გია ჭუბაბრია: "კამერა ჩემთვის ფუნჯია ან კალამი"

გია ჭუბაბრია: "კამერა ჩემთვის ფუნჯია ან კალამი"

რუბრიკა "რეტრო"

შორენა როსტომაშვილი

 

სამი ფილმი

 

   დოკუმენტური კინოს რეჟისორი, გია ჭუბაბრია, ხშირად, თავისი ფილმების სცენარისტი და ოპერატორიცაა. თუ როგორ ახერხებს ამას, ამ კითხვაზე თავად რეჟისორი სიამოვნებითაც კი გვიპასუხებს, რომ თავისი საქმის მოყვარული ადამიანი არ იღლება მაშინ, როდესაც ქმნის თავისივე ნაფიქრისა და ნააზრევის ცოცხალ ნიმუშს. სწორედ ამიტომ, სულის ერთი ჩაბერვით გამოირჩევა გია ჭუბაბრიას პირველი რეჟისორული ნამუშევარი "თეთრი თორღვაი", "იაპონური ჩანახატები", რომლის სცენარისტად, რეჟისორად და ოპერატორად ერთდროულად გვევლინება და რეჟისორ ვახტანგ მიქელაძესთან ერთად გადაღებული ფილმი "ომალო", რომლის სცენარის თანაავტორიც, ასევე, გია ჭუბაბრიაა.

 

"ომალო"

 

   1967 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმი "ომალო" სასიამოვნო მუსიკით შემოდის მაყურებელში და ეკრანზე ჩანს თოვლიანი ზამთრის სურათი. ცხენი, რომელსაც ათოვს, ნახირი, ცხვრის ფარა და მწყემსი. ეს უკანასკნელი ისე მწყემსავს ფარას, როგორც ღმერთი _ თავის შექმნილ ადამიანებს. ჰოდა, ეს ადამიანებიც ცოცხალი პორტრეტების სახით გვევლინებიან. ისინი მთა-თუშეთის მკვიდრნი არიან და ჩივიან _ "ხალხი შეცოტავდა, ხალხი აღარ არისო". კამერა ახლოდან გვიჩვენებს მათ სახეებს, გამოხედვას, თითქოს გვამახსოვრებს მათ _ ესენი ხომ ძველი თუშები არიან. ან მარტოხელა მოხუცი ჩანს ეკრანზე, ან ცოლ-ქმარი შემოგვყურებს უხმოდ _ ისინი ქართველობის შეგრძნებას აღვიძებენ და ტოვებენ ფირზე, რათა ხალხის შეცოტავების შედეგად სულ არ გადაშენდეს ძველი მთა-თუშეთი. რეჟისორი და სცენარისტი შეთანხმებულად მოქმედებენ. მათი აზრები ერთმანეთს ემთხვევა _ იღებენ დოკუმენტურ სურათს და მიზნად აქვთ, დაიცვან სოფელი, შეუნარჩუნონ მას ხალხი, ასახონ სინამდვილე და ამით შეებრძოლონ რეალობას. დოკუმენტური კინოც ხომ სწორედ იმისათვის არსებობს, გვიჩვენოს ჩვენი აწმყო, დაგვანახოს კავშირი წარსულთან და დაგვაფიქროს მომავალზე. აქ ულამაზესი კადრები ცვლის ერთმანეთს _ ადამიანს ავიწყება კიდეც, რომ შავ-თეთრ სურათს უყურებს, იმდენად მშვენიერია ძველი ქართული სოფელი. ოპერატორული ნამუშევარი ფილმის შინაარსს უსიტყვოდ ეხმიანება. თოვს. აქაური, პატარა სკოლის პატარა კლასში ორი მოსწავლე ზის _ გოგონა და ბიჭი. გეოგრაფიის მასწავლებელი რუკაზე ინდოეთს უჩვენებს მათ, ბიჭი კი თვითონ ჩამოჰგავს ინდოელს. ამ ცივილიზაციას მოწყვეტილ კუთხეში კიდევ უფრო აშკარად იგრძნობა აზიის ერთ-ერთი ულამაზესი ქვეყნის სიშორე. უეცრად, მთა-თუშეთის სიმყუდროვეს არღვევს ვერტმფრენი (თანამედროვეობის უხეში გამოგონება), რომელსაც ექიმი ჩამოჰყავს _ სადღაც ვიღაცა კვდება, სადღაც ვიღაცა იბადება. ჩანს ტაძარი _ გზა ღმერთისაკენ, იმედი, რომელიც არასოდეს გვტოვებს და მღერიან ისე, თითქოს მართლაც "ზეცას გაჰქონდაო ღრიალი". აი, ნამდვილი თუშები _ ჭაღარა, თეთრწვერა მოხუცები სუფრასთან _ ლოცავენ ახალშობილს, თურმე არც ისე ცოტავდება ხალხი, მაგრამ საკლასო ოთახში მხოლოდ ერთი მოსწავლე ზის. თავ-თავიანთ სახლებთან სხედან და ქსოვენ მოხუცი ქალები. სახეები გვიახლოვდებიან _ არ დაგვივიწყოთ, ქართველები ვართ, ქართველობა არ დათმოთ, არ დატოვოთო! სოფელი შეინარჩუნეთ, ნუ წახვალთ, აქ დარჩით, ნუ ცოტავდებითო _ ომალო! მიჰქრის ბედაური _ უსაზღვრობის, უსასრულობის, მარადიული იმედის სიმბოლო _ ის, თითქოს, ამშვიდებს ძველ თუშებს, სიცოცხლე გრძელდებაო _ თითქოს ეუბნება. სამჯერ რეკს ეკლესიის ზარი _ ღმერთი სამობით არის და იწამეთო. ზევიდან (იფიქრებთ, უფლის თვალი იხედებაო) ნახატივით მოჩანს დათოვლილი სოფელი და ისმის მხიარული სიცილი _ ეს სიცოცხლის ხმაა _ ადამიანებს მაინც უხარიათ, თუმცა კი დაუღალავად იმეორებენ _ "სხვას არ დაუთმოთ, არ დატოვოთო ომალო!"

 

"თეთრი თორღვაი"

 

   გია ჭუბაბრიას მიერ 1969 წელს გადაღებული ეს შავ-თეთრი სურათი ერთგვარი სისადავით იპყრობს თვალს. მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებული ფილმის მსგავსად აქაც სოფლის მცხოვრებთა ყოფაა ნაჩვენები, მაინც რადიკალურად განსხვავდება "ომალოსაგან" თავისი დანიშნულებით. თუ ამ უკანასკნელში სოფლის გადაშენების საფრთხეა მოცემული, "თეთრ თორღვაიში" რეჟისორი მწყემსთა მძიმე ცხოვრებას გვიჩვენებს. მოკლედ და, ამავე დროს, სრულყოფილად ასახავს იგი შუა ზამთარში მთაში ასული მწყემსების წვალებას, რომელთა შემხედვარე მაყურებელიც მათი ცხოვრების წუთიერი თანამონაწილე ხდება. ჩვენ მათთან ერთად ვიღლებით და ვისვენებთ, ვხარობთ ჯანსაღი სიცოცხლით, ვისუნთქავთ სუფთა, შეურყვნელ ჰაერს და ერთ-ერთი მწყემსივით ვეწაფებით მთის ანკარა წყაროს, რომლის სახითაც მოძრაობა და სიცოცხლე მოედინება. ზამთარი ასეთ პირობებში უფრო ხანგრძლივია, ყინვა და სუსხი ცხვარსა და მის პატრონს მუდმივად თან სდევს, მაგრამ ადრე თუ გვიან მაინც მოდის გაზაფხული და იმედიც იღვიძებს _ იმედი, რომელიც აუცილებელია ამ ბედის ანაბარა მიტოვებული, გაწამებული მწყემსებისათვის. და აი, აყვავებული ხეების ფონზე ერთ-ერთი მათგანი მიაქროლებს თავის ბედაურს. ჟღერს ვივალდის მუსიკა და სულში ბედნიერების მოლოდინით გამოწვეული სიხარული იჭრება. ეს თეთრი თორღვაია. რეჟისორს ახლო ხედით მოაქვს იმ ადამიანების ცხოვრება, რომლებიც ასეთი მძიმე შრომის ფასად შოულობენ ლუკმა-პურს და ამით არიან ბედნიერნი. სურათი შავ-თეთრი და მშვენიერია _ სწორედ ისეთი, როგორიც ამ მწყემსთა სინამდვილეა.

 

"იაპონური ჩანახატები"

 

   ეს ფერადი ფილმი გია ჭუბაბრიამ 1975 წელს გადაიღო. სურათს ფონად გასდევს ხმა, რომელიც "მზის სამშობლოს" გასაცნობად გვიხმობს და შეგვახსენებს, რომ "იაპონია შორეული ქვეყანაა". ღელავს წყნარი ოკეანე, მის ლურჯ-მწვანე ტალღებს მიაპობს მშვენიერი "კატანგლი". გემი კუნძულოვანი სახელმწიფოს ნაპირს უახლოვდება და ჩვენც, სულ მალე, მისი დედაქალაქის _ ტოკიოს ქუჩებში ვხვდებით. ეს პირველი ნაბიჯები შესანიშნავი მუსიკის ფონზე იწყებს იაპონიის გარკვეული ნაწილის შემოვლას და ფილმის ბოლომდეც მუსიკის თანხლებით მივდივართ. ასე, თითქოს, უფრო შთამბეჭდავი გვეჩვენება ღამის ქალაქი, დღისით კი ჩქეფს სიცოცხლე, თვალს აჭრელებს მილიონობით ადამიანი (ტოკიოში ხომ 12 მილიონი მაცხოვრებელია, რომელთაც ურიცხვი ტურისტი ემატება). ჩანს მათი ყოველდღიური, წვრილმანი საზრუნავით სავსე ცხოვრება. ეკრანზე ვხედავთ და ვეცნობით ხნიერ, ახალგაზრდა და, ასევე, პატარა, მშვიდ იაპონელებს (რეჟისორი თავის არაერთ ნამუშევარში ცდილობს, დაგვამახსოვროს ფირზე აღბეჭდილი ადამიანები, რათა ისინი მეხსიერებაშიც სამუდამოდ დარჩნენ). ფერადი აბრებით აჭრელებული ტოკიო სასიამოვნო სანახავია. ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს შენც იმ ქუჩებში დააბიჯებ და ინტერესით ათვალიერებ ამ მრავალფეროვან ქალაქს. აი, ძველი თეატრი (იაპონელებს ხომ სულ ორი თეატრი აქვთ _ "კაბუკი" და "ნო"). ეს ერთ-ერთი მათგანია, რომელშიც ქალების როლებსაც მამაკაცები ასრულებენ. შემდეგ გადავდივართ ქალაქ ნიგატაში, სადაც მოსახლეობა ნახევარ მილიონს შეადგენს და ბოლოს, ქალაქ კიოტაში, რომელსაც სახელი 32 უნივერსიტეტით აქვს განთქმული. ვხედავთ ცის ფონზე აღმართულ სალოცავ ქანდაკებებს (როგორც ცნობილია, აქ ორი რელიგიური მიმდინარეობაა _ ბუდიზმი და სინტოიზმი). აი, "ნატვრის ხეები", სასაფლაოები, ატრაქციონები… აი, 1975 წლის იაპონია თავისი ხალხით, ზნე-ჩვეულებებით, მაგალითად, ასე განთქმული "ჩაის ცერემონიალით". აი, დიდი იაპონია _ რეჟისორის მიერ მოკლედ და ნათლად დახატული, თუმცა დასასრული მაინც უსასრულოა, რადგან იაპონელები არაფერთან არ სვამენ წერტილს. "იუგენს" _ ეს მათი საყვარელი სიტყვაა, რაც უსასრულობის მშვენიერებას ნიშნავს. ისინი ამ მშვენიერების, ერთგულების, სიყვარულის სიმბოლოებსაც ქმნიან და გულის ნახატს _ "სინგას" უწოდებენ. ეს მათი იეროგლიფებია. "მაგალითად, კადრიც თავისებური იეროგლიფია, _ ეთანხმება იაპონელებს ფილმის რეჟისორი, _ ხოლო კამერა ჩემთვის ფუნჯია ან კალამი".

 

   როგორც წესი, სამივე სურათი დოკუმენტალურ სინამდვილეზეა შექმნილი, მაგრამ, გარდა ამისა, თითოეული მათგანი თვალსა და გულს თავისი განსაკუთრებულობით იტაცებს _ ეს, ალბათ, პატარა საიდუმლოა, რომელსაც ფლობს ამ ფილმების ავტორი _ გია ჭუბაბრია.

 

   "თეთრი თორღვაი" _ 1970 წ. კინოფესტივალ ობერჰაუზენის დიპლომი; მე-4 საკავშირო კინოფესტივალის პრიზი და დიპლომი, მინსკი, 1970 წ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: