Iverioni
«    იანვარი 2018    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
იანვარი 2018 (2)
დეკემბერი 2017 (7)
ნოემბერი 2017 (10)
ოქტომბერი 2017 (13)
სექტემბერი 2017 (4)
აგვისტო 2017 (7)
31-12-2015, 19:08
ნანახია: 889

ავთანდილ კახნიაშვილი: სასამართლო ხელისუფლებაში სისტემური კრიზისია!

ვინაიდან, როგორც რიგითი მოქალაქე, დაინტერესებული ვარ, საქართველო სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს და ქვეყანაში რეალური რეფორმები გატარდეს, ამასთან, სასამართლოც რეალურად დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ხელისუფლებად იქცეს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ქალბატონ ნინო გვენეტაძეს არჩევისთანავე წარვუდგინე წინადადებები საქართველოში რეალური სასამართლო რეფორმის ჩასატარებლად. მოგვიანებით იგივე წინადადებები საქართველოს პარლამენტს, იუსტიციის მინისტრს და პრეზიდენტსაც გავუგზავნე.

 

პირდაპირ ვიტყვი: კრიტიკულად ვუყურებ მიმდინარე სასამართლო რეფორმასაც. ნამდვილად არ მინდა სასამართლო ხელისუფლებაში მორიგი კოსმეტიკური ცვლილებების იმედად ვიყოთ და ადამიანის უფლებების დაცვა ისევ არაფექტურად განხორციელდეს.

 

წლის ბოლოს იუსტიციის უმღლეს საბჭოში განვითარებულმა მოვლენებმა და თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებამ, დამარწმუნა, რომ ვითარება იმაზე მეტად საგანგაშოა (კატასტროფულია), ვიდრე მეგონა, რამაც გადამაწყვეტინა პრობლემატურ საკითხებზე საკუთარი ხედვა  გამეზიარებინა...

 

ვინაიდან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თვითნებობის ყველაზე ეფექტურ შემკავებელს, აგრეთვე ადამიანის უფლებათა დაცვის ერთადერთ ქმედით გარანტს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო წარმოადგენს, ქვეყანა რომ სწორი მიმართულებით განვითარდეს, პირველ რიგში, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოების გამართული სისტემაა ჩამოსაყალიბებელი.

 

სამწუხაროდ, 1991-ის, 1997-1999-ის და 2004-2005 წლების „რევოლუციური”, ხოლო 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ჩატარებული „ხავერდოვანი” რეფორმების და „მართლმსაჯულების ზეიმის” მიუხედავად, სასამართლო ხელისუფლებამ საზოგადოების ნდობა ჯერ ვერ მოიპოვა და, ძირითადად, ისევ დაშინებული და ხელისუფლების კონტროლს დაქვემდებარებული მოსამართლეთა კორპუსი გვყავს.

 

დღევანდელი მოსამართლეების მნიშვნელოვანი ნაწილი ისეთივე „დამოუკიდებელი და მიუკერძოებელია”, როგორც კომუნისტების მმართველობის დროს, ხოლო, საქმეთა განხილვის გაჭიანურების ვადებით ან/და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების რიცხვით ტოტალიტარიზმისდროინდელებს ნამდვილად აჭარბებენ...

 

ფაქტია, რომ  თბილისის საქალაქო სასამართლოში მართლაც საგანგაშო მდგომარეობაა და თითოეულ მოსამართლეზე რამდენიმე ასეული (ზოგიერთზე, თურმე 700-მდე...) განუხილველი საქმე მოდის, ხოლო, მიღებული გადაწყვეტილებების უმრავლესობა ზემდგომ ინსტანციებში საჩივრდება...

 

არ უნდა იყოს სადავო, რომ საქართველოში რეალურად დამოუკიდებელი სასამართლოს ფორმირებისთვის, პირველ რიგში, „პოლიტიკური ნებაა“ აუცილებელი, ხოლო, თუ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მესვეურებს რეალურად სურთ ევროინტეგრაცია, რეალური სასამართლო რეფორმის განხორციელება და სასამართლო ხელისუფლებისთვის სახელმწიფო მექანიზმში სათანადო ადგილის მიჩენა, უპირველეს ყოვლისა, სასამართლოებს უნდა გამოუყონ შესაფერისი შენობები  ამასთან, არანაკლებ მნიშვნელოვანია სასამართლო რეფორმის შინაარსობრივ მხარეს მიექცეს მნიშვნელობა და არა გარეგნულს.

 

სამწუხაროდ, წლების განმავლობაში, სიტყვით თითქოს სამართლებრივ სახელმწიფოს და დემოკრატიულ ინსტიტუტებს ვამკვიდრებდით (ძირითადად, „უცხოელი მეგობრების“ გასაგონად...), მიღებული კანონებით და რეალური ქმედებებით კი პოლიციური სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი ბუტაფორულფასადიანი სასამართლო მივიღეთ, რომელიც პრიორიტეტულად, არა მარტო საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, არამედ, ცალკეული საწარმოების ინტერესებს მიიჩნევს (მათ შორის, სახელმწიფოს ბიუჯეტის შევსებას და „ელიტური“ ბანკების შემოსავლების ზრდას ...), და არა ადამიანის ძირითადი უფლებების ეფექტურ დაცვას.

 

არცთუ იშვიათად, მოსამართლეები უშუალო ხელმძღვანელებისა და მაკონტროლებლების მითითებით მოქმედებენ (მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების და სასამართლოს თავმჯდომარეების...) და ცალკეული მაღალჩინოსნების, პოლიტიკური გაერთიანებების ან იურიდიული პირების სასარგებლოდ იღებენ გადაწყვეტილებებს. ფაქტია, რომ დღევანდელი სასამართლო ვერც ხელისუფლების თვითნებობისგან იცავს მოქალაქეებს და ვერც საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების გაყალბებისას ახერხებს „სამართლიანობის აღდგენას“.

 

ამდენად, თუ რეალურად გვინდა დემოკრატია და ევროინტეგრაცია, პირველ რიგში, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ნაუცბათევად განხორციელებული „სასამართლო რეფორმებისას” დაშვებული არსებითი შეცდომები უნდა გამოვასწოროთ, რისთვისაც მოსამართლეების საკადრო შემადგენლობის გადასინჯვამდე, პირველ რიგში, იუსტიციის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება უნდა განხორციელდეს. ფაქტია, იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს ვერც მოსამართლეების დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს და ვერც მათ საქმიანობას აკონტროლებს ეფექტურად (მიუხედავად იმისა, რომ ათასობით საჩივარია შესული, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, არ განხორციელებულა დისციპლინური დევნა). იუსტიციის საბჭოს უნდა გაეზარდოს უფლებამოსილება და გარკვეულ გარდამავალ ეტაპზე, მან, ფაქტობრივად, უნდა შეასრულოს „მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის“ ფუნქციაც იმ ათასობით საქმეზე, რომლებიც პარლამენტსა ან პროკურატურაშია გასაჩივრებული. მოქალაქეთა საჩივრების საფუძველზე, 3-3 კაციან კოლეგიებში, ღია სხდომებზე, უნდა მოხდეს სასამართლოების მიერ ადრე მიღებული სადავო გადაწყვეტილებების გადასინჯვაც მათი კანონიერებისა და დასაბუთებულობის თვალსაზრისით.

 

ამისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა დაკომპლექტდეს არა ცალკეული მაღალჩინოსნების, ან მმართველი პარტიისთვის სანდო პირებით, როგორც ეს დღემდე ხდებოდა, არამედ, პიროვნული თვისებებით გამორჩეული და გამოცდილი პროფესიონალებით („სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტებით“). შესაბამისად, უნდა უნდა გაიზარდოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატიც (ძირითადად, თანაშემწეებისა და სპეციალისტების ხარჯზე).

 

იმ შემთხვევაში, თუ სადღესიოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეული რეფორმირება არ, ან ვერ განხორციელდება, გონივრულად მივიჩნევ, ე. წ. მართლმსაჯულების (დამოუკიდებელი) ინსპექტორების (სპეციალისტის, აუდიტორის) ინსტიტუტის შემოღებასაც და ამ თანამდებობაზე პიროვნული თვისებებით გამორჩეული ის „სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტები“ გამწესდნენ (კონკურსის წესით), რომლებიც მოქმედი მოსამართლეების მიერ დაშვებული ეთიკური ან დისციპლინური გადაცდომების გამოვლენის, აგრეთვე ადრე მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებასა და დასაბუთებაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში, შესაბამის საქმეებს შეისწავლიან და, თუ არსებით დარღვევებს შენიშნავენ, საკმარისად დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, ულებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ან/და პარლამენტის წინაშე დააყენებენ.

 

სასამართლო ხელისუფლებაში შექმნილი ”სისტემური კრიზისის” დასაძლევად, უპირველეს ყოვლისა, საკანონმდებლო ბაზა და სასამართალწარმოების პროცედურები უნდა მოწესრიგდეს, რასაც მოსამართლეთა კორპუსის ძირეული და გონივრული ცვლილება უნდა მოყვეს. ამ მიზნით, უნდა გადაიხედოს დღევანდელ მოსამართლეთა, ფაქტობრივად, მთელი შემადგენლობაც, ვინაიდან, ისინი არა მარტო ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ მიღებული თვითნებური გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას, არამედ, რიგითი პოლიციელების და შპს „სი-ტი პარკის” ინსპექტორების მიერ კანონდარღვევით გამოწერილი 10 ლარიანი საჯარიმო ქვითრების გაუქმებასაც ვერ ბედავდნენ, ხოლო, სისხლის სამართლის საქმეების 99 %-ზე გამატყუნებელი განაჩენი დგებოდა, რომელიც პროკურორების მიერ წარდგენილი ბრალდებიდან, ფაქტობრივად „კოფი-ფეისთირების“ გზით მიიღებოდა.

 

ამასთან, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე მოსამართლეების მიერ მიღებული შუალედური და საბოლოო გადაწყველებების დიდი ნაწილი არასაკმარისად არის დასაბუთებული. გაცილებით უკეთესი ვითარებაა სამოქალაქო საქმეების განხილვისას, მაგრამ მაინც აუცილებლობას წარმოადგენს იმ გადაწყვეტილებების კანონიერებისა და დასაბუთებულობის გადასინჯვა, რომლებიც საკასაციო წესით ან/ და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იქნა გასაჩირებული. ფაქტია, რომ იმ ქონებრივ დავებზე, რომელშიც მხარეს სახელმწიფო ან ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი წარმოადგენდა, არცთუ იშვიათად მიკერძოებული გადაწყვეტილებების გამოტანა ხდებოდა.

 

მოსამართლეთა შემადგენლობის ცვლა ეტაპობრივად და კანონმდებლობით განსაზღვრული წესით უნდა განხორციელდეს, მითუმეტეს, რომ ჯერ-ჯერობით ისინი თანამდებობებზე მხოლოდ 10 წლიანი ვადით არიან გამწესებული. ვადამდე მხოლოდ ის მოსამართლეები უნდა განთავისუფლდნენ, რომლებიც კანონმდებლობის ან სამოსამართლეო ეთიკის ნორმების დარღვევაში იქნებიან მხილებულნი და მათ მიმართ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ან პარლამენტის მიერ იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

ყველა შემთხვევაში, სასამართლო ხელისუფლება, პირველ რიგში, პროკურატურიდან „პორტირებული“ რეპუტაციაშელახული კადრებისგან უნდა განთავისუფლდეს (გონივრული იქნებოდა, საკუთარი ნებით წასულიყვნენ...), ხოლო, იმ მოსამართლეებს, რომლებსაც „ვარდების რევოლუციის“ მერე, ფაქტობრივად, აიძულეს თანამდებობები დაეტოვებინათ, უნდა მიეცეთ საშუალება მონაწილეობა მიიღონ მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსებში. ამასთან, უნდა მოიშალოს ის მანკიერი პრაქტიკა, როდესაც სხვებთან შედარებით დამოუკიდებელ („დაუმორჩილებელ“) მოსამართლეებს თბილისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოებიდან რაიონულ სასამართლობში „მიავლენდნენ“.

 

მორიგმა რეფორმამ, რომ რეალურად ხელშესახები შედეგი მოგვცეს და მოსამართლეების ავტორიტეტის (შესაბამისად, სასამართლოსადმი ნდობის) ამაღლებასთან ერთად, მართლმსაჯულების განხორციელების ხარისხზეც (ადამიანის უფლებათა დაცვის ეფექტურობაზე) დადებითად აისახოს, პირველ რიგში, უარი უნდა ვთქვათ მოსამართლეთა ე. წ. ტესტებით შერჩევის მანკიერ პრაქტიკაზეც, მით უმეტეს, რომ არამარტო კოდექსებში, არამედ კონსტიტუციაშიც კი მრავალი შეცდომა და არაგონივრული ნორმაა, რომელთა ზეპირად ცოდნა სრულებით არ მეტყველებს იურისტის მაღალპროფესიონალიზმზე.

 

დღევანდელ ვითარებაში, გონივრულად მიმაჩნია, დაუყოვნებლივ უარი ვთქვათ „იუსტიციის სკოლაზე”, რომელიც, ფაქტობრივად, გადაულახავ ბარიერს წარმოადგენს რეალურად დამოუკიდებელი და პრინციპული პროფესიონალების გამოსამართლებისთვის და, პირველ რიგში, ხელისუფლების მორჩილი კადრების მოძიება-გამოზრდას ემსახურება (ფაქტობრივად, თავიდანვე, „მოქკავშირის” ე. წ. ახალგაზრდული ფრთის მხარდამჭერი მოსამართლეების შესარჩევად ახალგაზრდა იურისტებისთვის შეიქმნა „პატრიოტთა ბანაკი“, რომლის ხელმძღვანელობა „სასამართლო რეფორმის მამა“ მიშა სააკაშვილმა მხოლოდ საკუთარ ძმას ანდო...).

 

არაგონივრულია, როდესაც უნივერსიტეტის დამთავრების და, არანაკლებ 10-15 წლიანი წარმატებული პროფესიული საქმიანობის შემდეგ, კვალიფიციურმა იურისტმა, თუ მოსამართლეობას გადაწყვეტს, ამისთვის ისევ „სკოლაში“ უნდა გააგრძელოს „სწავლა“ და ის სტანდარტული შაბლონები (ფაქტობრივად, სავალდებულო „დედლაინები“ დაიზუთხოს, რომელთა მიხედვით უნდა წეროს გადაწყვეტილებები... ). ბუნებრივია, რომ დამოუკიდებელი მოსამართლე სხვისი დირექტივებით კი არა, არამედ მხოლოდ კანონმდებლობით (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციით უშუალო სამართლად აღირებული ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით) და შინაგანი რწმენით უნდა ხელმძღვანელობდეს, ხოლო მოსამართლეობისთვის აუცილებელი ე.წ. ზოგადი უნარ-ჩვევების გამომუშავება პროფესიული საქმიანობის პროცესში (ძირითადად, საუნივერსიტეტო იურიდიულ კლინიკებსა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისას ან საადვოკატო საქმიანობისას) უნდა ხდებოდეს.

 

ამასთან, რაც შეეხება მოსამართლეობის კანდიდატების ან უკვე მოსამართლეებად გამწესებული „სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტების“ პროფესიულ დახელოვნებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას („გადამზადებას“), შესაძლებელია სხვა საშუალებებით განხორციელდეს (მაგ., „ტრენინგებზე“, თეორიულ და პრაქტიკულ კონფერენციებზე, სემინარებზე, ე.წ. მრგვალი მაგიდის გარშემო შეხვედრებზე და სხვა სამეცნიერო-მეთოდურ ღონისძიებებზე). ცხადია, მოსამართლეები ხელმძღვანელი, საკონსულტაციო და მეთოდური ორგანოების რჩევა-რეკომენდაციებსაც უნდა ითვალისწინებენ, მაგრამ არ უნდა ეშინოდეთ, რომ მათი შეუსრულებლობისთის პასუხი მოეთხოვებათ.

 

ფაქტია, რომ, ჯერ-ჯერობით. ნაცვლად იმისა, რომ მოსამართლეებმა პარლამენტის მიერ ნაუცბათევად მიღებული ბუნდოვანი ნორმები ადამიანის უფლებების დაცვის ინტერსებში განმარტონ (ცნებების შინაარსი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოოს რეკომენდაციების შესაბამისად გააფართოვონ...), როგორც წესი, ამას არ აკეთებენ და, არცთუ იშვიათად, ცალკეული ”მაღალჩინოსნების” ან ”ზემდგომი ოგანოების” მეტად საეჭვო ხასიათის ზეპირი მითითებებით ან ბეჭდური წესით შესრულებული რეკომენდაციებით („გაიდლაინებით“) ხელმძღვანელობენ.

 

ამდენად, ადამიანის უფლებათა დაცვის ეფექტურობის ამაღლებაზე ორიენტირებული სასამართლო რეფორმის ძირითადი მიზანი უნდა იყოს მოსამართლეების თანამდებობებზე ღირსეული პიროვნებების გამწესება და მათთვის რეალური დამოუკიდებლობის მინიჭება. ანუ, მოსამართლეების განთავისუფლება, პირველ რიგში, სწორედ სასამართლოების თავმჯდომარეების (მითუმეტეს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეების) ან იუსტიციის საბჭოს წევრების „მავნე ზეგავლენებისგან”.

 

დაუშვებელია, რეალურად დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ მოსამართლეს, სამართლის ნორმის განმარტების ან შეფარდების პროცესში, რომელიმე „ავტორიტეტისგან” შენიშვნის ან საყვედურის მიღების ეშინოდეს. ამასთან, სამართლიანობის აღსადგენად, მოსამართლეს ბუნდოვანი სამართლის ნორმების დაზუსტება ან/და იურიდიული ტერმინების შინაარსის გაფართოებაც უნდა შეეძლოს, ხოლო თუ საკონსტიტუციო სასამართლოს დახმარება დაჭირდება, მას დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს.

 

სამწუხარო რეალობაა, მაგრამ სასამართლოებისადმი ნდობის ასამაღლებლად გადახედვას საჭიროებს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონიც, რომლის ბუნდოვანი ნორმები განაპირობენ არა მარტო ხარვეზებს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესში და არაეფექტურ კონტროლს მოსამართლეების საქმიანობაზე, არამედ, იუტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კანონის მოთხოვნათა იგნორირებით შერჩევას.

 

მაგალითად., 47-ე მუხლის შესაბამის ნორმაში აშკარა ხარვეზის გამო საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ისე დანიშნა პირი, რომ არ მოსთხოვა მას წარმომადგენლის სტატუსით სასამართლოებში საქმეების წარმოებაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ვინაიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჩათვალა, რომ სასამართლოებში საქმიანობის პრაქტიკული გამოცდილების ქონა, თავად იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატს კი არ მოეთხოვებოდა, არამედ მის წარმდგენ იურიდიულ პირს (არადა, საქართველოს კანონმდებლობით იურიდიული პირი ვერ იქნება წარმომადგენელი...).

 

ბუნებრივია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხარვეზებით (მითუმეტეს, კანონის ხელყოფით) დაკომპლექტება და პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ კონკურსთან დაკავშირებით სამივე ინსტანციის სასამართლოებში „სამართლიანობის აღდგენის” უშედეგო მცდელობა, უარყოფითად აისახება სასამართლო რეფორმის ეფექტურობაზე და კიდევ უფრო გაზარდა უნდობლობა მთლიანად სასამართლო ხელისუფლებისადმი, რომელმაც, ფაქტობრივად, თვალი დახუჭა პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული კონკურსის პირობების აშკარა დარღვევაზე.

 

მისასალმებელია ინიციატივა საქმეების განაწილების ელექტრონულ სისტემაზე გადაყვანის შესახებ, თუმცა, თუ თავად მოსამართლეებმა არ გამოავლინეს სათანადო ნებისყოფა და არ შეეწინაღმდეგენ კოლეგების (განსაკუთრებით, სასამართლოს თავმჯდომარეების ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების) მხრიდან ზემოქმედების მცდელობებს, შესაძლოა, ამ ნოვაციამ ისეთივე შედეგი გამოიყოს, როგორც თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე „სამართალმცოდნეობაში“ მისაღები გამოცდებისას შესრულებული წერითი ნაშრომების „დაშიფრვის“ შემთხვევაში. მართალია, საგამოცდო კომისიის წევრმა პროფესორმა თავიდან არ იცოდა ვისი ნაშრომი გადაეცა შესაფასებლად, მაგრამ სულ მოკლე დროში დაინტერესებული კოლეგები თავად მოაკითხავდნენ და იოლად პოულობდნენ „ახლობლების“ ნაშრომებს და შემფასებელს „მეგობრულად” თხოვდნენ სასურველი ნიშნის დაწერას, თან თავადაც გამოთქვამდნენ მზადყოფნას „ვალში არ დარჩენილიყვნენ“... ამდენად, პირველ რიგში, თავად მოსამართლეების შერჩევის პროცედურამ და თითოეული მოსამართლის პიროვნულმა თვისებებმა უნდა უზრუნველყოს განსახილველი საქმის მიმართ მათი რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა.

 

ამდენად, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მესვეურებს ვურჩევდი, ისევ ნუ აჩქარდებიან და წარსულში დაშვებული შეცდობიდან გამომდინარე ის დასკვნა მაინც გამოიტანონ, რომ კონსტიტუციის შემუშავებას, კანონების მიღებას და სამართლებრივი რეფორმების გატარებას გაცილებით სერიოზული მიდგომა და მეტი პასუხისმგებლობა ჭირდება, ხოლო, კანონმდებლობაში მორიგი ცვლილება-დამატებების შეტანისას, პროექტები, პირველ რიგში, უცხოელ ექსპერტებს კი არ უნდა გავუგზავნოთ შესაფასებლად, არამედ, ჯერ შესაბამისი დარგის ადგილობრივი სპეციალისტებს აზრით უნდა დავინტერესდეთ.

 

წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართლებრივი სახელმწიფოც გვერდზე დაგვრჩება, დამოუკიდებელი სასამართლოც და ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის ელემენტარული გარანტიები არ იარსებებს.

 

“ქართული პლატფორმა“