკ ჯგუფების ინტერნეტ-ტრაფიკი, კრიტიკული იდეების საზოგადო წარმოდგენა, „არასასურველი“ საიტების მუშაობა. ეს კი დემოკრატიას და ევროპულ ფასეულობებს საფრთხეეს უქმნის.

 

 

       კიბერარმიის ღონისძიებებისა და კიბერუსაფრთხოების მონიტორინგი

 

ქვეყანაში, კიბერარმიის მოქმედების მონიტორინგი უნდა განხორციელდეს საზოგადოების სამივე სექტორის (სამოქალაქო, კერძო და სახელმწიფო სექტორის) თანაბარუფლებიანი მონიტორინგით. სახელმწიფო სექტორიდან, მონიტორინგი უნდა განახორციელოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭომ, იმისათვის რომ კიბერუსაფრთხოების პრევენციული ღონისძიებების გატარებისას, ადგილი არ ჰქონდეს:

 

- ინტერნეტ-ცენზურას;

- ინტერნეტ- რეპრესიებს;

- უკანონოდ განსაზღვრულ web-საიტებთან მოქალაქეების დაშვების უარყოფას;

- ინტერნეტ-მომხმარებლების თვალთვალს;

- ინფორმაციის ფილტრაციას;

- ინტერნეტ-ბლოკირებასა და ჩახშობას;

 

ჯამში, კიბერარმია და კიბერგარემოს მონიტორინგი სასარგებლოა ქვეყნისთვის, რადგან,  „კიბერუსაფრთხოების პოლიტიკას“ გააჩნია პოზიტიური მხარე და მიმართულია საზოგადოების კეთილდღეობისკენ, სადაც შეიძლება გამოვყოთ:

 

- არასრულწლოვანთა უფლებების დაცვა ;

- ექსტრემიზმის, რასიზმის, ძალადობის, ტერორიზმის პროპაგანდისგან საზოგადოების დაცვა;

- პირადი ცხოვრების დაცვა;

- ინტელექტუალური საკუთრების დაცვა; 

- ადამიანთა ღირსებებისა და რეპუტაციის დაცვა;

- ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

- ბიზნეს გარემოს დაცვა.

 

დასასრულს, უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა გაითავისოს სამოქალაქო და კორპორაციული სექტორის პოტენციალი. განსაკუთრებით დააფასოს მეცნიერ-მკვლევარის შრომები და რესურსი. აღნიშნული მიდგომა სარგებლის მომტანი იქნება სამივე სექტორისთვის (სამოქალაქო, კერძო და სახელმწიფო სექტორისთვის);

 

 

რატი აბულაძე,

„ქართული პლატფორმის“, 

ელექტრონული მთავრობის მიმართულების ხელმძღვანელი

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი