მიხეილ ჯიბუტი: პარლამენტი პარლამენტის წინააღმდეგ?

მიხეილ ჯიბუტი: პარლამენტი პარლამენტის წინააღმდეგ?

 

 

ღია წერილი

 

  

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს,

საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი კოვზნაძეს,

საქართველოს პარლამენტის წევრებს,

 

ბატონო არჩილ,

ბატონო ირაკლი,

ქალბატონებო და ბატონებო,

 

ერთმა და იმავე პიროვნებებმა, ჯერ 2016 წლის 27 აპრილს შემოიტანეს საქართველოს პარლამენტში კანონპროექტი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ და შემდეგ, 2020 წლის 11 მარტს კანონპროექტი ამ კანონში ცვლილებების თაობაზე. პირველ შემთხვევაში, ისინი წარმოადგენდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილ სამუშაო ჯგუფს, ხოლო მეორე შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროსა და აღნიშნული კანონით შექმნილი, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელ პირებს. 2020 წელს ისინი ითხოვენ იმის შეცვლას, რასაც ითხოვდნენ და მიაღწიეს 2016 წელს, ანუ დაუპირისპირდნენ საკუთარ პოზიციებს. ეს პირები (ნიკოლოზ გაგუა, იური დოლიძე, გიორგი კაკაურიძე), მთავრობის მიერ, დანიშნულია (ივანე მაჭავარიანთან და ლაშა ხუციშვილთან ერთად) აღნიშნულ კანონპროექტებზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად! 

 

საკითხი ეხება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის გაუქმებას ფინანსთა სამინისტროს სისტემაში და მისი ფუნქციების გადატანა („პორტირება“) საქართველოს ეროვნულ ბანკში. ამასთან, არაა დასახელებული არც ერთი მიზეზი თუ რითაა გამოწვეული ასეთი წინადადება და რა მიზანს ემსახურება ის, მაშინ როდესაც შემოთავაზებული კანონპროექტის ნორმებით მოსალოდნელია უამრავი ნეგატიური შედეგი: ყველანაირად კნინდება აღნიშნული სამსახურის დამოუკიდებლობა, უარესდება 100 ათასზე მეტი სამეწარმეო სუბიექტის სერვისისადმი ხელმისაწვდომობა,უქმდება დავების საბჭო, იზრდება მათი ტრანზაქციის ხარჯები, მცირდება სამსახურის საჯაროობა, ხდება ეროვნული ბანკის არაპროფილური საქმიანობით დატვირთვა და სხვ.

 

გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ აღნიშნული წინადადებები საქართველოს მთავრობამ მოიწონა და საკანონმდებლო წინადადებით წარადგინა საქართველოს პარლამენტის წინაშე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები“ (აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში არ იყო ნახსენები, რომ ცვლილება შედიოდა ასევე „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში, რის გამოც ეს ცვლილებები აღმოჩნდა სრული სიურპრიზი პროფესიული წრეებისათვის). 

 

აღნიშნული გადაწყვეტილების რეალური შინაარსი, როგორც კი გახდა ცნობილი დაინტერესებული საზოგადოებისათვის, ის ყველა პუბლიკაციაში ერთმნიშვნელოვნად შეფასდა, როგორც დაუსაბუთებელი და ზიანის მომტანი. 

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, ოფიციალურად მივმართეთ მთავრობის მეთაურს (http://iverioni.com.ge/16786-mikheil-jibuti-mthavrobis-mier-erovnuli-bankis-mcocavi-okupacia-thu-finansizacia.html) საკანონმდებლო ინიციატივის გამოწვევის რეკომენდაციით.

 

ვიდრე ამ მიმართულებით რაიმე გაირკვევა, მანამდე პროცესები მისი რიგით ვითარდება უკვე საქართველოს პარლამენტში, სადაც აღნიშნული კანონპროექტებთან დაკავშირებით პროცედურები უკვე დაიწყო.

 

დაინტერესებული საზოგადოება დიდი ყურადღებით აკვირდება ამ პროცესს და ელოდება, რომ საქართველოს პარლამენტი, საპარლამენტო რესპუბლიკის სიმაღლეებიდან მიუდგება მთავრობის წინადადებებს და აღნიშნული კანონპროექტების განხილვის პროცესში მოხსნის ყველა გაუგებრობას.

 

წინამდებარე მომართვის მთავარი მიზანი ამ პროცესში ხელისშეწყობაა. მისი მთავარი გზავნილი იმაში მდგომარეობს, რომ გამომდინარე ქვეყანაში შექმნილი პოლიტ-ეკონომიკური და პანდემიური კონტექსტისაგან, საქართველოს პარლამენტი მაქსიმალურად გათავისუფლდეს კანონპროექტების ავტორის - საქართველოს მთავრობის „გავლენის ზეწოლისაგან“. ამისათვის, კი უზრუნველყოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების არა მარტო ფორმალური, არამედ შინაარსობრივი დაცვა საქართველოს პარლამენტის ყველა სტრუქტურის მიერ, საკითხის განხილვის საჯაროობა და მასში დაინტერესებული მხარეების მონაწილეობა, ამ უკანასკნელთათვის ხელმისაწვდომი საშუალებით განხილვების დროული შეტყობინების უზრუნველყოფით.

 

შეიძლება ჩათვალოთ, რომ თუ მომართვის მიზანი ესაა, მას საგანი გამოცლილი აქვს. გააჩნია საკითხს საიდან შევხედავთ. ერთი და იგივეს, მთის წვერზე მყოფი, ხეობის ძირში მყოფისაგან, განსხვავებულად ხედავს. 

 

იქედან, სადაც მე ვდგევარ, ჩანს, რომ საქართველოს პარლამენტისადმი მსგავსი მიმართვა აუცილებელია. ამას ადასტურებს შემდეგი ფაქტები.

 

საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა, არ იყო გათვალისწინებული მის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში პარლამენტის საგაზაფხულო სესიისათვის, მიუხედავად ამისა კანონპროექტენს არ ახლავს მთავრობის მხრიდან იმის დასაბუთება, როგორც ამას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი მოითხოვს (მუხლი 100. პუნქი 1), თუ რაში მგომარეობს კანონპროექტების ისე სწრაფად წარმოდგენის აუცილებლობა, რამაც შეუძლებელი გახადა მისი გეგმაში გათვალისწინება. 

 

ამას ხელი არ შეუშლია კანონპროექტების შემდგომი მსვლელობისათვის. ეს ფაქტი არ არის ასახული არც საბიუჯეტო ოფისის და არც იურიდიული დეპარტამენტის დასკვნებში, რომლის საფუძველზეც პარლამენტის ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება კანონპროექტების განხილვის პროცედურების დაწყების შესახებ.

 

როგორ შეიძლება, რომ ყურადღების გარეშე დარჩენილიყო ის ფაქტი, რომ ოთხი წლის წინ ამ კანონის მიღების დროს მასში ჩართული იყვნენ საერთაშორისო და პროფესიული ორგანიზაციები, ექსპერტები, ხოლო მიმდინარე შემთხვევაში კანონპროექტი ავტორების გარდა არავის უნახავს, არ მომხდარა მისი განხილვა პროფესიულ ორგანიზაციებშიც კი. როგორ შეიძლება არ გასჩენოდა იურიდიულ დეპარტამენტს კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რაში მდგომარეობს კანონპროექტის მიღების სისწრაფე (პროექტში ნავარაუდევი იყო 1 მაისს ძალაში შესვლა), მით უმეტეს რომ ამას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ითხოვს? რატომ არ დაადგინა არ დაადგინა შუა სამეურნეო წელს კანონპროექტის დაჩქარებულად მიღების მიზეზები, რამაც გამოიწვია ინფორმაციულ ვაკუუმში გადაწყვეტილების მიღება.

 

ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ საბიუჯეტო ოფისისა და იურიდიული დეპარტამენტის წარმოდგენილ დასკვნები, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ფორმალური ხასიათისაა და ინფორმირებული გადაწყვეტილების რაიმე საფუძველს არ იძლევა, არ აკმაყოფილებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით 102-ე მუხლი მე-5 და მე-6 პუნქტების ასეთი დასკვნებისადმი წაყენებულ მოთხოვნებს. დასკვნებში, კანონპროექტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა პუნქტების მიხედვით არაა განხილული, როგორც ამას რეგლამენტი მოითხოვს, არამედ ფორმალიზებულია ორ შეტყობინენაში: ყველაფერი „განხილულია“ და მსვლელობის დაწყება „მიზანშეწონილია“.

 

საქართველოს პარლამენტის სტრუქტურებს (საბიუჯეტო ოფისმა და იურიდიულმა დეპარტამენტმა) კანონპროექტის მსვლელობას მხარი დაუჭირეს ისე, რომ არც მიუქცევიათ ყურადღება იმისათვის, რომ საკითხი ეხება ოთხი წლის წინ მიღებულ კანონპროექტს, ყოველგვარი მსჯელობის გარეშე დაადასტურეს მიზანშეწონილობა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციისა ერთი და იგივე საკითზე, ოთხი წლის წინ და ოთხი წლის შემდგომ. განსხვავება მხოლოდ დასკვნების გაცემის სიჩქარეშია. 4 წლის წინ, 2016 წელს 27 აპრილს შემოტანილ კანონპროექტებზე 3 მაისს (6 დღეში) იყო მომზადებული დასკვნები, ხოლო 2020 წლის 11 მარტს შემოტანილ კანონპროექტებზე საბიუჯეტო ოფისმა - 13 ( 2 დღეში), ხოლო იურიდიულმა დეპარტამენტმა - 16 მარტს (5 დღეში) მოამზადეს დასკვნები. დასკვნების გაცემის დაჩქარება დადებითია როგორც ფაქტი, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში მის უკან მოვალეობისადმი ფორმალური დამოკიდებულება ჩანს: მასში ჩამქრალია ინსტიტუციური მეხსიერება, როდესაც პარლამენტის საქმიანობაში შეიძლება დაიკარგოს მემკვიდრეობითობა და პარლამენტი გამოვიდეს პარლამენტის წინააღმდეგ ყოველგვარი მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების გარეშე.

 

საქართველოს პარლამრენტის რეგლამენტით მოცემულია იმ საკითხების სრული ჩამონათვალი, რომელსაც უნდა მოიცავდეს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტისადა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დასკვნები.

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს საბიუჯეტო ოფისის, ან იურიდიული დეპარტამენტის დასკვნების სახით არავითარი ინფორმაცია „კანონმდებლის ფილტრის“ შესაქმნელად არ მიუღიათ და მათი გადაწყვეტილებაც მხოლოდ ნდობაზეა დაფუძნებული. სამწუხაროდ, ეს ნდობა, ეტყობა, ყოველთვის არ ამართლებს.

 

იურიდიულმა დეპარტამენტმა „ვერ შეამჩნია“, რომ წარმოდგენილი კანონპროექტებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია. კონსტიტუციის მიხედვით „ეროვნული ბანკის უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და დამოუკიდებლობის გარანტია განისაზღვრება ორგანული კანონით“, ხოლო კანოპროექტების ინიციატორების მიერ შემოთავაზებულია დარღვეულია საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის ნორმების სპეციალური „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენა. საქართველოს ეროვნული ბანკი არაა ფინანსური დაწესებულება და არ შეიძლება იყოს ბუღალტერიისა და აუდიტის პოლიტიკის განმსაზღვრელი და ზედამხედველი ინსტიტუტი მისი არსის საქართველოს კონსტიტუციური შინაარსიდან გამომდინარე. კონსტიტუციის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით სებ-ი ხელს უწყობს ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას, რაც არ ნიშნავს ბიზნესსუბიექტების ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგების და აუდიტის სტანდარტების შექმნას, ასს - სტანდარტების გამოყენებაზე კონტროლისა და მარეგულირებელი ფუნქციის განხორციელებას. 

 

იურიდიულმა დეპარტამენტმა ვერ „შეამჩნია“, რომ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით „საქვეუწყებო დაწესებულება“ „იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს“. შესაბამისად, კანონი არ იცნობს ინიცირებულ კანონპროექტში მოცემულ - „საქვეუწყებო დაწესებულების“, „რეორგანიზაციის“ და „შეერთების“ წესს, მით უმეტეს სამთავრობო სტრუქტურის გარეთ და მისი ფუნქციების ეროვნული ბანკის ფუნქციებთან შეერთება - გათანაბრებას. 

 

იურიდიულ დეპარტამენტს ვერ „შეამჩნია“ ინტერესთა კონფლიქტი და ევროდირექტივებთან წინააღმდეგობა. კანონპროექტის მიხედვით, ეროვნული ბანკისათვის აუდიტორული საქმიანობის ზედამხედველობა ეწინააღმდეგება მარეგულირებელი ინსტიტუტის ინტერესთა კონფლიქტისაგან თავისუფლების შესახებ ევროდირექტივის მოთხოვნას, რამეთუ თვითონ ეროვნული ბანკი არის აუდიტორული შემოწმების სუბიექტი. 

 

წარმოდგენილი კანონპროექტით შემოთავაზებულია სრულიად უნაყოფო, სარისკო და არასანდო კონტროლის სისტემის ჩამოყალიბება: დღევანდელ სისტემას, როდესაც საქართველოს პარლამენტი ეროვნული ბანკის ფინანსური ანგარიშგების აუდიტორს ირჩევს, ხოლო ეროვნული ბანკი აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშს წარუდგენს პარლამენტსდაემატება მათი გამანეიტრალებელი ნორმა: მისი აუდიტორული შემოწმებლის საქმიანობის მაკონტროლებელი და მის მიერ შესადგენი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების დამდენი იქნება თავად ეროვნული ბანკი. 

 

იურიდიულმა დეპარტამენტმა ვერ „შეამჩნია“ საერთაშორისო ხელშეკრულებების უგულებელყოფის ფაქტი, რომ მთავრობამ არ დაიცვა „ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის“, რომელიც ითვალისწინებს მხარეებმა ბუღალტერიისა და აუდიტის „სფეროებში ერთმანეთს გაუზიარონ ინფორმაცია და პროფესიული გამოცდილება“ და გამართონ „რეგულარული დიალოგი“.

 

კიდევ ბევრი რამ ვერ „შენიშნა“ იურიდიულმა დეპარტამენტმა, თუმცა კულმინაცია მისი სამართლებრივი ახლომხედველობისა, ესაა კანონპროექტის ავტორების მიერ შემოთავაზებული, ქართული სამართლებრივი სისტემისა და ქართული საზოგადოების არნახული და არგაგონილი შეურაცხმყოფელი ნორმის დაუნახაობაა, როდესაც კანონპროექტის ავტორები ქვეყნის პარლამენტს თავაზობენ მათი პერსონალური დანიშვნა საჯარო სამსახურში კანონით დაადგინოს. 

 

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტში: „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, სამსახურში შტატით დასაქმებული თანამშრომლები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები, 2020 წლის 1 მაისიდან (ასეა პარლამენტში შემოტანილ პროექტში, ეხლა სავარაუდოდ ვადა სხვა, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებამდე იქნება - მ.ჯ.), მათივე თანხმობით, საქართველოს ეროვნულ ბანკში უკონკურსოდ გადაყვანილ იქნენ არანაკლებ მათი სახელფასო ანაზღაურების ტოლფას თანამდებობებზე. თანხმობის განუცხადებლობის შემთხვევაში, სამართლებრივი ურთიერთობები დარეგულირდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით“ (მუხლი 2, პუნქტი 3). 

 

მსგავსი პრაქტიკის არსებობა სადმე და ოდესმე ჩვენთვის უცნობი, ხოლო ევროპულ, დასავლურ საკანონმდებლო სისტემებში მსგავსი თავხედური, საზოგადოებრივი აზრის გამომწვევი, ღიაობით ჩანაწერი „სამართლებრივი სახელმწიფოს“ ხსენების აკრძალვის ტოლფასია!

 

საკანონმდებლო და საკადრიო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ნონსენსად შეიძლება ჩავთვალოთ, როდესაც რომელიმე პიროვნებას აქვს არჩევის უფლება იმუშავებს თუ არა ეროვნულ ბანკში, ხოლო ამ უკანასკნელს წართმეული აქვს უფლება, გადაწყვიტოს, ვინ უნდა იმუშაოს ეროვნულ ბანკში და ვინ არა.

 

თავი, რომ დავანებოთ ჩანაწერის პრეცენდენტის უზარმაზარ პრესტიჟული ზიანის მომტან ფაქტს, იურდიულმა დეპარტამენტმა ვერ „შეამჩნია“, რომ აღნიშნული ჩანაწერი ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანულ კანონში „ეროვნული ბანკის შესახებ“ განსაზღვრულ საკადრო უფლებამოსილებას, რომლის მიხედვითაც „მხოლოდ ეროვნული ბანკია უფლებამოსილი“: პირის ეროვნულ ბანკში დასაქმებისათვის დაადგინოს ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები; ეროვნულ ბანკში დასანიშნად შეარჩიოს და დანიშნოს პირი; დააწინაუროს და გადაიყვანოს იგი...“ (მე-15 მუხლი, პუნქტი 1“ა“).

 

საბიუჯეტო ოფისმა თავის „დასკვნაში“ არ წარმოადგინა დასკვნები კანონპროექტისბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილებზე გავლენის, აგრეთვე სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებების შესახებ. შესაბამისად, საბიუჯეტო ოფისმა „ვერ შეამჩნია“ კანონპროექტის განმარტებით ბარათში მოცემული დასკვნის არასრულფასოვნება. კანონპროექტის ავტორთა აზრით, „კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი სახსრების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ტვირთი გადაინაცვლებს ეროვნულს ბანკზე და 2020 წლის 1 მაისის შემდგომ სამსახურისათვის გათვალისწინებული თანხები მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტის საჭიროებებისათვის“.

 

ეროვნული ბანკის სისტემაში ხარჯები მხოლოდ „გადაინაცვლებს“, თუ მნიშვნელოვნად გაიზრდება? მით უმეტეს, რომ კანონპროექტით მოთხოვნილია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 7 წევრის ნაცვლად 9, ხოლო ვიცე-პრეზიდენტთა რაოდენობა 2- ის ნაცვლად - სამი წევრით განისაზღვროს, რა თქმა უნდა, გაიზრდება, ხოლო ხარჯების „გადანაცვლება“ სახელმწიფო პოზიციიდან, ვერავითარი შეღავათი ვერ იქნება, რამეთუ ეროვნული ბანკის ხარჯებიც, საბოლოო ჯამში, სახელმწიფოს ხარჯებია.

 

საბიუჯეტო ოფისმა „ვერ შეამჩნია“ ხარჯების მოსალოდნელი ზრდა.

 

საბიუჯეტო ოფისმა ვერც ის კითხვა დასვა საჭიროა თუ არა საერთოდ ეს დამატებითი ვიცე პრეზიდენტი და საბჭოს 2 წევრი იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტისთ განსაზღვრული სამსახურისა და ეროვნული ბანკის შეერთება მოხდება? მით უმეტეს, რომ შემოთავაზებული შეფუთვით, თითქოს ეს დამატებითი „შტატები“ სპეციალიზებული იქნებიან ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საქმეებზე, სრული გაუგებრობაა მოცემულ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკი ერთიან, ცენტრალიზებულ ინსტიტუტს წარმოადგენს.

 

საქართველოს პარლამენტის ბიურომ აღნიშნული „ფიქტიური“ დასკვნებით მისცა მსვლელობა კანონპროექტების განხილვას პროფილურ - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებში. წამყვან კომიტეტად დადგინდა საფინანსო-საბიუჯეტო.

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე აღნიშნული კანონპროექტები განიხილეს ა.წ. 25 მაისს.

 

კომიტეტის სხდომას ესწრებოდა ეროვნული ბანკის წარმომადგენელი, თუმცა არ გაჟღერებულა ეროვნული ბანკის პოზიცია. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით „საფინანსო სექტორის წარმომადგენლის საქმიანობის მარეგულირებელი კანონპროექტი გადაეცემა ასევე საქართველოს ეროვნულ ბანკს“ (მუხლი 101-ე, პუნქტი 1.„გ“) და იმედია, აღნიშნული კანონპროექტები გადაეგზავნებოდა საქართველოს ეროვნულ ბანკს, რომელიც, როგორც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, მის შესახებ კანონპროექტის მომზადების არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა ჩართული.

 

კომიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვა ნახევარ საათს გასტანა, საიდანაც ნახევარი დრო, კანონპრექტის ერთ მუხლთან ირიბად დაკავშირებულმა, ერთადერთმა კითხვამ და მასზე პასუხმა წაიღო. კანონპროექტებს სამსახურის საბჭოს გაუქმების საკითხის გარკვევის დათქმით, მიეცა მსვლელობა.

 

ყურადღება გვინდა გავამახვილოთ, არა რეგლამენტით კომიტეტის მიერ სხდომის ჩატარების ფორმალური მხარეების დაცვაზე, არამედ გადაწყვეტილების მიღების მსუბუქ, შეიძლება ითქვას, ფორმალურ, ხასიათზე.

 

ფაქტობრივად, კომიტეტმა „ვერ შენიშნა“ ყველაფერი ის, რაც „ვერ შენიშნა“ საბიუჯეტო ოფისმა და იურიდიულმა დეპარტამენტმა, თუმცა საკითხის მომზადების დროს, ალბათ უნდა გაერკვია, თუ რა გახდა კანონპროექტის მიღების მიზეზი, რა პრობლემის გადაჭრას ისახავს მიზნად კანონპროექტი და რატომაა ამისათვის მისი მიღება აუცილებელი, როგორია კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები. მაშინ, როდესაცკანონპროექტის ავტორების აღიარებით, მათ კანონპროექტის შემუშავებისას მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, სხვა ქვეყნების გამოცდილების შესწავლაზე აქცენტი არ გაკეთებულა. კომიტეტს არ გამოუყენებია შესაძლებლობა და შეკითვით არ მიუმართავს საქართველოს პარლამენტში სპეციალურად ასეთი შემთხვევებისთვის შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კვლევითი ცენტრისათვის, რომელიც სწორედ კვლევასა და ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების ხელშეწყობისა და უკეთესი საკანონმდებლო ანალიზით კანონმდებლობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნითაა შექმნილი.

 

კომიტეტს არ გამოუყენებია საქართველოში ნორმატიულ დონეზე უკვე დამკვიდრებული რეგულირების ზეგავლენის შეფასების მექანიზმი დადგენილი წესით, რაც კომიტეტს მისცემდა საშუალებას გათვითცნობიერებული გადაწყვეტილების მისაღებად.

 

წინაა საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტში განხილვა. იმედია, სხვა თუ არა, პროფესიული სინდისი და ნამუსი, არ მისცემს ამ კომიტეტის წევრებს იმის საშუალებას, რომ არ გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ანალიტიკური და ინფორმაციული შესაძლებლობები და წარმოდგენილი კანონპროექტები მხოლოდ იურიდიული დეპარტამენტისა და საბიუჯეტო ოფისის თვალით დანახულის საფუძველზე განიხილონ. ალბათ, არც იმას დაუშვებს კომიტეტი, რომ საგნობრივი საჯარო განხილვა არ მოაწყოს და არ მოისმინოს ალტერნატიული პოზიციები და არგუმენტები.

 

ნათქვამიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ გამოიჩინოთ მეტი სიფხიზლე და ყურადღება აღნიშნული კანონპროექტებისადმი, რომელიც ეხება 160 -180 ლარის მოცულობის მომსახურებას (ეს ერთი მხრივ შემოსავალია, ათი ათასობით მეწარმე სუბიექტებისათვის მხრიდან კი - ხარჯია!), სადაც, გარდა აღნიშნულისა, სხვა მატერიალური ინტერესებიცაა მოცემული, მასში არის საფრთხეები კონკურენციის შეზღუდვის, ფულად - საკრედიტო პოლიტიკაზე უარყოფითი ზეგავლენის, მისი მიღების სისწრაფეში არის ნიშნები სხვადასხვა ჯგუფების ფინანსური ინტერესების გამომხატველი სხვადასხვა საჩოთირო საკანონმდებლო ინიციატივების რთულ სოციალურ, პოლიტიკურ, თუ სხვა მმართველობითი ინსტიტუტებისათვის ცაიტნოტურ პერიოდებში ინიცირების პრაქტიკის გაგრძელების, რაც საბოლოო ჯამში ქმნის ცუდი კანონის, უსამართლო კანონის მიღების საფრთხეს. მოგეხსენებათ, კანონის მიღების შემდეგ, როდესაც ის იწყებს მოქმედებას, მასში გამქრალია მისი ინიცირებისა და განხილვის პროცესი და ის წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის პროდუქტს და შესაბამისი მოწვევის პარლამენტის წევრების ისტორიულ პასუხისმგებლობას.

 

მოგიწოდებთ საუკეთესო გადაწყვეტილებისაკენ, რაც იმაში მდგომარეობს, რომ აღნიშნული კანონპროექტები საქართველოს მთავრობის მიერ გაწვეულ იქნას, ან კონვერტირდეს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დამოუკიდებელ მარეგულირებელ ინსტიტუტად ჩამოყალიბების შესახებ კანონპროექტად, როგორც ეს დამკვიდრებულია ევროკავშირის აბსოლუტურად უმრავლეს ქვეუანაში. 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: