კაცმა არ იცის რას გააფუჭებს საქართველოზე გაბრაზებული სააკაშვილი

კაცმა არ იცის რას გააფუჭებს საქართველოზე გაბრაზებული სააკაშვილი

ყველაზე საშიში საპრეზიდენტო არჩევნებამდე დარჩენილ ამ მოკლე დროშია სააკაშვილი. იგი ყოველნაირად ცდილობს და მომავალშიც ეცდება, რაც შეიძლება მეტი გააფუჭოს, ქვეყანას მეტი პრობლემები შეუქმნას! 

სააკაშვილმა მშვენივრად იცის, რომ მისი მომავალი ბურუსითაა მოცული. ისიც იცის, რომ იგი ისტორიაში შევა, როგორც ჯალათი და დაღმამშენებელი და მის ავადმყოფურ ცნობიერებას ამის გადახარშვა უჭირს!

ამერიკულ ხომალდზე გუშინდელი შეხვედრა და მისი ტრადიციული დუჟმორეული გამოსვლა ამის ნათელი დასტურია. მიკვირს, რატომ იდგა აშშ-ს ელჩი ბატონი ნორლანდი ნირწამხდარი და გაოცებული სააკაშვილის გამოსვლისას?! ამით გვაგრძნობინა, რომ ამერიკა ემიჯნება აგონიაში მყოფ საქართველოს პრეზიდენტს თუ სიმწრისგან იყო დაზაფრული - 9 წელიწადი ამ გიჟსა და გადარეულს დემოკრატიის შუქურად ვაცხადებდით და ხალხი არა ხართ, მოგვიტევეთო...

თუმცა, რა შუაშია ამერიკა, ისინი კი გვარწმუნებდნენ, მაგრამ ჩვენ რატომ ვიჯერებდით?! ჩვენ, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოვცადეთ სააკაშვილის რეჟიმის შხამი და სამსალა! 

არა, არა, ჩვენი საშველი მანამ არ იქნება, სანამ ჩვენს გასაკეთებელს ჩვენვე არ გავაკეთებთ, ჩვენს ასარჩევს ჩვენვე არ ავირჩევთ და ჩვენს არჩეულს ჩვენს წინაშე პასუხისმგებლობას არ დავაკისრებთ! აბა გაიხსენეთ, ჯერ კიდევ როდის თქვა წმინდა ილია მართალმა: "ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუდნესო". დღევანდელი რეალობის შემხედვარეს შეიძლება ყველაფერში ეჭვი შეგეპაროს და საბოლოოდ ხელიც ჩაიქნიო, მაგრამ... უფალი მოწყალეა - გონებასაც გაგვინათებს და ღირსების გრძნობასაც დაგვიბრუნებს!

გუშინ სააკაშვილის პირიდან "მარგალიტების" გადმოფრქვევა იმდენად არ გამიკვირდა, რამდენადაც ივანიშვილის ირონიული ჟესტები და ნორლანდის გაოცებულ - დამწუხრებული სიფათი - რა, გუშინ პირველად ვნახეთ, ვისთან გვქონდა საქმე ამ ბოლო 10 წლის მანძილზე?! 

ეჭვი არ არის, თუ საშუალება მიეცა ამ დარჩენილ დროშიც სააკაშვილი თავისებურად კუდს ისევ მოიქნევს და თავისი "ვირტუოზობითაც" გაგვაოცებს, მაგრამ ჩვენ ჭკუას მაინც ვერ ვისწავლით - გიჟ-გადარეულებს ფარისევლებით შეგვიცვლიან და თუ გონს არ მოვეგეთ, ისე ამოგვხდიან სულს, როგორც თავის დროზე გივია თარგამაძე გვემუქრებოდა- "სულს ამოგხდით თქვენ ნაძირლებო!"_ო

დღეს საზოგადოების უმეტესი ნაწილი "ქართული ოცნების" პოლიტიკით უკმაყოფილოა - სხვა დანარჩენთან ერთად ივანიშვილს სამართლიანობის აღდგენის დაპირების შეუსრულებლობას უწუნებენ, მაგრამ,უნებლიედ მიჩნდება კითხვა: რატომ არ იფიქრა თავის დროზე იგივე საზოგადოებამ, რომ არჩევნების დამთავრებისთანავე გულმხურვალე მადლობა გადაეხადა ივანიშვილისთვის ასეთი თავგანწირვის გამო და თავსმოხვეული კოჰაბიტაციის (ქართულად რომ ვთქვათ, ჩახუტების) ნაცვლად კატეგორიულად მოეთხოვა "ნაციონალური" რეჟიმის გასამართლება და მათი ნარჩენებისგან საქართველოს პოლიტიკური სივრცის გასუფთავება?!

სამწუხაროდ, არც ამაზრზენი ფარული ვიდეო ჩანაწერებიც აღმოჩნდა ნაპერწკალი ალის გასაღვივებლად! 

ვიცი, ოპონენტები დამაცხრებიან და მიკიჟინებენ: დაგვაცადე არჩევნებამდე, სააკაშვილი წაშავდება, ორხელისუფლებიანობაც დამთავრდება და... "ცულს მოვიტანთ, ცუნცულასო!!!" კი ბატონო, მე ოლიმპიური სიმშვიდით დაველოდები, მალე ოქტომბერიც მოვა! 

ისე, თუ პოლიტიკაში დარჩენა უნდოდათ, სააკაშვილის განეიტრალებაზე ისევ "ნაცმოძრაობას" უნდა ეზრუნა - საუკეთესო შემთხვევაში იგი იძულებული უნდა გაეხადათ ვადაზე ადრე გადამდგარიყო და ამით გვიან, მაგრამ დიდ ბოროტებას გაემიჯნებოდნენ და შეიძლება საზოგადოების თანაგრძნობაც მოეპოვებინათ! ჩვენ ხომ უარესის პატიებაც შეგვიძლია?! 

ეს არ გააკეთეს, არა იმიტომ, რომ ვერ მიხვდნენ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, არამედ, იმიტომ, რომ, ამაზე საზოგადოების მოთხოვნა არ ყოფილა. შედეგი სახეზეა - ნაცვლად იმისა, რომ ურჩი ბავშვივით კუთხეში იყვნენ მიყუჟულნი, დღეს იქედნურად გველაპარაკებიან და ხელისუფლებაში დაბრუნებითაც იმუქრებიან.

თუ არ გამოვიღვიძეთ, მე უარესიც არ გამიკვირდება!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: