დავით კბილაძე: საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური სისტემის ახალი მოდელის ფორმირების თავისებურებანი (გამოხმაურება ნოდარ ჭითანავას წიგნზე „გლობალური გამოწვევები ერთპოლუსიან მსოფლიოში“)
(გამოხმაურება ნოდარ ჭითანავას წიგნზე „გლობალური გამოწვევები ერთპოლუსიან მსოფლიოში“)
ამჟამად, მსოფლიოს ეროვნულ სახელმწიფოთა მთავრობები, საერთაშორისო ეკონომიკური და ფინანსური ორგანიზაციები, მეცნიერები და მთლიანად ფართო საზოგადოება, დღენიადაგ იმ განცდებსა და საფიქრალშია, თუ როგორ გაუმკლავდნენ კორონავირუსს და მისი მსგავსი განუსაზღვრელი მოვლენების შედეგად დამდგარ ეკონომიკურ კრიზისებს.
საზოგადოებაში ასევე არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა კომუნისტური, 70 წლიანი მმართველობის ავკარგიანობაზე. ასეთი კითხვების გაჩენას საფუძველი ნამდვილად გააჩნია, რამეთუ საქართველოს და მრავალი სხვა პოსტსოციალისტური ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, აგერ უკვე, 30 წლის თავზე, ხალხის ცხოვრების დონისა და პირობების მხრივ, თავმოსაწონი ნამდვილად არაფერია. ამ და სხვა მსგავს კითხვებზე ობიექტური და მეცნიერულად დასაბუთებული პასუხების გაცემას ეძღვნება ცნობილი სახელმწიფო მოღვაწის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორისა და აკადემიკოს ნოდარ ჭითანავას საინტერესო წიგნი, რომელიც საქართველოს ეკონომიკის ტრანსფორმაციის ხილულ და უხილავ პრობლემებს მიმოიხილავს.
მეტად სასიხარულოა, რომ ბატონი ნოდარი წლიდან წლამდე გვანებივრებს ასეთი სახის მონოგრაფიებისა და წიგნების გამოცემით.
ბატონი ნოდარის მიერ ამჟამად წარმოდგენილი, მეცნიერულ კვლევებზე დაფუძნებული შეხედულებები მაღალი დონის მეცნიერული ნაშრომია. იგი არა მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის მანძილზე ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ - ეკონომიკურ სფეროებში მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების შეფასებას ეძღვნება, არამედ იკვლევს და ეხმიანება ამ პროცესებზე გლობალური მოვლენების ზემოქმედებას.
ყოველივე ეს კი ცხადყოფს, რომ წიგნის ავტორი საქართველოს მომავალი სოციალურ - ეკონომიკური განვითარების ახალი მოდელის ძიების ჭიდილშია. ამ კეთილშობილური საქმით ბატონი ნოდარი ეხმიანება დიდი ილია ჭავჭავაძის დანაბარებს: ,,...უეჭველია, ჩვენი უწინდელი ეკონომიკური წყობა ისეთი ყოფილა, რომლითაც იგი გასძღოლია ამოდენა ვაი - ვაგლახსა და ომებსა ამოდენი ხნის განმავლობაში. აი, საგანი ღირს შესანიშნავი და მეტად საინტერესო გამოსაკვლევად. ეს საგანი, რომ თვალწინ ჰქონდეს ჩვენს ეხლანდელ მეისტორიეს, ამ საგანზე, რომ უეჭველი პასუხი მოგვცეს ვინმემ, ბევრ ნათელს მოჰფენდა აწმყოს და მომავალსაც გზას გაუნათებდა’’. ილია ჭავჭავაძე.
და ბოლოს, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მოცემული წიგნი (მონოგრაფია) ფასდაუდებელ დახმარებას აღმოუჩენს საქართველოს პოლიტიკური და სოცულურ - ეკონომიკური პრობლემატიკით დაკავებულ სახელმწიფო მოხელეებს, სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობაში მოღვაწე პროფესორ - მასწავლებლებს, სტუდენებს, მასმედიის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს.
დავით კბილაძე,
ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი,
პროფესორი, რეცენზენტი