Iverioni
«    ივნისი 2018    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
ივნისი 2018 (8)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
იანვარი 2018 (7)
22-01-2018, 14:04
ნანახია: 1396

ზაურ ნაჭყებია: რა სტკივა საქართველოს ეკლესიას?!

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა საშობაო ქადაგებაზე საპატრიარქოს ფაქტიურად „ფრონტი გაუხსნა“ - მან ღიად დააფიქსირა დღევანდელ საქარველოს ეკლესიაში დაგროვილი მწვავე პრობლემები  და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ გამოწვევებს ადეკვატური პასუხი უნდა გაეცეს. (https://www.facebook.com/grigol.berbichashvili?fref=search)

 

კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ჩვენ საკუთარი ცხოვრებიდან თანდათან „გავაქრეთ“ ქრისტე და საჭიროა იგი „დავაბრუნოთ“. ამასთან, საჭიროა ეკლესიის, „როგორც ყველაზე გავლენიანი სისტემის უზრუნველყოფის განხორციელება“, „ეკლესიის ინფრასტრუქტურის განვითარება და კონტროლის მექანიზმების დახვეწა“. მან ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ეკლესიას თანდათან მრევლი აკლდება, რაც მისი ავტორიტეტის დაკნინებაზე მიანიშნებს და ღრმა ანალიზს მოითხოვს.

 

მეუფის მხრიდან „გახსნილი ფრონტი“, ანუ საპატრიარქოს და მისი საჭეთმპყრობელის ღია ოპონირება, გარკვეული სტიმული გახდა სასულიერო პირებისა და თეოლოგებისთვის.

 

დეკანოზი ლევან მათეშვილი ოპერატიულად გამოეხმაურა მღვდელმთავრის „ამბოხებას“ და საკმაოდ დამაფიქრებელი ანალიზიც დადო. არსებული სიტუაციის ობიექტური შეფასება და მის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები აშკარად ცხადყოფს, რომ საქართველოს ეკლესიაში საკმაოდ მწვავე პრობლემები დაგროვდა და თუ დროზე არ დავარისხეთ განგაშის ზარი, ქართული საზოგადოება სერიოზული დილემის წინაშე დადგება.

 

სტატიაში გზადაგზა შევეხები მამა ლევან მათეშვილის მიერ წამოჭრილ პრობლემებს.

 

გაცილებით მძიმედ იკითხება თეოლოგ ზელიმხან უძილაურის სტატია. ავტორი ღიად ამხელს საქართველოს ეკლესიაში არსებულ პრობლემებს და არც კონკრეტული პირების დასახელებას ერიდება.

 

უძილაური თვლის, რომ „დღევანდელი საქართველოს ეკლესია სხვადასხვა იდეოლოგიისა და სპეცსამსახურის სამიზნეა“, „დაუსრულებელი ბრძოლა მიმდინარეობს ეკლესიის შეიგნით არსებულ დაჯგუფებებს შორის“. იგი არ გამორიცხავს, რომ ხალხი ზურგს შეაქცევს დასუსტებულ, შიდა დაპირისპირების არენად ქცეულ ეკლესიას. თუმცა, უფრო შორსაც მიდის და აცხადებს, რომ „ეკლესიას მაღალი იერარქების და საპატრიარქოს გარემოცვის ხელში დადძალი ქონებაა თავმოყრილი“ და ეს მაშინ, როცა „რიგითი სამღვდელოება დაუცველია და დაჩაგრული მღვდელი გაჭირვებული და მშიერი დაეხეტება“...

(https://www.facebook.com/notes/zelimkhan-udzilauri/%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90/10156099312211214/).

 

საქართველოს ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე საკუთარი აზრი, როგორც რიგით მრევლს, ადრე მეც გამომითქვამს. სასულიერო პირების აქტიურობამ და მათი მხრიდან ეკლესიის ღია ოპონირებამ, სურვილი გამიჩინა ამ თემას ისევ დავუბრუნდე.

 

ეკლესია სერიოზული დილემის მოლოდინში!

 

სტატიაში „შეთქმულება ეკლესიის წინააღმდეგ თუ შიგნიდან გატეხილი ციხე“ (ივერიონი“, 24,02,2017), ხაზგასმით ვწერდი, რომ ოპერაცია „ციანიდით“ „საქართველოს ეკლესიის მტრები ეკლესიაში არეულობის შეტანას და იქ არსებული განხეთქილების საბოლოოდ „გაფორმებას“ აპირებდნენ“ და ეს აწყობდა იმას, „ვისაც დაუოკებელი სურვილი აქვს შეარყიოს ეკლესიის შეუვალი ავტორიტეტი და ერი სულიერი საყრდენის გარეშე დატოვოს“.

 

მიუხედავად იმისა, რომ მე სპეციალობით არც თეოლოგი ვარ და არც ღვთისმეტყველების სპეციალისტი (ამდენად, არც პრეტენზია მაქვს მიმოვიხილო საქართველოს ეკლესიის ისტორია), როგორც რიგითი მრევლი, თავს უფლებას ვაძლევ ჩემი გადასახედიდან გავაანალიზო ის პრობლემები, რომელსაც ეკლესიის წიაღში ვხედავ და რომლის უგულვებელყოფამაც შესაძლოა სრულ კატასტროფამდე მიიყვანოს ქვეყანა!

 

როგორც ზემოთ ხსენებულ სტატიაში ვწერდი, მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია ქრისტეს სხეულია, იგი ამავდროულად ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც გადაცდომებისგან ვერ იქნება დაზღვეული. როგორც ეკლესიის წიაღში მოღვაწე მღვდლისა თუ მღვდელმთავრის საუბრიდან ჩანს, დღეს უკვე არა ნებსით თუ უნებლიე გადაცდომასთან გვაქვს საქმე და თუ ამას წავუყრუებთ, მოსალოდნელი შედეგი საქართველოს ეკლესიის არა მარტო დაკნინება, არამედ, მასში სრული დეზორგანიზაციის შეტანა იქნება, რაც საბოლოოდ სახელმწიფოს კრახით დასრულდება.

 

ხაზგასმით შეიძლება ითქვას, რომ ოპერაცია „ციანიდმა“ არა მარტო დააკნინა ეკლესიის ავტორიტეტი, არამედ, მკაფიოდ წარმოაჩინა იქ არსებული დაპირისპირებებიც, რომლის საბოლოო მიზანი მართლმადიდებელი მრევლის სულიერი საზრდოს გარეშე დატოვებაა.

 

დღეს, როცა საზოგადოებას ხელისუფლების სახით სახელმწიფოს რეალური მესაჭის განცდა არა აქვს, ერთადერთი ავტორიტეტი საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, რომელზეც დგას ჯერჯერობით საქართველოს ეკლესიის ავტორიტეტიც.

 

ვეთანხმები მამა ლევან მათეშვილს, რომ პატრიარქის იმ სამყაროში გადასახლებასთან ერთად ერთ ადამიანზე დაყრდნობილი ავტორიტეტიც ხუხულასავით დაინგრევა და საქართველოს ეკლესია სერიოზული დილემის წინაშე დადგება, ანუ სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, ჩამოიშლება.

 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკლესიის ისტორია სავსეა განსაცდელებით _ მუდმივი შიდა დაპირისპირებებით, ავტოკეფალიის გაუქმებით თუ სრული უღმერთობის (ათეიზმი) 70-წლიანი ეპოპეით, მომავალი განსაცდელი ყველაზე საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს!

 

ნიშანდობლივია ისიც, რომ ხელისუფლების როლი (ასე იყო ადრეც, ასეა ახლაც) მოსალოდნელ კატასტროფაში არსებითია - იგი თვითონაა დაინტერესებული დეზორგანიზაცია შეიტანოს ეკლესიაში და ამით უმტკივნეულოდ გაანეიტრალოს ქვეყანაში არსებული ერთადერთი ოპონენტი (თუმცა, სხვა საკითხია, რამდენად თანმიმდევრულია ეკლესიის მხრიდან ხელისუფლების ოპონირება). ერთადერთი გამონაკლისი იყო ზვიად გამსახურდია, რომელმაც ღიად ამხილა ეკლესიაში არსებული მწვავე პრობლემები და ახალი რუის-ურბნისის კრების ჩატარებისა და დიდი საეკლესიო რეფორმის იდეა წამოაყენა.

 

ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა ბედი ეწია გამსახურდიას ხელისუფლებას და რა ჭორები დადიოდა (და დღესაც დადის) იმ საბედისწერო დღეებში საქართველოს ეკლესიის (ამ შემთხვევაში, საპატრიარქოს) დამოკიდებულებაზე პუტჩთან მიმართებაში. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს ეკლესიას კანონიერი ხელისუფლების ძალადობით დამხობის გამო მაშინ პროტესტი არ გამოუთქვამს და უცხო ძალების მიერ ხელოვნურად ინსპირირებული ძმათამკვლელი ომი არ დაუგმია. აქსიომაა, რომ საქართველო ზუსტად იმ საბედისწერო ღალატის შედეგს იმკის!

 

დაგვიანებული თუ თავსმოხვეული გადაწყვეტილება?!

 

პატრიარქის მხრიდან სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის - შიოს (მუჯირი) მოსაყდრედ მოულოდნელმა დანიშვნამ, აჟიოტაჟი შეიტანა საეკლესიო წრეებში და კიდევ უფრო გაზარდა შიდა დაპირისპირების მასშტაბები.

 

საქმეში ჩაუხედავმა ადამიანებმა, პატრიარქის ეს გადაწყვეტილება ისე მიიღეს, თითქოს მისმა უწმინდესობამ საკუთარი შემცვლელი, ანუ საქართველოს ეკლესიის მომავალი საჭეთმპყრობელი დაასახელა. საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის  დებულების მიხედვით, რომელიც მიღებულია 1995 წელს, მოსაყდრე შეიძლება იყოს პატრიარქობის ერთ-ერთი კანდიდატი სამ კანდიდატს შორის, თუმცა, ეს სტატუსი მას განსაკუთრებულ პრივილეგიას არ ანიჭებს, რადგან, საბოლოო გადაწყვეტილებას წმინდა სინოდი იღებს. ზოგს მოსაყდრე თანამოსაყდრეში ეშლება, რომელსაც პირველისგან განსხვავებით, მოქმედი პატრიარქისგან დელეგირებული აქვს გარკვეული უფლებამოსილება და მისსავე სიცოცხლეში მონაწილეობას ღებულობს ეკლესიის მართვაში.

 

სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში მიტროპოლიტი შიო მხოლოდ მოსაყდრეა და მას სათანადო უფლებამოსილება არ გააჩნია, თუ არ ჩავთვლით იმ უპირატესობას, რომ მას პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ უფლება აქვს მოიწვიოს (მოამზადოს) სინოდის სხდომა და პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი პერსონაც დაასახელოს.

 

საქმეში ჩახედული ადამიანები მიიჩნევენ, რომ პატრიარქმა ან იჩქარა და სათანადო უფლებამოსილებით არ გაამყარა საკუთარი გადაწყვეტილება, ან აიძულეს ეს გადაწყვეტილება მიეღო და ამით კიდევ უფრო გაართულა მისი მემკვიდრის არჩევის პროცედურა (უკვე იმასაც ამბობენ, რომ პატრიარქის ნაჩქარევი გადაწყვეტილების უკან მისი მდივანი შორენა თეთრუაშვილი დგას!).

 

 

საქმე იმაშია, რომ მიტროპოლიტი შიო, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც საეკლესიო მოღვაწე, დადებითად ხასიათდება,  საქართველოს ეკლესიაში (წმინდა სინოდში) არსებული გავლენის არც ერთი ჯგუფის მხარდაჭერით არ სარგებლობს, რაც ხელ-ფეხს უხსნის ეკლესიის რეაქციულ ძალებს გახლიჩონ ეკლესია და საქართველო რამდენიმე (ორი ან ორზე მეტი) პატრიარქის მოწმე გახდეს (სხვათაშორის, თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმს ჰქონდა ავანტურისტული გეგმა „ორი პატრიარქი“, რომელსაც „ბოკერიას გეგმას“ უწოდებენ, თუმცა, არ დასცალდათ!).

 

თუ მდგომარეობას რეალურად შევაფასებთ, პირდაპირ უნდა ითქვას: საქართველოს ეკლესია ჩიხშია შესული, საიდანაც გამოსვლა ქართველი ერის სრულ მობილიზებას მოითხოვს - ეკლესიის წიაღში მოკალათებულ რეაქციულ ძალებს არ უნდა მივცეთ საშუალება, საბოლოოდ დააკნინონ ეკლესიის ავტორიტეტი და მისი მთლიანი ორგანიზმი შუაზე გახლიჩონ. თუ ამას მიაღწიეს, ეს იქნება ქართველი ერის, ზოგადად, ქართული სახელმწიფოს, განადგურების ტოლფასი!

 

აქსიომაა ისიც, რომ თუ წმინდა სინოდის სხდომის ჩატარება მოხერხდა, დიდი ალბათობით, პატრიარქის გადაწყვეტილების რევიზია მოხდება და მოსაყდრე შეიძლება  გადააყენონ, რაც ეკლესიაში დეზორგანიზაციის შეტანის წინაპირობა იქნება!!! (როგორც ამბობენ, სწორედ ამ მიზეზით არ იკრიბება წმინდა სინოდი).

 

შედარებით უკეთეს რეალობას მივიღებთ, თუ მისი უწმინდესობა ჯანმრთელობის გაუარესების მოტივით (არადა, როგორც ამბობენ, ფიზიკური დაუძლურების პროცესი სახეზეა) მიტროპოლიტ შიოს თანამოსაყდრედ დანიშნავს და მართვის უფლებამოსილების დელეგირებასაც მოახდენს. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება მყარი გარანტია, რომ ეკლესიის გახლეჩისა და რეაქციული ძალების გააქტიურების საშიშროება საბოლოოდ თავიდან ავიცილოთ, მაგრამ ავანტურისტული სცენარის შერბილების საფუძველს ნამდვილად მოგვცემს.

 

თუ მისმა უწმინდესობამ ეს ნაბიჯი დროულად გადადგა, პატრიარქის ტახტისთვის გამართულ „ხელჩართულ ბრძოლაში“ საზოგადოების შემაკავებელი ფაქტორი უფრო ეფექტური გახდება!

 

 

ყველა თვითონ ქმნის საკუთარ გარემოცვას!

 

 

ამ სიტყვებში არა მარტო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება და უღმერთობის (ათეიზმი) სამოცდაათწლიანი ეპოპეა ოგულისხმება, არამედ, საქართველოს ეკლესიის წიაღში არსებული შიდა დაპირისპირებებიც და სამარცხვინო „ბრძოლები“ პატრიარქის ტახტის ხელში ჩასაგდებად.

 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკლესიის ისტორია ეკლესიის წიაღში შემოპარული სულმდაბალი ადამიანების ისტორიაცაა, მადლობა ღმერთს, საკმაოდ გვყავდა რწმენისთვის თავდადებული, ქრისტეს ერთგული მხედრებიც, რომელთა მხრებზეც იდგა ეკლესიის ერთიანობა და ავტორიტეტიც. ნიშანდობლივია, რომ ეს ავტორიტეტი ვერც ათეისტურმა ჯოჯოხეთმა შეარყია...

 

საკმაოდ ბევრი ითქვა და დაიწერა მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ღვაწლზე და დამსახურებაზე ქართველი ერისა და საქართველოს ეკლესიის წინაშე. მის სახელს უკავშირდება ასეულობით ახალი ეკლესია-მონასტრის აშენება და ძველის აღდგენა-რესტავრაცია, სასულიერო სასწავლებლების დაარსება. მისი მოღვაწეობის გვირგვინია წმინდა სამებისა და მახათას მთაზე მშენებარე ივერიის (რომელიც დასრულების პროცესშია) ღვთისმშობლის ხატის სახელობის გრანდიოზული ტაძრები. ერთი სიტყვით, მას დიდი ღვაწლი აქვს შეტანილი ქართველი ერის სულიერ გამოღვიძებაში. თუმცა, არის შეცდომებიც, რომლებმაც დღეს საკმაოდ მწვავედ იჩინეს თავი.

 

უპირველესად, ეს ეხება იმ გარემოცვას, რომელიც დღეს დასუსტება-გახლეჩით ემუქრება ქართულ ეკლესიას. მხედველობაშია მისაღები ხელოვნურად გაზრდილი ეპარქიებიც, რამაც ხელი შეუწყო წმინდა სინოდის დაპირისპირებულ ჯგუფებად ფორმირებას. არც ის არის დასამალი, რომ ტრადიციად იქცა წარსულში საეჭვო რეპუტაციის მქონე სასულიერო პირების მღვდელმთავრის ხარისხში აყვანა და დაბალი კვალიფიკაციის სასულიერო დასის ხელდასხმა, რომელიც ზიანს აყენებს ეკლესიის ავტორიტეტს და ისედაც მცირედმორწმუნე მრევლის გაუცხოებას იწვევს. არის ეკლესიის მართვაში დაშვებული სხვა შეცდომებიც - სამწუხაროდ, დღესაც აშკარაა რუსული ეკლესიის გავლენა და საქართველოს ეკლესიის სხვა მართლმადიდებელი სახელმწიფოების ეკლესიებისგან იზოლაცია! ნიშანდობლივია ისიც, რომ დღევანდელი საპატრიარქო უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების რკალშია მოქცეული... (ჩემის მხრიდან, მისი უწმინდესობისადმი მოწიწებისა და ქრისტესმიერი სიყვარულის დასტურია თავის დროზე ჩემივე ავტორობით გამოცემული წიგნი - „ჩემი პატრიარქი“. თუმცა, ეს არ მიშლის ხელს, ვისაუბრო იმ პრობლემებზეც, რომელიც აშკარაა და საფრთხეს უქმნის ეკლესიის ერთიანობას).

 

საპატრიარქო „რუხი კარდინალისა“ და იქ შეპარული „ურჩხულებისგან“

უნდა გაიწმინდოს!

 

ვიდრე საპატრიარქო ე.წ. „რუხი კარდინალისგან“ („რუხი კარდინალი“ პრაქტიკაში აპრობირებული ტერმინია. ასეთებად იწოდებიან ადამიანები, რომელთაც მაღალ იერარქიაში უმაღლესი თანამდებობა არ უჭირავთ, მაგრამ, პოლიტიკას განსაზღვრავენ. ასე მაგალითად, შევარდნაძის ხელისუფლებაში ეს ტიტული აწგანსვენებულ ნუგზარ საჯაიას ჰქონდა, ხოლო სააკაშვილის ხელისუფლებაში ზურაბ ადეიშვილს) და იქ მოკალათებული სხვა „ურჩხულებისგან“ არ გაიწმინდა, ქართული ეკლესიის დასუსტება-გახლეჩის საშიშროება დღითიდღე მატულობს!

 

„რუხ კარდინალში“ პატრიარქის მდივანი, ქალბატონი შორენა თეთრუაშვილი იგულისხმება, რომელიც, როგორც ამბობენ, საპატრიარქოში საკმაოზე მეტ ძალაუფლებას ფლობს და მის წინაშე სინოდის წევრებიც კი თავს ანგარიშვალდებულად გრძნობენ.

 

აი, რას წერს პატრიარქის მდივანზე თეოლოგი ზელიმხან უძლაური:

 

„ჩვენ ბოროტების პერსონალიზაციისა და ვინმეს დემონიზაციის მოწინააღმდეგე ვართ, მაგრამ, ყველა მონაცემის მიხედვით ეს მისია რუსულმა სპეცსამსახურებმა პატრიარქის პირად მდივანს, ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს დააკისრა. ამ შემთხვევაში მას სხვას ვერაფერს ვუწოდებ, თუ არა ურჩხულს. ამ ქალბატონმა ურჩხულმა დაიმატა რამდენიმე დამხმარე ურჩხულიც, რომელთა შორის გამოირჩევა პროტოპრესვიტერი, აკადემიის რექტორი, გიორგი ზვიადაძე“.

 

„ამ ურჩხულის არსებობის პირობებში ყოველგვარი პოზიტიური ხმა, არჩევანი თუ ეკლესიის გადარჩენის მცდელობა ჩაილურის წყალს დალევს“...

 

მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. „ციანიდის“ საქმემ კიდევ ერთხელ გააშიშვლა „რუხი კარდინალის“ განსაკუთრებული მისია საპატრიარქოში, მისი ძალაუფლება მაინც ვერ შეარყია. არადა, სტატუს-კვოს შენარჩუნებით იგი რეალურ საფრთხეს უქმნის საქართველოს ეკლესიის მომავალს, რაშიც მომავალი პატრიარქის გამორჩევაც იგულისხმება.

 

რაც შეეხება ზელიმხან უძილაურის მიერ დასახელებულ მეორე „ურჩხულს“, პატრიარქის პროტოსპრესვიტერს, სასულიერო აკადემიის რექტორს, გიორგი ზვიადაძეს, ამ ორიოდე წლის წინ „ივერიონში“ ახალგაზრდა თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი მას საკმაოდ დამამძიმებელ ბრალდებებს უყენებდა (http://iverioni.com.ge/11281-akhali-chudecki-da-misi-dajgufeba.html).

 

როგორც ამბობენ, ქ-ნ შორენა თეთრუაშვილთან ერთად, იგი საკმაოდ დიდ გავლენას ფლობს საპატრიარქოში და ეს გავლენა არა მარტო სასულიერო აკადემიაში არსებულ ვითარებას უკავშირდება (როგორც ამბობენ, რექტორი არ წყალობს უცხოეთში სწავლა-განათლება მიღებულ თეოლოგებს და ღვთისმეტყველებს, ამასთან საკმაოდ უხეში და „შეუვალია“ სტუდენტებთან ურთიერთობაშიც. ამბობენ იმასაც, რომ იგი აქტიურად მონაწილეობს მღვდლების ხელდასხმაში და კორუფციულ სქემაში მისი სახელიც ფიგურირებს).

 

ბოლოთქმა: არავინ უარყოფს, რომ საქართველოს ეკლესია დღეს განსაკუთრებული დილემის წინაშე დგას, თუმცა, ძალიან ცოტა ფიქრობს იმაზე, თუ როგორ უნდა ვიხსნათ  იგი ეკლესიის დაუძინებელი მტრების კლანჭებიდან. მოცემულ ეტაპზე, ყველაზე აქტუალურია, ვინ იქნება დღევანდელი პატრიარქის მემკვიდრე და როგორი უნდა იყოს იგი?

 

როგორც ზემოთ ვთქვი, ამ თემას საკმაოდ კვალიფიციური სტატია მიუძღვნა მამა ლევან მათეშვილმა. იგი საქმის ცოდნითა და სასულიერო პირისთვის დამახასიათებელი აკადემიურობითაა დაწერილი და ამდენად არ განვმეორდები.

 

თუმცა, ხაზგასმით ვიტყვი: მთავარია, არა მარტო იმის გარკვევა, თუ როგორი უნდა იყოს მომავალი პატრიარქი და რა სახის რეფორმები უნდა გაატაროს მან საქართველოს ეკლესიაში, არამედ, უპირველესად იმისთვის უნდა ვიბრძოლოთ, თუ როგორ  ავიცილოთ თავიდან ეკლესიის გახლეჩვა და მისი ავტორიტეტის საბოლოოდ დაკნინება, რაც (როგორც უკვე ვთქვი) საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, განადგურების ტოლფასი იქნება!

 

რაც შეეხება საკუთრივ საქართველოს ეკლესიის მომავალს, ვეთანხმები მამა ლევან მათეშვილს, რომ აუცილებელია მისი ინსტიტუციონალური და სტრუქტურული რეორგანიზაცია - უპირველესად, იგი უნდა გაიწმინდოს „უცხო სხეულებისგან“, ანუ მღვდლისა, თუ მღვდელმთავრის კაბას (ანაფორას) ამოფარებული საეჭვო რეპუტაციის სასულიერო პირებისგან.

 

ვეთანხმები იმაშიც, რომ საქართველოს ეკლესიას ნამდვილად აკლია კვალიფიციური თეოლოგები, რაც გარკვეულწილად უარყოფითად აისახება ეკლესიის ავტორიტეტზე და შესაბამისად,  სასულიერო პირებისადმი ნდობის ხარისხსაც ამცირებს.

 

ვეთანხმები იმაშიც, რომ მომავალი პატრიარქის არჩევაში არ უნდა ჩაერიონ „ეკლესიის წიაღში არსებული რადიკალური დაჯგუფებები“, ამასთან, ქართული ეკლესია უნდა ვიხსნათ იზოლაციონალიზმისგან და ფუნდამენტალიზმისგანაც.

 

კიდევ ერთხელ ვიტყვი: მამა ლევან მათეშვილისის სტატიიდან აშკარად ჩანს, რომ საქართველოს ეკლესიაში საკმაოდ მწვავე პრობლემები დაგროვდა და როგორც არასდროს, დღეს იგი მძიმე განსაცდელშია - იმდენად მძიმე, რომ მას მხოლოდ ახალი დავით აღმაშენებელი თუ უშველის. თუმცა, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ასეთი რეფორმატორის მოსვლა არარეალურია.

 

ვინაიდან, ახალი დავით აღმაშენებლის მოსვლა საქართველოს ხელისუფლებაში ნულის ტოლია, უნდა შევქმნათ „კოლექტიური დავით აღმაშენებელი“, ანუ, ეს მისია საზოგადოების ჯანსაღმა ნაწილმა (ღირსებაშერჩენილმა, ქვეყნის მომავალზე მოფიქრალმა ადამიანებმა) უნდა იტვირთოს - უნდა მოხდეს საზოგადოებრივი აზრის მაქსიმალური მობილიზება, რომ ძირფესვიანად აღიკვეთოს ბუნტი ეკლესიაში და მისი მარტივ-მამრავლებად დაშლა.

 

თუ არ ვიფხიზლეთ, უდავოა, რომ ეკლესიას „ეშმაკები“ დაეპატრონებიან!