Iverioni
«    აგვისტო 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
9-07-2020, 11:48
ნანახია: 395

ზაურ ნაჭყებია: „ლაიქებით“ გამარჯვებულთა ქვეყანა!

ამას წინათ, სოციალურ ქსელში ერთი პრობლემური სტატია გამოვაქვეყნე პროვოკაციული სათაურით: „ნარცისების ქვეყანა, ანუ ფარატინა ქაღალდების მონები“ (გამოქვეყნდა „ივერიონშიც“), სადაც საქართველოში სოკოებივით მომრავლებული ე.წ. „აკადემიებისა“ და „აკადემიკოსების“ ცვენაზე ვწერდი...

 

სტატიაში ასევე ყურადღებას ვამახვილებდი მოვარაყებულ ჩარჩოში ჩასმულ სიგელ-გურებისა და ქართველი კლასიკოსების სახელობის პრემიების „უპრაგონოდ“ დარიგებაზე. თუმცა, სიტყვა „პრემიები“ პირობითია, რადგან, იგი მხოლოდ ფარატინა ქაღალდზეა ჩაწიკწიკებული და არანაირი მატერიალური უზრუნველყოფა, ან არგუმენტირებული დასაბუთება, თუ რატომ ენიჭება მავანს და მავანს აღნიშნული პრემია, არ გააჩნია. კომპეტენტურ ჟიურიზე (კომისიაზე), რომელმაც ნიჭიერი შემოქმედი უნდა გამოავლინოს, საუბარი საერთოდ ზედმეტია.

 

ვწერდი იმაზეც, რომ ამ თვალსაზრისით საქართველო გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი, მაგრამ, ჯერჯერობით ინიციატორი არ ჩანს...

 

ამჯერად, „ლაიქებით“ გამარჯვებულებზე მოგიყვებით, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზოგადოება ფორმალიზმის ჭაობშია ჩაძირული და ჭეშმარიტისა და ყალბის ერთმანეთისგან გარჩევის სურვილი არ აქვს!!!

 

* * *

მესენჯერში ხშირად მიგზავნიან უმორჩილეს თხოვნებს: გავხსნა „ლინკი“ და ხმა მივცე (მოვიწონო) მავანს და მავანს, რომ მან შესაბამის კონკურსში გაიმარჯვოს!

 

ასეთი ხასიათის თხოვნები არა მარტო სილამაზის კონკურსში მონაწილეებისგან, ან მათი ფანებისგან, არამედ, მუზით „დასნებოვნებული“ ადამიანებისგანაც მოდის. თუმცა, ხშირად მხარდაჭერას უფრო ოჯახის წევრები, ან მეგობარ-ნათესავები ითხოვენ.

 

თავიდან უპრობლემოდ ვპასუხობდი თხოვნას - დიდი ამბავი: გახსნა „ლინკი“, „დააწკაპო“ ფუნქციას - “მომწონს“ და მისიაც შესრულებულია. კონკურსანტს კი გარანტირებული ხმა უდევს „აბგაში“.

 

რაჭველი არ ვარ, მაგრამ ძალიან გვიან მივხვდი, რომ ამით, მინდა არ მინდა, ფარისეველთა არმიაში ვეწერები, რადგან, სინამდვილეში, ამა თუ იმ კონკურსანტის ნაცოდვილარი არ წამიკითხავს, არც მავანის სიმღერა მომისმენია, მითუმეტეს, მისი მუსიკალური შესაძლებლობები არ ვიცი.

 

არადა, ყოფილა შემთხვევა, როცა მინანია, თუნდაც ჩემგან გაცემული ერთი ხმა, რადგან, კონკურსის დასრულების შემდეგ აღმომიჩენია, რომ გაცილებით უფრო ნიჭიერები თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენილან.

 

თუ შენ ხმას აძლევ არა ვიღაცის ხათრით, ან თხოვნით, არამედ, ობიექტურად აფასებ მავანის შემოქმედებას, მაშინ, კიდევ არა უშავს, ახლოს მაინც იქნები საკუთარ სინდისთან, მაგრამ, თუ არც სმენა გაქვს დ არც ლიტერატურული ნაწარმოების კრიტიკული აღქმა შეგიძლია, რას აძლევ ხმას?!

 

ეს ხომ ფორმალიზმია, ეს ხომ ფარისევლობაა - შენი უგულისყურო აქტიურობით სტიმულს უკარგავ მართლა ნიჭიერს და უნიჭობის აღზევებას უწყობ ხელს?!

 

* * *

ამ რამდენიმე დღის წინ, ჩემმა ახლო მეგობარმა „ლინკი“ გადმომიგზავნა და უმორჩილესად მთხოვა, მომეწონებინა X-ის რომანი, რადგან, იგი  საკმაოდ სარფიან ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობდა.

 

რომანის წაკითხვის დრო და საშუალება ნამდვილად არ მქონდა და ერთ „ლაიქს“ არ დავამადლიდი, სხვა თხოვნაც რომ არ მოეყოლებინა: სთხოვე სამსახურის თანამშრომლებს და ოჯახის წევრებსაც, რომ X-მა საბოლოოდ ბევრი მოწონება დააგროვოს და კონკურსში გაიმარჯვოსო!

 

ერთი პირობა მეწყინა, ასე რატომ მავალდებულებს-მეთქი, მაგრამ, ემოცია საკუთარ სხეულში ჩავახშვე: ყველაფერი განზე გადავდე და რომანის კითხვა დავიწყე. რამდენიმე გვერდის წაკითხვა საკმარისი აღმოჩნდა, რომ ამ ნაცოდვილარის მომწონებლებისთვის გემრიელად შემეკურთხებინა.

 

რა თქმა უნდა, ხმა არ მიმიცია, მაგრამ, ძალიან მაინტერესებდა, რა შედეგით დამთავრდებოდა ზემოთ ხსენებული კონკურსი.

 

გუშინწინ შევიხედე და გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა - ჩემი დაწუნებული რომანი ფინალში გასულა. ვნახე სხვა ფინალისტებიც და მივედი დასკვნამდე, რომ „ლაიქზე“ აგებული კონკურსები ბლეფია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

 

დარწმუნებული ვარ, „დამლაიქებელთა“ არმიას  არც კი წაუკითხავს ნაწარმოები. მაში, საიდან ასკვნიან, რომ „შედევრია“?!ყოველ შემთხვევაში, სხვა კონკურსანტებზე უფრო ნიჭიერად და გამართულად წერს?!

 

ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყველა კონკურსანტის შემოქმედება არ წამიკითხავს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, გაცილებით უკეთესები ყურადღების მიღმა იქნება დარჩენილი - „ლაიქები“ არ ეყოთ და იმიტომ!

 

ხშირად მსმენია, რომ ასეთი კონკურსები უაზრობაა, რადგან, იგი არა ნიჭის გამოვლენას ემსახურება, არამედ, ჩვეულებრივი მარათონის სახეს იღებს, რომლის დასრულებისას, „სუფრის თავში“ ჯდება ის, ვინც ყველაზე მეტ „ლაიქს“ დააგროვებს!

 

მადლობა ღმერთს, დღესაც არიან ნიჭიერი თაობები, რომელთაც თვალისჩინივით უნდა ვუფრთხილდებოდეთ. უდავოა ისიც, რომ ასპარეზის გარეშე ნიჭი თავისთავად ბევრს არაფერს ნიშნავს - უნდა ავარჯიშო, როგორც ერის მამა იტყოდა, „ჩარხზე“ უნდა ალესო, რომ „მჭრელი“ გახდეს და ერის სამსახურში ჩადგეს...

 

ასეთი უაზრო და ფორმალური კონკურსები კი ძირშივე კლავს ნიჭიერებას და სიყალბის ჭაობში ერეკება ქართულ ლიტერატურას და საზოგადოებასაც!

 

კონკურსი ვიცი მე სპეციალური (პროფესიონალი) ჟიურით დაკომპლექტებული, რომელიც გულდასმით ეცნობა შემოსულ მასალებსს და კრიტიკული (ობიექტური) შეფასების შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას - მეტ-ნაკლები სიზუსტით გამოავლენს გამარჯვებულს!

 

ამ შემთხვევაში, კრიტიკის მახვილი არა იმდენად კონკურსის ორგანიზატორებზე, რამდენადაც ჟიურიზე მიიმართება. ნიშანდობლივია ისიც, რომ ჟიურის შერჩევისას არსებითი მნიშვნელობა აქვს არა მარტო პროფესიონალიზმს, არამედ, ჟიურის წევრთა კეთილსინდისიერებას - ობიექტურად შეაფასონ საკონკურსო მასალები!

 

ხშირია შემთხვევა, როცა ორგანიზატორებმა წინასწარ იციან, ვინ უნდა გავიდეს ფინალში და ვინ გამოცხადდეს გამარჯვებულად, მაგრამ, მთლად ისე ვერ გათავხედდებიან, მკითხველს (საზოგადოებას) ბოლომდე თვალში ნაცარი შეაყარონ!

 

ყოველ შემთხვევაში, „ლაიქებით“ გამარჯვებულებს 10 ნახტომით უსწრებენ!!!

 

მეც ხშირად ვყოფილვარ ჟიურის წევრი და თავმჯდომარეც, მაგრამ, არავის არასდროს უკადრებია, ესა თუ ის კონკურსანტი გამეყვანა ფინალში და გამარჯვებულად გამომეცხადებინა. თუმცა, არ დავმალავ: ადამიანური ფაქტორების გათვალისწინებით, მინიმალური ქულა წამიმატებია კიდეც, ოღონდ, ამით ნიჭიერი არ დამიჩაგრავს.

 

დღეს ბევრს საუბრობენ ლიტერატურულ კონკურს „საბას“ ტენდენციურობაზე - ღიად ამბობენ, რომ წინასწარაა დადგენილი ფავორიტები. თუმცა, „საბაც “ რომ „საბაა“, ათასწილად სჯობს „ლაიქებით“ გამარჯვებულთა გამოვლენას, სადაც მთავარი აქცენტი გადატანილია არა ნაწარმოების ხარისხზე, არამედ, ღილაკის ფორმალურად დაჭერაზე!

 

არ ვიცი, ვის რაში სჭირდება ასეთი უაზრო კონკურსები, მაგრამ „ლაიქებით“ გამარჯვებულთა ქვეყანაც რომ გავხდით, ცხადია!

 

P.S. არ დამიწყოთ ახლა, სხვა ქვეყნებშიც ანალოგიურად ხდებაო. არ მაინტერესებს, სად როგორ ხდება - ყველამ საკუთარ მამიდას მიხედოს, მე ქართული კულტურის ბედი მაწუხებს!