ვაჟა აზარაშვილი იუბილარია

ვაჟა აზარაშვილი იუბილარია

   13 ივლისს ვაჟა აზარაშვილი 78 წლის ხდება.  "ივერიონი" ულოცავს კომპოზიტორს დაბადების დღეს.

   ვაჟა აზარაშვილი დაიბადა 1936 წლის 13 ივლისს, თბილისში. მუსიკალური განათლება IV სამუსიკო სასწავლებელში (პროფ ა. შავერზაშვილის კომპოზიციის კლასი) მიიღო. 1964 წელს დაამთავრა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახ. კონსერვატორია კომპოზიციის კლასი (პროფ. ი. ტუსკია). 1961 წლიდან ვაჟა აზარაშვილი შემოქმედებითი მოღვაწეობის პარალელურად, პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა, ჯერ II და III სამუსიკო სასწავლებლებში, 1971 წლიდან კონსერვატორიის პედაგოგია ( პროფესორი 1988 წლიდან). 1994 წელს გახდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი, ხოლო 1997 – 2007 წლებში კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე.

   ვაჟა აზარაშვილის შემოქმედება ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა: სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტალური, მიუზიკლი და საესტრადო. მის შემოქმედებით ინდივიდუალობას იშვიათი გულწრფელობა, ნატიფი გამომსახველობა და თვითგამოხატვის თავისუფლება განსაზღვრავს.

თავის შემოქმედებაში ვაჟა აზარაშვილი დიდ ყურადრებას უთმობს ინსტრუმენტული კონცერტის ჟანრს.

   1969 წელს კომპოზიტორმა შექმნა კონცერტი ჩელოსა და კამერული ორკესტრისატვის. 70-იანი წლებიდან კომპოზიტორი აფართოვებს შემოქმედების ჟანრულ სფეროს: იგი ქმნის ექვს ოპერეტას, ორ ვოკალურ ციკლს – ბანისა და ფორტეპიანოსთვის, და "თეატრალურ ნიღბებს" ტენორისა და ფორტეპიანოსთვის.

80-იანი წლების დასაწყისში ვაჟა აზარაშვილი პირველად მიმართავს საბალეტო ჟანრს.

1982 წელს შედგა ბალეტ "ხევისბერის" პრემიერა. ნაწარმოებზე მუშაობისას კომპოზიტორი ფართოდ დაეყრდნო ფშაური მუსიკალური ფოლკლორის კანონზომიერებებს და თავისუფლად გამოიყენა თანამედროვე გამომსახველობითი ხერხებიც.

1995 წელს ვაჟა აზარაშვილმა კიდევ ერთხელ მიმართა მუსიკალური კომედიის ჟანრს – დაწერა თავისი საუკეთესო მიუზიკლი "მეჩექმე გაბო".

მიუხედავად 90-იან წლებში შექმნილი მძიმე სოციალური და ფსიქოლოგიური სიტუაციისა, კომპოზიტორი საკმაოდ ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობას განაგრძობდა. ამ პერიოდში შეიქმნა: სუიტა "ძველი თბილისის სურათები", "ვოკალურ-სიმფონიური ციკლი "პოეტის აღსარება", "ფანტაზია ძველი თბილისის თემებზე" – ამ ნაწარმოებმა 2003 წელს სანკტ პეტერბურგის საერთაშორისო კონკურსზე I პრემია მოიპოვა; რამოდენიმე ციკლი ფორტეპიანოსათვის, ვოკალური ციკლი ანა კალანდაძის ლექსებზე, კამერული სიმფონია, "5 პრელიუდი" და მრ. სხვა.

მთელი თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობის მანძილზე ვ. აზარაშვილი ნაყოფიერად მუშაობს საესტრადო მუსიკის სფეროში. ქართული კლასიკური პოეზიიდან კომპოზიტორი ხშირად მიმართავს ნ. ბარათაშვილის ქმნილებებს. თანამედროვე პოეტებიდან ძირითადად მ.ფოცხიშვილის და პ. გრუზინსკის ლექსებს.

მან ბევრი სიმღერა მიუძღვნა მშობლიურ თბილისს: "თბილისური ლირიკული", "სიმღერა თბილისზე", "სიმღერა მეტეხზე", პოპულარულია მისი სიმღერები: "მუსიკა", "დღეები მიდიან", "პატარა გოგო", "მზე ჩემი მეგობარია", "ისევ წვიმს", "სიმღერაა მთელი ჩემი ქონება"," დინამო, დინამო"… მის სიმღერებს წარმატებით ასრულებენ მომრერლები: ნ. ბრეგვაძე, გ. ჩოხელი, ვ. კიკაბიძე, ე. კაკულია, თ. გვერდწითელი, ანსამბლები: "ორერა", "რერო", "ივერია", "თეატრონი" და სხვა.

ვაჟა აზარაშვილს ქართულ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის მრავალი საპატიო წოდება და პრემია მიენიჭა: 1974 წელს მიიღო საქართველოს კომკავშირის პრემია, 1982 წელს საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია, 1998 წელს გოგებაშვილის სახელობის პრემია, 2003 წელს ზ.ფალიაშვილის სახ. პრემია, სახელმწიფო პრემია (2004). არის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979), საქართველოს სახალხო არტისტი (1988), 1998 წელს მიენიჭა ღირსების ორდენი. თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა 1999 წელს.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: