სააკაშვილის მორიგი ცრუპენტელობა, ანუ ემიგრანტებო: თქვენ უმოწყალოდ გაბრიყვებენ!

სააკაშვილის მორიგი ცრუპენტელობა, ანუ ემიგრანტებო: თქვენ უმოწყალოდ გაბრიყვებენ!

ქართული საზოგადოება 10 თებერვლის მოლოდინშია. სწორედ 10 თებერვალს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბელგიაში, ქალაქ ლიეჟში ატარებს ე.წ. სრულიად ქართველთა კონგრესს, ანუ, როგორც თვითონ ეძახის, ქართველ ემიგრანტთა თავყრილობას, სადაც მოძრაობის „ერთად სახლში“ ფარგლებში საკაშვილის საქართველოში დაბრუნების (ემიგრანტებთან ერთად) სცენარი უნდა გაცხადდეს.

 

მრავალგზის მითქვამს: ყველა ემგირანტს აქვს უფლება დაბრუნდეს საკუთარ სამშობლოში, როცა მას მოესურვება, მაგრამ მათ გაბოროტებული სააკაშვილის ჯავშნის ფუნქცია არ უნდა იტვირთონ და თეთრ რაშზე ამხედრებული ექს-პრეზიდენტი სიტუაციის ასარევად არ უნდა ჩამოიყვანონ საქართველოში. ეს არა მარტო ლოგიკას მოკლებული, არამედ საშიშია კიდეც საკუთარი ქვეყნის პერსპექტივისთვის!

 

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სააკაშვილის სახით ჩვენ საქმე გვაქვს ყველაფერზე ხელის მომწერ ავანტიურისტთან, რომელმაც უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, მეზობელ უკრაინაში პოლიტიკურ ჯამბაზად მოგვევლინა და თავისი იაფფასიანი „ტრიუკებით“ საკუთარი თავი პოლიტიკურ მძევლად აქცია - ჩვენთვისაც საკმაოდ ამაზრზენი სანახავი იყო სახურავზე ამძვრალი და მიწაზე მრავალგზის ნახოხიალები საკუთარი ექს-პრეზიდენტი.

 

თუმცა, ასე არ ფიქრობს გაურკვეველი პოლიტიკური ორიენტაციის მქონე, ერთ დროს პოლიტიკოსად წოდებული ვალერი გელბახიანი, რომელმაც ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში განაცხადა, რომ მან სააკაშვილში არა ლიდერი, არამედ გმირი დაინახა, რომელიც დიდ მობილიზაციას აკეთებს უცხოეთში... „ქართველი, რომელიც მოახერხებს ჩვენი ემიგრაციის მობილიზებას, ის უკვე ლიდერია“.

 

გელბახიანი უფრო შორს მიდის და ივანიშვილს (შესაბამისად, საზოგადოებასაც) ამუნათებს, რომ „აქ აღარ არის უკვე არჩევნები საჭირო და ეს საგანგაშო ფაქტი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებისთვის“.

 

დავუშვათ, ივანიშვილი მზად არის დააბრუნოს მიშას ხელისუფლება და ეს წინასწარ დადგმული სცენარის ნაწილად ჩავთვალოთ, მაგრამ ჩვენ, ქართველ ხალხს არაფერს გვეკითხება ბატონი ვალერი გელბახიანი, როცა არჩევნების აუცილებლობასაც გამორიცხავს ხელისუფლების შესაცვლელად?!

 

რა გამოდის? მიშა, რომელიც ემიგრანტების „ქოლგის ქვეშ“ აპირებს საქართველოში შემოძვრომას, მხურვალე ტაშით უნდა მივიღოთ და ხელების აწევით (უსიტყვო კაპიტულაციით) დავულოცოთ გზა ხელისუფლებისკენ?!

 

კაცი, რომელიც საკუთარ თავს პოლიტიკოსად მიიჩნევს (გელბახიანს ვგულისხმობ) ასეთ ალოგიკურ „სეფე-სიტყვას“ რომ დააბრეხვებს, საერთოდ არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია პოლიტიკოსობაზე. თუმცა, არამყარი პოზიციების მქონე გელბახიანისგან ეს გასაკვირი ნამდვილად არ არის!

 

იგივე ითქმის გუბაზ სანიკიძეზეც, რომელმაც თავის დროზე ივანიშვილის ნავში ჩასხდომის მთავარ მიზნად გამილიონერება დაასახელა. ნამდვილად არ ვიცი, იშოვა თუ არა ბატონმა გუბაზმა ნანატრი მილიონი, მაგრამ თავისი „არაორდინალური“ გამოსვლებით, პოლიტიკური პროსტიტუციის ჭაობში რომ ამოყო თავი, ალბათ, საკამათოდ არავის ეჩვენება.

 

გუბაზ სანიკიძე ის კაცია, რომელმაც ჯერ ტრადიციონალისტებში მოსინჯა საკუთარი ძალა, მერე „ეროვნული ფორუმის“ სათავეებთან დადგა, ახლა კი ნინო ბურჯანაძეს შეეკედლა... თუმცა, მისგან არც ტრადიციების ერთგული გამოდნა და არც ეროვნული იდეების ხმალამოღებული მხედარი შეგვრჩა ხელში. დღეს იგი მიშას იდეების გამპრავებელ-დამცველთა რიგებში მოგვევლინა და მიშას და ნიკას პატრონაჟით გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი დროშა უჭირავს.

 

ძალიან მეცოდება ასეთი პოლიტიკოსების ხელში საქართველო!

 

ახლა კი ისევ ლიეჟს და 10 თებერვალს მივუბრუნდეთ, სადაც მიშას ფანატები იკრიბებიან და საქართველოზე „გამოლაშქრებას“ აპირებენ. თუმცა, სანამ ლიეჟის შედეგების წინასწარ პროგნოზირებას გავაკეთებდე, სჯობს „აქცენტებში“ სააკაშვილის მიერ გაჟღერებული „მარგალიტები“ გავშიფროთ.

 

„ქართული ოცნება“ უკვე მე-7 წელია სააკაშვილის რეჟიმის დაბრუნების მუქარით მუდმივ სტრესში ამყოფებს საზოგადოებას. ამ მეთოდით მიიღო მან საკონსტიტუციო უმრავლესობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში და იგივე მუქარით გააპრეზიდენტა პირველ ტურში გაწბილებული სალომე ზურაბიშვილიც.

 

მიუხედავად, „ქართული ოცნების“ რეიტინგის მუდმივად კლებისა, ეს სატყუარა დღემდე წარმატებით მუშაობს და „ნაციონალური ჯოჯოხეთის“ არდაბრუნების შიშით ხალხი იძულებით უჭერს მხარს არსებულ ხელისუფლებას. თუმცა, რამდენ ხანს წაიღებს კოკა წყალს, დღევანდელი გამწვავებული პოლიტიკური პროცესების ფონზე, პროგნოზირება ძნელია - მოსახლეობის უმრავლესობას უნიათობისა და სხვადასხვა ანტიქართული გადაწყვეტილებების გამო არ მოსწონს დღევანდელი ხელისუფლება, მაგრამ არც ძველის დაბრუნება სურს!

 

თითქოს ანალოგიურია სააკაშვილის რიტორიკაც - იგი გვარწმუნებს, რომ ოლიგარქმა ივანიშვილმა „მიიტაცა“ საქართველო, ხელში ჩაიგდო ყველა სტრატეგიული რესურსი, მონოპოლია აიღო საბანკო სისტემაზე და ახლა ანაკლიის მშენებარე პორტის ხელში ჩაგდებასაც ცდილობს!

 

სააკაშვილი იმასაც გვახსენებს, რომ ივანიშვილის ზეობის პერიოდში მაქსიმალურად გაღატაკდა ხალხი, გაორმაგდა უმუშევრობისა და მაქსიმალური სიდუხჭირის გამო უცხოეთში გაქცეულთა რაოდენობა და არის საშიშროება, რომ მათი ადგილები აფრიკა-აზიიდან გადმოხვეწილმა მიგრანტებმა დაიკავონ (გაეროს მიგრაციის პაქტი, რომელსაც საქართველოს ხელოსუფლებამ მოაწერა ხელი)!

 

როგორც ექს-პრეზიდენტი ამბობს, დღეს საქართველო „ვენესუელურად ვითარდება“, მაგრამ იგი ამას არ შეურიგდება - გარედან ცდილობს შეარყიოს ივანიშვილის რეჟიმი და მის მხარდამჭერ ქართველ ემგრანტებთან ერთად დაუსვას წერტილი ქართველი ოლიგარქის „ბატონობას“ საქართველოში!

 

სხვათაშორის, რა პრეტენზიებსაც სააკაშვილი ივანიშვილს უყენებს, დაახლოებით იგივე პრეტენზიები აქვს მის მიმართ საქართველოს მოსახლეობასაც, მაგრამ, სააკაშვილის პირით ნათქვამი სიმართლეც კი, რომლის მიღმა მისი ხელისუფლებაში დაბრუნების დაუოკებელი სურვილი იმალება, რა თქმა უნდა,  ჩვენთვის გამაბრუებელი არ უნდა იყოს!

 

მიუხედავად იმისა, რომ ნიანგის ცრემლებს აღვარღვარებს და საქართველოს ბედით „გულდათუთქული“ 10 მილიარდიანი ინვესტიციით ქვეყნის აყვავებას გვპირდება, მიშას მაინც არ დაეჯერება! ჯერ ერთი, 10 მილიარდს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე კერძო პირს არავინ მისცემს, მეორეც, მისი ამ სატყუარით ემიგრანტებთან ერთად საქართველოში შემოშვება ნიშნავს ახალ არეულობას ქვეყანაში - ხელისუფლების დამხობას, ან დამხობის მცდელობას, რომელიც ქვეყნისთვის დამანგრეველი იქნება!

 

ის, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ არ გაამართლა ხალხის იმედები, არ ნიშნავს სააკაშვილის რეჟიმის დაბრუნებას - მითუმეტეს, დაბრუნებას ძალადობრივი გზით.

 

მიუხედავად სააკაშვილის ჩვეული რიტორიკისა, რომ ივანიშვილმა მოიპარა (გააყალბა) არჩევნები (არც უმაგისობაა) საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურმაც დაადასტურა, რომ გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტების შიშით ხალხმა მობილიზება გააკეთა და პირველ ტურში მიუღებელი სალომე ზურაბიშვილი გააპრეზიდენტა. ანალოგიური შედეგი აჩვენა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ჰყავს თავისი მუდმივი ელექტორატი, თუმცა, მათი რაოდენობა საკმარისი არ არის არჩევნების (მშვიდობიანი) გზით ხელისუფლებაში დასაბრუნებლად.

 

ახლა, ისევ დავუბრუნდეთ სააკაშვილის ორგანიზებით ჩატარებულ შეხვედრას ბრუკლინში და მის პირდაპირ ჩართვას ტელეკომპანა „რუსთავი-2“-ის საავტორო გადაცემაში (ეკა კვესიტაძე, ნიკა გვარამია) „აქცენტები“.

 

ის, რომ სააკაშვილი თვითპიარის დიდოსტატია, ახალი არ არის. არც ის არის ახალი, რომ მას ემოციური ზემოქმედება შეუძლია ადამიანებზე, განსაკუთრებით იმათზე, ვინც დღესაც აფანატებს სააკაშვილზე, ვინც თავის დროზე სარგებლობდა მისი რეჟიმის სიკეთით ან ვისაც არ მოსწონს დღევანდელი ხელისუფლება და სხვა პოლიტიკურ ძალასაც ვერ ხედავს დღევანდელ  რეალობაში.

 

ფაქტია ისიც, რომ ბოლომდე გაკოტრებული, ხელმოცარული ოპოზიცია ეშმაკსაც კი შეეკვრება, ოღონდ, რაღაც პერსპექტივა დაინახოს ხელისუფლებაში მოსასვლელად და პოლიტიკურ ზედაპირზე ისევ იტივტივოს.

 

სააკაშვილის განცხადება: მასთან ჩასული იყვნენ ოპოზიციის ლიდერები და „რუსთავი-2“-ის პატრონაჟით ოპოზიციურ პარტიათა მრგვალი მაგიდის მოწყობა ლოზუნგით „ყველა ერთის წინააღმდეგ“ (ეს „ერთი“ „ქართული ოცნებაა“, ეტყობა, „პატრიოტებს“ ისინი ოპოზიციურ პარტიად არ განიხილავენ) გვაფიქრებინებს, რომ სააკაშვილი სერიოზული რევანშისთვის ემზადება - ემიგრანტების ზურგს უკან ამოფარებით და ოპოზიციურ პარტიათა მხარდაჭერის მანიპულირებით იგი ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომ ხელისუფლებაში მისი დაბრუნების დრო მოვიდა!

 

განსაკუთრებით საყურადღებოა მისი განცხადება: „72 საათიანი ჩემი შემოვლა საქართველოში და ივანიშვილი დამთავრებულია“.

 

მე არ ვიცი, როგორ მოახერხებს საქართველოს საზღვრის უპრობლემოდ გადაკვეთას ძებნილი ექს-პრეზიდენტი, მაგრამ მისი ქვეყანაში შემოსვლა, მითუმეტეს, ემიგრანტების ჯგუფთან ერთად,  სიტუაციას ქვეყანაში სერიოზულად რომ არევს, საკამათოდ არ მეჩვენება - დარწმუნებული ვარ, ე.წ. „რევოლუციური სცენარიც“ უკვე დაწერილია. ერთდადერთი შემაკავებელი ფაქტორი მხოლოდ საზოგადოების განწყობა შეიძლება იყოს, რადგან არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ დღევანდელ ხელისუფლებასთან წინასწარ შეთანხმებული თამაშის მსხვერპლნი გავხდეთ (ნიშანდობლივია ისიც, რომ სააკაშვილის მიერ ლიეჟში ორგანიზებული ე.წ. „მსოფლიო კონგრესის“ მიღმა რუსული კვალიც იკვეთება)!

 

იმდენად „თამამი“ და დამაჯერებელი იყო მისი რიტორიკა „აქცენტებში“, ყველა ნიუანსს არ განვიხილავ, თუმცა ფრიად საყურადღებოა მისი დამოკიდებულება „ლაზიკის“ პროექტის მიმართ.

 

როგორც ჩანს, სააკაშვილს ყველაზე მეტად სწორედ „ლაზიკის“ პროექტის „დამწნილება“ უწვრილებს სულს - დაბეჯითებით გვარწმუნებს, რომ მას სხვა თანამდებობა არ აინტერესებს და მხოლოდ „ლაზიკის“ პროექტის ბოლომდე მიყვანითაა დაინტერესებული, რომელიც, მისი თქმით, სამეგრელოს ააღორძინებს.

 

ამ ფონზე შემთხვევითი არ არის ექს-პირველ ლედის სანდრა რულოვსის ზუგდიდში გამერების მცდელობაც.

 

მიუხედავად იმისა, რომ ნამეტანი გულჩვილნი აღმოვჩნდით მეგრელები და ჩვენდა სამწუხაროდ, სამეგრელოში მიშას დღესაც ჰყავს საკუთარი ელექტორატი, არა მგონია, მრავალჭირგადანახადი სამეგრელო კიდევ ერთხელ მოტყუვდეს და „რევოლუციური“ კოცონი ახლა ზუგდიდიდან აგიზგიზდეს!

 

ნიშანდობლივია ისიც, რომ „ცოცხების“ მშვიდობიანი რევოლუციით (უფალმა განსაჯოს სპეციალურად მოაწყვეს ეს სცენა საზოგადოების აღშფოთების კულმინაციის მისაღწევად თუ რეალურად ასეთი მდგომარეობა იყო მაშინ საქართველოს ციხეებში) გაგდებული სააკაშვილი (იგულისხმება რეჟიმი) დღევანდელი ხელისუფლების ცოცხებზე შემოსმით იმუქრება: „ცოცხებით გაგხვეტავთ თქვენ ხელისუფლებიდან, ცოცხებზე შემოგსვამთ და გაგაფრენთ საქართველოდან“. სხვათაშორის, თუ მისმა ავანტიურამ კარგად იმუშავა და ხელისუფლებაში დაბრუნდა, „ქართულ ოცნებას“ დაპირებულ საჩუქარს ნამდვილად არ დაამადლის, თუმცა, უკეთეს დღეში არც მისი დღევანდელი ოპონენტები აღმოჩნდებიან.

 

კიდევ ვიმეორებ: არ ვაპირებ ყველა იმ „მარგალიტის“ კიდევ ერთხელ სამზეოზე გამოტანა-განქიქებას, რაც ბოლო დღეებში სააკაშვილისგან მოგვისმენია, მაგრამ აუცილებლად უნდა დავსვა რამდენიმე ლოგიკური კითხვა:

 

რატომ ფიქრობს ემიგრანტთა ნაწილი, რომ „ერთად სახლში“ ლოზუნგის ქვეშ სააკაშვილის, როგორც „შეუცვლელი ლიდერის“ ქვეყანაში შემოყვანა არის საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა?!

 

რატომ არ აცნობიერებენ ისინი, რომ რევოლუციური აღტკინება, მითუმეტეს, როცა ამ ავანტიურის უკან გამობრძმედილი რევოლუციონერი დგას სააკაშვილის სახით, გახლეჩილი საქართველოს კიდევ უფრო გახლეჩა-დაპირისპირებას გამოიწვევს და ქვეყანას საშიშ პერსპექტივას უმზადებს?!

 

რატომ არ აცნობიერებენ ისინი, რომ ქვეყნის ხსნა მხოლოდ ახალი, თვისებრივად განსხვავებული პოლიტიკური ძალის ფორმირებაშია, რომლის კონტურებიც შეიძლება ძალიან მალე გამოიკვეთოს?!

 

მივმართავ ჩემს თანამემამულეებს, ვინც სამწუხაროდ, წამოეგო სააკაშვილის ანკესზე და ჩათრეულნი არიან საშიშ ავანტიურაში: ვწუხვარ, რომ თქვენ არა მარტო გაბრუებენ, არამედ უმოწყალოდ გატყუებენ კიდეც! საქართველოს გადარჩენა და პოლიტიკური პროცესების ჩვენს სასარგებლოდ შემოტრიალება საზოგადოების დაპირისპირებით ვერ მოხდება - პირადი კონტაქტები და მედიასა და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები გვაფიქრებინებს, რომ თქვენს ინიციატივას ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს თვით ემიგრანტებს შორის. ისინი რეალურად გრძნობენ იმ საშიშროებას, რაც შეიძლება მოჰყვეს სააკაშვილის „მშვიდობიან გამოლაშქრებას“ თქვენთან ერთად საქართველოში.

 

სჯობს თქვენი შინაგანი რესურსები და ენერგია ახალი, ეროვნული სულისკვეთებით დამუხტულ ადამიანთა ერთობის ფორმირებას მოახმაროთ. სააკაშვილი გუშინდელი დღეა და მისი ხელახლა აღზევება ნგრევისა და პარტახის მეტს არაფერს მოუტანს ქვეყანას!

 

დაფიქრდით!

 

P.S. სააკაშვილი რომ ცნობილი „პიარშიკია“ ყველა დამეთანხმება, ამასთან, დაბოლების დიდოსტატიც. თუმცა, იდეების მიმთვისებელიც ყოფილა - ქართველთა მსოფლიო კონგრესის იდეა რომ უსინდისოდ მოიპარა, ამაში ახლავე დაგარწმუნებთ: ჯერ კიდევ 2015 წელს თეიმურაზ შაშიაშვილის ინიციატივით და ქართველ მეცნიერთა მხარდაჭერით სრულიად ახალი ფორმატით იშვა „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის“ ჩატარების იდეა. რამდენიმე წელია მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები იდეის ხორცშესასხმელად.

 

სულ რამდენიმე დღეში - 8 თებერვალს, დავითობას, გელათის აკადემიის კედლებში აიღებს სტარტს ზემოთ ხსენებული კონგრესი, გაგრძელდება მსოფლიოს 40 ქვეყნის 85 ქალაქში და დასრულდება 2020 წლის შემოდგომაზე ეროვნული ყრილობით, რომელიც მეცნიერთა მიერ დამუშავებულ საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამას დაამტკიცებს.

 

ლიეჟში დაგეგმილი მიგრანტთა ყრილობის სარგებლიანობის რა მოგახსენოთ, მაგრამ, ჩვენს მიერ 8 თებერვალს დაანონსებული კონგრესი რომ სერიოზულ სიტყვას იტყვის, ეჭვი არ მეპარება.

 

თუმცა, მივალთ კი მშვიდობიანად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე?

 

ოხ, მიშა, მიშა!

 

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: