Iverioni
«    სექტემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სექტემბერი 2018 (9)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
24-10-2014, 15:54
ნანახია: 503

თბილისი გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის მცდელობას

რეჟი ჟანტე, "ფიგარო"
  "ანექსიის მცდელობა" - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტმა რუსეთის მიერ აფხაზეთისათვის შეთავაზებული "მეგობრობისა და ინტეგრირების" ახალი ხელშეკრულების პროექტი, რომელსაც მხარეებმა ხელი წლის ბოლოს უნდა მოაწერონ.

 

  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ "ეს არის აფხაზეთის -საქართველოს სეპარატისტული პროვინციის ანექსიის მორიგი ეტაპი". აფხაზეთი, სადაც დაახლოებით 240 ათასი ადამიანი ცხოვრობს, დე-ფაქტოდ დამოუკიდებელი იყო 1992-93 წლების კონფლიქტის შემდეგ, ხოლო 2008 წლის აგვისტოში მომხდარი საქართველო-რუსეთის ომის შედეგად მოსკოვმა აფხაზეთის და მასთან ერთად კიდევ ერთი სეპარატისტული წარმონაქმნის - სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელობა იურიდიულადაც აღიარა.
  ხელშეკრულების პროექტი, რომელიც ოქტომბრის შუა რიცხვებში გამოქვეყნდა, ითვალისწინებს "უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო სივრცის შექმნას", აგრეთვე "საზღვრების ერთობლივ კონტროლს" საქართველოსთან, აფხაზეთისადმი ფართო ფინანსურ და სოციალურ-ეკონომიკურ მხარდაჭერას (პენსიების მომატების ჩათვლით). დოკუმენტის პროექტში აღნიშნულია აგრეთვე, რომ აფხაზეთმა 18 თვის განმავლობაში უნდა მოახდინოს თავისი საბაჟო კანონმდებლობის შეთავსება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან. აღსანიშნავია, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ჩამოყალიბების პრაქტიკული პროცესი ვლადიმერ პუტინმა მაისის თვეში დაიწყო.
  საქართველოს ხელისუფლების აზრით, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების პოლიტიკასაც თავისი საზღვრები აქვს: "ჩვენმა მთავრობამ ყველანაირი კონსტრუქციული ზომები მიიღო იმ მიზნით, რომ რუსეთთან ურთიერთობა ნორმალიზებულიყო", - თავს იმართლებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. თბილისელი პოლიტიკური ექსპერტების აზრით, ეს ხელშეკრულება კრემლის მიერ საქართველოს დასჯას წარმოადგენს იმის პასუხად, რომ თბილისმა ნატოსთან ინტეგრაციის კურსი გააგრძელა,  რამდენიმე თვის წინ კი ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან.

   რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯი, პოლიტიკური თვალსაზრისით, "ქართული ოცნების" წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმაა:  კოალიციამ, რომელიც ქართველმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა შექმნა, ამომრჩეველთა სიმპათია  ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გატარებული პოლიტიკური კურსის კრიტიკით დაიმსახურა - რუსეთთან "პროვოკატორულ" პოლიტიკას ახორციელებდაო. "ხელისუფლება ძალიან გულუბრყვილოა. როგორი კეთილიც არ უნდა იყო, კრემლიდან მაინც ვერაფერს მიიღებ. ვლადიმერ პუტინს მხოლოდ ის უნდა, რომ ჩვენ უარი ვთქვათ ჩვენს სუვერენიტეტზე", - ასე აფასებს სიტუაციას ანდრო ბარნოვი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეა.
  საბაჟო კანონმდებლობის თვალსაზრისით, აღნიშნული ხელშეკრულების პროექტი არ მოსწონთ არც ყახაზეთს და არც ბელორუსიას, რომლებიც რუსეთთან ერთად ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დამფუძნებლები არიან. მათ არ სურთ სეპარატიზმის წაქეზება, რომელსაც კრემლი მხარს უჭერს, არ სურთ აგრეთვე ევრაზიული კავშირში აფხაზეთის გაწევრიანებაც.
  აფხაზეთის კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევრაზიული კავშირის წევრი ქვეყნების კანონმდებლობასთან ამ ორგანიზაციაში აფხაზეთის ინტეგრირებას მოასწავებს. როგორც ანდრო ბარნოვი ამბობს, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ცდილობს საქართველო თავისი გავლენის სფეროში დააბრუნოს. მოსკოვს სურს, რომ საქართველო და აფხაზეთი ევრაზიულ კავშირში გააერთიანოს და ამ ჩარჩოებით ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცე აღადგინოს".

 

 

"ფიგარო" (საფრანგეთი), 23 ოქტომბერი, 2014 წელი

 

http://www.lefigaro.fr/international/2014/10/23/01003-20141023ARTFIG00355-tbilissi-denonce-une-quasi-annexion-russe-de-l-abkhazie.php