ვინ აუნთო წითელი „ქართულ ოცნებას“ და რატომ დაკარგა აზრი არჩევნებმა?!

ვინ აუნთო წითელი „ქართულ ოცნებას“ და რატომ დაკარგა აზრი არჩევნებმა?!

 

ჯერ კიდევ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე ვწერდი, რომ თუ ქვეყანაში თვისობრივად ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირება არ მოხდებოდა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ფაქტიურად აზრს დაკარგავდა.

 

ეს შეხედულება კიდევ უფრო გაამყარა დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ, რომ ხელისუფლება თანახმაა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს მხოლოდ პროპორციული სისტემით. ამ განცხადებაში ყველაზე არსებითი მაინც არჩევნების ნულოვან საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარების ინიციატივაა, რაც არაკვალიფიციურ პოლიტიკურ სუბიექტს საშუალებას აძლევს დასკუპდეს საკანონმდებლო ორგანოში და პარლამენტი ვაჭრობის საგნად აქციოს - ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით!

 

მიუხედავად იმისა, რომ მაჟორიტარული სისტემა მმართველ გუნდს საშუალებას აძლევდა ჯიბეში ჰქონოდა რეგიონალური მანდატები, ამომრჩეველს ფორმალურად მაინც აძლევდა დეპუტატობის კანდიდატებთან პირდაპირი შეხვედრისა და გამარჯვებულ კანდიდატზე გარკვეული პასუხისმგებლობის დაკისრების საშუალებას.

 

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მაჟორიტარების ბიუროები მაინცდამაინც თავს არ იკლავდნენ წინასაარჩევნო დაპირებათა შესრულებით, „ყვავს კაკალი გააგდებინეს“ ფუნქცია მაინც ეკისრებოდათ!

 

რა მოხდება ახლა, როცა საერთოდ უარი ვთქვით მაჟორიტარულ სისტემაზე და რაც ყველაზე ნიშანდობლივია, ნულამდე დავწიეთ საარჩევნო ბარიერი?!

 

დავიწყოთ იქიდან, რომ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სპექტრი „გამოჩეკილია“ უცხო ძალების მიერ და მხოლოდ და მხოლოდ მათ ინტერესებს ემსახურება, რა დროსაც განზე რჩება სახელმწიფოს ინტერესები.

 

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი: საქართველოში არ არსებობენ  პროფესიული (კვალიფიციური) პოლიტიკური პარტიები, რომელთაც აქვთ სახელმწიფოს განვითარების მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრატეგია და ტაქტიკა. მეტიც, არც ერთ მათგანს არ გააჩნია პოლიტიკური იდეოლოგია, რომელიც იქნება ნასაზრდოები სახელმწიფოს ინტერესებით.

 

თუ ყველაფერ ამას შევაჯამებთ, მოკლედ შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა მხოლოდ ცრუ დაპირებებზე და ყალბ ლოზუნგებზეა ორიენტირებული და ადვილად ახერხებს მანიპულირებას, რისი უმთავრესი მიზეზი გეგმაზომიერად ზომბირებული ამომრჩეველია.

 

დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში არ მახსოვს (ალბათ არც თქვენ) რომელიმე პარტიას ობიექტური რეალობის შესატყვისი, მეცნიერულად გააზრებული სახელმწიფოს განვითარების პროგრამა დაედოს, რომ არაფერი ვთქვათ მის შესრულებაზე. თუმცა, ეს მათ არ უშლიდათ ხელს ხელისუფლებაში მოსულიყვნენ საპარლამენტო, ან კონსტიტუციური უმრავლესობით.

 

სამწუხაროდ, ბევრი სიხარულის ხასიათზე დააყენა ივანიშვილის დღევანდელმა განცხადებამ ნულოვან საარჩევნო ბარიერზე გადასვლასთან დაკავშირებით.

 

თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაც მეტი ორკაციანი პარტია შევა პარლამენტში, მით უკეთესია სახელმწიფოსთვის და ე.წ. ეს დემოკრატიული პლურალიზმი (მრავალპარტიულობა) გვიშველის, ძალიან ცდება.

 

ჯერ ერთი, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ისეთი პარტიები ამოყოფენ თავს პარლამენტში, ადრე სასაცილოდაც რომ არ გვეყოფოდა. მეორეც, ასეთი დომხალი ყოველთვის ქმნის ბარიერს კონსტრუქციული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ან ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივა აშკარა ვაჭრობის საგანი ხდება.

 

არ არის გამორიცხული, იმდენად ჭრელი პარლამენტი მივიღოთ, ზოგადად კონსენსუსის მიღწევაც გაჭირდეს!

 

რაც შეეხება საპარლამენტო კოალიციას, მწარე მაგალითები გვაქვს იმისა, თუ როგორ იშლება ასეთი ხელოვნურად შეკოწიწებული (სხვადასხვა პლატფორმისა და ინტერესების) პოლიტსუბიექტები და როგორ ვერ აღწევენ ისინი მომავალ არჩევნებამდე.

 

ივანიშვილის დღევანდელი განცხადება იძლევა იმის თქმის უფლებას, რომ „ქართულ ოცნებას“ ოკეანის გაღმიდან უკვე წითელი აუნთეს - სხვანაირად როგორც თვითონ ამბობს საკუთარ განცხადებაში, მაჟორიტარული სისტემა მმართველ გუნდს ყოველთვის აძლევს უპირატესობას ჯიბეში ჰქონდეს რეგიონებიდან იმდენი მანდატი, რამდენიც მას სჭირდება საპარლამენტო უმრავლესობის შესაქმნელად.

 

ისმება კითხვა: აძლევს თუ არა კოზირს მმართველი პარტიის დღევანდელი გადაწყვეტილება „ნაცმოძრაობას“ - დაბრუნდეს ხელისუფლებაში 2020 წლის არჩევნებით, თუ ისინი ისევ ბუას როლში დარჩებიან?!

 

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ „ნაცმოძრაობა“ ერთადერთი მოტივირებული და მტკიცედ ორგანიზებული პოლიტიკური სუბიექტია - მას ნამდვილად ეძლევა შანსი მოიპოვოს უპირატესობა მომავალ არჩევნებში, თუ, რა თქმა უნდა, ხალხს 2020 წლამდე დაავიწყდება „ნაცმოძრაობის“ „საქმენი საგმირონი“, ან მეხსიერებას საერთოდ წაუშლიან...

 

ის, რომ ბოლოდროინდელმა, აშკარად სწორად დაგეგმილმა პროვოკაციებმა „ქართული ოცნება“ წელში გადატეხა, ნათლად ჩანს, ხელისუფლების ინიციატივიდან - შეიტანოს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში და კონსტიტუციაში და 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს მხოლოდ პროპორციული სისტემით და ყოველგვარი საარჩევნო ბარიერის გარეშე!

 

როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა წნეხს ვერ გაუძლო და ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა!

 

მინდა ვცდებოდე, მაგრამ დღევანდელი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, ეს არა მარტო არსებული ხელისუფლების პოლიტიკური მარცხი, არამედ, ქვეყნისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია...

 

ერთადერთი გამოსავალი პოლიტიკურად ანგაჟირებული (გაუსვრელი) პროფესიონალი და გულანთებული ადამიანების ერთობაშია, რომელიც თვისობრივად განსხვავებულ პოლიტიკურ სუბიექტს შექმნიან და ხალხს დაარწმუნებენ, რომ მათი მხარდაჭერის შემთხვევაში ნამდვილად შესაძლებელი იქნება თუნდაც უმნიშვნელო გარდატეხის შეტანა ქართულ პოლიტიკაში.

 

თუ არ გავინძრევით და ყველა გადაგდებულ სატყუარას უკრიტიკოდ „ჩავიდებთ“ პირში, საკუთარ ქვეყანას განაჩენს თავადვე გამოვუტანთ!

 

მე არ მიხარია ხელისუფლების მყისიერი გადაწყვეტილება, რადგან, დღევანდელ მოცემულობაში ეს უკან გადადგმული ნაბიჯია.

 

P.S. ქვეყანაში პოლიტიკური პარტიების სიმრავლე საზოგადოების მარტივ მამრავლებად დაშლის, საზოგადოების დაპირისპირებულ ჯგუფებად დაყოფის წინაპირობაა. აქედან გამომდინარე, დღევანდელი ინიციატივა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ისედაც დაქსაქსული პოტენციური ამომრჩევლის კიდევ უფრო დასუსტებას.

 

ვინ მოიგებს ამით? რა თქმა უნდა საქართველოს შიდა და გარეშე მტრები, წაგებით კი ქვეყანა წააგებს.

 

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: