რა აკაკანებს „კავკასიის ავტოიმპორტს“?!

რა აკაკანებს „კავკასიის ავტოიმპორტს“?!

 

 

 

ამ რამდენიმე დღის წინ „ივერიონში“ დაიბეჭდა ჩემი კრიტიკული სტატია: „რობოტიზაცია ქართულად, ანუ რატომ არ უნდა ვენდოთ კავკასიის ავროიმპორტსhttp://iverioni.com.ge/16311-robotizacia-qarthulad-anu-ratom-ar-unda-vendoth-kavkasiis-avtoimports.html (სტატია ასევე უცვლელად დაიბეჭდა საინფორმაციო სააგენტო GeomediaTV-ში და გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“), სადაც შევეცადე აკადემიურ სტილში წარმომეჩინა თაღლითობამდე დასული ურთიერთობები, რასაც „კავკასიის ავტოიმპორტთან“ და „საქართველოს სალიზინგო კომპანიასთან“ მიმართებაში გადავაწყდი.

 

მე შეგნებულად მოვერიდე საკითხის გამწვავებას, რადგან სტატიის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ მათი პოტენციური „მსხვერპლის“ გაფრთხილება იყო და არა შურისძიება, როგორც ამას სტატიის ბოლოთქმაში ვწერდი.

 

ვერ წარმოვიდგენდი, რომ „კავკასიის ავტოიმპორტს“ თავხედობა ეყოფოდა და საკუთარი „უდანაშაულობის“ მტკიცებას რეზიუმეში ასეთ მუქარასაც დააყოლებდა: „სტატიაში გაჟღერებული თაღლითობის ბრალდება წარმოადგენს ჩვეულებრივ ცილისწამებას, შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და ამასთან დაკავშირებით, უფლებას ვიტოვებთ მივიღოთ კანონის გათვალისწინებული ყველა ზომა“.

 

მუქარის რომ შემშინებოდა, წინა წერილიც არ დაიწერებოდა.

 

არ ვაპირებდი „კავკასიის ავტოიმპორტის“ თვალთმაქცურ განზრახვებზე დეტალები გამომეფინა. მაგრამ, რადგან გამომიწვიეს, არ დავიზარებ, ისეთი სამხილები  მოვიშველიო, რომელიც მათ ნამდვილ სახეს გამოძერწავს.

 

დავიწყოთ იქიდან, რომ კრიტიკული სტატიის დაწერის მოტივაცია ნამდვილად მქონდა, რადგან მათ ზეპირი შეთანხმების რამდენიმე პუნქტი ცალმხრივად დაარღვიეს:

 

„კავკასიის ავტოიმპორტში“  ჩემთვის ხელსაყრელი ავტომანქანის შეძენის მიზნით მივედი. თან ყველა პირობის დაზუსტება თავიდანვე ვითხოვე, რაზედაც კომპანიის თანამშრომელთა პასუხი, ვგრძნობდი, ცალყბად  კეთილგანწყობილი იყო, რადგან, ისინი ცდილობდნენ ჩემთვის თავს მოეხვიათ თავიანთი პირობები და „ზედმეტი“ კითხვები აღიზიანებდათ კიდეც!

 

პირველი, რაც თავიდანვე არ მომეწონა ის იყო, მათ აინტერესებდათ რა თანხას გავიღებდი და არა ის, რა ასაკის და ტექნიკური მდგომარეობის ავტომანქანა მაინტერესებდა. ჩემთვის გამაღიზიანებელი იყო ტექნიკური ჩართვები - რამდენის დამატება შემეძლო, ან საერთოდ ვაპირებდი თუ არა დამატებას. ეს ყველაფერი მას შემდეგ იწყებოდა, როცა გარკვეულ (საბოლოო) თანხაზე და გარკვეულ ავტომანქანაზე შევჩერდებოდით. მიკვირდა იმდენად, რამდენადაც თვითონვე მარწმუნებდნენ, რომ მათი „ექსპერტები“ დეტალურად სწავლობდნენ აუქციონზე გასაყიდად გამოყვანილ მანქანებს და ყველა დეტალი დათვლილი იყო. რადგან თანხის დამატებაზე არ ვთანხმდებოდი, 4 თუ 5 აუქციონი „წააგეს“ და მიზეზად ასახელებდნენ, რომ ჩვენს მიერ შეთანხმებულ თანხაში ვერ ეტეოდნენ (ვხვდებოდი, თუმცა არ მინდოდა დამეჯერა, რომ წამოკიდების იაფფასიან ილეთებს იყენებდნენ). ასე გაგრძელდა თითქმის 2 კვირა (არადა, უსაფრთხოების დეპოზიტი უკვე დადებული მქონდა), სანამ ურთიერთობის გაწყვეტა და თანხის უკან დაბრუნება არ დავაპირე. როცა მიხვდნენ, არ ვხუმრობდი, იკადრეს და იმავე დღესვე იყიდეს ჩემს მიერ შერჩეული ავტომანქანებიდან ერთ-ერთი, რაც ომახიანად მაცნობეს კიდეც - თუმცა, ეს ნაკლებად არსებითია იმასთან შედარებით, რაც მათთან ურთიერთობის პროცესში აღმოვაჩინე.

 

კერძოდ: ისინი მიმტკიცებდნენ, რომ მზად იყვნენ შეეძინათ ჩემთვის 5-წლიანი განვადებით ავტომანქანა სულ 15 (წლიურ) პროცენტად და მაძლევდნენ გარანტიას, რომ ამ 5 წლის მანძილზე საპროცენტო განაკვეთი არ შეიცვლებოდა, არც წინასწარ დაფარვის სანქცია  დამემუქრებოდა. მათი საუბრიდან ირკვეოდა, რომ მანქანის შეძენას და მასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს თანადაფინანსების პრინციპით საკუთარ თავზე იღებდა „საქართველოს სალიზინგო კომპანია“, რომელიც  „კავკასიის ავტოიმპორტის“ ფინანსური პარტნიორია. ჩემს შეკითხვაზე, მე ვის წინაშე ვიქნებოდი ანგარიშვალდებული, მპასუხობდნენ: - მხოლოდ „კავკასიის ავტოიმპორტთან“.

 

როცა უასფრთხოების დეპოზიტის შეტანა მოითხოვეს, დავინტერესდი ხელშეკრულების პროექტით, რაზედაც სხაპასხუპით მიპასუხეს: რა საჭიროა ხელშეკრულების გაცნობა, რადგან, ყველა ის პუქტები იქნება ჩადებული, რაზეც ზეპირად შევთანხმდით და ხელშეკრულებას მანქანის ყიდვის შემდეგ მოეწერებოდა ხელი, რაც არ მომეწონა, მაგრამ იმდენად ვიყავი მოწადინებული მანქანის შეძენით, ჩათრევას ჩაყოლა ვამჯობინე.  

 

ჩვენ საბოლოოდ შევთანხმდით იმაზე, რომ საპროცენტო განაკვეთი მთელი 5 წლის მანძილზე არ შეიცვლებოდა და მითუმეტეს, მანქანის გამართულ მდგომარეობაში მოსაყვანად (დაქოქილ მდგომარეობაში, ქარხნულად აღდგენილი უნდა ჩამბარებოდა) დამატებითი თანხა არ დამჭირდებოდა (თუ მანქანის ძრავი და გადაცემათა კოლოფი მუშა მდგომარეობაში იქნებოდა და ვიზუალურ დაზიანებებსაც გამოასწორებდნენ, ვიცოდი რომ გაუთვალისწინებელ წვრილ-წვრილ ხარჯებზე მე უნდა მეზრუნა).

 

ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა მათ მიერ წარმოდგენილ სალიზინგო და ნასყიდობის ხელშეკრულებებში სულ სხვა პირობები ამოვიკითხე, რომელიც არსებითად (ცალსახად) ზღუდავდა ჩემს უფლებებს, მეტიც, „კავკასიის ავტოიმპორტი“ მოტყუებით და ფარისევლობით „ლომის ხახაში“ ამომაყოფინებდა თავს. „ლომის ხახა“ კი, „საქართველოს სალიზინგო კომპანია“ გახლდათ, რომელიც აშკარად მონურ მდგომარეობაში მაყენებდა და ჩემი კანონიერი პრეტენზიის შემთხვევაშიც კი ლიზინგის საგნის, ანუ აუქციონზე შეძენილი ავტომანქანის წართმევითაც  მემუქრებოდა!

 

ხელშეკრულებათა გაცნობისას ხუხულასავით დაინგრა ყველა ის ზეპირი შეთანხმება, რომელიც მეტ-ნაკლებად ჩემთვის მისაღებად გამოიყურებოდა.

 

პირდაპირ ვიტყვი: ჩემთვის ხელშეკრულების პროექტი წინდაწინ რომ ეჩვენებინათ, „უსაფრთხოების დეპოზიტს“ ნამდვილად არ შევიტანდი, „კავკასიის ავტოიმპორტის“ წარმომადგენლებს გამწვავების გარეშე ხელს ჩამოვართმევდი, თუმცა წარმატებას ამ თაღლითურ საქმეში,  ცხადია, არ ვუსურვებდი.

 

ტყუილი №1: როცა უსაფრთხოების დეპოზიტის ჩარიცხვის წინ ხელშეკრულების პროექტი მოვითხოვე, „კავკასიის ავტოიმპორტის“ თანამშრომელი, საბა ჩაჩანიძე მიმტკიცებდა, რომ ზეპირი შეთანხმება ზუსტად აისახებოდა ხელშეკრულებაში და არანაირ დამატებით პირობებზე საუბარი არ იქნებოდა.  ხელშეკრულების პროექტის გაცნობისას კი დავრწმუნდი, რომ ერთმანეთისგან ცა  და დედამიწასავით განსხვავდებოდა ჩვენი შეთანხმება და ხელშეკრულებაში  ჩამოყალიბებული პუნქტები.

 

ასე მაგალითად, „ნასყიდობის ხელშეკრულება“:

 

„პუნქტი 2.4.2. გამყიდველი ვალდებულია აღადგინოს და აღმოფხვრას ნასყიდობის საგნისთვის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ან/და ვანდალიზმის შედეგად ან/და სეტყვის შედეგად მიყენებული ის ზიანი, რომელიც იდენტიფიცირებადია ხელშეკრულების დანართ #1-ში მოცემული ნასყიდობის საგნის მიმდინარე მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათებიდან და შესაბამისი სამუშაოების და საჭირო ავტონაწილების სრული ჩამონათვალი თან ერთვის ხელშეკრულებას დანართ #1-ის სახით.

 

პუნქტი 2.4.3. გამყიდველი ვალდებულია აღადგინოს და აღმოფხვრას ნასყიდობის საგანზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ან/და ვანდალიზმის შედეგად ან/და სეტყვის შედეგად მიყენებული ის ზიანი, რომელიც არ ან ვერ იყო იდენტიფიცირებული ნასყიდობის საგნის მიმდინარე მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათებიდან ან/და სხვა ზიანი, რის გამოც ნასყიდობის საგანი ვერ გადაადგილდება საკუთარი ძალით და აღსადგენი სამუშაოების და საჭირო ავტონაწილების ჩამონათვალი, არ მოიცავს აღნიშნული ზიანის ან ზიანების აღმოსაფხვრელად საჭირო სამუშაოების და ავტონაწილების ჩამონათვალს და შესაბამის განფასებებს და რომელი ზიანის იდენტიფიცირებაზეც მოხდა ნასყიდობის საგნის საქართველოში ტრანსპორტირების შემდგომ. ასეთ შემთხვევაში, ნასყიდობის ფასი გაიზრდება აღნიშნული ზიანის აღმოსაფხვრელად საჭირო სამუშაოების ღირებულების და ავტონაწილების ღირებულების ჯამის ტოლი თანხით, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულების დანართ ან/და ვანდალიზმის შედეგად ან/და სეტყვის შედეგად მიყენებული ის ზიანი, რომელიც1-ით განსაზღვრული ნასყიდობის საგნის შეკეთების ჯამური ხარჯის 100%-ის ოდენობით (შემდგომში _ დამატებითი სარემონტო ხარჯი). ამასთან გამყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ფასის გაზრდის შესახებ წინასწარ აცნობოს მყიდველს და ლიზინგის მიმღებს.“

 

ხატი-რჯული, ჩვენს ზეპირ შეთანხმებაში არანაირ დამატებით ხარჯებზე საუბარი არ ყოფილა - მანქანა უნდა ჩამბარებოდა მუშა მდგომარეობაში, მითუმეტეს, მიმტკიცებდნენ, რომ კომპანიის ექსპერტები ყველა მოსალოდნელ ხარჯს ითვალისწინებდნენ.

 

ტყუილი №2. „ნასყიდობის ხელშეკრულებას არ ახლავს დანართი №1, სადაც ჩამოყალიბებული უნდა ყოფილიყო „შესაბამისი სამუშაოების და საჭირო ავტანიწილების სრული ჩამონათალი“, რომელიც კომპანიის ექსპერტების უხეში გათვლით 1150 $-ს შეადგენდა. როცა ამაზე მივუთითე, მიპასუხეს, რომ ეს მიახლოებითი გაანგარიშებაა და დანართს ვერ გაშიფრავდნენ, რადგან შეიძლებოდა, სხვა ხარვეზებიც აღმოჩენილიყო და თანხაც გაზრდილიყო. ამაზე მეტი თავხედობა რა გინდათ?!

 

ტყუილი №3. კომპანიის წარმომადგენლები მიმტკიცებდნენ, რომ საპროცენტო განაკვეთი მთელი ხუთი წლის მანძილზე არ შეიცვლებოდა და წინმსწრები გადახდის შემთხვევაშიც საჯარიმო სანქცია არ დაწესდებოდა.

 

სალიზინგო ხელშეკრულებაში ყველაფერი პირიქითაა - საპროცენტო განაკვეთი შეუძლიათ ნებისმიერ დროს შეცვალონ ლიზინგის მიმღების „საუარესოდ“.

 

„ლიზინგის ხელშეკრულება“:

 

„პუნქტი 6.5.ლიზინგის  გამცემი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს  ლიზინგის მიმღებისთვის საუარესოდ, ცალმხრივად მიიღოს გადაწყვეტილება ამ ხელშეკრულებით, მისი „დანართ(ებ)ით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით განსაზღვრული საპროცენტო სარგებლობის ოდენობის შეცვლის შესახებ. საპროცენტო სარგებლის იდენობის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას და ახალი ოდენობის გაანგარიშებისას ლიზინგის გამცემის მიერ მხედველობაში მიღებული იქნება ქვეყანაში დაფიქსირებული ინფლაციის დონის, სამომხმარებლო ფასების, სამეწარმეო აქტიურობის ინდექსების, საგადასახადო კანონმდებლობაში მიღებული ცვლილებების შედეგების და სხვა ფაქტორების ზეგავლენის დონე საპროცენტო სარგებლის ოდენობაზე“.

 

პუნქტი 6.6. „ასეთი გადაწყვეტილების მიღების შესახებ ლიზინგის გამცემი წერილობით ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით ატყობინებს ლიზინგის მიმღებს. თუ შეტყობინების მრებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში ლიზინგის მიმღები არ წარმოადგენს თავის მოსაზრებას, ლიზინგის გამცემის წინადადება მიღებულად ჩაითვლება და ახალი საპროცენტო სარგებელი დაირიცხება შეტყობინების მიღებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის გასვლის მომდევნო დღიდან“.

 

პუნქტი 6.7. „თუ ლიზინგის მიმღები არ დაეთანხმება ლიზინგის გამცემის მიერ საუარესოდ შეცვლილ საპროცენტო სარგებელს, მაშინ ლიზინგის გამცემის მიერ მისი წერილობითი პასუხის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარულ დღეში ეს ხელშეკრულება ჩაითვლება ლიზინგის მიმღების მხრიდან ცალმხივად შეწყვეტილად, რის შედეგადაც ლიზინგის მიმღები ვალდებულია დააბრუნოდ ლიზინდის საგანი და დაფაროს ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისთვის ამ ხელშეკრულების, მისი დანართ(ებ)ის ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე წარმოშობილი ფულადი ვალდებულებები.“

 

აბა, სხვა რა არის თვალმაქცობა? ერთს გეუბნებიან (გპირდებიან), სინამდვილეში სხვას გაწვდიან (შეგაპარებენ) ხელმოსაწერად. ვინ შეიძლება დათანხმდეს ამას?

 

კიდევ ერთხელ ყურადღებით დააკვირდით. თუ ლიზინგის მიმღები (ანუ მე) არ დაეთანხმა საპროცენტო სარგებლის ცალმხრივად შეცვლას, ხელშეკრულება ითვლება შეწყვეტილად და ლიზინგის გამცემს უკან უნდა დაუბრუნოს ლიზინგის საგანი და დაფაროს ხელშეკრულებით წარმოშობილი ყველა ვალდებულება.

 

სწორედ ამას ჰქვია „ლომის ხახაში“ თავის შეყოფა, თუ, რა თქმა უნდა, ხელშეკრულება არ წაიკითხე და ბრმად მოაწერე ხელი.

 

ამის შემდეგ კიდევ იტყვიან კომპანიის მესვეურები, რომ არ მოვუტყუებივართ?!

 

ასეთი  ხელშეკრულება, არა მგონია, სხვამ კაბალურად არ მიიჩნიოს.  თუ კი ვინმე იტყვის, რომ ეს „ფორმალურია“, მე ბევრი მაგალითი ვიცი, როგორ იქცევა ეს „ფორმალობა“ რეალობად და როგორ აწყევლინებენ თავ-ბედს საქმეში ჩაუხედავ ადამიანებს.

 

როცა წინასწარ გაცხადებულია და იცი, რა როგორ იყიდება, არჩევანი შენზეა- გინდა თავი მოიტყუე, გინდა არ იყიდო. ცუდია, როცა თვალთმაქცურად გატყუებენ და თანაც ისე... შეპარულ-შეპარულად!

 

ბუნებრივია, ყველა პრეტენზია დღის წესრიგიდან  მოიხსნებოდა, ხელშეკრულებები დროზე რომ ეჩვენებინათ და უსაფრთხოების დეპოზიტზე დადებული თანხა შანტაჟის საფუძვლად არ ექციათ.

 

არა მგონია, ლიზინგით ავტომანქანის შეძენის მსურველთაგან ყველა მწყრალადაა  წერა-კითხვასთან და ხელშეკრულების ელემენტარულად წაკითხვა არ შეუძლიათ, მაგრამ ფაქტია, რომ აქამდე არავის ხმა არ ამოუღია. ეს მათი არჩევანია.  

 

ყველას თავისი გზით გაუმარჯოს!

 

მე არ ვიცი, რაზე დგას, ზოგადად, „კავკასიის ავტოიმპორტის“ იმიჯი (გავიკითხე და მადლიერებიც ბევრი ჰყავთ), მაგრამ ჩემი კონკრეტული შემთხვევით თუ ვიმსჯელებთ, ლიზინგის წესით მანქანის ჩამოყვანა ლიზინგის მიმღებს რომ კაბალურ პირობებს უმზადებს, ამაში, ეჭვი არ შეგეპაროთ!

 

 

ზაურ ნაჭყებია

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: