როცა ქვეყანაში მომხმარებლური ინსტიქტი მძლავრობს!

როცა ქვეყანაში მომხმარებლური ინსტიქტი მძლავრობს!

 

წერილი მეხუთე

 

 


ვაგრძელებთ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ნოდარ ჭითანავას სტატიების ციკლის _ „ეკონომიკური ზიგზაგები და პასუხგაუცემელი კითხვები“ _ გამოქვეყნებას.

 

ამჯერად გთავაზობთ მეხუთე წერილს _ „როცა ქვეყანაში მომხმარებლური ინსტიქტი მძლავრობს!“

 


(გარდაქმნების საგარეო-ეკონომიკური ასპექტები)



XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში იზოლაციაში მოქცეულ საქართველოს ეკონომიკაში, თვისებრივად ახალ საწყისებზე, სტიქიურად დაიწყო დამდგარ რეალობასთან ადაპტირების პროცესი. ბუნებრივია, შინა წინააღმდეგობების ფონზე ქვეყანას არ ჰქონდა გარე სამყაროსთან ადაპტირების სტრატეგია.

ქვეყანამ საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობებშიც მძიმე მემკვიდრეობა მიიღო. ცნობილია, რომ საბჭოთა ეკონომიკა მსოფლიო მეურნეობაში მოკრძალებული ადგილით გამოირჩეოდა. მაგალითად, XX საუკუნის 80-იან წლებში საგარეო ვაჭრობაში მონაწილეობდა ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის მხოლოდ 5-6%. ქვეყანა, რომელზეც მოდიოდა მსოფლიო ტერიტორიის 1/6, მოსახლეობის 1/5 ნაწილი, საგარეო ვაჭრობაში წარმოდგენილი იყო 2-3%-ით.

ამასთან, საგარეო ვაჭრობისთვის დამახასიათებელი იყო ორი პარამეტრი _ სათბობ-ენერგეტიკული რესურსების ექსპორტი და საწარმოო და სამომხმარებლო პროდუქციის იმპორტი. აქვე აღვნიშნავ, რომ საქართველოს ეკონომიკა გარკვეულწილად წარმოდგენილი იყო მსოფლიო ბაზარზეც.

მაგალითად, 1989 წელს რესპუბლიკამ საზღვარგარეთიდან შემოიტანა 1.420 მლნ მანეთის პროდუქცია, რომელიც ძირითადად გამოყენებულ იქნა სახალხო მეურნეობის წამყვან დარგებში. ამავე წელს მსოფლიო ბაზრებს (ექსპორტით) მიეწოდა 361,7 მლნ. მანეთის პროდუქცია.

რესპუბლიკის საწარმოები მსოფლიო ბაზრებთან ურთიერთობდნენ შესაბამისი საკავშირო ორგანოების  მეშვეობით. ამ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაზე მოდიოდა საბჭოთა კავშირის ეროვნული შემოსავლის 1,9%, სამრეწველო პროდუქციის _ 1,7%, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის _ 1,6%. თუმცა იგი აწარმოებდა მანგანუმის ფეროშენადნობის 85%-ს, ღვინის _ 11%-ს, ელმავლების _ 60%-ს, ჩაის _ 98%-ს, ციტრუსების _ თითქმის 100%-ს. 1990 წელს მატერიალური წარმოების სფეროსთვის რესპუბლიკაში შემოტანილ იყო 6.469 მლნ მანეთის პროდუქცია, გატანილ იქნა 6084,2 მლნ მანეთის, სალდო შეადგენდა _ 384,8 მლნ. მანეთს.

რესპუბლიკის ეკონომიკა მნშვნელოვნად დამოკიდებული იყო სამეურნეო კავშირებზე, რომელთა რეგულირება ხდებოდა კომპლექსის განვითარების ერთიანი გეგმით. ინტეგრაციული პროცესების ინტენსივობაზე წარმოდგენას გვიქმნის შემდეგი მონაცემები:

რესპუბლიკაში გარედან შემოდიოდა მატერიალური კომპლექსის ნედლეულის _ 70%, ქიმიური კომპლექსის _ 95%, მოხმარებული ხე-ტყის _ 97%, ცემენტის _ 43%, ქაღალდის მრეწველობის ნედლეულის _ 100%, ბამბის ბოჭკოს _ 100%, სამკერვალო დარგისთვის ქსოვილების _ 65,8%, ასევე, სასურსათო პროდუქციის დიდი ნაწილი (ხორბლის 70%, ხორცის _ 45%, კარაქისა და შაქრის 90%-ზე მეტი) ცენტრალიზებული დაგეგმვის ჩამოყალიბებული მექანიზმებით, სამეურნეო სპეციალიზაციისა და კოოპერაციის, ტერიტორიული, დარგობრივი და შიდა დარგობრივი ეკონომიკურ ტექნოლოგიური კავშირების ფართოდ გაშლილი სისტემით შემოდიოდა და მათი გადამუშავების შემდეგ პროდუქცია მიეწოდებოდა წინასწარ განსაზღვრულ პარტნიორებს. ასეთი კავშირების სპონტანური მოშლით ერთიან ეკონომიკურ სივრცეში ეკონომიკური სუბიექტები ერთმანეთისგან იზოლირებულნი აღმოჩნდნენ, ამიტომ ქაოსი ყველგან და ერთდროულად დაიწყო.

როგორც აღინიშნა, საქართველოს, რომელმაც ორიენტაცია აიღო საბაზრო ეკონომიკაზე, სრულიად ახალ პრინციპებზე უნდა განესაზღვრა მსოფლიო ბაზარზე შესვლის სტრატეგია. მდგომარეობას ართულებდა ის, რომ ინტეგრაციული პროცესების საბჭოთა მოდელი,რომელიც ცენტრალიზებული დაგეგმვისა და მართვის სისტემას ეყრდნობოდა, სამეურნეო სუბიექტებს ფაქტობრივად ათავისუფლებდა კონკურენციაში, მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით მომარაგებასა და საერთოდ, გასაღების ბაზრის ძიებაში მონაწილეობისგან, რაც მათ შრომისა და წარმოების ორგანიზაციის სრულყოფაზე ყურადღების გაძლიერების ხელშემწყობ პირობებს უქმნიდა.

ასეთი გამოცდილება საკმარისი არ აღმოჩნდა ახალი ტიპის კავშირების განსაზღვრისთვის. მითუმეტეს, საგარეო ბაზარზე გასვლისთვის (რომელიც ფაქტობრივად რეგულირებადია და თანაც გაჯერებული), მდგომარეობას ართულებდა ისიც, რომ დაშლილი საბჭოთა კავშირის მემკვიდრემ _ რუსეთის ფედერაციამ, რომელმაც განვითარების სტრატეგიად „შოკური თერაპია“ აირჩია, ერთდროულად ორი ამოცანის გადაწყვეტა მოინდომა: კერძო კაპიტალისტური ეკონომიკის შექმნა და დამოუკიდებლად რეფორმების განხორციელება. ახალი გაერთიანების _ დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის (დსთ) შექმნა სუსტი (კრიზისში მყოფი) ეკონომიკების სპონტანურად ჩამოყალიბებული კავშირების იმიტაცია იყო.

საქართველოს საკუთარი ვალუტა არ ჰქონდა, ამიტომ იგი რუბლის სივრცეში იმყოფებოდა. რუბლის როლს კი სამართალმემკვიდრე (რუსეთი) განსაზღვრავდა.

საზოგადოება თანდათანობით რწმუნდებოდა იმაში, რომ ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობა, თურმე, არ ნიშნავს სხვა ეკონომიკებისგან გამიჯვნას _ პირიქით, ეკონომიკური კავშირების გაღრმავება თავად ობიექტური პროცესია.

განვლილ პერიოდში ჩამოყალიბებულ საგარეო-სავაჭრო ურთიერთობების ტენდენციების ანალიზი მოგვცემს საშუალებას, რეალურად წარმოვიდგინოთ ინტეგრაციული პროცესების მასშტაბი, დინამიზმი, სირთულეები.

1996 წელს საქართველოს საგარეო-სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 954,3 მლნ. დოლარი, 2016 წელს (წინასწარი მონაცემები) _ 11,9 მლრდ დოლარი (გაიზარდა 12,5-ჯერ). ექსპორტი გაიზარდა 155,2 მლნ დოლარიდან 2.114 მლნ დოლარამდე. შესაბამისად, იმპორტი 488,7 მლნ დოლარიდან 9.852 მლნ დოლარამდე. 2016 წელს საქართველოს სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა 137 ქვეყანასთან, აქედან მხოლოდ 44 ქვეყანასთან (32%) ჰქონდა დადებითი სალდო. საინტერესოა, რომ სალდომ, რომელიც უარყოფითი ნიშნით ხასიათდება მთელი ოცი წლის მანძილზე 1996 წლის 548 მლნ დოლარიდან 2016 წელს შეადგინა _ 7.738 მლნ დოლარი.

1996 წელს უარყოფითი სალდო შეადგენდა დსთ-ს ქვეყნებთან 142,4 მლნ დოლარს, ევროკავშირის ქვეყნებთან 167,4 მლნ დოლარს. 2016 წელს შეადგინა, შესაბამისად, 1.242 მლნ და 2.459 მლნ დოლარი.

გამოიკვეთა განვითარებულ ქვეყნებთან ვაჭრობის გაფართოების ტენდენცია. მაგალითად, თუ 1996 წელს ექსპორტის მოცულობაში დსთ-ზე მოდიოდა 63,1%, ევროკავშირზე _ 4,7%, 2016 წელს აღნიშნული მაჩვენებლები შეადგენდა 35% და 27%-ს.

1996 წელს თუ იმპორტში დსთ-ს ქვეყნების ხვედრითი წილი შეადგენდა 33%-ს, ევროკავშირის _ 23,3%-ს, 2016 წელს, შესაბამისად, 20% და 31%.

უკანასკნელ წლებში (განსაკუთრებით 2012 წლიდან) მნიშვნელოვნად გაიზარდა სავაჭრო ბრუნვის მოცულობა ჩინეთთან. თუ 1996 წელს იგი შეადგენდა 1.7 მლნ. დოლარს, 2016 წელს _ 717,5 მლნ დოლარს (6%), მათ შორის 170 მლნ. ექსპორტი იყო.

როგორია რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების მაჩვენებლები?

1996 წელს რუსეთთან სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 185 მლნ დოლარი (19,4%), 2003 წელს _ 241,7 მლნ დოლარი (15,1%), 2012 წელს _ 524 მლნ დოლარი (5%), 2016 წელს _ 881,3 მლნ (7,4%).

2016 წელს რუსეთიდან იმპორტირებულ სასაქონლო ჯგუფებში ნავთობი და ნავთოპროდუქტები 102 მლნ დოლარია, ხორბალი _ 86 მლნ. დოლარი, მზესუმზირის ზეთი _ 27,5 მლნ დოლარი, სიგარეტები _ 23,2 მლნ. დოლარი. რუსეთს ამავე წელს მიეწოდა 206,2 მლნ. დოლარის პროდუქცია, მათ შორის, ღვინოები (55,7 მლნ დოლარი), ფეროშენადნობები (39,5 მლნ), მინერალური წყლები (35,6 მლნ), თხილი და კაკალი (9,5 მლნ დოლარის) და სხვ. სალდო უარყოფითი _ 462,2 მლნ. დოლარი.

2016 წელს იმპორტის 18,2% კანადაზე მოდის, 13,7% _ თურქეთზე, 6,9% _ რუსეთზე, 5,6% _  ჩინეთზე, 5,0% _ აზერბაიჯანზე და ა.შ. კანადის ხვედრითი წილის ზრდა გამოიწვია 1,783 მლნ დოლარის ღირებულების სამკურნალო საშუალებების შემოტანამ.

ექსპორტ-იმპორტის სტრუქტურა პასუხს იძლევა კითხვაზე: როგორია ქვეყნის ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურა.

2016 წელს საქართველოდან უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეული შემდეგნაირად გამოიყურება: სპილენძის მადნები (14,7%), თხილი (8%), ფეროშენადნობები (8%), მსუბუქი ავტომობილები (7,9%) ღვინო (5,4%), სამკურნალო საშუალებები (5,1%), სპირტიანი სასმელები (4,3%), ოქრო (3,8%), მინერალური წყლები (3,8%), აზოტოვანი სასუქები (3,1%).

აღსანიშნავია, რომ ქვეყანა მსუბუქ ავტომობილებს არ აწარმოებს, მაშინ, როცა მისმა ექსპორტმა (ფაქტობრივად, რეექსპორტმა) 166,6 მლნ დოლარი შეადგინა. წინა წლებში ეს მონაცემები უფრო მეტი იყო. მაგალითად, 2013 წელს _ 703,8 მლნ დოლარი, ანუ 24,2% შეადგინა. რაც შეეხება იმპორტს, მასში ძირითადია სამკურნალო საშუალებები (29,4%), ნავთობი და ნავთობპროდუქტები (4,8%), ნავთობის აირები (3,2%), სპილენძის მადნები (2,5%), სატელეფონო აპარატები (1,8%), სიგარეტები (1%), ხორბალი (0,9%), სატვირთო ავტომობილები (0,7%) და სხვ. უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა თამბაქოს ნაწარმის შემოტანა. მაგალითად, მარტო 2016 წელს შემოტანილია 102 მლნ. დოლარის ღირებულების სიგარეტი.

ზემოთ მოტანილი მონაცემები ადასტურებენ, რომ ქვეყანაში იმპორტირებული საქონლის დიდი ნაწილი სამომხმარებლო საქონელია (2015 წელს 43%).

მოტანილი მონაცემების მიხედვით, კარგად ჩანს, რომ ეროვნული ეკონომიკა ფუნქციონირებს „ღია ეკონომიკის“ პრინციპებით. იგი ინტეგრაციულ პროცესებში აქტიურადაა ჩართული, თუმცა უარყოფითი შედეგებით. სუსტი მხარეა ის, რომ საექსპორტო პროდუქციის, ასევე იმპორტშემცვლელი პროდუქციის წარმოების გაფართოების არსებული პოტენციალი მინიმალურადაც არ არის გამოყენებული. ინტეგრაციული პროცესები ხშირად გამოიყენება ქვეყნის ეკონომიკის საზიანოდ. მაფიოზური სტრუქტურების მიერ ორგანიზებულად ხე-ტყის რესურსების, შავი ლითონის ჯართის სახით დანადგარ-მოწყობილობების, ასევე სხვა ნედლეულის გატანით ეკონომიკამ დიდი ზიანი განიცადა. მარტო 2000-2006 წლებში ჯართის სახით გატანილ იქნა 500 მლნ დოლარის ღირებულების ისეთი დანადგარ-მოწყობილობები, ტრაქტორები და სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი, რომლებიც ჯერ კიდევ გამოდგებოდა პროდუქციის წარმოებისთვის.

ასევე, იმპორტით შემოდის ისეთი პროდუქცია (განსაკუთრებით სასურსათო), რომლის წარმოების კარგი ტრადიციები აქვს ქვეყანას. მაგალითად, 2015 წელს შემოტანილ იქნა 8 მლნ დოლარის ჩაი, მაშინ, როცა ქვეყანაში ჩაის წარმოების დიდი შესაძლებლობები ფაქტობრივად გამოუყენებელია.

ექსპორტ-იმპორტის სტრუქტურა ზოგიერთ პოზიტიურ ტენდენციასთან (განვითარებული ქვეყნების ეკონომიკასთან სავაჭრო ურთიერთობების გაფართოება) ერთად, გვიჩვენებს, რომ ფაქტობრივად ყურადღების გარეშე დარჩა შიდა ბაზარი, რომელშიც უმნიშვნელოა სამამულო სამრეწველო პროდუქციის ხვედრითი წილი, ხოლო აგრარულ ბაზარზე 70%-ზე მეტი უკავია იმპორტით შემოტანილ საქონელს.

ნიშანდობლივია, რომ 2015 წელს ქვეყნის მშპ სტრუქტურაში ვაჭრობაზე მოდის 16,7%, მრეწველობაზე _16,8%, სოფლის მეურნეობაზე _ 9,1%. ჩვენთან პოზიტიურად თვლიან ცოცხალი პირუტყვის უცხოეთში გაყიდვას, რაც ნედლეულის (ხორცის, მატყლის, ტყავის) დიდ დანაკარგებს იწვევს. მაგალითად, 2010-2016 წლებში საქართველოდან გაიყვანეს 333,8 მლნ დოლარის ღირებულების ცოცხალი ცხოველები. ამავე პერიოდში შემოტანილ იქნა 733,1 მლნ დოლარის ხორცი და ხორცის პროდუქტები.

ინტეგრაციული პროცესების რეგულირება უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად. უპირატესობა უნდა მიენიჭოს ახალი ტექნოლოგიების შემოტანას, წარმოებისა და შრომის ორგანიზაციის სრულყოფას.

საქართველოში ევროპული ინტეგრაცია მართებულადაა აღიარებული საგარეო პოლიტიკურ ორიენტირად, ხოლო ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაცია ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირში შესვლისთვის გარკვეული კრიტერიუმების (კოპენჰაგენის კრიტერიუმები) მოთხოვნებია დასაკმაყოფილებელი. მაგალითად, ბოლო პერიოდში მიღებულ კანდიდატ ქვეყნებს უნდა  ჰქონოდათ მშპ მოსახლეობის ერთ სულზე 4900 ევროს ექვივალენტი მაჩვენებელი (ჩვენთან იგი 2015 წელს შეადგენდა 3766,6 დოლარს), მშპ სტრუქტურაში 25-27% უნდა იყოს მრეწველობის წილი (საქართველოში ეს მაჩვენებელი 2015 წელს შეადგენდა 16,8%) და ა.შ.

ჩემი აზრით, ევროკავშირთან ინტეგრაციის გაღრმავების პროცესი უნდა განისაზღვროს შესაბამისი მიზნობრივი ღონისძიებებით. ამასთან, არასწორია ეროვნული ეკონომიკის განვითარება ცალმხრივად, მხოლოდ ევროინტეგრაციას დავუკავშიროთ. ეკონომიკა ცოცხალი ორგანიზმია, სპონტანურად იცვლება მისი განვითარების პირობები, რაც ახალ რეალიებთან სწრაფად ადაპტირებას საჭიროებს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს დღევანდელი ეკონომიკის განვითარების დონე რამდენიმე ათეული წლით ჩამორჩება განვითარებული ეკონომიკის მაჩვენებლებს.

როვნული ეკონომიკის გლობალურ პროცესებთან ადაპტირებისას ანგარიში უნდა გავუწიოთ იმ თავისებურებას, რომ შედარებით მოძველებული ტექნოლოგიების გამოყენებით იწარმოება ისეთი პროდუქცია, რომელზეც სხვა ბაზრებზე მოთხოვნაა.

ქვეყანამ, რომელიც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრია, უნდა განსაზღვროს ეკონომიკის განვითარებაში პერსპექტივა იმისდა მიხედვით, თუ როგორ ყალიბდება მსოფლიო და შიდა ბაზარზე კონიუნქტურა, რათა მას მიესადაგოს არსებული რესურსების გამოყენების სტრატეგია. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკის განვითარების ყველა რესურსი მიზანმიმართულად იქნას გამოყენებული. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა შესაძლებლობა, რომელიც ამჟამად ქვეყანას გააჩნია საერთაშორისო სტრუქტურების პოტენციალის უფრო ეფექტიანად გამოყენებისთვის. მაგალითად, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით უფრო მიზნობრივად ეფექტიანად შეიძლება გამოყენებულ იქნას ფინანსური სტაბილიზაციის (საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიცია), ეკონომიკური ზრდის (მსოფლიო ბანკი და სხვა ბანკების პოზიცია), ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურების და ვაჭრობის სრულყოფის (ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პოზიცია), დასაქმების რეგულირების (შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პოზიცია) ფინანსური და ორგანიზაციული მექანიზმები.

განვლილ პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ისეთი საერთაშორისო პროექტების განხორციელებას, როგორიცაა „ტრასეკა“, „ენერგეტიკული დერეფანი“, მშენებარე ყარსი-თბილისი-ბაქოს რკინიგზა (იგი ექსპლუატაციაში შევა 2017 წლის ბოლოს. საპროექტო სიმძლავრეა 5 მლნ ტონა) და სხვ.

შეიქმნა თვისებრივად ახალი გეოეკონომიკური გარემო, რომელიც განსაზღვრავს ეკონომიკის ინტეგრაციულ პროცესებში ჩართვის ინტენსივობას, საინვესტიციო მიმზიდველობას, ქვეყნის ბუნებრივ-საწარმოო პირობების კომპლექსურად გამოყენების პერსპექტივას. ფაქტობრივად (როგორც უკვე ითქვა), საქართველომ შეიძინა ქვეყნის ტერიტორიაზე საერთაშორისო პროექტების განხორციელების კოორდინაციის და საერთაშორისო კაპიტალის ფორმირებაში მონაწილე სუბიექტის ფუნქცია. ეს ნიშნავს იმას, რომ გეოეკონომიკა გადამწყვეტ როლს შეასრულებს ქვეყნის გლობალურ პროცესებთან ადაპტირებისთვის (ვრცლად ქემოთ განვიხილავთ).

მსოფლიო ინტეგრაციულ პროცესებში განვითარებულ და განვითარებად, გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებს შორის ურთიერთგანპირობებულობის ტენდენციების (თავისებურებების) ერთ-ერთი მახასიათებელი საგარეო ვალის დინამიკაა, მისი გამოყენების ფორმა, რომელიც გვიჩვენებს იმას, რამდენად დამოკიდებული ხდება ქვეყანა უცხო კაპიტალზე. საქართველოში საგარეო ვალის ზრდას გვიჩვენებს შემდეგი მონაცემები: 1995 წელს მან შეადგინა 1149,7 მლნ დოლარი, 2006 წელს _ 1556,1 მლნ, 2003 წელს _ 1753,8 მლნ, 2006 წელს _ 1.700 მლნ დოლარი, 2011 წელს 11.585 მლნ დოლარი, 2014 წელს __ 13,100 მლნ, 2015 წელს _ 15.007 მლნ დოლარი, 2016 წელს 15.332 მლნ დოლარი. ვალის ძირითად ნაწილს გრძელვადიანი ვალი (86%) შეადგენდა. სამთავრობო სექტორის ვალი 4.385 მლნ აშშ დოლარი იყო.

რა თქმა უნდა, ეკონომიკის ზრდას თან ახლავს ინტეგრაციული კავშირების გაფართოების პროცესი, რაც საჭიროებისას ვალის აღებასაც გულისხმობს. მაგრამ ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვალის მიზნობრივად გამოყენება. პირველ რიგში, როგორც წესი, იგი გამოყენებულ უნდა იქნას ეკონომიკური ზრდისთვის, ე.ი. კვლავწარმოების გაფართოებისთვის.

მსოფლიო ინტეგრაციულ პროცესებში ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის მონაწილეობის დონეს განსაზღვრავს უცხოური ინვესტიციების მოცულობა, მათი მიზნობრივი ხასიათი. 2005 წელს უცხოურმა ინვესტიციებმა 449,8 აშშ დოლარი შეადგინა, 2016 წელს 1298,4 მლნ დოლარი. 2006-2016 წლებში საქართველოში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 14,3,6 მლრდ დოლარი. ანუ საშუალო წლიურად 1,2 მლრდ დოლარი. ეს დაბალი მაჩვენებელია, მით უმეტეს, დაგროვების შიდა წყაროების სიმცირის ფონზე. ეკონომიკის რომელ სფეროში ჩაიდო მოზიდული თანხები? 2011-2015 წლებში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 7,6 მლრდ დოლარი. აქედან ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში 1,4 მლრდ დოლარი (18%), მრეწველობაში _ 880 მლნ (11%), ენერგეტიკაში _ 942 მლნ (12%), მშენებლობაში _ 568 მლნ (7%), სოფლის მეურნეობაში _ 70 მილნ დოლარი (1%).

როგორც ჩანს, უკანასკნელი 5 წლის მანძილზე ინვესტიციების საერთო მოცულობის მხოლოდ 12%-ია ჩადებული მატერიალური წარმოების ისეთ დარგებში, როგორიცაა: მრეწველობა და სოფლის მეურნეობა. მაშინ, როცა ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლის დაჩქარება ამ დარგების მაღალი ტემპებით განვითარებაზეა დამოკიდებული. ინვესტიციების მოზიდვა სწორად გააზრებულ ეკონომიკურ მიდგომას მოითხოვს, იგი მხოლოდ სამეურნეო საკითხი არ არის, სახელმწიფოს სტრატეგიის შემადგენელი ელემენტია. ამიტომ, პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რაზე იქნება ყურადღება გამახვილებული: ინვესტიციების მოცულობაზე (როგორც დღეს) თუ ინვესტიციების ეფექტიანობასა და მის როლზე ეკონომიკურ განვითარებაში. ინვესტიცია იქ უნდა ჩაიდოს, სადაც არა მხოლოდ კონკრეტული სამეურნეო ამოცანა წყდება, არამედ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება შექმნილი სიმძლავრეების როლი ეკონომიკურ სტაბილიზაციაში.

უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტიულ ფორმებად უნდა მივიჩნიოთ ერთობლივი საწარმოების შექმნა, თავისუფალი ზონების, ლიზინგის და სხვა ფორმების გამოყენება. პირველ რიგში გამოვიყენოთ ახალი საწარმოების აშენებისა და არსებულის გადაიარაღებისთვის, რომელთა პროდუქცია როგორც საგარეო, ასევე შიდა ბაზრისთვის იქნება გათვალისწინებული (როგორც საექსპორტო, ასევე იმპორტშემცვლელი პროდუქციის წარმოების გაფართოებისთვის).

აქვე შევეხები საინვესტიციო პროცესის აქტივიზაციის ერთ მნიშვნელოვან რეზერვს. მხედველობაში მაქვს მოსახლეობის სახსრების მოზიდვა. ეს შეიძლება პარადოქსად  მოგვეჩვენოს, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი სახსრების მწვავე ნაკლებობას განიცდის, ფაქტიურად სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა. ასეთ დროს მოსახლეობის მწირი დანაზოგები ინვესტიციების სერიოზულ წყაროდ არ განიხილება. თუმცა, საზოგადოების მცირე ნაწილის (მდიდართა) კაპიტალის უდიდესი ნაწილი ქვეყანაში არ არის დაბანდებული (სხვათაშორის, ეს მოვლენა დამახასიათებელია მთელი მსოფლიოსთვის). ეს დიდი რესურსია, რომელთა რაციონალური გამოყენება ქვეყანას წაადგება, ამიტომ ყოველმხრივ წახალისებას (პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური, მორალური) მოითხოვს აღნიშნული კაპიტალის ეროვნულ ეკონომიკაში განთავსების პროცესი.

ქვეყანას უნდა ჰქონდეს განვითარების სტრატეგიის ადეკვატური მიდგომები _ სად, როგორი წინაპირობებით და მოსალოდნელი შედეგებით უნდა იქნას გამოყენებული ინვესტიციები, რათა საბოლოოდ მიღწეულ იქნას სოციალურ-ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლება.

უცხოური ინვესტიციების მიღების საინტერესო ფორმაა სხვადასხვა არხებით შემოსული სახსრები, რომელთა გამოყენება ხდება ცალკეული პროექტების მიხედვით. ეს ძირითადად არასამთავრობო სტრუქტურების მეშვეობით ხორციელდება და უმრავლეს შემთხვევაში ოფიციალურ სტატისტიკაშიც არ აისახება. სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რა რესურსები შემოდის ქვეყანაში და მიზნობრივად როგორ გამოიყენება, რამდენად თავსებადია ეს პროცესი ქვეყნის განვითარების სტრატეგიასთან!

ამრიგად, ინტეგრაციული პროცესები თანდათანობით ღრმავდება, ქვეყანა იძენს გარესამყაროსთან ურთიერთობების გამოცდილებას, მიუხედავად იმისა, რომ საგარეო სავაჭრო ბრუნვა უარყოფითი სალდოთია წარმოდგენილი, განვლილ პერიოდში საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობებში ჩამოყალიბებული ტენდენციათა ანალიზი ადასტურებს, რომ გეოეკონიმიკა (საერთოდ ინტეგრაციული პროცესები, თუ ხელი შევუწყვეთ მის შემდგომ გაღრმავებას) ქვეყნის განვითარების სტრატეგიული რესურსია და კომპლექსურად ამოქმედებას საჭიროებს პრინციპით _ სახელმწიფო პოლიტიკის ეკონომიზაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ თანამედროვე პირობებში უპირატესობა მიეცეს სახელმწიფო პოლიტიკის ეკონომიკური მეთოდებით განხორციელებას. ეს არის გლობალურ პროცესებთან ადაპტირების რეალური გზა.

ამრიგად, სახელმწიფო პოლიტიკის ეკონომიზაცია _ ქვეყნის განვითარების სტრატეგიის განსაზღვრის ამოსავალი პრინციპია!

 


ნოდარ ჭითანავა
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: