ბატონო ბიძინა, მოუსმინეთ თქვენი და „ქართული ოცნების“ კონსტრუქციულ ოპონენტებს, თუ გინდათ თქვენც გადარჩეთ და ქვეყანაც!

ბატონო ბიძინა, მოუსმინეთ თქვენი და „ქართული ოცნების“ კონსტრუქციულ ოპონენტებს, თუ გინდათ თქვენც გადარჩეთ და ქვეყანაც!

 

ღია ბარათი ბიძინა ივანიშვილს

 

 

 

ბატონო ბიძინა,

 

როგორც მოსალოდნელი იყო, საჯილდაო ქვად იქცა თქვენი ბოლო მიმართვა ქართველი ხალხისადმი - ზოგს გულწრფელობაში შეეპარა ეჭვი, ზოგიც ფიქრობს, რომ თქვენი ხმა დაგვიანებულია და ხალხი უკვე აღარ გენდობათ!

 

მათგან განსხვავებით, მიმაჩნია, რომ თქვენ ისევ შეცდომა დაუშვით, როცა დახმარება „ძველ გვარდიას“ თხოვეთ - იმ გვარდიას, „ვინც შეუძლებელი შეძლო 2012 წლის იმ ისტორიულ დღეებში“ და „ქართულმა ოცნებამ“ უსირცხვილოდ გარიყა.

 

სხვათაშორის, ეს ის ხალხია, ვინც წამდაუწუმ გახსენებთ, რომ „კარგად გამოიყენეთ“ და მერე „გადააგდეთ“ - ძნელია, დღეს მხოლოდ იმ „გადაგდებულების“ იმედზე დარჩეთ!!!

 

თუ არ ვცდები, სოციალურ ქსელში გიორგი მახარაძე წერდა, რომ იმ „ძველი გვარდიის“ ზოგიერთი წარმომადგენელი უკვე მოცუცქდა თქვენთან და გადაჭარბებულ წარმოდგენებს გიქმნით, ანუ ქლესობით ცდილობს ნდობის მოპოვებას და კიდევ ერთხელ ილუზიის ტყვეობაში გამყოფებთ!

 

მე მესმის მათი პრეტენზია - მართლაც ბევრი პროფესიონალი დატოვეთ ყურადღების მიღმა და მათი ადგილი ნეპოტიზმისა და გამიზნული ღალატის წყალობით, უღირსებმა და ნაცსექტის წარმომადგენლებმა დაიკავეს, რამაც დღევანდელ მწარე რეალობამდე მიიყვანა ქყვეყანა!

 

დიახ, თქვენს მიერ შერჩეულმა და ნდობით აღჭურვილმა კადრებმა უკადრებელი იკადრეს და „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნების რეალური წინაპირობები შექმნეს. თუმცა, ეს არ არის ჩემი დღევანდელი მიმართვის მთავარი გზავნილი!

 

რამდენიმე დღის წინ არჩევნების დამთავრებამდე მორატორიუმი გამოვაცხადე, „ქართული ოცნების“ კრიტიკაზე და სხვებსაც იგივე მოვუწოდე. ვასრულებ ამ პირობას, თუმცა მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო ერთ უმნიშნელოვანეს ფაქტორზე, რომელმაც მოვლენების დრამატულად განვითარებას შეუწყო ხელი - როგორც ამბობენ, თქვენ პატივს არ სცემთ ოპონენტებს და არ გიყვართ ობიექტური კრიტიკა!

 

არადა, ნებისმიერ ადამიანს, მითუმეტეს, პოლიტიკოსს, რომელსაც პრეტენზია აქვს სახელმწიფოს მეურვეობაზე (მართვა სხვა ცნებაა) აუცილებლად სჭირდება ობიექტური კრიტიკის მოსმენა, რომ გამოუსწორებელი შეცდომები არ დაუშვას და როგორც იტყვიან, „დაუკრეფავში“ არ გადავიდეს!!!

 

თუ თქვენ შექმნილი ურთულესი მდგომარეობიდან (მინდა ვირწმუნო, რომ ეს ხელოვნური კრიზისი არ არის) გამოსვლის პოვნა გაქვთ გადაწყვეტილი, აუცილებლად უნდა შეხვდეთ თქვენი და თქვენი ხელისუფლების კონსტრუქციულ ოპონენტებს (ასეთები არც ისე ბევრია, თუმცა, ვინც არიან, ისინიც საკმარისია), რომლებიც შეულამაზებლად წარმოაჩენენ რეალურ ვითარებას, ილუზიების ტყვეობიდან გამოგიყვანენ და კრიზისიდან გამოსვლის რეკომენდაციებსაც მოგცემენ!

 

ეს ის ხალხია, ვინც შეგნებულად არ ჩაჯდა თქვენს ნავში (ან თქვენ არ მიიღეთ მათი სახელმწიფოებრივი, ჯანსაღი პოზიციის გამო) და ზოგიერთებისგან განსხვავებით, მლიქვნელობას და პირმოთნეობას ჯანსაღი ოპონირება არჩია.

 

კიდევ ვომეორებ: თუ თქვენ რეალურად გინდათ ხელი შეუშალოთ „ნაციონალების“ მოსალოდნელ რევანშს და რელსებიდან გადასული ქვეყანა ისევ რელსებზე დააბრუნოთ, სანამ ჯერ კიდევ დროა, შეხვდით იმ ადამიანებს - თუნდაც დახურულ სივრცეში და მოისმინეთ მათგან - ვის დაეყრდნოთ და ვის არ უნდა დაეყრდნოთ, რა რადიკალური ნაბიჯები უნდა გადადგათ არჩევნების მეორე ტურამდე დარჩენილ მეტადრე მოკლე დროში...

 

მერწმუნეთ ბატონო ბიძინა, თქვენი „აღიარებითი ჩვენების“ შემდეგ „ქართული ოცნებისადმი“ კეთილგანწყობა არსებითად არ შეცვლილა - ნუ დაუჯერებთ სოციალურ ქსელს და ნურც ქამელეონების ნიანგის ცრემლები აგიჩუყებთ გულს - ადამიანები ისე გადაგვარდნენ, ერთს ფიქრობენ, მეორეს ამბობენ და მესამეს აკეთებენ!

 

თუ თქვენ ისევ ილუზიების ტყვეობაში დარჩებით და „ქართული ოცნების“  ბოლომდე გაკოტრებული, ე.წ. „სახეების“ იმედი გექნებათ, რევანშიც გარდაუვალია და არც თქვენ მოგელით კარგი დღე, მეტიც, ისტორია სხვა სახელს დაარქმევს თქვენს პიროვნებას, არადა შეგეძლოთ ოქროს ასოებით შესულიყავით საქართველოს ისტორიაში თუ, რა თქმა უნდა, მოვლენები წინასწარ შეთანხმებული სცენარით არ ვითარდება (მიმძიმს ამის გაფიქრებაც კი!) - ასეც რომ მოხდეს და კიდევ ერთხელ მოვტყუვდეთ, ხალხის სასჯელი ძალიან მძიმე იქნება!

 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მლიქვნელების და ჯიბიდან გავარდნილების იმედზე ნუ იქნებით - ისინი მოგატყუებენ და თქვენც წააგებთ და ქვეყანაც. სასწრაფოდ იხმეთ კონსტრუქციული ოპონენტები და გვერდში დაიყენეთ, რომ კიდევ ერთხელ გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვათ.

 

P.S. თქვენს ნავში ჩაჯდომა არც ადრე მიცდია და არც ახლა ვაპირებ, თუმცა ეს არ ნიშნავს, კონსტრუქციული თანამშრომლობის სურვილი არ მქონდეს - მე ყველაფერზე მეტად ჩემი ქვეყნის მომავალი მაფიქრებს, რის გამოც ნებისმიერთან ვითანამშრომლებ, ოღონდ საქართველოს ეშველოს!

 

ერთსაც შეგახსენებთ: მე ის კაცი ვარ, როცა 2011 წლის ოქტომბერში, თქვენს ნავში ჩაჯდომას ერთმანეთს რომ ასწრებდნენ, გაზეთ „რეზონანსში“ (30 ოქტომბერი 2011 წ.) გამოვაქვეყნე სტატია: „ომახიანი გზავნილი ჭორვილადან, ანუ საქართველოს ისევ მესიის მოლოდინშია“, სადაც ღიად ვამბობდი, თუ რას ნიშნავდა თქვენი პოლიტიკაში შემოსვლა საქართველოსთვის და რა წინაპირობები უნდა დაეყენებინა ქართველ ხალხს თქვენთვის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. სამწუხაროდ, ჩემი ყველა  პროგნოზი უტყუარი აღმოჩნდა.

 

ახლაც გული მიგრძნობს, რომ სიტუაცია კიდევ უფრო შეიძლება გართულდეს, თუ თქვენ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული თამაშის დირიჟორი ან, თუნდაც, მონაწილე გახდებით.

 

პატივისცემით,

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: