Iverioni
«    აგვისტო 2018    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
აგვისტო 2018 (11)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
25-02-2016, 13:11
ნანახია: 950

როგორ ვაკონტროლოთ და ვმართოთ მიწა?!

2004 წელს საქართველოს ხელისუფლებაში მოსულმა მთავრობამ („ნაციონალურ“ მთავრობას ვგულისხმობ) ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, უსაფუძვლოდ, გააუქმა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი და, მისი ძირითადი ფუნქციები გადაანაწილა იუსტიციის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებს შორის. 

 

ფუნქციების ასეთ გადანაწილებას (გახლეჩას)  შედეგი არ მოჰყოლია - მიწის აღრიცხვა და მიწის ბალანსის შედგენა დღემდე არ ხორციელდება. დღეს ვერავინ გეტყვით, თუ რამდენი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული გააჩნია ქვეყანას, მათ შორის რამდენია კერძო, მუნიციპალურ თუ სახელმწიფო საკუთრებაში. რაც მთავარია, არ ვიცით მიწის ფართობები დანიშნულებისა და კატეგორიების მიხედვით. 

 

2005 წლამდე ქვეყანაში ყოველწლიურად ხდებოდა მიწების აღრიცხვა მიწის დანიშნულებისა და კატეგორიების, რაიონების, მხარეების, მიწის მესაკუთრეთა და მოსარგებლეთა მიხედვით. ამ მიზნით, ყოველი წლის 1 იანვრის მდგომარეობით, რაიონის გამგეობა ამტკიცებდა მიწის ბალანსს, რომელიც შემდეგ გადაეგზავნებოდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს. მიწის ბალანსი განიხილებოდა დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად და მტკიცდებოდა მთავრობის დადგენილებით, რომელშიც მოცემული იყო მიწის რაციონალურად მართვის რეკომენდაციები.

 

დიახ, საქართველოს ძირითადი ნივთობრივი სიმდიდრის ყოველწლიურ ბალანსში მიწა აღირიცხებოდა დანიშნულებისა და კატეგორიების, აგრეთვე საკუთრებისა და სარგებლობის ფორმების მიხედვით. მასში აისახებოდა წლის განმავლობაში მიწის კატეგორიებში, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში და საკუთრება-სარგებლობაში მომხდარი რაოდენობრივ-ხარისხობრივი ცვლილებები. 

 

მიწის ყოველწლიური ბალანსის საშუალებით სახელმწიფო აკონტროლებდა მიწის ფონდში მომხდარ ნებისმიერ ცვლილებას, მათ შორის, ინტენსიური და არაინტენსიური სავარგულების მატება-კლების დინამიკას, ქალაქმშენებლობის, გზების და სხვა საჭიროებისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ბრუნვიდან ამოღებას, სამაგიერო მიწის ჩანაცვლებას და ა.შ.

 

დღეს ძნელად წარმოსადგენია სხვა რომელიმე ქვეყანა, სადაც მიწის ყოველწლიური ბალანსი, ან მსგავსი რამ არ კეთდებოდეს, მთავრობას მხოლოდ პრივატიზებული მიწის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები აინტერესებდეს და არ აანალიზებდეს, არ აკონტროლებდეს მიწის რესურსების მოძრაობას (დინამიკას), არ იცოდეს, თუ როგორ იცვლება ქვეყანაში მიწის კატეგორიები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულის ერთი კატეგორიიდან მეორეში გადასვლა, რაც აქტუალური გახდა სავარგულის თითოეულ სახეობაზე გადასახადის მნიშვნელოვანი განსხვავების გამო, არ ახორციელებდეს ქმედით ღონისძიებებს მიწის რესურსების რაციონალური მართვის მიზნით.  

 

მიწის ბალანსის დაზუსტება უნდა ხდებოდეს ყოველწლიურად, რადგან შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო მიწა გადავიდეს არასასოფლო-სამეურნეო მიწის კატეგორიაში, სათიბი – სახნავში, საძოვარი – სათიბში, მრავალწლიანი ნარგავი – სახნავში და პირიქით. სახელმწიფო მიწები შეიძლება გახდეს კერძო ან მუნიციპალური საკუთრება. თითოეულ რაიონში ჩატარებული მიწის აღრიცხვის საფუძველზე ხდებოდა საქართველოს მიწის ყოველწლიური ბალანსის შედგენა. 

 

სამწუხაროდ, სამთავრობო სტრუქტურების ზოგიერთი ხელმძღვანელი მიწის ბალანსს ვერ ასხვავებს მიწის კადასტრისგან და აცხადებს, რა საჭიროა მიწის აღრიცხვა, როცა გვაქვს და ვაკეთებთ მიწის კადასტრს. მიწის კადასტრი არის რეგისტრაციის მომენტისათვის მიწის ფართობის ერთჯერადი დადგენა კარტოგრაფიული და იურიდიული მდგომარეობით.

 

საინტერესოა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტრო, რომელსაც ევალება მიწის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება,  როგორ ადგენს  ეროვნული ეკონომიკის განვითარების სამოქმედო გეგმას, როდესაც არ გააჩნია მიწის განვითარების ხედვა, სტრატეგია, აღრიცხვის მონაცემები  და სახელმწიფო პროგრამა. ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ როგორ შეიმუშავა: "სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015-2020 წწ.", როდესაც არ იცის და არ აქვს დაზუსტებული, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების რაოდენობრივ-ხარისხობრივი მონაცემები, მათი დინამიკა კულტურებისა და საკუთრების მიხედვით. 

 

როგორც ცნობილია, კონტროლს მიწის გამოყენებაზე უნდა ახორციელებდეს სახელმწიფო. მიწის ფონდის კონტროლი და მართვა მხოლოდ სახელმწიფოს განსახორციელებელია და ამისთვის შექმნილი სახელმწიფო სტრუქტურა ქვეყნის რაციონალური, ეკონომიკური, სამართლებრივი და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების გარანტი უნდა იყოს.

 

არსებულმა რეალობამ, მიწის ფონდის უკონტროლობამ, სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანა – მოხდა მიწის პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიისა და პასუხისმგებლობის პარალიზება. მიწასთან დაკავშირებული საკითხები გადანაწილდა (გაიხლიჩა) სხვადასხვა დარგობრივ სამინისტროებზე, რომლებსაც ხშირად საკუთარი პრიორიტეტები აქვთ და ნაკლებად არიან დაინტერესებული საერთო პრობლემური საკითხით. დარგობრივ სამინისტროებს შორის ვერ ხორციელდება კოორდინაცია და თანამშრომლობა მიწის რესურსების ეფექტურად და რაციონალურად გამოყენებისთვის, რაც იწვევს მიწასთან დაკავშირებულ საკითხებში საქმიანობის დუბლირებას (შტატების ზრდას), მონაცემთა უზუსტობას, ინფორმაციის აღრევას და შესაბამისად, მცდარი გადაწყვეტილებების მიღებას.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი საქმიანობა აუცილებლად უნდა განხორციელდეს, პოლიტიკური განსჯის საგანი არ უნდა იყოს ის, თუ რომელ სამინისტროს ან ორგანიზაციას შეუძლია უკეთესად შეასრულოს მმართველის ფუნქცია – აუცილებელია შეიქმნას მიწის ადმინისტრირების მაკოორდინირებე-ლი ორგანო (სახელს მნიშვნელობა არა აქვს, იქნება სააგენტო თუ სხვა), რომლის ამოცანა იქნება მიწის ადმინისტრირება – სახელმწიფო მმართველობა, სახელმწიფო ზედამხედველობა, მიწის გამოყენების კოორდინაცია, მიწის რესურსების მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა – ცვლილებების ყოველწლიური ანგარიშის მომზადება. ანუ, მიწის ადმინისტრირების ორგანო უნდა ფლობდეს ძლიერ პოზიციას მთავრობაში – ერთიანი რესურსის ინფორ¬მაციასა და ძალაუფლებას შორის ურთიერთკავშირის აუცილებლობის გამო. 

 

მიწის ადმინისტრირების ხსენებულ მაკოორდინირებელ ორგანოს დაევალება არა მარტო დუბლირებული სისტემის აღმოფხვრა, ორმაგი სამუშაოსა და დამატებითი ხარჯების თავიდან აცილება, არამედ, მან უნდა შეძლოს ნებისმიერ საკადასტრო მონაცემთა პოტენციური სარგებლის რეალიზება. ამ შემთხვევაში სიტყვა "პოტენციური" ჩვენგან ხაზგასმული მნიშვნელობითაა, ვინაიდან საკადასტრო მონაცემთა ბაზის 25%-ია რეგისტრირებული და, მიუხედავად "საჯარო რეესტრის შესახებ" კანონში მრავალი ცვლილებების შეტანისა (ამჟამადაც აპირებენ, მაგრამ არასწორი მიმართულებით),  ეს პროცესი წლობით გაგრძელდება, გააღრმავებს უნდობლობას ხალხსა და მთავრობას შორის და დიდ დაძაბულობას გამოიწვევს. გამოსავალი, პირველ რიგში, მოსახლეობის დაურეგისტრირებული მიწის ნაკვეთების სისტემურ (პროგრამულ) რეგისტრაციაშია.

 

მთავრობის კანცელარიაში სხვადასხვა უწყებების მიერ წარმოდგენილი პროექტები მიწის მართვისა და რეგისტრაციის საკითხებზე, რბილად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება დღევანდელ მოთხოვნებს.

 

არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს მიწის რეგისტრაციის შესახებ და მიწის საკითხებზე არსებულ სხვა კანონებში რაიმე ცვლილებების სასწრაფოდ შეტანა, სანამ არ მივიღებთ მიწის კოდექსს. არსებობს ტყის კოდექსი (ახლა ღებულობენ ტყის ახალ კოდექსს), არსებობს წყლის კოდექსი, წიაღის კოდექსი, არ არსებობს მხოლოდ მიწის კოდექსი, რაც დაუშვებელია (ადრე არსებობდა საბჭოთა პერიოდის მიწის კოდექსი).

 

გრძელვადიან პერიოდზე გათვლილი ეკონომიკური ეფექტის მიღება შეუძლებელი იქნება მიწის მართვის სახელმწიფო სტრუქტურის შექმნის, მიწაზე მონიტორინგისა და მიწის კოდექსის მიღების გარეშე. 

 

ყოველივე ზემოაღნიშნულზე იმიტომ გავაკეთეთ აქცენტი, რომ ქვეყნის უპირველესი ეროვნული სიმდიდრის – მიწის – დაცვა და მისი რაოდენობრივ-ხარისხობრივი აღრიცხვის მოწესრიგება მთავრობის უპირველესი მოვალეობაა. 

 

პაატა კოღუაშვილი,

საქართველოს  ს/მ  მეცნიერებათა 

აკადემიის ნამდვილი წევრი

 

ანზორ მესხიშვილი,

ეკონ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი     

 

ჯუმბერ ფანჩულიძე,

ტექნ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი