ბერი ერმოლაოსი: დღეს რუსი ხალხი დაავადებულია იმპერიალიზმისა და რევანშიზმის საშინელი სენით და ყველამ ცალსახად უნდა ვუთხრათ - არა! - ბოროტების იმპერიის აღორძინებას!

ბერი ერმოლაოსი: დღეს რუსი ხალხი დაავადებულია იმპერიალიზმისა და რევანშიზმის საშინელი სენით და ყველამ ცალსახად უნდა ვუთხრათ - არა! - ბოროტების იმპერიის აღორძინებას!

ეს წერილი-ანდერძი ათონის მთაზე მოღვაწე ბერ ერმოლაოსს (ჭეჟია) ეკუთვნის. იგი იმდენად ფაქიზ და ბერისთვის უჩვეულო თემას ეხება, „ივერიონი“ მას უცვლელად გთავაზობთ.

 

თითქმის წელიწადია, რაც ჩემი „ფეისბუკის“ გვერდი დავხურე და ამის მიზეზიც იქვე გაცნობეთ.

 

მაშინ ვფიქრობდი: ოდესმე ისევ დავბრუნდებოდი, რომ თქვენთვის ჩემი სულიერი ცხოვრების გამოცდილების ახალი დეტალები გამეზიარებინა, მაგრამ, ვფიქრობ, სხვადასხვა მიზეზით, უახლოეს მომავალში ეს არ მოხდება.

 

ამ წერილს კი ვწერ, როგორც ერთგვარ ანდერძს და მასში იმ ერთადერთ საკითხს მინდა შევეხო, რომელსაც აქამდე არასოდეს შევხებივარ - ჩემი სამშობლოს პოლიტიკურ ორიენტაციას.

 

მე კარგად მაქვს გასიგრძეგანებული, რომ ბერი არ უნდა ჩაერიოს პოლიტიკურ საკითხებში და ამაზე მე თავად ბევრჯერ დამიწერია, მაგრამ არის პოლიტიკა ყოფითი, ყოველდღიური და პრაქტიკული და არის პოლიტიკა ფუნდამენტალური, ერის სასიცოცხლო ინტერესების განმსაზღვრელი.

 

თუ პირველში ჩარევა ბერის სულიერ განვითარებას მართლაც დიდ ზიანს მიაყენებს, მეორეში ჩაურევლობა მას საკუთარ ფესვებს მოგლეჯილ, საკუთარ ეგოში ჩაკეტილ გულგრილ ადამიანად აქცევს.

 

როცა ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესმა მოითხოვა, ბერად აღკვეცილმა თორნიკე ერისთავმა ანაფორა გაიხადა და აბჯარი აისხა; როცა სამშობლოს განადგურების რეალური საფრთხე დაემუქრა, ბერმა თევდორემ მტერს გზა აუბნია; როცა ქართული ჯარი მტრის მოსაგერიებლად იკრიბებოდა, მეწინავეთა რიგებში ბერები ყოველთვის იდგნენ.

 

ჩვენი ერის ისტორიული ბედის სპეციფიურობა ითხოვდა ბერებისგან სამშობლოს სიყვარულის ასეთი უკიდურესი ფორმით გამოვლინების აუცილებლობას.

მე მგონია, რომ დღეს ჩვენი ერი სწორედ ისეთი საბედისწერო ისტორიული არჩევანის წინაშე დგას, რომ განზე დგომის ფუფუნების უფლება არავის აქვს.

 

არჩევანი კი მართლაც საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს და არასწორმა პოზიციამ ჩვენი ერის ყოფნა არყოფნის საკითხიც შეიძლება დააყენოს.

 

მხედველობაში მაქვს საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი: დასავლეთისკენ თუ რუსეთისკენ?

 

ჩემი ასეთი შეშფოთების მიზეზი კი ის უნებლიე დაკვირვებაა, რომელიც ჩემი 15 წელი ათონზე ცხოვრების განმავლობაში საქართველოდან ათონზე მოსულ მომლოცველებთან (რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა სასულიერო პირია) ურთიერთობისას, მათთან საუბარში გამოიკვეთა.

 

საქმე იმაშია, რომ სულ უფრო იზრდება რუსეთისადმი მათი პოზიტიური დამოკიდებულება და, პირიქით, რაც დრო გადის, მეტია ევროპული ფასეულობებისა და კულტურის ნეგატიური შეფასება.

მე ძალიან მწყდება გული, რომ სწორედ ჩვენი ეკლესიის ზოგიერთი წევრია საზოგადოებაში ასეთი განწყობის მხარდამჭერი.

 

ნუთუ დაგვავიწყდა, ვინ დაარღვია უხეშად გეორგიევსკის ტრაქტატი და მოსპო ქართული სახელმწიფოებრიობა?

 

ვინ გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია?

 

ეკლესია-მონასტრების რუსიფიკაციის გზით ვინ გაგვიჩანაგა ბერ-მონასტრული ცხოვრება?

 

ვინ დახოცა ჩვენი ეკლესიის ათასობით მსახური დასახვრეტ პოლიგონებზე თუ გულაგის ბანაკებში?

 

ვინ წააქეზა ჩვენს წიანაღმდეგ და სამტროდ გადაგვკიდა ჩვენი ძმები - აფხაზები და ოსები?

 

ვინ წაგვართვა ჩვენი მიწაწყლის 1/3 და ნახევარ მილიონზე მეტი ქართველი ლტოლვილად აქცია საკუთარ სამშობლოში?

 

ვინ გვიპირებდა ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის, წართმევას?

 

სასანგრე ბარებით ვინ დახოცა 9 აპრილს ჩვენი დები და დედები?

 

ამ კითხვებზე პასუხი ყველამ იცის და ის მხოლოდ ერთია - რუსეთის იმპერიამ.

 

ამიტომ, ჩემთვის ყოვლად გასაოცარია ქართველი ადამიანის და, განსაკუთრებით, სასულიერო პირის სიმპათია მთელი ცივილიზირებული მსოფლიოს მიერ ბოროტების იმპერიად აღიარებული სახელწიფოს მიმართ.

 

ეს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის დავიწყება და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირთა ხსოვნის შეურაცხყოფაა;

 

ეს ჩვენი დიადი მეფის დავით აღმაშენებლის ძალისხმევის იგნორირებაა, რომელმაც სწორედ ევროპელი მოლაშქრეები გაიხადა მოკავშირედ აღმოსავლეთის ურდოებისგან საქართველოს გათავისუფლებისათვის ბრძოლაში;

 

ეს რუსთაველის მსოფლხედველობის უარყოფაა, რომელმაც ევროპაში თითქმის პირველთაგანმა ლიტერატურაში დაააფიქსირა ჰუმანისტური იდეები;

 

ეს სულხან-საბას მისიის შეურაცხყოფაა, რომელიც დასავლეთ ევროპის მონარქთაგან მოელოდა შველას;

 

ეს დიდი ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის სრული იგნორირებაა, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა და თვით სიცოცხლეც შესწირა საქართველოში ევროპული კულტურის დამკვიდრებას;

 

ეს მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ხსოვნის შეურაცხყოფაა, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს რუსეთის იმპერიის კლანჭებიდან საქართველოს გამოხსნას.

 

ეს სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების ღალატი და რა უსუსურია ამ პოზიციის მქონე პირთა მთავარი არგუმენტი, რომელიც რუსული სპეცსამსახურების მიერ იქნა შემოგდებული კონსერვატიულად განწყობილ პირთა ანკესზე წამოსაგებად, რომ თითქოს დასავლური კულტურა მანკიერებათა იდეალიზაციის და გაღმერთების გზას ადგას და ამიტომ მიუღებელია ტრადიციული საზოგადოებებისთვის.

 

ეს სრული სიცრუეა!

 

დიახ, დასავლური კულტურა შემწყნარებლურად ეკიდება ადამიანის სისუსტეებს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ, როგორც უფალი, პატივს სცემს ადამიანის თავისუფლებას, როგორც ქრისტე ცდილობს არ განსაჯოს ის და თავად ადამიანს დაუტოვოს შესაძლებლობა გააკეთოს სწორი არჩევანი.

 

დიახ, ეს პროცესი არ არის დაზღვეული უკიდურესობებისგან, გადახვევებისგან და ბოროტად გამოყენებისგან, მაგრამ ის გაცილებით პროგრესიულია, ვიდრე ადამიანზე უხეში ძალადობა და სასტიკი რეპრესია.

არც ის არგუმენტია ანგარიშგასაწევი, რომ ჩვენ არავის ვჭირდებით ევროპაში.

 

დიახ, ჩვენ არ მიგვიღებენ არსად, არც ევროკავშირში და არც ნატოში, სანამ ყველანი არ გავერთიანდებით ევროპული ფასეულობების ირგვლივ, სანამ არ ვისწავლით ადამიანის უფლებების პატივისცემას, სანამ არ ავაშენებთ დემოკრატიულ, თითოეულ ადამიანზე ორიენტირებულ სამოქალაქო სახელმწიფოს, სანამ არ დავამკვიდრებთ დასავლურ პოლიტიკურ კულტურას, სანამ არ დავძლევთ კლანურობას, და ნათესაურ-მაფიურ პრიორიტეტებს ნებისმიერ საქმიანობაში, სანამ არ მოვიშორებთ კორუფციის მომაკვდინებელ სენს, სანამ არ მოვიხდით დიპლომომანიის, და არაპროფესიანალიზმის სახადს, სანამ კონკურენცია, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ სფეროში არ იქნება ღია და გამჭვირვალე, სანამ ახალგაზრდობას არ მივცემთ საშუალებას დაბრკოლებების გარეშე იაროს საგანმანათლებლო, თუ სამსახურებრივ კიბეზე.

ის, ვისაც ჯერჯერობით ჩვენი სახელის გაგონებაც კი არ სურს, დემოკრატიისა და ევროპული ფასეულობებისკენ ჩვენი თანმიმდევრული და ჯიუტი მისწრაფების შედეგად, ბოლოს მაინც იძულებული იქნება გაგვიღოს ევროპული თანამეგობრობის კარი და გვაღიაროს თანასწორ პარტნიორად, ხოლო ის, ვინც მზად არის ახლავე ჩაგვიხუტოს, უეჭველად დაგვახრჩობს თავის იმპერიულ ბრჭყალებში.

მე ვერავინ დამაბრალებს რუსოფობიას. ალბათ, ჩემს გარდა იშვიათია სხვა ისეთი უცხოელი, რომელსაც ისე გულწრფელად უყვარდეს უბრალო რუსი ხალხი, რუსული კულტურა და რუსული სულიერება, როგორც მე.

 

მაგრამ მე, როგორც მთელი პროგრესული მსოფლიო, აშკარად ვხედავ, რომ დღეს რუსი ხალხი დაავადებულია იმპერიალიზმისა და რევანშიზმის საშინელი სენით, რომ რუსული პოლიტიკური ელიტა ბოროტად სარგებლობს საკუთარი ხალხის ამ დაავადებით. და ყველამ უნდა ვევედროთ ღმერთს, რომ რუსი ხალხის ამ მომაკვდინებელი სენისგან განსაკურნებლად იგივე ღონისძიება არ გახდეს საჭირო, რაც გერმანელ ერს დასჭირდა მეორე მსოფლიო ომში.

 

ამიტომ ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანის ვალია, ვინც არ უნდა იყოს ის - ლიბერალი, თუ კონსერვატორი, ზომიერი თუ ინდიფერენტული, დაიკავოს ცალსახად მამხილებელი პოზიცია და უთხრას -არა! - ბოროტების იმპერიის აღორძინებას!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: