მოგება?.. წაგება?.. წიგნი, რომელიც პასუხს გაპოვნინებს

მოგება?.. წაგება?..  წიგნი, რომელიც პასუხს გაპოვნინებს

     რეცენზია ბესიკ ბოლქვაძის მონოგრაფიაზე:

„სათამაშო ბიზნესი და ეკონომიკა“

(გლობალური გამოცდილება და საქართველო), გამომცემლობა „საარი“. 2021, გვ. 360.

 

იური პაპასქუა

ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური

დოქტორი, სსუ პროფესორი

 

   ლუდომანია, გემბლინგი, აზარტომანია - საკაცობრიო პრობლემად ქცეული ქცევითი დამოკიდებულების ყველაზე უარყოფითი ფსიქიკური პათოლოგიის გამოვლინებების კრებსითი აღმნიშვნელებია. ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად, ისტორიულ წარსულში ნაწრთობმა ამ სენმა მეტი გავრცელების არეალი იპოვა, საშუალებებიც დაიხვეწა, გამრავალფეროვნდა - სამორინეების, ლატარიების გარდა, დღეს ფეხბურთი, ჩოგბურთი, ფრენბურთი, ჭადრაკიც, თითქმის ყველა სანახაობა და სპორტის სახე ჩაითრია აზარტმა. ჩვენი დროის უბედურებათა შორის ელექტრონული თამაშებიც გაჩნდა. ცალკეული შეზღუდვების მიუხედავად, აზარტული ბიზნესი, სხვაგანაც და საქართველოშიც, კვლავ ჰყვავის, ვითარდება. შედეგად, პირის ან სოციუმის, ან ორივეს მიმართ მისგან მომდინარე ზიანიც სულ უფრო იზრდება. ახლა უკვე სახლიდან გაუსვლელადაც, შესაძლებელია ნებისმიერ თამაშზე ფსონის დადება და ამ „ბურუსით მოცული სამყაროსთვის“ დამახასიათებელი ყველა მძაფრი შეგრძნების განცდა.

   ომებით, კატასტროფებით, ბუნებრივი კატაკლიზმებით თუ პანდემიებით დაზაფრულ ადამიანის საცხოვრისში, აზარტული თამაშების გამო, ვალები, ლომბარდებში გამოუხსნელად ჩადებული უძრავ-მოძრავი ქონება, უსახლკაროდ დარჩენა, ოჯახების დანგრევა, სვეგამწარებული ადამიანების ურვა, სასტიკი მკვლელობები, სუიციდი ყოველდღიურობად იქცა.

   უარყოფითი შედეგობრივი გამოვლინებებით აზარტულმა ქცევითმა დამოკიდებულებამ ნარკომანიას გადაასწრო და მისგან თავდაღწევა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამ შემთხვევაში, ადამიანს  ნივთიერებების კი არა, უფრო უარესი, უშუალოდ თამაშის პროცესში განცდილი შეგრძნებების მიმართ ფსიქოლოგიური მიჯაჭულობა განუყრელად იმორჩილებს.

   პრობლემის აქტუალობის და სიმწვავის მიუხედავად, განსხვავებულია ქვეყნების, ხელისუფლების, ადამიანების განწყობა აზარტული თამაშებისადმი: ზოგიერთ ქვეყანაში ის აკრძალულია, ზოგან - პირიქით, მხარდაჭერა აქვს, ზოგან (სკანდინავიის ქვეყნებში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, პორტუგალიაში, პოლონეთსა და სხვა ქვეყნებში) მხოლოდ სახელმწიფოებს აქვთ მონოპოლია აზარტულ თამაშებზე სრულად ან ნაწილობრივ; მეტწილ იგი სანახაობად, გართობად, ბიზნესად, ინვესტიციების მოზიდვის, ბიუჯეტის შევსების წყაროდ და დასაქმების შესაძლებლობად არის მიჩნეული, თუმცა ისიც ცნობილია, რომ ამ „ბიზნესს“ სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის უკიდურესად მაღალი რისკები ახლავს. მასში ასევე „შავი“ ფული ბრუნავს და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ემსახურება - თამაში ფულის გათეთრების შირმად იქცა; აზარტული თამაშებიდან ნაერთ ბიუჯეტში შემოსავლები უმნიშვნელოა; აზარტი კლავს, გენოფონდს ანადგურებს; „ნარკომანია, აზარტული თამაშები თუ უზნეო ცხოვრების წესი ათასობით ახალგაზრდას იწირავს და ეს დანაშაულებანი ჩვენგან პასუხს ითხოვს“1 და მაინც, აზარტულ თამაშებს ხელისუფლებებში ძლიერი ლობისტები ჰყავს, მსოფლიოს მოედო, მისგან მთელი ინდუსტრიები იქმნება, ქალაქები შენდება...

   თემა, ცხადია, ფაქიზია - „გააჩნია მრავალი წახნაგი - სამართლებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, ფსიქოლოგიური, ანთროპოლოგიური, რელიგიური, ჯანდაცვითი, ეთიკური და სხვა.2 ამიტომაც მასზე უარგუმენტოდ, შიშველი ემოციებით მსჯელობა უნაყოფოა, მით უფრო, ალბათ არცაა სხვა სფერო, ამდენად განსხვავებული და მკვეთრად საპირისპირო მოსაზრებები ეჯახებოდეს ერთმანეთს, როგორც აქ.

   სინამდვილეში, რა არის ეს აზარტული თამაშები? თავისუფლება? ბედნიერება? ავადმყოფობა? ბიზნესი? კეთილდღეობა? ბიუჯეტის შევსების წყარო? - ამ კითხვებზე კვალიფიციური პასუხი საზოგადოებას, მათ შორის, ქვეყნების მმართველობით ხელისუფლებას, არ გააჩნია, მეტიც, მათზე სრული ინფორმაცია და წარმოდგენაც არ აქვთ, რაც ზღუდავს სათამაშო ბიზნესზე შესაბამისი რეგულაციებისა და გადაწყვეტილებების მიღებას.

   დიახ, თამაშები, რომლის ზურგსუკან აზარტი შავ-ბნელ თავგადასავლებს ხლართავს, სანახაობაა, დასვენებაა, სპორტია. სანახაობა, დასვენება, სპორტი, ისევე, როგორც პური, ხალხს სჭირდება; დიახ, ყველა გარეგნული ნიშნის მიხედვით, აზარტულ თამაშებს ბიზნესის სახე აქვს -  კაპიტალდაბანდება სჭირდება, მოგება მოაქვს, ბიუჯეტშიც არის შემოსავლები, დასაქმების საშუალებაცაა; დიახ, სამორინეებს, ტოტალიზატორებს, სათამაშო აპარატების სალონების მოწყობას ინვესტიციებიც შემოაქვს - შენდება სასტუმროები, ვითარდება ინფრასტრუქტურა, იზრდება ტურისტების შემოდინება. ინვესტორებს მოსწონთ ღია კარი, შეუფერხებელი შესაძლებლობები და ხელშეწყობა. მაგრამ განსაკუთრებული მომზადების გარეშეც ყველა ხედავს, რომ აქედან, „თავსატეხიც“ და გაურკვეველიც ძლიერ ბევრია - ამ „ბიზნესიდან“ როგორია ფინანსური და სოციალური სარგებელი, რამდენია მოგება, რას ღებულობს ბიუჯეტი, რამდენი დარჩა „ბედნიერი“ ან რამდენი შეეწირა მას მსხვერპლად, ღირს კი ამდენ უბედურებად ამ ბიზნესისთვის ხელშეწყობა? სად იწყება საფრთხეები და სად დაცხრება კაცობრიობის მოსპობაზე დამუქრებული ლუდომანიის ტალღა, რაშია გამოსავალი?

   ცხადია, მეტი კითხვებიც არსებობს და მათზე პასუხებიც უნდა გაიცეს.

   ინტერნეტსივრცესა და სპეციალურ ლიტერატურაში სათამაშო ბიზნესზე მასალები იშვიათობა არ არის. ცალკეული შეფასებები და ანალიზიც იძებნება. მაგრამ ამ სფეროს სრულფორმატიანი მეცნიერული კვლევა საქართველოში ჯერ არავის უცდია. გააზრებული, არგუმენტირებული, ერთად თავმოყრილი მოსაზრებები, შეფასებები და განსჯისთვის აუცილებლად საჭირო ზუსტი ინფორმაცია, ფაქტობრივად, აქამდე არც იყო. 

 

 

   და, აი, გამოჩნდა ძალიან საინტერესო, აზარტულ თამაშებზე მიძღვნილი პირველი, სამეცნიერო მონოგრაფიული გამოკვლევა - მიმდინარე წლის 17 მაისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა პროფესორ ბესიკ ბოლქვაძის წიგნის „სათამაშო ბიზნესი და ეკონომიკა“ (გლობალური გამოცდილება და საქართველო) წარდგინება. მანამდე, რამდენიმე დღით ადრე, მქონდა შესაძლებლობა გავცნობოდი ამ გამოცემას. იმდენად ბევრია აქ სიახლე, საყურადღებო, და დასაფიქრებელი, იმთავითვე გამიჩნდა განწყობა, გამეკეთებინა გამოხმაურება ამ უაღრესად საინტერესო მონოგრაფიაზე. 

   პირველი, რაც წიგნის გვერდების აფურცვლამდე მზერას მიიპყრობს, გამოცემის დიზაინი და ხარისხია. არავისთვისაა უცხო, რომ ათასფერადი გამოცემებით გადავსებულ სამკითხველო სივრცეში, შინაარსის გაცნობამდე, წიგნით დაინტერესებას განწყობა ახდენს. ვიზუალმაც უნდა მიგიზიდოს. დაკვეთის და დანახარჯის გარდა, პოლიგრაფიული შესაძლებლობები, გემოვნება უთუოდ მნიშვნელოვანია. მეტი რომ არ გავაგრძელო, პირდაპირ ვიტყვი: ამ შემთხვევაში, გამომცემლობა „საარის“ პროდუქტი სანაქებო გამოცემა გამოდგა - დიზაინი, ქაღალდი, სიმსუბუქე - მთლიანობაში მაღალ დონეზეა.  

   მეორე, გამოცემა  მადლიერების ჩანართით იწყება - ეს კარგი ტონია და მომწონს. მართლაც, წიგნს მარტო ავტორი არ ქმნის. მადლიერებაც ნიჭია და ნიჭიერმა ავტორმა წიგნის შექმნა-გამოცემაში ყველა მონაწილეს გულწრფელი მადლობა უძღვნა.

   გამოხმაურების ეს ნაწილი მეც მადლობით მინდა დავიწყო - რა თქმა უნდა, მადლობა მათ, ამ იდეის ჩამგონებელ-შემგულიანებლებს და მადლობა განმახორციელებელს!  მადლიერების ჩანართის ვრცელ ჩამონათვალში მადლობა ავტორსო, - არ წერია. ამიტომ ვავსებ თავმდაბლობით გამოტოვებულ მწკრივს და არ დავიშუროთ მადლობა მას იმისთვის, რომ ასეთ რთულ თემაზე, საოცარი მონდომებით, დაკვირვებით, პატიოსნად იმუშავა და გამოსცა წიგნი, რომელიც, ყველა ნიშნის მიხედვით, უნიკალურია. ეს წიგნი იძლევა შესაძლებლობას, დაინტერესებულმა მკითხველმა საფუძვლიანად ჩაიხედოს აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული მრავალმხრივი პრობლემის არსში. 

   მესამე და მთავარი, რაც წიგნის პირველივე გვერდიდან მკითხველს გაუძღვება ყველა დროის სოციალურ-ეკონომიკური „თავსატეხის“ რეალური ბუნების აღქმასა და გაცნობიერებაში, ესაა მკვლევარის გულმოდგინე მეცადინეობა, დამაჯერებლობა, გადმოცემის უნარი, სარწმუნო წყაროების დამოწმება, ავტორიტეტული მკვლევარებისა თუ ინსტიტუტების მოსაზრებების სიუხვე და შეჯერების შესაძლებლობა.  ამ დროს, ავტორი თავს არ გახვევს თავის მოსაზრებებსა და დასკვნებს, არამედ მკითხველს უქმნის წინაპირობას, გაეცნოს, გაიცნობიეროს და თავად შეაფასოს რისკები, რომელიც აზარტზე დამოკიდებულ პირსა და რისკებით გაჯერებულ სათამაშო ინდუსტრიას მოაქვს.  

   „ჩვენი კვლევის მთავარ მიზანს სათამაშო ბიზნესის ქვეყნის ეკონომიკაზე ზეგავლენის ანალიზი შეადგენდა“ - აცხადებს ავტორი, თუმცა ინტერესი უფრო ფართო ჭრილში - აკადემიური კვლევის სიბრტყეზეა გადატანილი და წიგნში გაცილებით მეტი საკითხთა წრეა მოცული - სათამაშო ბიზნესის ქვეყნის ეკონომიკაზე ზეგავლენის ანალიზის გარდა, აქ დაიტერესებული მკითხველი გაეცნობა აზარტული თამაშების წარმოშობის და ევოლუციური განვითარების ისტორიას, სათამაშო ბიზნესის თანამედროვე სისტემას, მათ თეორიულ დოქტრინებსა და კონცეფციებს, აგრეთვე აზარტული თამაშების გავრცელების არეალის ქვეყნების რეგულაციებს; რას წარმოადგენს სათამაშო ბიზნესი, რაში ვლინდება მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, რა ხდება სხვა ქვეყნებში, რა შემოსავლები მოაქვს ამ აზარტს, რამდენი ფული ბრუნავს ამ სფეროში, - ავტორს ზედმიწევნით კარგად აქვს შესწავლილი, თითქმის ყველა ამ კითხვაზე და უფრო მეტზეც პასუხები ამ წიგნში მარტივად, გასაგებად, არგუმენტირებულადაა გადმოცემული.

   აღნიშნულ თავდაუზოგავ მეცადინეობას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ავტორმა წიგნში წარმოადგინა მსოფლიოს ოთხი კონტინენტის და მისი ყველა რეგიონის - ამერიკის, აზიის, აფრიკის, ევროპის 31 ქვეყნის სათამაშო ბიზნესის განვითარება და მდგომარეობა - დამოკიდებულება, შემოსავლები, წილი ქვეყნის ბიუჯეტში, საგადასახადო დაბეგვრასთან დაკავშირებული საკითხები, აზარტული თამაშების ცალკეული სახეების სტრუქტურა ბაზარზე - მოკლედ, ყველაფერი, რაც სათამაშო ბიზნესს უკავშირდება. მათ შორის, სრულად და საფუძვლიანადაა აღწერილი საქართველოში სათამაშო ბიზნესის რეგულაციები, პრობლემები და გამოწვევები.

   ამ წიგნში ყველაფერს თავისი ადგილი აქვს - ყველა წინადადება თუ მოსაზრება სათანადოდაა გამყარებული - წიგნში დამოწმებულია 308 წყარო (ლიტერატურა, ინსტრუქცია, კანონი, დებულება, ინტერნეტსაიტი); წიგნს ერთვის ორი დანართი: დანართი №1 – „გლობალური სათამაშო ბიზნესის მაჩვენებლები“, რომელიც მოიცავს 27 ცხრილს და დანართი №2 – „საქართველოს სათამაშო ბიზნესის მაჩვენებლები“, რომელშიც წარმოდგენილია 10 დიაგრამა და 17 ცხრილი. აღნიშნული დანართები (ცხრილები და დიაგრამები), თავისი შინაარსით, უნიკალურია და დამოუკიდებლადაც საინტერესო, საცნობარო, შემეცნებით ინფორმაციას შეიცავს. ამასთან, ქმნის შთაბეჭდილებას ავტორის, როგორც მკვლევარის, უდიდეს შრომისმოყვარეობასა და პასუხისმგებლობაზე. სახასიათოდ გამოვყოფ დანართ 1-ის მხოლოდ პირველ ცხრილს „სათამაშო ბიზნესის ერთობლივი სათამაშო შემოსავლების წილი მთლიან შიდა პროდუქტებთან მიმართებით ევროპის ქვეყნებში“. ამ ცხრილის მიხედვით ირკვევა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ერთობლივი სათამაშო შემოსავლების (GGR) წილის საშუალო მაჩვენებელი 0,68 %-ია, რაც ნიშნავს, სათამაშო ბიზნესი, როგორც ეკონომიკური ფაქტორი, ევროპის ფისკალურ პოლიტიკაში, ფაქტობრივად, უმნიშვნელო როლს თამაშობს. ასეთივე საცნობარო და შემეცნებითი ინფორმაციის მატარებელია ყველა სხვა ცხრილი თუ დიაგრამა და მათ საფუძველზე, შესაძლოა, შესაბამისი დასკვნები მკითხველმა დამოუკიდებლადაც გააკეთოს. 

   სავსებით ბუნებრივია, რომ ეს ერთი ნაშრომი ვერ ამოწურავს პრობლემათა სპექტრს, რაც სათამაშო ბიზნესს ახლავს. ვერც ყველა საკითხის განხილვა მოხერხდებოდა  თანაბარი ამომწურაობით. ამით მინიშნებას არ ვაკეთებ ხარვეზებზე, რაც გამოცემას, შესაძლოა, გამოჰყვა. მთავარია შეიქმნა ძალიან მაღალი ნიშნული, საიდანაც უკეთ გამოჩნდება „ჰორიზონტიც“ და „ვერტიკალიც“, საიდანაც ახალი მკვლევარები „ასაფრენ ბილიკებს“ მოინიშნავენ, საზოგადოების ინფორმირებას უკეთ შეძლებენ.

   ამჯერად, ჩემი მიზანი ამ წიგნის მნიშვნელობისა და შემეცნებითი ღირებულებების წარმოჩენა, მკითხველის ყურადღების არსებითად მნიშვნელოვანზე მიპყრობაა.

   სათუო არაა, რომ წიგნი მეცნიერ-ეკონომისტებს, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, აზარტული თამაშების პრობლემებით დაინტერესებულ პირებსა და საზოგადოებას ცნობიერების ამაღლებაში დაეხმარება.

  მასში განხილულ საკითხთა წრის, აქტუალობის, სიღრმისა და კომპეტენტურობის გამო, ეს წიგნი იმსახურებს მაღალ შეფასებას, ავტორი კი - პატივისცემას. აღნიშნული ნაშრომი სახელმძღვანელოა, განსაკუთრებით სახელისუფლებო ორგანოებისათვის, როცა იხილება ან წყდება სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული საკითხი.

 

 

-------------------

1 საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესის ილია მეორის 2019 წლის საშობაო ეპისტოლიდან.

2 ბოლქვაძე ბ. სათამაშო ბიზნესი და ეკონომიკა (გლობალური გამოცდილება და საქართველო), თბილისი, 2021, გვ. 15.

 

საიტის კომენტარები (1)

Facebook კომენტარები: