Iverioni
«    ივლისი 2019    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
თებერვალი 2019 (10)
11-07-2016, 11:11
ნანახია: 1328

ავთანდილ კახნიაშვილი: „აჯანყების უფლებიდან

მართალია, პირველი „სახალხო-დემოკრატიული აჯანყების" შემდგომი სრული ჩამობნელებისგან განსხვავებით, „ვარდების რევოლუციამ" თბილისი „სინათლის ქალაქად" აქცია, მაგრამ სამართლებრივი კულტურის თვალსაზრისით, რომ ქვეყანაში სრულმა წყვდიადმა დაისადგურა „რუსთავი 2"-თან დაკავშირებული მოვლენებიც ადასტურებს.

მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ მრავალმილიონიანი ვალები აპატია და გაკოტრებას გადაარჩინა, „გამარჯვებული ხალხის" ტელევიზიამ ეფექტურად გააგრძელა საზოგადოების დეზინფორმირება.

მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიის მესაკუთრეებს შორის დავა სააკაშვილის მიერ გამწესებულმა მოსამართლეებმა განიხილეს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო იურისტმა (ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა) ნიკა გვარამიამ ჟურნალიტების თანდასწრებით ტელეეთერით გაააცნო მოქალაქეებს ამონარიდი ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციიდან და ხელისუფლებას „აჯანყების უფლების" გამოყენებით დაემუქრა!..

სხვათა შორის, ქართველი იურისტებიდან პირველმა, 1991 წლის დეკემბრის „სახალხო-დემოკრატიული აჯანყება-რევოლუციის" სამართლებრივ ჩარჩოებში მოსაქცევად, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა, ბატონმა ვიქტორ შარაშენიძემ მოიშველია. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის" დღეებშიც პოლიტიკაში აქტიურად ჩართული ზოგიერთი „ახალგაზრდა იურისტი" საკმაოდ აქტიურად ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალის გამოყენებით შეჭრა „აჯანყების უფლებით" გაემართლებინა.

2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებშიც კობა დავითაშვილმა ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში განახცხადა, რომ „საერთო-სახალხო აჯანყება არ არის სახელმწიფო გადატრიალება. ეს არ არის შეთქმულება და დანაშაული. ეს, საერთოდ, უკანონო ქმედება არ არის. იგივე გოკა გაბაშვილმა და გივი თარგამაძემაც კი საჯაროდ დაადასტურეს, რომ ხალხს აქვს აჯანყების უფლება, იმიტომ, რომ ეს არის ადამიანის დაბადებითი უფლება, რომელიც ასახულია ადამიანის უფლებათა დეკლარაციის პრეამბულის მესამე აბზაცში, სადაც პირდაპირ წერია, რომ ხელისუფლებამ არ უნდა აიძულოს ხალხი, ისარგებლოს აჯანყების უფლებით, ანუ ხალხს აქვს აჯანყების უფლება!".

ამასთან, ინგა გრიგოლიას პოპულარულ პოლიტიკურ „შოუშიც", ფაქტობრივად, იგივე გაიმეორა და, ალბათ, უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის გაეროს დეკლარაციასთან ერთად საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლიც მოიშველია.

ვინაიდან, კარსმომდგარი მორიგი საპარლამენტო არჩევნების წინ „რუსთავი 2" საზოგადოებაში კვლავ რევოლუციურ განწყობას ამკვიდრებს და სტაჟიანი მეამბოხეებიც მორიგ „სახალხო აჯანყებაზე" ალაპარაკდნენ, თავი ვალდებულად ჩავთვალე უკვე არაერთგის მოტყუებული „გამარჯვებული ხალხისთვის", კიდევ ერთხელ შეძლებისდაგვარად ამეხსნა „აჯანყების უფლებასთან" დაკავშირებული სამართლებრივი გარემოებები.

ამასთან, როდესაც აჯანყებასთან მიმართებაში „ნაციონალური მოძრაობის" მესვეურებს ვახსენებთ, სამართლიანობა მოითხოვს სხვა, არანაკლებ ავტორიტეტული „რევოლუციამცოდნეები" გაგვეხსენებინა. თუნდაც, 1917 წელს აჯანყება-გადატრიალების გზით რუსეთის ხელისუფლებაში მოსული უმრავლესობის („ბოლშევიკების") მთავარი იდეოლოგი - ვლადიმერ ლენინი, რომელმაც, ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინ დამოძღვრა მასები: „რევოლუცია - კანონით შეუზღუდავი ძალაუფლებააო!" მართლაც, თუ რუსეთის იმპერიის „ტირანი" მმართველი რევოლუციონერების გასამართლებას და გადასახლებას სჯერდებოდა, აჯანყების გზით ხელისუფლებაში მოსულებმა „ნათელი მომავლის" შენება მეფის ოჯახის დახვრეტით დაიწყეს!..

მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე მიღებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულის მესამე აბზაცის ფორმულირებას კი იმ რედაქციიდან მოვიყვან, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთათვის განკუთვნილ (3 ათას ტირაჟიან) კრებულშია მოცემული.

პრეამბულაში ხაზგასმულია, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღება იმანაც განაპირობა, რომ „აუცილებელია ადამიანის უფლებები დაცული იყოს კანონის ძალაუფლებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ ადამიანი იძულებული არ იყოს, სხვას რომ ვერაფერს გააწყობს, ტირანიისა და ჩაგვრის წინააღმდეგ აჯანყების გზას დააადგეს".

ანუ, განვითარებულმა სახელმწიფოებმა სწორედ იმიტომ აღიარეს ადამიანის ძირითადი (ფუნდამენტური, „დაბადებითი") უფლებები (სიცოცხლისა და უსაფრთხოების, სამართლიანი სასამართლოსა და არჩევნების, საკუთრებისა და პირადი ცხოვრების, აზრისა და გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების...) და აიღეს ვალდებულება კანონის ძალით უზრუნველეყოთ მათი დაცვა, რომ ადამიანი იძულებული არ გამხდარიყო „ტირანიის" (ძალადობაზე და თვითნებობაზე დაფუძნებული რეჯიმის) წინააღმდეგ აჯანყების გზას დადგომოდა. ამასთან, მხოლოდ მას შემდეგ, რაც „სხვას რომ ვერაფერს გააწყობდა"...

შევეცდები, კიდევ    უფრო გასაგებად განვმარტო. დეკლარაციის პრეამბულაში, ფაქტობრივად, ნათქვამია, რომ სახელმწიფომ ადამიანს უნდა შეუქმნას ღირსეული ცხოვრების პირობები, მაგ., უზრუნველყოს სასიცოცხლოდ აუცილებელი საკვებით, რათა იძულებული არ გახადოს შიმშილის გამო, „სხვას რომ ვერაფერს გააწყობს" (საჯარო განცხადებების გაკეთების, სათანადო ორგანოებისადმი საჩივრით მიმართვის და პროტესტის სხვა ფორმების გამოყენების შემდეგ) საჭმელი მოიპაროს ან სხვა ადამიანი მოკლას!

ცხადია, ამ განაწესიდან არ გამომდინარეობს, რომ ადამიანს ქურდობის ან სხვისი სიცოცხლის ხელყოფის უფლება აქვს. მიმაჩნია, რომ დეკლარაციის პრეამბულაში საკმაოდ გასაგებადაა მინიშნებული სახელმწიფოთა ვალდებულებაზე - უზრუნველყონ ადამიანის უფლებების დაცვა სწორედ იმ მიზნით, რათა ადამიანები იძულებულნი არ გახდნენ, სხვა მხრივ რომ ვერაფერს გააწყობენ, აგრესია უკიდურესი ფორმით გამოავლინონ და `ტირანიისგან" აჯანყების გზით განთავისუფლდნენ...

ამდენად, როდესაც მოქალაქეთა უმრავლესობა ირჩევს ხელისუფლებას, საარჩევნო პროცედურის მიმართაც არ უჩნდება პროტესტის გრძნობა. მხოლოდ უფლებამოსილების მიწურულს აცნობიერებს, რომ „ტირანი" („დიქტატორი", „ოლიგარქი", „გიჟი" ან „ქაჯი"...) მოუყვანია ქვეყნის სათავეში, არაგონივრულად (ამორალურადაც) მიმაჩნია პროტესტის გამოხატვის კონსტიტუციური ფორმების გამოყენებამდე, თანამოქალაქეებს, ან თუნდაც მხოლოდ თანამშრომლებს მოუწოდო არარსებული „აჯანყების უფლებით" ისარგებლონ!..

ამასთან, ყოფილი თანაგუნდელების სახელისუფლო სავარძლებში „რევოლუციური" (თუნდაც, „ხავერდოვანი"...) ჩანაცვლებისთვის, რბილად რომ ვთქვა, არაკორექტულია კონსტიტუციური ნორმების გამოყენება. მითუმეტეს, იურისტების მხრიდან. მართალია, საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლი საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას უპირატეს ძალას ანიჭებს შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ, მაგრამ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას... ამასთან, ცხადია, სანამ სამართლის ნორმას განმოიყენებ, ჯერ მისი შინააარსი უნდა გაიაზრო სათანადოდ.

მითუმეტეს, საერთაშორისო სამართალში მართლაც რომ არსებობდეს „აჯანყების უფლება", სანამ შენი ქვეყნის კონსტიტუციის მეექვსე მუხლამდე მიხვალ, წინა დებულებებსაც ხომ უნდა გადაავლო თვალი. საქართველოს „უზენაესი კანონის" მე-5 მუხლი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ ხელისუფლება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში ხორციელდება და „არავის აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება".

სახელმწიფოს ძირითადი დანიშნულებაც თავისუფლებასა და წესრიგს შორის გონივრული მიჯნის გავლებაა. შესაბამისად, ყველა ის ქმედება ან მოწოდება, რომელიც ხელისუფლების ძალადობის (რევოლუცია-აჯანყების) გზით შეცვლისკენ არის მიმართული, ან მიზნად ისახავს კონსტიტუციით დაცული ფასეულობების ხელყოფას, სისხლის სამართლის კოდექსით არის დასჯადია!

ცივილიზებულ სახელმწიფოში, არა მარტო ხელისუფლების ცვლის მექანიზმი, არამედ, მოქალაქეთა მხრიდან პროტესტის გამოხატვის ფორმებიც კანონმდებლობით მკაცრად არის რეგლამენტირებული. ამასთან, უმრავლესობის ინტერესების დაცვა ისე უნდა განხორციელდეს, რომ უმცირესობაში დარჩენილთა ძირითადი უფლებებიც არ შეილახოს.

ამდენად, არც მსოფლიო და არც ევროპულ სამართლებრივ სივრცეში არავითარი საერთაშორისო თუ შიდასახელმწიფოებრივი „აჯანყების უფლება" ბუნებაში არ არსებობს და ეს „ნოვაცია" ჩვენი `ტელეპოლიტიკოსების" რევოლუციური თვითშემოქმედების ნაყოფია, რომლის კიდევ ერთხელ პრაქტიკაში განხორციელება ქართულ სახელმწიფოებრიობას საერთოდ მოუშლის ისედაც მორყეულ საძირკველს!

საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, „ვიღაც მესამეს" ხელს აძლევს სამოქალაქო დაპირისპირება. ცხადია, „ყოფილ მოქკავშირელებსაც" და „ნაცებსაც" საგრძნობლად აუმაღლდებათ რეიტინგი, ვინაიდან, მართალია ხელისუფლებაში „აჯანყების" გზით მოვიდნენ, მაგრამ უფლებამოსილების მიწურულს მშვიდობიანად გადააბარეს ხელისუფლება „მეოცნებეებს", თუ ახალგაზრდა „რევოლუციონერ-რეფორმატორებს".

ამდენად, საზოგადოება არ უნდა აჰყვეს შესაძლო პროვოკაციებს ყოფილი ხელისუფლებისა თუ ფსევდო-ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან და საპროტესტო აქციები მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში უნდა წარმართოს. მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ ცივილიზებული ერი ვართ და ვიცით, სად გადის ზღვარი საკუთარი აზრის გამოხატვის უფლებასა და დანაშაულს („აჯანყებას", „რევოლუციას") შორის.

როგორც ჩანს, ქართველი პოლიტიკოსების ერთ ნაწილს დემოკრატიაზეც და აჯანყებებაზეც ერთობ სპეციფიკური წარმოდგენა აქვთ. ამდენად, თუ ე. წ. ოპოზიცია „აჯანყობია-რევოლუციონერობანას" არ მოიშლის, დიდი შანსია, რომ ამომრჩევლის თვალში, ევროპულმა ღირებულებებმა სრული დისკრედიტაცია განიცადონ და „ქართული დემოკრატია", უკეთეს შემთხვევაში, ბანანის რესპუბლიკისას დაემსგავსოს, ხოლო უარესს შემთხვევაში, ჯორჯ ორუელის რევოლუციური იდეებით აღგზნებული „ცხოველების ფერმაში" აპრობირებულს...

განვლილი „აჯანყება-რევოლუციებიდან" და საპარლამენტო არჩევნებიდანაც საზოგადოებამ სათანადო დასკვნები თუ არ გამოიტანა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებზე არ აიღო ორიენტირი, საშიში ბაცილებით დაინფიცირებულ ქვეყანას ვეღარაფრით განვკურნავთ და დემოკრატიული რესპუბლიკის ნაცვლად, მართლაც კარიკატურული ტიპის პლუტოკრატიული ტირანია შეგვრჩება ხელში.

ავთანდილ კახნიაშვილი,
სამართლის დოქტორი,
დავით აღმაშენებლის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი,