„მე შაირი არ მინდოდა...“!

„მე შაირი არ მინდოდა...“!

 

პასუხად ბ-ნ ელგუჯა მარღიას

 

 

გუშინ სოციალურ ქსელში (დაიბეჭდა საინფორმაციო-ანალიტიკურ სააგენტო „ივერიონშიც“) გამოვაქვეყნე სტატია სათაურით „ვის უყვარს კრიტიკა?!“, სადაც საუბარია პროფესიონალ ლიტერატორთა და კრიტიკოსთა ასოციაციის შექმნის აუცილებლობაზე.

 

თემის აქტუალობიდან გამომდინარე, სტატიას საკმაოდ ბევრი, ურთიერთგანსხვავებული, კომენტარები მოჰყვა და ეს ბუნებრივიცაა. თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში შექმნილი დამაფიქრებელი პროცესების გამო კომენტატორთა უმეტესობას მიზანშეწონილად მიაჩნია ზემოთ ხსენებული ასოციაციის შექმნა, რომელიც მოწოდებული იქნება ობიექტურად (ხაზს ვუსვამ - ობიექტურად) შეაფასოს საქართველოში მიმდინარე ლიტერატურული პროცესები და მკითხველს დაეხმაროს სწორი არჩევანის გაკეთებაში!

 

სტატიაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ წერას ვერავის ავუკრძალავთ, მაგრამ, სადღეისოდ ლიტერატურულ სივრცეში არსებული „ბალაგანი“ რომ მოწესრიგდეს, თეთრს თეთრი უნდა დავარქვათ და შავს - შავი. ანუ, საჯაროდ წარმოვაჩინოთ ნიჭიერი შემოქმედები, ხოლო, „წერაატანილებს“ ობიექტურად დავანახოთ თავიანთი უსუსურობა!

 

კი ბატონო, წეროს ვისაც უნდა და რა თემაზეც უნდა, მაგრამ, ბატონ კობა ჭუმბურიძის თქმისა არ იყოს, რატომ უნდა წავიკითხოთ 500-მდე წიგნი, რომ ჩვენთვის სასურველი ლიტერატურა ვიპოვოთ?! სწორედ ამაში ეხმარება მკითხველს ჯანსაღი და ობიექტური კრიტიკა.

 

კრიტიკა მართლაც შოკოლადი არ არის, რომ გიყვარდეს, მაგრამ, პირადად მე ნაკლებად მაღიზიანებს, თუ იგი კონსტრუქციულად (აკადემიურად) და კეთილმოსურნეობის პრინციპითაა ნათქვამი (დაწერილი).

 

ვერ ვიტყვი, რომ ყველა დიდი აღფრთოვანებით შეხვდა ჩემს ინიციატივას, მაგრამ, ძალიან გამაკვირვა მეგობარი კალმოსნის (ვიტყოდი, ნიჭიერი კალმოსნის) ელგუჯა მარღიას კომენტარებმა. აქამდე ვერ ვხვდები, რა იყო ჩემს სტატიაში მისი მხრიდან გაღიზიანების მიზეზი და რადგან, 20 წელია არსებობს ორბელიანის საზოგადოება, რომელიც თურმე დიდ საქმეს აკეთებს, რატომ არ მქონდა მე უფლება გამოვსულიყავი მსგავსი ინიციატივით?!

 

სიცხადისთვის მოვიხმობ მისი კომენტარების შინაარსს და მიყვები თანმიმდევრობით.

 

ბატონი ელგუჯა ჩემს სტატიას ზედაპირულს უწოდებს და მსაყვედურობს. მე, როგორც მოქმედ პუბლიცისტს, რატომ არაფერი მსმენია ორბელიანის საზოგადოებაზე, სადაც სისტემატურად ხდება „შესანიშნავი მწერლების განხილვა-წარდგინება და ძალიან საინტერესო რეცენზიები, კრიტიკული წერილები და მიმოხილვებიც იწერება?!“

 

გუშინ კომენტარზე კომენტარითვე ვუპასუხე და ახლაც გავიმეორებ: როგორ არ მსმენია, ერთხელ ვესწრებოდი კიდეც ერთი ანგაჟირებული ავტორის (სახელს და გვარს შეგნებულად არ დავწერ, რადგან, არ მინდა გული ვატკინო, მითუმეტეს, დღეს ისედაც არაფერს ცვლის), ვიტყვი, კარგი პიროვნების წიგნების განხილვა-წარდგინებას და როგორც კომენტარში დავწერე „სუნთქვა შემეკრა“. ავტორი ისე წარმოაჩინეს, თითქოს საქმე გვქონდა მსოფლიო დონის კლასიკოსთან - დაახლოებით იგივე დითირამბები მესმოდა მომხსენებლების და სიტყვაში გამომსვლელების მხრიდან, რაც ხშირად მესმის ხოლმე მწერალთა სახლისა და ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზებში, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ სიტყვაში გამომსვლელებს არ დასცდენიათ: „არ წამიკითხავს, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან კარგი წიგნია“ (ასეთ ფრაზებს ხშირად გაიგონებთ მწერალთა სახლში და ეროვნულ ბიბლიოთეკაში).

 

ობიექტური ვიქნები თუ ვიტყვი, რომ რეცენზენტები კვალიფიციური ლიტერატორები იყვნენ, მაგრამ,  მათი მხრიდან ნაშრომის კრიტიკული გააზრების ნიშანწყალი არ ჩანდა - ისაუბრეს მხოლოდ კარგზე (ძლიერ მხარეზე), ხოლო, სუსტ მხარეზე არავის კრინტიც არ დაუძრავს. არადა, მე მართლაც კრიტიკულ შეფასებას ველოდი...

 

როგორც მიწვეულმა სტუმარმა, უხმოდ დავტოვე დარბაზი და ამის შემდგომ იქ მისვლის სურვილიც არ გამჩენია. თუმცა, სოციალურ ქსელში გულისყურით ვაკვირდებოდი ინფორმაციებს ორბელიანის საზოგადოების ეგიდით ჩატარებულ განხილვებზე. სამწუხაროდ, გარდა წიგნის ზედაპირული წარდგინებისა და ავტორის მისამართით გამოთქმული დითირამბებისა, სერიოზული რეცენზია ჯერჯერობით არ წამიკითხავს!

 

ბ-ნი ელგუჯა ჟურნალ „ჩვენს მწერლობას“ მახსენებს, რომელმაც მართლაც ბევრი რამ გააკეთა ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის, მაგრამ, ჩემი გადასახედიდან იქაც „მწვანე შუქი“ აქვთ ანთებული მხოლოდ ლიმიტირებულ ავტორებს. სამწუხაროდ, არც იქ წამიკითხავს კრიტიკული ანალიზი თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში არსებულ ტენდენციებზე.

 

ბ-ნი ელგუჯა როსტომ ჩხეიძის ღვაწლსაც მახსენებს და მსაყვედურობს, რომ მე მისი ამაგი ახალი ქართული ლიტერატურის წინაშე, შეუმჩნეველი დამრჩა.

 

ვიტყვი გულწრფელად: მე ეჭვი არ მეპარება ბ-ნი როსტომის ნიჭიერებაში, მის ღვაწლსაც ვაფასებ (რაც ერთი კაცისთვის საკმაოდ შთამბეჭდავია), მაგრამ, არ ვარ  ადამიანის გაფეტიშების მომხრე, ვინც არ უნდა იყოს იგი!

 

მეორეც, მარტო ნიჭი არ არის საკმარისი, თავისუფალი იყო ტენდენციებისგან და ობიექტურ კრიტიკოსად ჩამოყალიბდე! არადა, რამდენადაც ვიცი, ორბელიანის საზოგადოება მხოლოდ საკუთარი გუნდის წევრებს წყალობს და ბევრ საინტერესო ავტორს ყურადღების მიღმა ტოვებს!

 

კარგია, როცა იცავ საკუთარი ორგანიზაციის მუნდირის ღირსებას, მაგრამ, უნდა იცოდე, როგორ, რა შემთხვევაში და ვისგან უნდა დაიცვა...

 

ბ-ნ ელგუჯას უკვირს, რატომ ვახსენე მე სიტყვა „მაკულატურა“ და კონკრეტული მაკულატურის დასახელებას მთხოვს. აქ უკვე რაღაც-რაღაცებზე ეჭვი შემეპარა - თუ ვერ ვხვდებით, როგორ აივსო ქართული ბაზარი სხვადასხვა ჯურის მაკულატურით, მაშინ, რანაირად შეიძლება პრეტენზია გვქონდეს ქვეყანაში მიმდინარე ლიტერატურული პროცესების ობიექტურად შეფასებაზე?!

 

მართალია,  სექტანტობის დაბრალება შეურაცხყოფაა, მაგრამ დღეს რეალურად არსებობენ ე.წ. ლიტერატურული სექტები და რა ვქნათ?! ისიც ვერ გავიგე, რატომ გაწიწმატდა ბ-ნი ელგუჯა სოფიო ღლონტის მხრიდან სიტყვა „სექტანტის“ ხსენებაზე. მითუმეტეს, ქ-ნ სოფიოს არ დაუკონკრეტებია, რომ ორბელიანის საზოგადოება ლიტერატურული სექტაა - მან ზოგადად გამოხატა თავისი გულისტკივილი და მიგვახვედრა, თუ რა იგულისხმებოდა ამ სიტყვის მიღმა!

 

„სხვათაშორის, ქართულ ლიტერატურაში არიან ისეთი შესანიშნავი მწერლებიც, რომელთა ვინაობაც ერთეულებმა იციან“ - წერს ბატონი ელგუჯა თავის კომენტარში. როგორც იტყვიან, აქ უკვე ნამდვილად გაიჭედა - თუ ქართულ ლიტერატურაში არიან შესანიშნავი მწერლები, რომელთა ვინაობა ერთეულებმა იციან, სწორედ ამის გამო გვინდა კრიტიკოსთა ასოციაციის შექმნა, რომ ჭეშმარიტ მკითხველს ჭეშმარიტი ავტორი ვაპოვნინოთ!

 

აქვე ერთი  უწყინარი კითხვაც მიჩნდება: რას აკეთებს თავად ორბელიანის საზოგადოება, რომ „შესანიშნავი“ ავტორები გამოავლინოს და მკითხველს წარუდგინოს?!

 

ისევ ბატონ კობა ჭუმბურიძეს დავესესხები: „ვისაც არ დაეზარება წეროს, მაგრამ, ამდენ „ნაგავში“ ღირებულიც ხომ უნდა გამოვჩხრიკოთ?“

 

დიახ, სწორედ „ნაგვიდან“ ღირებულის გამოსაჩხრეკად გვჭირდება კრიტიკოსთა ასოციაცია, რომლის შექმნის აუცილებლობას რატომღაც ვერ ხედავს ბატონი ელგუჯა მარღია.

 

ვეთანხმები იმაში, რომ შემფასებელი (კრიტიკოსი) უნდა იყოს ობიექტური, სხვანაირად, იგი უფრო უარყოფით გავლენას მოახდენს ლიტერატურულ პროცესებზე, მაგრამ, „მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია“-ს გამოთქმისა არ იყოს, იმის შიშით, კრიტიკოსი შეიძლება არაობიექტური იყოს, არ შევქმნათ კრიტიკოსთა გაერთიანება?

 

პირიქით, ცალკე აღებულმა კრიტიკოსმა შეიძლება ტენდენციურობის არტახები ვერ დაამსხვრიოს, მაგრამ, თუ კრიტიკოსთა გუნდი იარსებებს, ეს თვითკონტროლის გაძლიერებას შუწყობს ხელს, მეტიც, ერთმანეთის გაკონტროლებასაც.

 

ჩემის აზრით, კრიტიკა მაშინ არის ღირებული, როცა კრიტიკოსი (შემფასებელი) ძლიერ და სუსტ მხარებს ობიექტურად წარმოაჩენს, თორემ, თუ მარტო ძლიერ მხარეებზე გავამახვილეთ ყურადღება და აქცენტი სუსტ მხარეზეც არ გადავიტანეთ, მწერალი (შემოქმედი) ვერასდროს მიხვდება საკუთარ „იაღლიშებს“ და ვერც შემოქმედებითად გაიზრდება!

 

მე გულდასმით გავეცანი ყველა კომენტარს - გავეცანი ბ-ნი ელგუჯას პოლემიკას სხვადასხვა კომენტატორებთან. ბევრ საჩოთირო კითხვებზე უკვე გასცეს პასუხი, მაგრამ, არ მინდა ყურადღების მიღმა დამრჩეს მისი კომენტარი, სადაც ეჭვქვეშ აყენებს კრიტიკოსთა ასოციაციის შექმნას. მეტიც, ერთმანეთში ურევს კრიტიკოსთა ასოციაციისა და არსებულ მწერალთა შემოქმედებითი კავშირის ფუნქციას.

 

„ვინ იქნება კრიტიკოსთა გილდიის წევრები, ან რა საჭიროა კიდევ ერთი კავშირი, რისთვის არსებობს მწერალთა კავშირი?.. ვინ დააფინანსებს ამ გილდიას. ვინ იქნება ამ გილდიაში გაერთიანებული კრიტიკოსები: ვინ წარადგენს, ვინ აირჩევს, ვინ გაუწევს რეკომენდაციას?

 

განაწყენება გალაპარაკებთ უმრავლესობას. ეს არ გამოვა დაჯგუფება, რომელსაც ვინმე სექტად მონათლავს?“

 

დავიწყებ ბოლოდან: პირობას გაძლევთ ბატონო ელგუჯა, თუ ჩანაფიქრი ბოლომდე მივიყვანეთ, კიდევ ერთი სექტა ნამდვილად არ შეემატება ქართულ ლიტერატურულ სივრცეს. მითუმეტეს, კონკურენტები და მეთვალყურეები გვეყოლება თქვენი საზოგადოების სახით!

 

რაც შეეხება კითხვას: ვინ იქნებიან კრიტიკოსები და რა საჭიროა ახალი კავშირი - გიპასუხებთ: ჩვენ ხარისხზე ვიქნებით ორიენტირებულნი და არა რაოდენობაზე. უკვე გამოჩნდნენ ნიჭიერი ლიტერატორები, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს ასოციაციაში გაწევრიანებაზე. რაც შეეხება „კიდევ ერთ კავშირს“, ეს არ იქნება რომელიმე არსებულის ტყუპისცალი, მითუმეტეს, მწერალთა შემოქმედებითი კავშირის დანამატი.

 

„ვინ დააფინანსებს ამ გილდიას?“ კითხვას სვამს ბ-ნი ელგუჯა. როგორც იტყვიან, კითხვა ლეგიტიმურია, მაგრამ, ამაზე პასუხი ჯერჯერობით არ მაქვს, თუმცა, რომც მქონდეს, საიდუმლოდ დავიტოვებ. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლება „ხელებს არ გაისვრის“ ასეთი კავშირ-ასოციაციების დაფინანსებისთვის.

 

ისე, მეც მაინტერესებს, ვინ აფინანსებს ორბელიანის საზოგადოებას, თუ ისინიც ენთუზიაზმზე მუშაობენ?!

 

სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა.

 

P.S. მე დღემდე კოლეგად და მეგობრად მივიჩნევ ბ-ნ ელგუჯა მარღიას. არც ამ პოლემიკის შემდეგ შემეცვლება მისდამი დამოკიდებულება, თუმცა, მეგობრობაც და კოლეგიალობაც ორმხრივია.

 

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: