Iverioni
«    ნოემბერი 2017    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
ნოემბერი 2017 (7)
ოქტომბერი 2017 (13)
სექტემბერი 2017 (4)
აგვისტო 2017 (7)
ივლისი 2017 (8)
ივნისი 2017 (9)
7-03-2016, 16:35
ნანახია: 732

მიწა, ანუ, ბედი ამა ქვეყნისა!

(პირველი წერილი)

 

პაატა კოღუაშვილი,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი,

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

დავით ზარდიაშვილი,

ექსპერტი მუნიციპალურ სამართალში

 

ტერიტორიული იდენტობა და მიწათ-მფლობელობა

 

გიორგი მერჩულემ ჯერ კიდევ მე-10 საუკუნეში ბრძანა: „ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების, რომელსა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების.“ ეს დეფინიცია საქართველოს ტერიტორიულ, ენობრივ და სარწმუნოებრივ იდენტობას გამოხატავს.

 

იდენტობის დამდგენ ამ ტრიადაში უწინარესი ქვე-ყანაა, ტერიტორიული იდენტობაა.  ქვე-ყანა ქართულად  სწორედ მიწას აღნიშნავს. „ფრიადი ქვეყანაი“ - მიწათა ერთობლიობა და ერთიანი მთლიანობაა; ანუ ტერიტორიული იდენტობაა ეროვნული თვითცნობიერების და შესაბამისად, სახელმწიფოებრიობის ნიადაგი.

 

ქართული ცივილიზაცია გეორგიანულია. საქართველოს ეს საერთაშორისო სახელდება მიწათმოქმედებისგან მოდის. მიწათმოქმედი, „პურისა და ღვინის მომყვანი“ ხალხისთვის საკუთარი ეროვნული იდენტობის სრულად გაცნობიერება უწინარესად მიწათ-მფლობელობისა და მიწათ-სარგებლობის მოწესრიგებულობას უკავშირდება. „ფრიადი ქვეყანა“ ეს ის ტერიტორიაა, სადაც მიწათ-მფლობელობისა და მიწათ-სარგებლობის საერთო ქართული ადათი და წეს-რიგია დამკვიდრებული.

 

ტერიტორიული იდენტობა წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ არა მიწათ-მფლობელობის და მიწათ-სარგებლობის მოწესრიგებულობა.

 

ქართული ტრადიციული სამართალი უწინარესად მიწის საკითხს აგვარებდა. ნიშანდობლივია, რომ მიწათ-მფლობელობის ძირეული პრინციპი მიწაზე არა მხოლოდ კერძო, არამედ, საზოგადოებრივი, ე.ი. სათემო საკუთრების არსებობა იყო. საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილად, პირველ რიგში, სწორედ ამიტომ უნდა მივიჩნიოთ, რომ ისტორიულად არსებული მიწათ-მფლობელობის ეს ქართული წესი ტიპოლოგიურად სწორედაც რომ ევროპულია.

 

ასევე, ქართულად თემი იგივეა, რაც ლათინურად კომუნა და როგორც ევროპაში, აქაც ავტონომიურ ტერიტორიულ თანასაზოგადოებას - ისტორიულად, უწინარესად,სოფლის (ასევე, დაბისა თუ ქალაქის ანდაც, მსხვილი დასახლების შემთხვევაში - თუნდაც უბნის) მკვიდრთა საზოგადოებრივ ერთობას გამოხატავს.

 

მიწაზე საზოგადო საკუთრება სახელმწიფო არ გახლდათ, იგი სწორედაც რომ სათემო იყო. ხოლო სახელმწიფოს, მონარქიულ წეს-წყობილებაში მეფე განასახირებდა და რასაკვირველია, სამეფო თუ საუფლისწულო მიწა, ისევე, როგორც საბატონო, ანდა თუნდაც  საეკლესიო, სათემოსგან იმიჯნებოდა.

 

ქართული სოფელი და იქ მოსახლე თემი, როგორც სამართალ-სუბიექტი ისტორიულად მყარად არსებობდა, რამდენადაც იგი სათემო მესაკუთრეს წარმოადგენდა: სოფლის თემისა გახლდათ საერთო სარგებლობის საძოვარი, სათიბი, ტყე, სოფლის წყარო, წყალსატევი თუ მდინარე, ჭალა, სარეზერვო სახნავ-სათესი, სასოფლო და შიდა სამეურნეო გზა და სხვ.

 

მიწები. თემის თითოეულ მკვიდრს, ე.ი.  საკარმიდამოსა და სახნავ-სათესის პატრონ ამ სოფლელ კომლს, წილი ჰქონდა და მონაწილეობდა საერთო სარგებლობის სათემო საკუთრების მართვაში.

 

ამასთან, სოფელში თემს შეკედლებული ხიზნებიც ცხოვრობდნენ, რომელთაც, მიუხედავად იმისა, რომ სოფელში, შესაძლოა, სამკვიდროც კი შეეძინათ, სათემო ქონებაში იმთავითვე წილი არ ედოთ. მხოლოდ დროთა განმავლობაში, როცა მათი სვე-ბედი სოფლისას იმდენად მჭიდროდ დაუკავშირდებოდა, რომ თემისადმი მათი კუთვნილება,  თემის ინტერესებისადმი მათი ერთგულება ჟამის არაერთ გამოცდას გაუძლებდა, ხდებოდნენ ისინი თემის სრულფასოვანი წევრები. ისიც ნიშანდობლივია, რომ თემიდან მოკვეთა, გაძევება სამოქალაქო სიკვდილს უტოლდებოდა და თემის მიერ გამოტანილ ყველაზე მძიმე სასჯელს წარმოადგენდა!

 

ამრიგად, საქართველოში ტერიტორიული იდენტობა არა მხოლოდ საერთო ეროვნული ანუ საქვეყნო, არამედ სათემოც იყო და ეს იმთავითვე სათემო მიწათ-მფლობელობითაც იყო განპირობებული.

 

ქართული სახელმწიფო, თუნდაც დანაწევრებული და დაშლილიც კი, რომელიც ქართულ სამართალს მაინც აღასრულებდა, ათასწლეულების განმავლობაში მყარად იცავდა მიწათ-მფლობელობის ამ ქართულ წესს და მაშასადამე, როგორც საქვეყნო, ე.ი. საერთო-ეროვნულ, ასევე და არანაკლებ, სათემო იდენტობასაც.

 

მიწათ-მფლობელობის მოწესრიგებულობიდან წარმოდგებოდა არა მხოლოდ იმდროინდელი თაობების, არამედ მათ წინაპართა და შთამომავალთა ერთიანი იდენტობა, უწყვეტი მემკვიდრეობითობა, წარსულის, აწმყოსა და მომავლის ურღვევი კავშირი. ეს სწორედ იმას ნიშნავდა, რომ საუკუნეებისა და ათასწლეულების განმავლობაში „ფრიადი ქვეყანაცა“ და ამ ქვეყნის ყოველი სოფელიც ქართველებს სამუდამოდ ჰქონდათ დამკვიდრებული!

 

მიწის საკითხის ქართული წესით მოწესრიგებულობა აუცილებელი წინაპირობა იყო, რომ ბედი ამა ქვეყნისა, მიუხედავად ათასგვარი ჟამთა სიავისა, არავითარ შემთხვევაში სასწორზე არ იქნებოდა შეგდებული!

 

მიწათ-მფლობელობის ქართული წესის მოსპობა და ტერიტორიული იდენტობის რღვევა. ხიზნები და ჯაყოები

 

სახელმწიფოებრიობის დაკარგვამ ქართული სამართლის უგულებელყოფა და მიწათ-მფლობელობის ქართული წესის მოსპობა განაპირობა. რუსეთის იმპერიის პირობებში საფრთხე მთლიანად ქართველთა ეროვნულ იდენტობას დაემუქრა.

 

ეროვნული თვით-ცნობიერების გადასარჩენად დიდმა ილიამ ახალ ეპოქაში თავიდან, ახალ ქართულად, დამახასიათებელი ძარღვიანი ჟღერადობითა და როგორც სამოქმედო დევიზი, გაიმეორა საქართველოს რაობის განმსაზღვრელი გიორგი მერჩულესეული ფორმულა: „მამული, ენა, სარწმუნოება!“ ამ ტრიადაში იგივე უცვლელი თანმიმდევრობაა შენარჩუნებული; ე.ი. ისევე, როგორც გიორგი მერჩეულემ - „ფრიადი ქვე-ყანა“, ილიამაც ენასა და სარწმუნოებასთან ერთად, უწინარეს საუნჯედ სწორედ მამული - მამა-პაპათგან  საპატრონოდ და მოსავლელად დანატოვარი მიწა დაასახელა.

 

მიწის, როგორც არა მხოლოდ კერძო საკუთრების ობიექტის, არამედ როგორც ქართველთა ტერიტორიული იდენტობის განმსაზღვრელი ღირებულების - საერთო მამულის დაცვა, ენისა და სარწმუნოების დაცვასთან ერთად, ილიას მიერ დარაზმული ეროვნული მოძრაობის მთავარი გეზი და ძირითადი სამოქმედო პროგრამა იყო. 

 

სწორედ ილიას საადგილმამულო ბანკმა დაიცვა ქვეყანა ინდუსტრიალიზმის გარიჟრაჟზე, იმ პირობებში, როცა ქვეყანა უცხო სახელმწიფოს ოდენ პროვინციას წარმოადგენდა, მიწის მიტაცებისა და იმგვარი სრულმასშტაბიანი ეროვნული კატასტროფისგან,  რომლის კონტურები დიდმა ქართველმა, ნიკო ლორთქიფანიძემ სულისშემძვრელ „იყიდება საქართველო!“-თი დახატა...

 

...რუსეთის ცარისტული იმპერიის დამხობის შემდგომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა უნდა გამხდარიყო ის მთავარი პირობა, რომ ინდუსტრიალური განვითარების ეპოქაში ქართველობა, როგორც რაციონალურად მოწყობილი ერი-სახელმწიფო, „ფრიად ქვეყანასაც“ და სათემო იდენტობასაც უკვე დემოკრატიული წეს-წყობილებითდაიცავდა. სახელმწიფო ხელისუფლებათა დანაწილებისა და ურთიერთ-გაწონასწორების, ადგილობრივი თვითმმართველობის პრინციპების დამკვიდრება გახდებოდა გარანტი, რათა მიწათ-მფლობელობის ქართული წესს ახალ ვითარებაში შეესხა ხორცი.

 

სამწუხაროდ, 1918-21 წწ. დემოკრატიული საქართველოს მესვეურებს არა იმდენად ეროვნული, რამდენადაც მარქსისტულ-კლასობრივი იდენტობა ამოძრავებდათ. ამიტომ, ისტორიული მემკვიდრეობითობა მათთვის ნაკლებ ღირებული იყო. ეს სავალალო გარემოება წითელ ხაზად გასდევს მთელს მათ მოღვაწეობას.  

 

1921 წლის კონსტიტუციის 116-ე მუხლში ჩაიწერა, რომ: „...მიწის დამუშავება და გამოყენება შეადგენს მიწის მფლობელის მოვალეობას 
საზოგადოების წინაშე.“

 

 მიუხედავად იმისა, რომ მიწის, როგორც განსაკუთრებულად დაცული ღირებულების, მოვლის  სავალდებულობა კონსტიტუციით იქნა დეკლარირებული,  სათემო მიწათ-მფლობელობის აღდგენა და ამისთვის საკმარისი გარანტიების შექმნა ნაკლებად იყო მენშევიკური აგრარული რეფორმის მიზანი; მათი მთავარი მიზანი კერძო მესაკუთრეებს შორის მიწის ე.წ. თანასწორი და „სოციალისტურად სამართლიანი“ გადანაწილება იყო. ეს ქართველ  მენშევიკებს არც გამოუვიდათ და არც დასცალდათ; ქართული პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო მოღვაწე, პროფესორი ზურაბ ავალიშვილი აღნიშნავს: „აგრარულმა რეფორმამ ერთნი გააღატაკა და დაამცრო, ხოლო სხვებს ისე მიაკუთვნა მიწა, რომ მათთვის რაიმე სერიოზული ფინანსური გადასახადი ან სავალდებულო სამხედრო სამსახური არ დაუკისრებია...“

 

1918-21 წწ. რესპუბლიკის დამხობისა და სახელმწიფოებრიობის დაკარგვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ უნიადაგობა, ყოველი საკითხის, მათ შორის, ცხადია - აგრარული საკითხისაც, გადაწყვეტისას ისტორიული მემკვიდრეობითობის უგულებელყოფა გახდა...

 

....თუკი დემოკრატიული რესპუბლიკის აგრარული რეფორმა ჯერ კიდევ ტოვებდა შანსს, რომ ერი-სახელმწიფოდ ორგანიზების კვალობაზე თავიდანვე თუ არა, ბოლოს მაინც აღდგენილიყო სამართლიანი, ე.ი. კერძო და საზოგადოებრივი ქართული მიწათ-მფლობელობა, საბჭოთა იმპერიამ ერსაც და ქართულ თემსაც ნიადაგი მთლიანად გამოაცალა: კერძო საკუთრებასთან ერთად საერთოდაც მოსპო სათემო საკუთრებაც; ხოლო ქართული მიწა საბჭოეთის საერთო-სახალხო საკუთრებად გამოაცხადა!

 

საერთო-სახალხო საკუთრება მიწაზე იმას ნიშნავდა, რომ ქართული მიწის ყოველ კონკრეტულ ნაკვეთზე მკვიდრ ქართველს ზუსტად იგივე უფლებები ჰქონდა, როგორიც ამ უკიდეგანო სახელმწიფოს ნებისმიერ გეოგრაფიულ წერტილში მოსახლე ნებისმიერ უცხოტომელს; თუ წარმოვიდგენთ, რომ  სსრკ-ში 250 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, მიწის ყოველ ნაკვეთზე თითოეული მოსახლის „ფორმალურ-არითმეტიკული“ წილი ერთ ორასორმაცდაათ მემილიონედს, ე.ი. რაც არ უნდა დიდი, მაგრამ კონკრეტული ნაკვეთი წარმოვიდგინოთ, პრაქტიკულად - ნულს შეადგენდა; რასაკვირველია, ასეთ წილი სრულ აბსტრაქციას წარმოადგენდა, რადგან, გარდა იმისა, რომ „ფორმალურ-არითმეტიკულად“ იგი სრულიად უმიშვნელო და პრაქტიკულად ნულის ტოლი იყო, ცალკეული საბჭოთა მოქალაქე რაიმე წილის მართვისგან მთლიანად იყო ჩამოშორებული; მიწას კონკრეტული პატრონი იურიდიულად აღარ ჰყავდა, ხოლო აბსტრაქტული თანასწორუფლებიანობა სინამდვილეში მათი, ვისაც ეს მიწა ხელში ჩაუვარდა, ე.ი. ბოლშევიკების, უფრო სწორედ - მათი ბელადების, აბსოლუტურ, შეუზღუდავ ძალაუფლებას ნიშნავდა!

 

კერძო და სათემო საკუთრების მოსპობამ და მიწაზე საერთო-სახალხო საკუთრების ძალადობით დაწესებამ ყოფილ მესაკუთრეთა, ე.ი. როგორც კერძო, ასევე სათემო მიწათ-მფლობელთა თავისსავე ყოფილ მამულში უმიწაწყლო ხიზნებად გადაქცევა განაპირობა. სწორედ ის  გულსაკლავად დრამატული ვითარება  შეიქმნა, რაც მიხეილ ჯავახიშვილს ასე შესანიშნავად აქვს დახატული „ჯაყოს ხიზნებში“. წეს-რიგი ყირამალა დადგა: თეიმურაზ ხევისთავი, უილაჯო და უვარგისი ყოფილი კერძო მემამულე ბედის უკუღმართობით ყოფილ ხიზანს, ჯაყოს, რომელიც მამულს ავაზაკური „მოხერხებულობითა“ და ხეპრეს თავხედობით დაეპატრონა, შეეხიზნა! იგივე უბადრუკ დღეში ჩავარდა არა მხოლოდ ყოველი კერძო მემამულე, არამედ მიწა წართმეული ქართული თემიც! 

 

აბსტრაქტულ საერთო-სახალხო საკუთრებას სინამდვილეში ჯაყოების კასტა დაეპატრონა; მთავარი ჯაყო, ანუ ჯაყოთა-ჯაყო, რასაკვირველია, ბოლშევიკთა დიადი ბელადი იყო, ხოლო მის მიერ „სიმაღლის“ მიხედვით მწკრივში ჩაყენებული ჯაყოები კი იერარქიულად ხელდასმული ნომენკლატურა; ჯაყოთა ამ იერარქიას შეხიზნული აღმოჩნდა მამულ წართმეული ქართველობა სათითაოდაც და საზოგადოდაც, ე.ი. ერთიანობაშიც: როგორც თემი და როგორც ერი. ამ საბედისწეროდ სავალალო ვითარებამ ტერიტორიულ იდენტობას მომაკვდინებელი საფრთხე შეუქმნა: თეიმურაზ ხევისთავისა არ იყოს, დაიწყო  ქართველთა ეროვნული და პიროვნული დე-იდენტიფიკაციიის, დე-პეროსნალიზაციის, რღვევის მომკვდინებელი პროცესი, ხიზანთა მდაბიური და მხდალი, თავკერძა და უპასუხისმგებლო „ეთიკის“ ჩამოყალიბება, რაც საბჭოური და პოსტ-საბჭოური პატრონ-კლიენტელიზმის, უფრო სწორედ - პატრონ-ხიზნური  (!!!) სოციალური წყობის საფუძველია!

 

თუმცა, მაინც ღმერთმა დაგვიფარა და  ათასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული ქართველთა ენობრივ-კულტურული იდენტობა იმდენად ღონიერი აღმოჩნდა, რომ მიუხედავად კომუნისტური ჯოჯოხეთისა და წყვდიადისა, ეროვნულობა მაინც არ დაგვიკარგავს! ეროვნულობა შევინარჩუნეთ, თუმცა, პატრონების გარეშე მოწესრიგებული საქმიანობის უნარი დავკარგეთ და ხიზნობა ძვალ-რბილში გაგვიჯდა...

 

...ავაზაკობასა და ძალაობაზე აშენებული საბჭოური ინდუსტრიალიზმი და მისი წეს-რიგი, მათ შორის საბჭოური მავნე მიწათმფლობელობაც, უნდა დანგრეულიყო და აკი დაინგრა კიდეც!

 

 

დაინგრა, თუმცა საბჭოური ყაიდის პატრონ-ხიზნური ურთიერთობანი გაცილებით მყარი აღმოჩნდა. მით უმეტეს, რომ მიწათ-მფლობელობის მავნე საბჭოური წესი, რომელიც ჯაყოსა და ხიზნების მოდუსს განაპირობებდა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ  ახალი წეს-რიგით ვერ შეიცვალა  და უკვე უწესრიგობის სახით იჩინა თავი. ხოლო როგორია ეს უწესრიგობა, მომავალ წერილში განვიხილოთ....