როგორ ააოხრა ვანო მერაბიშვილმა სამცხე-ჯავახეთი

როგორ ააოხრა ვანო მერაბიშვილმა სამცხე-ჯავახეთი

ვანო მერაბიშვილმა და მისმა კლანმა სამცხე-ჯავახეთის ტყეები გააპარტახა და ეს წლების მანძილზე გრძელდებოდა. ექსპრემიერი და მისი ახლობლები იმდენად დაუსჯელად დათარეშობდნენ რეგიონში, რომ მათთვის არანაირი შემაკავებელი ფაქტორი არ არსებობდა _ როგორც ამბობენ, წითელ წიგნში შეტანილ, უნიკალური ჯიშის ხეებს ჭრიდნენ და თურქულ სამშენებლო კომპანიებზე სამასალედ ყიდდნენ.


"ივერიონს" მოაწოდეს მეტად საყურადღებო ინფორმაცია, რომელიც დეტალურად აღწერს  სამცხე-ჯავახეთში ტყის რესურსის შესახებ  დეტალურ ინფორმაციას. მისი გაცნობის  შემდეგ, უფრო ნათელი გახდება, თუ რა შავ დღეში ჩააგდეს მერაბიშვილმა და მისმა სანათესაომ რეგიონის ბუნებრივი რესურსები.


2007 წლის გაზაფხულზე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სატყეო დეპარტამენტში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დაიწყო რეფორმა, რომელიც დღემდე გრძელდება. თუ რა შედეგი მოგვიტანა ამ რეფორმამ, ახლავე მოგახსენებთ.


ახალციხე-ასპინძის სატყეო მეურნეობის ფართობი _ 56206ჰა, ადიგენის სატყეო მეურნეობის ფართობი _ 31156 ჰა და ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო მეურნეობის ფართობი _ 45232 ჰა გაერთიანების ბაზაზე ჩამოყალიბდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველო, საერთო ფართობით _ 132654 ჰა. გაუქმდა სატყეო მეურნეობების დირექტორებისა და სატყეოს უფროსის თანამდებობები და შეიქმნა სარეინჯეროები. ახალციხე-ასპინძის სატყეო მეურნეობის ყოფილი ახალციხის სატყეო ფართობით _ 3658ჰა, ყოფილი ვალეს სატყეოს ფართობით _ 4949 ჰა, ყოფილი ელიაწმინდის ფართობით _ 2559, ყოფილი სკ-რის სატყეოს ფართობით _ 4879 ჰა, ყოფილი წინუბნის სატყეოს ფართობით _ 4663 ჰა. ყოფილი თისელის სატყეოს ფართობით _ 2975 ჰა, ყოფილი ურაკლის სატყეოს ფართობით _ 8490 ჰა. ყოფილი ასპინძის სატყეოს ფართობით _ 4881 ჰა, ყოფილი ოთის სატყეოს ფართობით _ 2706 ჰა, ყოფილი ზედაველის სატყეო ფართობით _ 4065 ჰა, ყოფილი ძველისა და ვარძიის სატყეოს ფართობით _ 3605 ჰა, ყოფილი თეთრობა-ჭობარეთის სატყეოს ფართობით _ 4922 ჰა, ყოფილი ახალქალაქის სატყეოს ფართობით _ 2048 ჰა და ყოფილი ნინოწმინდა-განძის სატყეოს ფართობით _ 2209 ჰა შეიქმნა 13 სარეინჯერო თითო საშტატო ერთეული, მაშინ როდესაც ზემოთ ჩამოთვლილ ყოფილ სატყეოებში რეფორმამდე  საშუალოდ 4-5 კაცი მუშაობდა. ანალოგიური მდგომარეობა შეიქმნა ბორჯომ-ბაკურიანის ყოფილ სატყეო მეურნეობაში, სადაც ყოფილ  11 სატყეოში ჩამოყალიბდა 17 სარეინჯერო თითო საშტატო ერთეულით, მაშინ, როდესაც ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო მეურნეობის ყოფილ 11 სატყეოში საშუალოდ თითო სატყეოში  5-6 კაცი მუშაობდა, იგივე მოხდა ადიგენის ყოფილ სატყეო მეურნეობაში, სადაც ყოფილ _ 6 სატყეოში მუშაობდა საშუალოდ 4-5 კაცი, შეიქმნა 6 სარეინჯერო თითო საშტაბო ერთეულით. როდესაც იწყებ რეფორმას ანგრევ, ძველსა და იწყებ ახლის შენებას, მან უნდა მოიტანოს შედეგი და არა პირიქით. სწორედ აქედან იწყება სამცხე-ჯავახეთის ტყეების უკანონო ჩეხვისა და განადგურების ათვლის წერტილი.


 რეინჯერის თანამდებობაზე დასანიშნად სატყეო დეპარტამენტში შეიქმნა საკონკურსო-საატესტაციო კომისია, რომელმაც რამდენადაც სასაცილო არ უნდა იყოს, კონკურსის პირველ  პირობად გამოაცხადა, თბილისის ლოკომოტივის სტადიონის ირგვლივ სირბილი გარკვეულ დროში ჩატევით, ხოლო მეორე პირობა იყო გასაუბრება. კონკურსში მონაწილეობას ღებულობდნენ როგორც ძველი ყოფილი სატყეო მეურნეობის თანამშრომლები, ისე ახალი სახეები და რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, გასაუბრების შემდეგ  ძველ თანამშრომელთა უმეტესობას   უარი უთხრეს   რეინჯერის თანამდებობის დაკავებაზე და სარეინჯეროებში დაინიშნა ძირითადად ახალი, გამოუცდელი და არაპროფესიონალი კადრები. რეფორმის შემდეგ მოიშალა ძველი ათეული წლებით დალაგებული სტრუქტურა, ტყეებში აღარ ტარდებოდა ტყის პათოლოგიური გამოკვლევები, ხანძარსაწინააღმდეგო მინერალიზებული ზოლებისა და სახანძრო ბილიკების გაყვანა, საგაზაფხული და საშემოდგომო გეგმიური რევიზიები, რეინჯერები დაკავებული იყვნენ მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობაზე საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემით, ტყეები ფაქტიურად უპატრონოდ დარჩა, ვინ რას ჭრიდა და სად  გაჰქონდა, გამკითხავი არავინ იყო.


განუკითხაობისა და უკონტროლობის გამო რეგიონის ტყეებში შეიქმნა ანტისანიტარიული მდგომარეობა, ტყეები ჩაიხერგა ხე-ტყის დამზადების ნარჩენებისგან, ადგილობრივ მოსახლეობას გაჰქონდა მოჭრილი ხის 60-70% და სასაქონლო მერქნის 30-40% ტყეში რჩებოდა. ამას კი არ შეიძლება უარყოფითი შედეგი არ მოჰყოლოდა და მოხდა კიდეც _ 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს 5 დღიანი ომის შედეგად ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის ტბისა და წაღვერის სატყეოებში იფეთქა ტყის ხანძარმა. აღნიშნულ სატყეოებში გაჩენილი  ხანძრის შედეგად განადგურდა და დაზიანდა სასიცოცხლო ფუქნქციის დაკარგვით _ 525 ჰა ტყე.  გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 10  მილიონ974685 ლარი.


 2008-2010 წლებში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სატყეო დეპარტამენტის და სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს ხელმძღვანელობის უნიათობით,   აგრეთვე 2011-12 წლებში ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტყის მართვის დეპარტამენტის და სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამმართველოს ხელმძღვანელობის გულგრილობითა და უპასუხისმგებლობით ტბისა და წაღვერის სატყეოების ნახანძრალ ფართობებში არცერთი ტყეკაფი არ იქნა გამოყოფილი და რაიონის მოსახლეობამ ისე ჩეხა და დაიტაცა ათეული ათასობით კუბ.მ ხე-ტყე, რომ 1მ3-იც კი არ იყო დანომრილი და სახელმწიფო ბიუჯეტში ერთი თეთრიც კი არ შესულა.


საქართველოს მთავრობის 2008 წლის 16 ოქტომბრის #674 განკარგულების თანახმად, "რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შეკეთებასა და მშენებლობისთვის განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათ შესახებ", საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ სატყეო სამმართველოს დაქვემდებარებულ სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან გამოეყო _ 22300მ3 ხე-ტყე. ამ დადგენილების შემდეგ იწყება ტყეების მასიური ჩეხვა ახალციხის, ადიგენის და ასპინძის სატყეო უბნებში აღნიშნული სატყეო უბნების ტყეებს შეესია  ყველა, ვისაც კი შეეძლო ე.წ. ბენზოხერხის ხმარება და ჰყავდა ტრანსპორტი. განმკითხავი და გამაკონტროლებელი კი არავინ იყო.

ყველაფერი მიმდინარეობდა ფორსმაჟორში, ტყეკაფების გამოყოფა და ტყეკაფის მასალების დამუშავება დასრულებული არ იყო, რომ ხე-ტყე უკვე მოჭრილი და გამოზიდული იყო. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ხე-ტყის გამზადება-გამოზიდვას აწარმოებდა შპს "ნიუ ენერჯის" მეშვეობით.  შპს "ნიუ ენერჯის" უკან იდგა საქართველოს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი.   სწორედ ის განაგებდა ლტოლვილებისთვის კოტეჯების მშენებლობას გორსა და წეროვანში. ამ პერიოდში მოიჭრა და დატაცებულ იქნა ბევრად უფრო მეტი ხე-ტყე, ვიდრე ბოლო ათწლეულის განმავლობაში.რეგიონში ხე-ტყის ბიზნესის "ბოსი" მერაბიშვილის ბიძა ლევან თუმანიშვილია. თავად მერაბიშვილი, ცხადია, არ ჩნდება. ამ  ბიზნესით მერაბიშვილის კლანმა მილიონები იშოვა, სამცხე-ჯავახეთში კი ტყე გაუჩეხავი არ დარჩა.


 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესირსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სატყეო დეპარტამენტი გარდაიქმნა სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოდ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს #242 დადგენილებით ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ გაუქმდა სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2002 წლის 28 მარტის #10/93 ბრძანება "ტყეკაფის გამოყოფის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე, რომელიც ეყრდნობოდა ათეული წლობით აპრობირებულ კლასიკურ მეტყველებას სადაც მუხლი 19-ით ტექნიკური ვარგისიანობის მიხედვით ხეები იყოფოდა სამ კატეგორიად: 1. სამასალე, 2, ნახევრად სამასალე, 3, საშეშე, ხოლო ახალი ტყითსარგებლობის წესის მიხედვით კი მუხლი #8 პუნქტი-12 ხარისხების მიხედვით  1-ლი და მე-2  ხარისხი. ტყითსარგებლობის ახალი წესის მიხედვით 1 თავი  მუხლი-2 პუნქტი-25 მოთხრილ-მოტეხილი ხე-ტყე,  ქარქცეული, თოვლტეხილი მიაკუთვნეს ძირნაყარ ხე-ტყეს, მაშინ, როდესაც ზემოთ ჩამოთვლილ ხე-ტყე სანიტარული ჭრის ობიექტია და საიდანაც სრულიად შესაძლებელია ამოღებულ იქნა ტექნიკური ვარგიასიანობის მიხედვით სამასალე, ნახევრად სამასალე და საშენი. სანიტარული ჭრა ტყითსარგებლობის ახალი წერის მიხედვით გააუქმეს და შემოიტანეს 2010 წლამდე მეტყველებისთვის სრულიად ახალი ჭრის სახე.

2011 წლის გაზაფხულზე "ბუნებრივი რესურსების სააგენტო" "გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების" სამინისტროდან გადაიტანეს და  ენერგეტიკის სამინისტროს შეუერთეს, რის შემდეგაც კიდევ უფრო დამძიმდა სამცხე-ჯავახეთის ტყეების ისედაც დამძიმებული მდგომარეობა. გაერთიანდა სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამმართველო და სამცხე-ჯავახეთის გარემოს დაცვის ინსპექცია და  შეიქმნა ერთიანი სამსახური, ორი სატყეო და მონიტორინგის სამმართველოთი. გაერთიანებული სამსახურის უფროსად დაინიშნა ფრიდონ ტაბატაძე, ხოლო სატყეო სამმართველოს უფროსად დავით კახიშვილი. ორივე კადრი ამირან მესხელის ხელდასმული კადრებია და წარმოადგენენ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს. სწორედ მათი და სსიპ "ბუნებრივი რესურსების სააგენტოს" ტყის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის გულგრილი და არაპროფესიონალური მიდგომის ბრალია, რომ ნადგურდება ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის ჩარხისწყლის სატყეო. აღნიშნული კვარტლები განფენილია ბორჯომის პლატოზე, ფართობით _ 296 ჰა აღნიშნულ  4 კვარტალში გამეფებული ანტისანიტარია და გავრცელებული მავნებელი მბეჭდავი ქერქიჭამია, რომელიც ახმობს და მუსრს ავლებს ნაძვნარ კორომებს და თუ დაავადება ამ ტემპით გაგრძელდა და დროულად არ იქნა მიღებული ადეკვატური ზომები ბორჯომის პლატოზე ნაძვნარი კორომები აღარ დარჩება. სწორედ ფრიდონ ტაბატაძისა და დავით კასიშვილის გულგრილობის შედეგად უკანონოდ გაიჩეხა და დატაცებულ იქნა _ 908 მ3 ხე-ტყე. ზემოთ აღნიშნულ კვარტლებში გამოყოფილი _ 1721 კუბ. მ. ტყეკავებიდან. გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა _ 79273,2 ლარი.


სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსის სახელზე, სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტყის მართვის დეპარტამენტის უფროსის გიორგი კიკნაველიძის სამსახურებრივი ბარათის თანახმად ახალციხის სატყეო უბნის აწყურის სატყეოს კვ #21,22,23,30,31-ში ტყის ხანძრის შედეგად დამწვარი ხე-ტყის მარაგი შეადგენდა _ 41928 მ3-ს, ჯანსაღი ხე-ტყისა _ 6670მ3-ს ძირნაყარი _ 2540მ3-ს, სულ _ 51139 მ3-ს. 2011-2012 წლებში სამმართველოს სპეციალისტთა მიერ აღნიშნულ კვარტლებში გამოყოფილი იქნა ტყეკაფები მოცულობით სულ _ 7500მ3 და ამით ამოიწურა გამოსაყოფი ტყეკაფების მარაგი. დანაკლისმა შეადგინა _ 34428მ3 ხე-ტყე, რომელიც ტაბატაძისა და კარიშვილის გულგრილობისა და უპასუხისმგებლობის გამო გაჩეხილი და დატაცებულ იქნა რაიონის მოსახლეობის მიერ. გარემოზე მიყენებულმა ზიანმა  _ 103284 ლარი შეადგინა.
ცაკლე საუბრის თემაა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ხე-ტყის დამზადების ლიცენზიების გაცემა. 2009 წლის 19 ოქტომბერს გაცემულია ლიცენზია #100013 შპს "ტაოზე" საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის #(1-1)2308 ბრძანებით ადიგენის სატყეო უბნის უტყისუბნის ყოფილი სატყეოს კვ #10,11,12,13,15,16,17,18,21,22,23,24,25,26,28,29 სულ 16 კვარტალი ფართობით _ 2571 ჰა, მთავარი სარგებლობის ჭრა, მოსაჭრელი რესურსი სოჭი სამასალე _ 3550 მ3, საშეშე _ 1517მ3, ლიკვიდური მარაგი _ 5067 მ3. ლიცენზია გაცემულია საქართველოს იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ბიძაზე ლევან თუმანიშვილზე (ათი წლის ვადით 2009 წლის 12 ოქტომბრიდან 2019 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით).


განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა შეიქმნა სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს ტყეებში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. განუკითხავად და უკანონოდ იჩეხებოდა ათეული ათასობით კუბ. მ. საუკუნოვანი წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის ხეები ახალციხის, ადიგენის და ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნებში, გამკითხავი და გამაკონტროლებელი კი არავინ იყო. როგორც ცნობილია წინასაარჩევნოდ ნაციონალური მოძრაობის ლოზუნგი იყო "მეტი სარგებელი ხალხს", სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ამ ლოზუნგს დაემატა შემდეგი: ხერხები გამოიტანეთ ასფალტზე და ღიად ხერხეთ ხე-ტყე. სწორედ ამ ლოზუნგით მოუწოდებდნენ ახალციხის, ადიგენის და ბორჯომის რაიონების მოსახლეობას აღნიშნული რაიონების მაჟორიტარული დეპუტატების კანდიდატები, ჩიტაშვილი, ჩილინგარაშვილი და ხვედელიანი. სამწუხაროდ აღნიშნულმა ლოზუნგმა კარგად იმუშავა ახალციხისა და ადიგენის რაიონის მოსახლეობაში და ჩიტაშვილი და ჩილინგარაშვილი გახდნენ პარლამენტის წევრები ნაციონალური მოძრაობიდან. საბედნიეროდ ცუდად იმუშავა ამ ლოზუნგმა ბორჯომის რაიონის მოსახლეობაში და პარლამენტის წევრი გახდა კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი გედევან ფოფხაძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: