Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
7-09-2016, 17:48
ნანახია: 1228

მიხეილ ჯიბუტი: პოლიტიკური ორშაბათი გურიაში!

პროექტის „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ ფარგლებში ა.წ. 5 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილი მედიის წარმომადგენლებს ოზურგეთში შეხვდა.

 

მან აქცენტი გააკეთა პარტიების შეფასებაზე, ძირითადად მათთან ურთიერთობის საკუთარი გამოცდილების საფუძველზე.

 

მნიშვნელოვანი იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ ნაციონალურ ხელისუფლებასთან ურთიერთობის ისტორიის გახსენება. მან გაიხსენა, როგორი სიხარულით შეხვდა ის ვარდების რევოლუციასდა როგორ აფინანსებდა ის სააკაშვილის ხელისუფლებას ორ-წელიწად ნახევრის განმავლობაში.

 

ივანიშვილმა მისი საჯარო მოღვაწეობის მანძილზე პირველად დაუშვა თვითკრიტიკა და აღნიშნა: მისი ბრალიცაა, რომ ნაციონალები „გვიან გამომჟღავდნენ“ და ეს გარდა დაფინანსებისა მისი გამოუცდელობის ბრალიც იყო!

 

ექს-პრემიერის შეხვედრის სტრატეგია ეტყობა იყო პოლიტიკურ საკითხებზე ზოგადი მსჯელობა. ერთ მომენტში მან დარბაზს(დარბაზში არ იყო მხოლოდ მასმედიის წარმომადგენლაბით დაკომპლექტებული და უფრო გაუგებარი კრიტერიუმით იყო შედგენილი!) თხოვა, რომ არ გვინდა სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე საუბარიო.

 

აქედან გამომდინარე, მას შინაარსობრივად არ უპასუხა სოციალურ-ეკონომიკურ კითხვებს:

 

- არაფორმალური რეგიონის „გურიის“ განვითარების სტრატეგიის შესრულების შესახებ;

 

- „მე-4 უკეთესი წელი“ რატომ არ შედგა?

 

- საშოვარზე თურქეთში წასვლის პრობლემის შესახებ;

 

- მიწის რეგისტრაციის პრობლემების (კონკრეტულად ტაპროვანშიი, ლაითური)შესახებ.

 

მაჟორიტარი დეპუტატების საზღვრების ადმინისტრაციულ საზღვრებთან დაუმთხვევლობა რომ გამოიწვევს „დამატებით სირთულეებს“ ბ.ივანიშვილმა დაადასტურა, თუმცა, არაფერი უთქვამს, რა ტიპის შეიძლება იყოს ეს სირთულეები და რა კეთდება ამ სირთულეების პრევენციისთვის. აღნიშნული საზღვრების ცვლილება „ევროპული სტანდარტების“ დაცვის მოტივით ახსნა.

 

რა თქმა უნდა, ამ უმნიშვნელოვანესი საკითხების „გატარებამ“ შეამცირა შეხვედრის შემეცნებითი ხარისხი.

 

შეიძლება აღნიშნულ საკითხებზე ბევრი საუბრობდეს, მაგრამ ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე გავლენის მომხდენი პირის მიერ მათზე საუბარს სხვა დატვირთვა აქვს.

 

ჯერ ერთი, ხდება სიტუაციის შეფასება, ხალხი იგებს, თუ რამდენად ადექვატურადაა აღქმული პრობლემები და როგორაა დანახული მათი გადაჭრის გზები. ეს აყალიბებს ნდობასა და ქმნის ადამიანების ქვეყნის მართვაში ე.წ. მონაწილეობის სტიმულებს. ბევრი რაღაცა გაკეთდა, ბევრი რაღაცა კიდევ არც შეიძლებოდა გაკეთებულიყო, მაგრამ ყველაფერს საკუთარი სახელი უნდა დაერქვას და საკუთარი ადგილი უნდა მოეძებნოს.

 

მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რას გულისხმობს ბიძნა ივანიშვილი გამოთქმაში „ქვეყანას პატრონი უნდა ჰყავდეს“. კონტექსტით ეს უნდა იყოს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პარტია, რომელსაც უნდა ჰყავდეს არა მარტო გულანთებული, არამედ მართვის მცოდნე ხალხი (ანტიმაგალითად დაასახელა ზვიად გამსახურდია). ასეთად ,ბუნებრივი იყო, რომ დაასახელა „ქართული ოცნება“.

 

გამოთქმა „ქვეყანას პატრონი უნდა ჰყავდეს“ გასაგები რომ იყოს, უნდა ვთქვათ ვინ შეიძლება იყოს ქვეყნის პატრონი. მე პრინციპულად მიმაჩნია, რომ ივანიშვილი თვლის, რომ ქვეყნის პატრონია პარლამენტი ან ვინმე სხვა ინსტიტუტი , როგორ სახელმწიფოებრივად და რა უნარ ჩვევებიანი ხალხითაც არ უნდა იყოს დაკომპლექტებული, არაა სწორი.

 

მით უმეტეს, ვერ იქნება ქვეყნის პატრონი ერთი ან ორი პიროვნება, ან პიროვნებათა ჯგუფი, გარდა თვითმარქვია პატრონებისა - დიქტატურისა და ხელისუფლების უზურპაციის შემთხვევებში.

 

ქვეყნის პატრონია ხალხი, თუ ეს დამოუკიდებელი ქვეყანაა. ხელისუფლება პატრონი კი არაა ქვეყნის, არამედ ქვეყნის პატრონების მიერ დაქირავებული ან/და არჩევით დაქირავებული (პარლამენტის შემთხვევაში) მოხელეები, ხალხის მსახურები არიან.

 

ივანიშვილმა ოზურგეთში მეტი თქვა ოცნების ხელისუფლების ოთხწლიან შედეგებზე, ვიდრე აჭარაში.

 

მან შეხვედრაზე მოიწონა გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივა მოგების გადასახადთან დაკავშირებით, რომელიც უკვე კანონია და ძალაშია 2017 წლიდან.

 

ე.წ. „მოგების ესტონური მოდელის“ დაკანონება დიდი უპასუხისმგებლობით მიღებული გადაწყვეტილებაა და საქართველოს მთავრობის, 2012-16 წლების მოწვევის პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის ერთობლივი „ისტორიული“ გადაწყვეტილებაა. საქართველო ამ გადაწყვეტილების უარყოფით შედეგებს იგრძნობს ძალიან მალე და უფრო დიდი ხნის მანძილზე, ვიდრე ამ კანონის მიმღებთა სახელმწიფოებრივ, ან პოლიტიკური კარიერა.

 

ამ კანონით, სახელმწიფო ბიუჯეტი კარგავს შემოსავალს 1 მილიარდი ლარის ოდენობით. ხელისუფლებას არ უთქვამს თუ როგორ უნდა მოახდინოს საბიუჯეტო შემოსავლებში აღნიშნული დანაკლისის შევსება. პრობლემა თავს იჩენს უკვე 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისას. სხვათა შორის, საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი 1 ოქტომბრამდე უნდა წარადგინოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტში.

 

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ „იმუშავებს“ ბიუჯეტის სისუსტეები და ნაკლოვანობები.

 

ივანიშვილის მოწონებული მოგების გადასახადისგან ფაქტობრივად განთავისუფლების გადაწყვეტილება, „ქართულ ოცნებას“ დამაზიანებელ პოლიტიკურ ბუმერანგად ექცევა. საბოლოო ჯამში იზარალებს საქართველოს მოსახლეობა და მათ შორის ისიც ( მოგების მიმღები ბიზნესმენები), ვინც უშუალოდ იხეირებს ამ ცვლილებით.

 

საბიუჯეტო შემოსავლების ასეთი შემცირება ემუქრება სოციალური ხარჯების იმ დონეზე შენარჩუნებასაც კი , რაც დღესაა. ეს ქმნის სოციალური მღელვარების საფუძველს. და თუ საკითხი აქამდე მივიდა, ის აყენებს დარტყმას ბიზნესს, რომელმაც შეიძლება დაკარგოს უფრო მეტი მოგება, ვიდრე, მან მიიღო ან მიიღებს აღნიშნული საგადასახადო ცვლილებით.

 

ივანიშვილის სიტუაციური ანალიზი საქართველოში მდგომარეობის შესახებ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდთან დაკავშირებით პოზიტიურია, მაგრამ მეთოდოლოგიურად არაა უნაკლო.

 

მისი ანალიზის დროს ამოსავალია „ოცნების“ ხელისუფლებისა და „ნაცების“ ხელისუფლების შედარებითი ანალიზი. მაგრამ ეს არაა საკმარისი.

 

 საჭიროა იმის ანალიზი, თუ რა პროგრესი ჰქონდა 4 წლის განმავლობაში ქართულ ოცნებას, როგორია მისი მმართველობის ეფექტიანობა, როგორც თანაფარდობა მთავრობის სამოქმედო პროგრამასა და ამ პროგრამით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების შესრულების თვალსაზრისით.

 

თუ არ იქნება განვლილი ოთხი წლის ანალიზი, არ იქნება ამ პერიოდში მიღწევების გაგრძელებისა და ხარვეზების დაძლევის ამოცანები მოცემული მომდევნო ოთხი წლისათვის, ძალიან ძნელია წინა საარჩევნო პერიოდში ჯერ იფიქრო 2030 წელზე და შემდეგ დაიჯერო, რომ 2030 წელს საქართველოს ექნება ევროპული ეკონომიკა.

 

მარტივი კითხვა იბადება: ევროპის მსგავსი რომელი ეკონომიკა. რომელიც დღესაა ევროპაში, თუ რომელიც 2030 წელს იქნება ევროპაში? საქართველოს დღესაც აქვს ევროპის ეკონომიკა, მაგრამ ესაა 1848 წლის ევროპის ეკონომიკის მსგავსი ეკონომიკა!

 

სერიოზული ანალიზის დროს რეიტინგებს საერთოდ მესამეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს, საქართველოში კი რეიტინგები თითქმის ქვეყნის მართვის მთავარ დასაყრდენად იქცა.

 

არსებობს ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებელთა მსოფლიოში მიღებული ინდიკატორები (მთლიანი შიდა პროდუქტი, მთლიანი ეროვნული პროდუქტი, საგადამხდელო ბალანსი და ა.შ.), არსებობს სტატისტიკური სტანდარტები და ანალიზი. ძირითადად მათ უნდა დაეყრდნოს, ხოლო რეიტინგებს შეიძლება ჰქონდეს ეგზოტიკური დანამატის ხასიათი.

 

10 კაცს შორის წონის რეიტინგით ლუარსაბ თათქარიძე შარშან მეხუთე იყო, წელს კი მესამეა. ესაა რეიტინგული მიდგომა. შეგიძლიათ თქვათ, რამდენი კილოგრამი იყო ლუარსაბი. თუ ილიას ლუარსაბზეა საუბარი, მაშინ იმის თქმა შეიძლება, რომ მისი წონა უცვლელია. მაშინ როგორ გადაიწია რეიტინგში? სხვათა წონებში მოხდა ცვლილებები.

 

თუ ეს ლუარსაბი იმ ლუარსაბის სრული სეხნიაა, მხოლოდ და ჩვენს შორის ცხოვრობს , მაშინაც რეიტინგის ცვლილება შესაძლებელია სხვადასხვა ვარიაციებით. ლუარსაბმა მოიმატა წონაში, ლუარსაბი იგივე წონისაა, მაგრამ სხვებმა დაიკლეს, ლუარსაბმა დაიკლო წონაში, მაგრამ სხვებმა უფრო მეტად დაიკლო და ა.შ.

 

სულ სხვაა, როდესაც იცი, რომ ლუარსაბი შარშან იყო 199 კგ., ხოლო ეხლა იწონის 201 კგ.-ს იწყებ კვლევას: რატომ მოიმატა? კარგია ეს თუ ცუდი? და ა.შ.

 

ასე მარტივადაა საქმე რეიტინგებთან დაკავშირებით. წარმოგიდგენიათ რეიტინგებით რომ იმართებოდეს განვითარებული ქვეყნები, რა მოხდებოდა ბელგიაში, ამერიკაში, როდესაც გაიგებდნენ, რომ მათი რეიტინგები საქართველოზე ცუდია?!

 

რა თქმა უნდა, კარგია, კარგი რეიტინგი, მაგრამ მასზე დაყრდნობით თუ მართავ ქვეყანას-ეს შეცდომაა!

 

უკვე გაიჟღერა რჩევამ (ვახტანგ ძაბირაძე) , რომ შეხვედრების დრო 12 საათი არაა საუკეთესო- მეც ასე ვფიქრობ და გასათვალისწინებელია. აგრეთვე კარგი იქნება თუ მომავალ შეხვედრებში მეტი იქნება საუბარი თუ რის გაკეთებას ურჩევს ბიძინა ივანიშვილი „ქართულ ოცნებას“ საერთო-სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით და ამავე დროს იმ მუნიციპალიტეტების დონეზე, რომლის ტერიტორიული მედიის წარმომადგენლებთან აქვს შეხვედრა. პროექტის სათაურიდან გამომდინარე - შეხვედრები რეგიონულ მედიასთანაა და საუბარი რეგიონის პრობლემატიკის გარეშე ამ საუბარს აკნინებს.

 

P.S. ჩვენი წინა რეპორტაჟის აღნიშნულ შეხვედრაზე გათვალისწინებას ჩვენ ვერ დავიჩემებთ. კვლავ უნდა თქვას ბ.ივანიშვილს პოზიციაზე, რომ მას „საქართველოში ბიზნესი არ აქვს“. ეს აზრი მრავალი გზით გაუგებარია. წინა რეპორტაჟში ნათქვამს ამ საკითხზე შეიძლება დაემატოს ის, რომ ასეთი აზრი ცუდი შეტყობინებაა ინვესტორებისთვის - თუ ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი პიროვნება პოლიტიკურად და ყველაზე მდიდარი ადამიანი არ აწარმოებს ბიზნესს, სხვამ ეს რატომ უნდა გააკეთოს?

 

აჭარაში შეხვედრასთან შედარებით მეტი იყოს ოთხი წლის მანძილზე „ქართული ოცნების“ მართვის შედეგებზე, თუმცა, ეს არ იყო ამისთვის აღიარებული მთავარი ინდიკატორებისა და მაჩვენებლების მიხედვით და იყო შთაბეჭდილება თითქოს ამოკრებილი იყო კარგი მონაცემები, რომლებიც ნათელ წერტილებს აჩვენებენ, მაგრამ მთლიან სურათს ვერ ქმნიან.

 

P.S.P.S. შემდეგი რეპორტაჟი ზუგდიდში 8 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილის დაგეგმილი შეხვედრის კვალდაკვალ იქნება.