Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (5)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
15-01-2016, 17:51
ნანახია: 1445

რატომ არ წყალობენ მეცნიერებს პარლამენტში და მთავრობაში?!

გლობალური გამოწვევების პირობებში, იცვლება მმართველობითი გარემოსადმი მოთხოვნები, რომელიც „პოლიტიკური ქცევის წესებისა“ და საკადრო პოლიტიკისადმი მიდგომის შეცვლასაც გულისხმობს.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ საქართველო საჭიროებს ქარიზმატულ ლიდერებს, ნოვატორული აზროვნების მმართველებს, რაც თავისთავად გულისხმობს,მეცნიერ-მკვლევარის როლის ზრდას სახელმწიფო მმართველობაში.აღნიშნული გამოწვევების პასუხს წარმოადგენს მეცნიერ-მკვლევარებით დაკომპლექტებული საკანონმდებლო და აღმასრულებელი უწყებები.

ქვეყანაში, ფართოდაა გავრცელებული მოსაზრება, რომ „შეჩვეული ჭირი ჯობია შეუჩვეველს“. თუმცა, ხაზგასასმელია, რომ ნებისმიერი დარგის განვითარება და პრობლემების გადაჭრა, შესაძლებელია მხოლოდ მუდმივი ცვლილებებით, რეფორმებით, სტრატეგიების შემუშავებით, ახალი რესურსის საფუძველზე პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებით, ახალი პოლიტიკური წესებითა და ნორმების დამკვიდრებით.

სახელმწიფოში, სადაც ცალკეული ანტრეპრენიორები და აქტორები ქმნიან პოლიტიკური თამაშის  წესებს და არბიტრადაც თვითონ გვევლინებიან, არ სურთ ახალი პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბება, კარიერულ წინსვლასა და შედეგებზე ორიენტირებული სახელმწიფო სისტემის შექმნა, სახელმწიფო სტრუქტურების  პროდუქტიულობის ზრდისთვის მეცნიერ-მკვლევარების რესურსის გამოყენება, ინოვატორული მმართველობითი პროფილის მქონე ქვეყნის შექმნა.

თვალსაჩინოა აღინიშნოს, რომ ახალი პოლიტიკური ჯგუფის ფორმირება  საზოგადოებაში ერთგვარ სკეპტიციზმს და შიშსაც კი იწვევს, რადგან ყოველი ახალი პოლიტიკური ძალა ასოცირდება: „ფულის შოვნასთან“, „მათი ოჯახის წევრების კეთილდღეობის გაუმჯობესებასთან“, პოლიტიკური ძალაუფლების  გავლენის სფეროების მოპოვებასთან, არსებული ძალაუფლების გადანაწილებასთან. ბუნებრივია, აღნიშნული სკეპტიციზმის საფუძველია არსებული ჯგუფების მიერ დამკვიდრებული სტერეოტიპი, რომელთაც არ აწყობთ და არც სურთ „არსებული გარემოს“ ცვლილებები: გამჭვირვალობა, მოწესრიგებული გარემო, ახალი კადრების წარმოჩენა, ახალგაზრდა მეცნიერების ხელშეწყობა, მეცნიერების როლის ზრდა სახელმწიფო მმართველობაში, „შემუშავებული“ რეფორმების გატარება და ა.შ.

შესაბამისად, აღნიშნულ სკეპტიკურ დამოკიდებულებაში იკარგება ძვირფასი დრო, ხოლო, მდგომარეობა უცვლელია. ამასთან, საზოგადოება იმედებს ამყარებს არა უახლოეს პერიოდზე, არამედ მომავალი თაობის მიერ შექმნილ გარემოზე. შესაბამისად, ვერ ვახდენთ არსებული გარემოს ცვლილებას, ან ცვლილებას სკეპტიკურად ვუყურებთ. ასევე, ზემოაღნიშნულს კიდევ უფრო „მტკიცეს ხდის ის ძალაუფლება“, რომელსაც ფესვები მჭიდროდ აქვს გადგმული. იმისათვის, რომ ჩამოყალიბებული სტერეოტიპი და სკეპტიციზმი გაქრეს, საჭიროა: ახალი კადრების წარმოჩენა, ინტელექტუალი და „რეკომენდატორის არ მქონე“ ახალგაზრდების გამოყენება... მმართველობა უნდა შეფასდეს სახელმწიფო სტრატეგიებითა და პროგრამების შედეგებით, გაანალიზდეს მათ მიერ დასახული მიზნებისა და ამოცანების შესრულების მაჩვენებელი.

ბუნებრივია რთულია განსაზღვრო, გახდება თუ არა თვითდასაქმებული მეწარმე კარგი პოლიტიკოსი, ვიდრე განსაზღვრო, მიაღწევს თუ არა პოლიტიკურ კარიერაში წარმატებას ინტელექტუალი, მეცნიერ-მკვლევარი.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ქვეყნების პოლიტიკაში მაღალია მეცნიერ-მკვლევართა ჩართულობა, კერძოდ (წყარო: Australian Government):

- აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მოითხოვს, რომ მეცნიერები ჩართული იყვნენ ნებისმიერ პოლიტიკურ განხილვაში, თუნდაც მათი რჩევები არასასურველი იყოს;

- დიდ ბრიტანეთში, მთავრობის ყველა უწყებაში დანიშნულია მეცნიერ-კონსულტანტი;

- ავსტრალიის მთავრობა, სამთავრობო უწყებებების საკადრო პოლიტიკის ფორმირებისას, განსაკუთრებულ აქცენტს მეცნიერებზე აკეთებს;

- ჯამში, წამყვანი ქვეყნების აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ორგანოების საკადრო პოლიტიკა, ძირითადად, მეცნიერებზე და დოქტორის ხარისხის მქონე პირებზეა ორიენტირებული;

სამწუხაროდ, რესურსამოწურულ პოლიტიკურ გარემოში, იგნორირებულია მეცნიერების როლი, ქართული სახელმწიფოს განვითარებაში. მეცნიერ-მკვლევარების როლს სახელმწიფო მმართველობაში, მათ  შრომებს, შექმნილ სტრატეგიებსა და პროგრამებს, რესურსსა და პოტენციალს არ ითვისებენ, არ აფასებენ, ან საერთოდ იგნორირებულია. შესაბამისად, ქვეყანაში დაბალია:

- მთავრობის მიერ სამეცნიერო გარემოს პოტენციალის ათვისება;

- მეცნიერ-მკვლევარის რესურსის გამოყენება სახელმწიფო მმართველობაში;

- მეცნიერების პოპულარიზაცია;

- ახალგაზრდა მეცნიერების მოზიდვის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები;

- მეცნიერების დაფინანსება, პროფესორების შრომის ანაზღაურება;

- სამეცნიერო გარემოს ხელშემწყობი პროგრამების რაოდენობა;

- მეცნიერ-მკვლევარის მოტივაცია;

 

ხაზგასმელია, რომ მეცნიერ-მკვლევარების პოტენციალის იგნორირების ფონზე,  ახალი კანონების მიღებასა და აკანონმდებლო გარემოს დახვეწას გვითითებს ევროკავშირი, საერთაშორისო ორგანიზაციები?!

მოწინავე ქვეყნებში, მთავრობა ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიებს, დარგის განვითარების პროგრამებს, სახელმწიფო მნიშვნელობის გეგმებს შეიმუშავებს ადგილობრივი მეცნიერ-მკვლევარებით, ექსპერტებით, სწავლულებით, სამოქალაქო და კორპორაციულ სექტორთან თანამშრომლობით (ხოლო შემდეგ უთანხმებენ საერთაშორისო ორგანიზაციებს). აღნიშნული მიდგომა ქმნის, როგორც საზოგადოების ერთიანობის, სახელმწიფოს კოორდინირებულად მშენებლობის, ეროვნულ-ისტორიულ თავისებურებებსა და საზოგადოების მოთხოვნაზე მორგებული სტრატეგიების შექმნის შესაძლებლობას. თავის მხრივ, ასეთ  კოორდინირებულ  თანამშრომლობას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საუკეთესო სტრატეგიისა და პროგრამების შექმნის საკითხში.

ბუნებრივია, ქვეყანაში, იქმნება სტრატეგიები და პროგრამები, რომელიც ძირითადად, უცხოელების მიერ მუშავდება (ქართულ რესურსს არ იყენებენ), თუმცა, შემდეგ არავინ აფასებს არც მის ეკონომიკურ, არც სოციალურ თუ  პოლიტიკურ  სარგებელს. შესაბამისად, უცხოელების შექმნილ პროგრამებზე პასუხისმგებლობის ტვირთიც გაურკვეველია.

ამრიგად, საქართველოს საზოგადოებამ, მეცნიერ-მკვლევარის როლი უნდა განიხილოს შემდეგი მიმართულებით:

- მეცნიერი, როგორც კონსულტანტი. ეხმარება მთავრობას სწორი პოლიტიკის შემუშავებაში, ეფექტიანი მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებასა და ბიუროკრატიული მექანიზმების შექმნაში;

- დარგის ექსპერტი (მეცნიერ-ექსპერტები), კონკრეტული საკითხის მცოდნე და სწავლული. მეცნიერ-ექსპერტები, რომელთაც შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრონ მოსალოდნელი საფრთხეები, შეიმუშაონ პრევენციის მექანიზმები და ანტიკრიზისული გეგმები. მათი, პროგნოზი, ანალიზი, კრიტიკა, შეფასება, დასკვნები და რეკომენდაციები საუკეთესო მტკიცებულებაა ნებისმიერი საკითხის წარმოჩენისათვის;

- მეცნიერ-მკვლევარი, როგორც სტრატეგოსი. მეცნიერ-მკვლევარის ჩატარებულ  კვლევებზე დაფუძნებით, შემუშავებული სტრატეგიები, გეგმები, პროექტები, სახელმწიფო პროგრამები არის ზუსტი,  სწორ შედეგებზე გათვლილი, საზოგადოების მოთხოვნებსა და ადგილობრივ გარემო პირობებზე გათვლილი;

- მეცნიერ-ანალიტიკოსთა ჯგუფები. საქართველოში მოქმედი, ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებებულებიდან დაკომპლექტებული მეცნიერ-ანალიტიკოსთა ჯგუფი, რომელიც ინტენსიურად ჩართულია სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში, კანონშემოქმედებით საქმიანობაში.

 

დაბოლოს:მეცნიერ-მკვლევარებით აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების დაკომპლექტება, ხელს შეუწყობს ყოველივე ზემოაღნიშნული პრობლემების გადაჭრას და სახელმწიფო სისტემის საკადრო სრულყოფას.

 

 

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი

რატი აბულაძე