ფულის მონობიდან... მენტალური რევოლუციის აუცილებლობამდე!

ფულის მონობიდან... მენტალური რევოლუციის აუცილებლობამდე!

 

ვერ ვიტყვი „გუგავა მოვა“-ს გადაასწრო, მაგრამ, ვინც ჩემი ბოლო სტატია „არჩევნები არა კვახი, ანუ რატომ არ ვიყარე კენჭი თბილისის მერის არჩევნებში“ წაიკითხა, ყველა ერთსა და იმავე კითხვას მისვამს: არჩევნები თუ კვახი?

 

რა თქმა უნდა კვახი, რადგან, მას დღევანდელი არჩევნებისგან განსხვავებით, რაღაც სარგებლობის მოტანა მაინც შეუძლია. თან, როგორც „კვლევამ“ გვიჩვენა, თითქმის ყველას ძალიან უყვარს.

 

შეიძლება მოუკერძოებლად ითქვას: ბევრი ეთანხმება სტატიაში გამოთქმულ პათოსს, რომ დღევანდელმა არჩევნებმა საერთოდ ყოველგვარი აზრი დაკარგა, რომ პლურალისტული (მრავალკანდიდატიანი, „მრავალპარტიული“ - ბრჭყალებში იმიტომ ვსვამ, რომ ყველა პარტია თავისი იდეოლოგიით და ინტერესებით ტყუპისცალივით ჰგვანან ერთმანეთს)  არჩევნები მხოლოდ მოჩვენებითობა და შირმაა დემოკრატიული ფონის (ფასადის) შესაფუთად, თუმცა, გამომიჩნდნენ ოპონენტებიც, რომლებიც არ მეთანხმებიან ჩემს ანალიზში გამოთქმულ მოსაზრებაში, რომ 2012 წლის არჩევნებში მთავარი ფაქტორი ხალხის ნება აღმოჩნდა და არა ფული, როგორც ეს ზოგადად არის მიჩნეული!

 

მაშინ ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: 2012 წლის ოქტომბერში არჩევნების ბედი მაინც ხალხის აგრესიულმა ერთობამ გადაწყვიტა _ მთავარი მოტივი (მიზეზი) „ნაციონალური“ უღლისგან განთავისუფლება იყო - ხალხს ყელში ჰქონდა ამოსული ის ჯოჯოხეთი, რაც მან „ნაციონალური “ რეჟიმის ზეობის პერიოდში საკუთარ ტყავზე გამოსცადა.

 

ოპონენტების გასაგონად კი ვიტყვი: მე შეგნებულად თავი ავარიდე იმის მტკიცებას, რომ არჩევნების შედეგებში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ფულმაც შეასრულა - ამით შევეცადე არ დამეკნინებინა თანამედროვე ქართული საზოგადოების სახე, პირდაპირ არ მეთქვა, რომ ჩვენში ისე ღრმადაა გამჯდარი ფულის კულტი, რომ მან (ფული) ჩვენი ღირსებაც კი არარაობად აქცია, რომ ფულის ფაქტორმა (ბიძინა ივანიშვილის ფულმა) დიდი როლი ითამაშა მაშინ ხალხისგან წამოსული მუხტის აგორებაში!

 

როგორც 2011 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ სტატიაში - „ომახიანი გზავნილი ჭორვილადან, ანუ საქართველო ისევ მერიის მოლოდინშია!“ ვწერდი, ხალხს ივანიშვილი თოვლის პაპად წარმოედგინა, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველას „ტკბილ ნუგბარს“ დაურიგებდა - ხალხს მაშინ ეგონა, რომ  მეცენატი ივანიშვილი მომავალშიც ისეთივე ხელგაშლილი იქნებოდა, როგორც პოლიტიკაში შემოსვლამდე იყო. მეტიც, იგი „ჯადოსნურ კვერთხს“ მოიქნევდა და „საქართველოში რძის მდინარეები იდინებდა“!

 

ფაქტია, ხალხი მოიხიბლა ივანიშვილის განცხადებითაც, რომ თუ ბიუჯეტი არ გასწვდებოდა სოციალური ხარჯების დარეგულირებას, საკუთარ კაპიტალსაც დაახმარდა...

 

სხვათაშორის, მაშინვე ვიყვირე, რომ ცრუობდა ქართველი მილიარდერი და ხალხს მოვუწოდებდი, ილუზიებისგან განთავისუფლებულიყო. იმასაც ვამბობდი, რომ მთავარი ის კი არ იყო ფორმალურად შეიცვლებოდა თუ არა ხელიხუფლება, მთავარი იყო, რა იქნებოდა შემდეგში _ რა წინაპირობით მოდიოდა ახალი პოლიტიკური ძალა და როგორი იქნებოდა მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის ტვირთი: ხომ არ იყო მათი ომახიანი ლოზუნგები მორიგი ცრუ დაპირებები და საზოგადოებრივი კონტროლის რა მექანიზმი იარსებებდა ამ დაპირებების  გასაკონტროლებლად!!!

 

მაშინ მკითხველთა (საზოგადოების) თითქმის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, შეიძლება ითქვას, ჯვარს მაცვა და ივანიშვილის გულწრფელობაში (ვამბობდი, რომ იგი დავალებით იყო შემოსული პოლიტიკაში) ეჭვის შეტანის გამო ლამის „ნაციონალების“ რუპორად და მხარდამჭერად გამომაცხადეს!

 

სტატიის („არჩევნები არა... კვახი!) ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ხალხი ივანიშვილის ფულს გაჰყვა და არა ივანიშვილს _ ფული მაშინაც ერთადერთი ფაქტორი იყო ხალხის გასაერთიანებლად „ნაციონალების“ წინააღმდეგ, როგორც ადრინდელ არჩევნებში, მაშინაც ფულით ხდებოდა ამომრჩეველთა მოსყიდვა (ანუ, ივანიშვილიცს ხალხს ფულს ურიგებდა) და მხარდამჭერის მიღება „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ და სხვ.

~ვაღიარებ: არის ჭეშმარიტების მარცვალი ჩემი ოპონენტების განცხადებაში - ჩვენდა სამწუხაროდ, მაშინაც ხალხი ივანიშვილის ფულმა მოხიბლა და გულუბრყვილოდ ირწმუნა, რომ სწორუპოვარი ქართველი ქველმოქმედი, ქვეყანას წუმპიდან ამოიყვანდა - „ნაციონალურ“ რეჟიმს გაასამართლებდა („სამართლიანობას“ აღადგენდა) და ხალხსაც განცხრომაში ამყოფებდა!

 

სხვათაშორის, მაშინ არავინ აქცევდა ყურადღებას, რომ ივანიშვილის განცხადებები და ფერად-ფერადი დაპირებები ტყუპისცალივით ჰგავდა სააკაშვილის ომახიან დაპირებებს, რომელსაც იგი უხვად აფრქვევდა 2003 წლის ნოემბერში.

 

ანუ, ხალხს კარგი ცხოვრება უნდა, მაგრამ, დღემდე ვერ გაურკვევია, რატომ რჩება ყოველთვის იმედგაცრუებული - რატომ არ სრულდება წინასაარჩევნო დაპირებები, რატომ იყიდება ასე იაფად (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) და რატომ გახდა არც მეტი, არც ნაკლები, ფულის მონა, მისი (ხალხის) უნიათობითა და უპრინციპობით რატომ დაკარგა ფასი საქართველოში საერთოდ არჩევნებმა?!

 

რატომ არ ვაცნობიერებთ, რომ, როცა ფაქტიურად არჩევანი არა გვაქვს, ანუ არცერთი წარმოდგენილი კანდიდატი არჩევის შემდეგ სახელმწიფო ინტერესების გამტარებელი არ არის - ჩვენი პასიური თუ აქტიური მონაწილეობა კი ანტისახელმწიფოებრივ დატვირთვას რომ იძენს?!

 

აბა რა უნდა ვქნათ, არ მივიდეთ არჩევნებზე? იკითხავს ობივატელი

რა უნდა ვქნათ და ან სრული ბოიკოტი უნდა გამოვუცხადოთ ნებისმიერი დონის არჩევნებს და ამით გამოვხატოთ საკუთარი პროტესტი ანტისახელმწიფოებრივი სისტემის მიმართ (ეს ყველაზე სწორია, მაგრამ, სად არის!), ან შევქმნათ „საქართველოს მამულიშვილთა ერთობა“ (პირობითია, მითუმეტეს, შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირის“ ასოციაციას არ უნდა იწვევდეს), რომელიც თავისივე წიაღიდან წამოაყენებს პროფესიონალ, გულანთებულ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კანდიდატურებს და თვითონვე გახდება საკუთარი ხმების დაცვის გარანტი _ საკუთარი აქტიურობით არსებულ ხელიოსუფლებას თვითონვე შეაცვლევინებს საკუთარ ინტერესებზე მორგებულ საარჩევნო კანონდებლობას და შესაბამისად, შეცვლის საარჩევნო გარემოსაც!

 

არავინ ამის უფლებას არ მოგვცემს _ იტყვის ისევ ობივატელი. ადრე ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: უფლებებს არ იძლევიან, უფლებებს მოიპოვებენ, ჩვენ კი თითის და ტვინის გაძრევა არ გვინდა!

 

მე იმის ილუზია არა მაქვს, რომ გლობალიზაციის მარწუხებისგან თავის დახსნა ადვილად შეიძლება და ჩვენ ჩვენს ნებაზე ნებივრობის უფლებას მოგვცემენ, მაგრამ, რაღაცის შეცვლა ჯერ კიდევ რომ შეიძლება, ფაქტია!

 

ამას საზოგადოების მტკიცე ნება და ფულის კულტისგან განთავისუფლება სჭირდება!

 

მართალია, ფული და კომფორტი ყველას უყვარს ამ ცისქვეშეთში, მაგრამ, ქართველებს განსაკუთრებით და ეს სახელმწიფოსადმი დამოკიდებულებაშიც ყოველთვის მჟღავნდება.

 

მეორეც: არც იმის ილუზია მაქვს, რომ ელემენტარული რესურსების გარეშე დღევანდელი ტიპის არჩევნებში არათუ გამარჯვება, მონაწილეობაც კი შეიძლება, მაგრამ, ვიდრე ქართული ფული (ქართველი ამომრჩევლისგან კაპიკ-კაპიკ შეგროვებული) არ იქნება ჩადებული საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად, ყოველთვის სავალალო შედეგს მივიღებთ.

 

ერთი სიტყვით, რევოლუცია გვჭირდეა, ოღონდ, მენტალური რევოლუცია და, რაც ყველაზე მთავარია, ფულის კულტისგან განთავისუფლება!

 

ზაურ ნაჭყებია

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: