რატომ საჭიროებს საქართველო „ელექტრონული მმართველობის სახელმწიფო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის არსებობას“

რატომ საჭიროებს საქართველო  „ელექტრონული მმართველობის სახელმწიფო  სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის არსებობას“

დღეს, ყველა მოქალაქეს სურს საქართველო იხილოს, როგორც რეგიონული ლიდერი, მსოფლიო მოთხოვნების კვალდაკვალ განვითარებული, კონკურენტუნარიანი და მძლავრი სახელმწიფო. 

 

ქვეყნის ძირითად გამოწვევებად სახელდება სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა, განათლების პრობლემები, ციფრული უთანასწორობა, პოლიტიკური რყევები, არაეფექტიანი სტრატეგიები, საკადრო პოლიტიკა, სამთავრობო კადრების შრომის ნაყოფიერება, ქარიზმატული ლიდერებისა და ნოვატორული აზროვნების მმართველების დეფიციტი.

 

მოკლევადიან პერიოდში, აღნიშნული გამოწვევების დაძლევის მიზნით, მნიშვნელოვანია ქვეყანაში შეიქმნას „ელექტრონული მმართველობის სახელმწიფო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი“.  

 

კვლევითი ინსტიტუტის არსებობის აუცილებლობა განპირობებულია ციფრული სახელმწიფოს შექმნის, მოქალაქეების ციფრული გამოწვევების დადგენის, ელექტრონული მმართველობის სფეროში სამთავრობო პრობლემების ფორმულირების, ეროვნულ ინტერესებზე მორგებული სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების უზრუნველყოფის მიზნით.

 

სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი შეიძლება განვიხილოთ, როგორც:

 

-ციფრული სახელმწიფოს განვითარების ხელშემწყობი ინსტიტუტი;

-მეცნიერთა და ანალიტიკური ჯგუფების ფორმირების პლატფორმა;

-სახელმწიფო მრჩეველთა ინსტიტუტი; 

-სახელმწიფო მარკეტინგული კვლევების განმახორციელებელი ინსტიტუტი;

-ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევართა მხარდამჭერი ჯგუფი;

-საზოგადოებრივი საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც ხელს შეუწყობს ეფექტიანი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღებას;

-უცხოეთში მყოფი ქართული სამეცნიერო რესურსის  გამოყენებისა და ქვეყნის მშენებლობაში ჩართვის პლატფორმა;

-საზოგადოებრივი ფორუმი და იდეების დარგობრივი ინკუბატორი;

-საქართველოში მეცნიერ-მკვლევართა გარემოს ხელშეწყობის ლობისტური ორგანიზაცია;

-განათლების  ექსპორტ-იმპორტის ხელშემწყობი ინსტიტუტი;

 

კვლევითი ინსტიტუტი ორიენტირებული იქნება:

 

-ელექტრონული კომერციისა და ინტერნეტ-ბაზრის განვითარების ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზრის შემუშავებაზე;

-ელექტრონული ბიზნესისა და კიბერ-გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესების ფორმირებაზე;

-ციფრული საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობაზე;ქვეყანაში ციფრული პროცესების კვლევაზე;

-ელექტრონული მმართველობის განვითარების ინდექსისა და რეგიონული რეიტინგის შედგენასა და განსაზღვრაზე;

-ქართული უმაღლესი განათლების ექსპორტის ზრდაზე; 

-უმაღლესი განათლების სრულყოფის საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაზე;

-საქართველოს შრომის ბაზრისათვის მისაღები კონტიგენტის განსაზღვრის შესახებ რეკომენდაციების წარდგენაზე;

 

სახელმწიფო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი მოიცავს შემდეგ მიზნებსა და ამოცანებს:

 

-ელექტრონული მართვის მიმართულებით სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას;

-ელექტრონული მართვის სფეროში პრაქტიკულ საქმიანობას;

-სტრატეგიული მრჩევლის როლს. ელექტრონული მმართველობის განვითარების მიზნით სტრატეგიების შექმნას, განხორციელებასა და მონიტორინგს;

-მეცნიერ-მკვლევართა სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის ზრდის მიზნით  ლობისტურ  საქმიანობას;

-მოქალაქეების შესახებ არსებული პერსონიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრას; კერძო და სახელმწიფო სექტორთან ერთობლივი თანამშრომლობით მონიტორინგს;

-ინტერნეტ-ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისათვის პროგრამების შემუშავებასა და განვითარების გეგმების დასახვას;

-ელექტრონული დემოკრატიის ფორმირებასა და დაცვას; 

-ციფრული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ეროვნული სტრატეგიისა და ინფრასტრუქტურის დაცვის სტრატეგიული გეგმების შემუშავებასა და განხორციელების ხელშეწყობას;

-კიბერპოლიტიკის სტანდარტებისა და ინსტრუქციების განსაზღვრას,   კიბერკონფიგურაციის მართვის კონტროლს, რეაგირების მექანიზმების  მონიტორინგს;

 

 

 

კვლევითი ინსტიტუტის დაფუძნებით მიღებული საზოგადოებრივი სარგებელი

 

ელექტრონული მმართველობის ინსტიტუტი მოწოდებულია:

 

-შეისწავლოს სახელმწიფოს ძირითადი გამოწვევები და დასახოს გამოწვევების გადაჭრის კონკრეტული გზები;

-მეცნიერ-მკვლევარების ჩართულობით უზრუნველყოს სახელმწიფოს პროგრამების ეკონომიკური ანალიზი;

-შეაფასოს საზოგადოებრივი საჭიროებები და დასახოს ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრის გზები ;

-განსაზღვროს სახელმწიფოს ძირითადი რესურსი (მათ შორის ინტერნეტ-ბაზრის);

-დასახოს ელექტრონული მართვის სფეროს განვითარების  გეგმები;

-მოკლევადიან პერსპექტივაში გაანალიზოს მიმდინარე პროცესები;

-სამეცნიერო კაპიტალის გამოყენებით დასახოს რესურსამოწურული გარემოსა და ქვეყნის განვითარების გზები.

 

ინსტიტუტი მოწოდებულია ხელი შეუწყოს ქვეყნის აუთვისებელი  პოტენციალისა და რესურსების წარმოჩენას, მათ შორის:

 

-ინტერნეტ-ბაზრის პოტენციალი;

-ინტერნეტ-ბიზნეს გარემოს სარგებელი;

-მეცნიერ-მკვლევარების რესურსი;

-ელექტრონული მმართველობის დანერგვით საჯარო მმართველობითი გარემოს ტრანსფორმაცია და მართველობითი გადაწყვეტილების ეფექტიანობის ზრდით მიღებული ეკონომიკური სარგებელი;

-უმაღლესი განათლების ეკონომიკური პოტენციალი (საექსპორტო პოტენციალი);

 

ელექტრონული მმართველობის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის არსებობით უზრუნველყოფილი იქნება :

 

-კვლევებით არგუმენტირებული სახელმწიფო პროგრამები  და სტრატეგიები (ელექტრონული მართვის სფეროში);

-სახელმწიფოს არსებული  სტრატეგიების ანალიზი და განვითარების რეკომენდაციები;

-ელექტრონული მმართველობის პოლიტიკის იმპლემენტაცია;

-სამოქალაქო, კერძო და სახელმწიფო სექტორის ურთიერთქმედების უზრუნველმყოფი ღონისძიებები;

-სამეცნიერო და საზოგადოებრივი აქტივობით, ელექტრონული მთავრობის დანერგვისათვის, სტრუქტურის ცვლილებებისა და  რეფორმირების პროცესი;

-ელექტრონული მთავრობის ხელშემწყობი   სტიმულირების ღონისძიებები;

-სახელმწიფოს განვითარების ხელშემშლელი ფაქტორების წარმოჩენა და მისი გადაჭრის გზების განსაზღვრა;

-ანგარიშვალდებულებიანი მმართველობითი გარემო,  სადაც მმართველობითი გადაწყვეტილებები მიიღება საზოგადოების სამივე სექტორის თანაბარუფლებიანი მონაწილეობით (სამოქალაქო, კერძო და სახელმწიფო სექტორის ურთიერთქმედებით);

 

 

სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაფინანსების წყაროები

 

ხოლო კითხვაზე ბიუჯეტის რომელი წყაროებით უნდა დაფინანსდეს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის  შექმნა , პასუხი არის ინტერნეტ-ბაზრის პოტენციალისა და უმაღლესი განათლების ეკონომიკური პოტენციალის ათვისების ხარჯზე მიღებული ბიუჯეტის შემოსავლები.  ასევე, ელექტრონული მართვით მიღებული ეკონომია.

 

ამ მიზნით, საჭიროა მხოლოდ ლეგიტიმაცია, ხოლო შემდეგ ინსტიტუტი სახელმწიფოს წარუდგენს ქვეყნის ციფრული განვითარების, აუთვისებელი პოტენციალის ათვისების გეგმებსა და სტრატეგიას.

 

სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სტრატეგიული მიზნები: 

 

1.სტრატეგიული მიზანი: ციფრული ეკონომიკის განვითარება. ინტერნეტ-ბიზნესისა და ინტერნეტ-ბაზრის განვითარება. ინტერნეტ-ბაზრის აუთვისებელი  პოტენციალის ათვისება და ციფრული ეკონომიკის შემოსავლების გენერირება;

2.სტრატეგიული მიზანი: ინფორმაციული საზოგადოებისა და ელექტრონული დემოკრატიის ფორმირება. პროცესი, როგორც განვითარების ინერცია. ქვეყნის მართვა საზოგადოების, კერძო  და სახელმწიფო სექტორის ერთობლივი მონაწილეობით.

3.სტრატეგიული მიზანი: ელექტრონული მთავრობის უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბება. კიბერარმიის, კიბერპატრულისა და კიბერრეზერვის შექმნის ხელშეწყობა. კიბერთავდასხმებისა და კიბერკატასტროფის რეგენერაციის (აღდგენის) გეგმების შემუშავება;

4.სტრატეგიული მიზანი: ინტეგრირებული მთავრობის ჩამოყალიბება; მმართველობითი გადაწყვეტილების ეფექტიანობის ამაღლება. საჯარო მმართველობის ტრასფორმაცია. ინოვატორი მართველობითი გარემოს შექმნა. მთავრობისადმი ნდობის განმტკიცება.

5.სტრატეგიული მიზანი: მეცნიერ-მკვლევართა განვითარების ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბება. სოციალ-ეკონომიკური კეთილდღეობის ამაღლება, სამეცნიერო-კვლევითი აქტივობის ფინანსური მხარდაჭერა, იმიჯის ამაღლება, განათლების ცენზის მნიშვნელობის ამაღლება, რესურსამოწურული პოლიტიკური გარემოს შევსება სამეცნიერო რესურსით, სახელმწიფო მართვაში მეცნიერ-მკვლევარის როლის ზრდა;

 

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოში  „ელექტრონული მმართველობის სახელმწიფო-სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის“ ანალოგები მრავალრიცხოვანია.

 

ინსტიტუტი ხელს შეუწყობს საზოგადოების კოორდინირებასა და მობილიზებას, ასევე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სახელმწიფოსთვის ენერგიული და ქარიზმატული პირების წინსვლა-განვითარებას.

 

ჯამში, კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-მკლევარებისა და ინტელექტუალური რესურსის პლატფორმა იქნება პირველი, რომლის შექმნით აღმასრულებელ ხელისუფლებას აღარ დასჭირდება „ექსპერტთა და სტრატეგიული საკითხების მცოდნე პირთა“ იმპორტი. ფაქტობრივად, სახელმწიფოს ინსტიტუციური საჭიროებების გამოვლენა და გადაჭრის გზების დასახვა, კვლევების ჩატარება უცხოელ ექსპერტ-მკვლევართა ნაცვლად ადგილობრივი მეცნიერ-მკვლევარებით გახდება შესაძლებელი. 

 

დაბოლოს, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შექმნით, მთავრობა დაამტკიცებს: 

 

- ელექტრონული მმართველობის განვითარებაზე ორიენტირებას, მათ შორის: ელექტრონული ბიზნესის, ელექტრონული მთავრობისა და ინფორმაციული საზოგადოების ფორმირებას ქვეყანაში;

- ხელს შეუწყობს ახალგაზრდა მეცნიერთა ლობისტური ჯგუფის ჩამოყალიბებას;

- შექმნის ჯანსაღი, პროგრესული საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწმყობი გადაწყვეტილებების მიღების  პრეცედეტს;

- შექმნის მართვაში ჩართულობის, საზოგადოების კოორდინირების, სამეცნიერო რესურსის გამოყენების უმნიშვნელოვანეს პრეცენდენტს;

- შექმნის ნოვატორული აზროვნების მმართველობით გარემოს.

 

P.S. მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის ბოლო აქტივობას წარმოადგენს „საქართველოს ელექტრონული მთავრობის განვითარების მარკეტინგული სტრატეგიის (2015-2020წწ)“ შექმნა.

 

 

მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის სახელით,

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი რატი აბულაძე

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: