მანანა კობახიძე მოუწოდებს, რას ფიქრობს საზოგადოება?!

მანანა კობახიძე მოუწოდებს, რას ფიქრობს საზოგადოება?!

„ჩაიდეთ ჯიბეში მანდატები და წადით პოლიტიკიდან!“ _ მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა „ქართული ოცნებიდან“ ქ-ნმა მანანა კობახიძემ კოლეგა _ „ნაციონალებს“ და თავიანთი „საქმენი საგმირონიც“ შეახსენა. 

 

რა იყო ეს- შემთხვევით წამოსროლილი სიტყვები თუ სერიოზული გზავნილი საზოგადოებისთვის?! მანანა კობახიძე რიგითი პარლამენტარი არ არის. მას ზოგ-ზოგიერთებისგან განსხვავებით, თავისი პოლიტიკური ბიოგრაფიიდან გამომდინარე (ფაქტიურად, მისი პოლიტიკური ბიოგრაფია „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება), ჰქონდა ამის თქმის უფლება, მაგრამ, ჩემთვის უფრო საინტერესოა, რატომ თქვა ეს მან სწორედ გუშინ (და არა გუშინწინ!) და რა იმალება ამ ხმამაღალი განცხადების მიღმა?!

 

კომუნისტებს ჰქონდათ ასეთ გამოთქმა: ვამბობთ პარტიას და ვგულისხმობთ ლენინს, ვამბობთ ლენინს და ვგულისხმობთ პარტიას! გულწრფელად მაინტერესებს, შეგვიძლია თუ არა ამ სიტყვების შემდეგნაირად პერეფრაზირება: ვამბობთ მანანა კობახიძეს და ვგულისხმობთ ბიძინა ივანიშვილს! მინდა ვირწმუნო, რომ პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან კობახიძის ხმამაღალი განცხადება შორსგამიზნული გზავნილია საზოგადოებისთვის. „წადით პოლიტიკიდან“ _ ამას ამბობს არა რიგითი მოქალაქე, არამედ პარლამენტის I ვიცე-სპიკერი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე.

 

საზოგადოებისთვის უფრო მაინტრიგებელი იქნებოდა ეს სიტყვები ეთქვა თავად ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ მას ძალიანაც რომ უნდოდეს, სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, დღეს ამის თქმის უფლება არა აქვს!

 

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მანანა კობახიძემ უმრავლესობის, უფრო სწორად, ბიძინა ივანიშვილის პოზიცია გაახმოვანა? ცალსახად ძნელია ამის მტკიცება, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ასეა!

 

ხშირად მითქვამს, რომ ხელისუფლებას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის რკალშია მოქცეული და ყოველდღიურ ზეწოლას განიცდის, რეზონანსული საკითხების გადაწყვეტაში ყოველთვის ზურგს საზოგადოების ინიციატივა უნდა უმაგრებდეს. ამის ნათელი დასტურია 2012 წლის 1 ოქტომბერი, როცა დასავლეთი იძულებული გახდა ეღიარებინა მისთვის მიუღებელი შედეგები. ანალოგიური სიტუაციაა დღესაც, რადგან, საქმე ეხება „დემოკრატიის შუქურად“ აღიარებული რეჟიმის გასამართლებას და მისი პოლიტიკური ავანსცენიდან გაძევებას! რადგან კობახიძემ გაბედა და თქვა, საზოგადოებამ ეს გზავნილი უნდა აიტაცოს და მრავალათასიანი აქციით უნდა დააგვირგვინოს. ამით ერთდროულად რამდენიმე კურდღელს დავიჭერთ _ „ნაციონალების“ პოლიტიკიდან გაძევება (არადა, ამის წინაპირობები არსებობს) დღის წესრიგში დააყენებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობას, რომელიც არსებითად შეცვლის პოლიტიკურ სპექტრს ქვეყანაში (შესაძლებელია საპრეზიდენტო არჩევნებსაც სულ სხვა დატვირთვა მიეცეს). ამ ნაბიჯმა შესაძლოა „ნაციონალების“ მიმართ დაგროვილი ზიზღისა და შურისძიების გრძნობაც შეარბილოს და ქვეყანას სწორი ორიენტირის არჩევის შესაძლებლობა მისცეს!

 

ერთი სიტყვით, „გამოსაშვები სისხლი“ დროზე უნდა გამოვუშვათ _ გასაკეთებელი საქმე დროზე უნდა გავაკეთოთ. ყოველი დაკარგული დღე საფრთხეს უქმნის საქართველოს მომავალს _ „ქვეშიდან გამოსვლა“ ღირსება-უღირსობის ზღვარზე გვაყენებს. ერთსულოვნად გამოვიდეთ ქუჩაში, დავდგეთ ერთად მე, შენ, ის, ისინი და ხმის ჩახლეჩამდე ვიყვიროთ: წადით! წადით! წადით!

 

P.S. გულზე მჯიღის ცემით ვერც საკუთარ ცოდვებს ვუმკურნალებთ და ვერც ქვეყანას დავაყენებთ ფეხზე. „ნაციონალების“ ცინიზმს ხომ საერთოდ დასასრული არა აქვს!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: