თეიმურაზ ქორიძე: საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა გავყიდოთ!
შეიძლება თუ არა სახელმწიფო მართვის ამ პირობებში არსებობდეს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა და მედია არ იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალის რუპორი?
ქართულ მედიაბაზარზე არსებულ პრობლემებზე და დამფინანსებელთა გავლენისგან თავის დაღწევის გზებზე პროფესორი, მედიაექსპერტი თეიმურაზ ქორიძე გვესაუბრა.
- ბატონო თემურ, როგორია თქვენი ხედვა, პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც სამოქალაქო სექტორისა და მედიის განვითარებისთვის ერთი მილიონი ლარის გამოყოფას გულისხმობს?
- როცა მედია ყალიბდება განვითარებულ ქვეყნებში, ეს ხდება კერძო სტრუქტურების დახმარებით. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბანკები აფინანსებენ მედიას, ამ დროს სარედაქციო საქმიანობაში ჩარევა და მედიისთვის ზიანის მიყენება უფრო ნაკლებად ხდება, ვიდრე როცა სახელმწიფო ფინანსებით ხდება მედიის უზრუნველყოფა. თუმცა სახელმწიფოს უფრო მეტი ბერკეტები აქვს, ჩაერიოს რომელიმე მედიასაშუალების ფუნქციონირებასა და სარედაქციო პოლიტიკაში, ვიდრე კერძო სექტორს. რაც შეეხება პრეზიდენტის ინიციატივას, ეს ისეთივე მცდელობაა, როგორიც იყო ე.წ. ქალაქ „ლაზიკის“ მშენებლობა. ერთი მილიონი ლარით ამ გაღატაკებული ქართული მედიის დახმარება ბლეფია! დახმარებას უნდა ჰქონდეს სისტემური ხასიათი და არ იყოს დამფინანსებლის გავლენის სფეროები ძლიერი.
- როგორ ფიქრობთ, რა იმალება სააკაშვილის ამ ინიციატივის მიღმა?
- მიშა სააკაშვილის ეს ქმედება განწირული ადამიანის ფართხალს ჰგავს და მეტი არაფერი, ეს არის დიდი შეცდომა!
- რამდენადაა შესაძლებელი მედიის სარედაქციო პოლიტიკა იყოს დამოუკიდებელი და არ გახდეს რომელიმე პოლიტიკური ძალის რუპორი იმ შემთხვევაში, თუ ის პოლიტიკურ ფულს იყენებს?
- მედიასაშუალებების თავისუფლებას რაც შეეხება, ყველა ის მედიასაშუალება, რომელიც დღეს მედიაბაზარზეა, არის იმის მორჩილი, ვინც მას აფინანსებს. ბუნებრივია, ნებისმიერი მათგანი იქნება ხელისუფლების სამსახურში, თუ მას ფინანსურად ხელისუფლება უზრუნვლყოფს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში პრეზიდენტის მხრიდან ამის მცდელობა გამოიკვეთა.
- მოგეხსენებათ, გადადგა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორი გია ჭანტურია. რას ფიქრობთ ამ ბოლო ხანებში საზოგადოებრივ არხზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით?
- დღევანდელ პირობებში საქართველოს არ აქვს ჩამოყალიბებული მართვის სახელმწიფო სისტემა, ჯერ არ ვიცით, რა და როგორ იქნება, ვერ დავლაგდით. რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ასეთი სახით და ასეთ პირობებში მისი არსებობა საერთოდ გაუმართლებლად მიმაჩნია.
აღსანიშნავია, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში მსგავსი მაუწყებელი არ არსებობს. თუ გერმანიის, დიდი ბრიტანეთის და ამერიკის მაგალითს ავიღებთ, კარგია, მაგრამ ამ განვითარებულ ქვეყნებთან საქართველოს შედარება ცოტა არაკორექტულია.
- თქვენი აზრით, საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა გაუქმდეს ?
- არა, უნდა გავყიდოთ! კერძო პირს, ვისაც აქვს სურვილი ჰქონდეს ტელევიზია, მას მივყიდოთ. არაა აუცილებელი ოთხ მილიონიან ქევეყანაში პირობითად იყოს ორმოცდაათი ტელევიზია.
- ტელევიზიები დაყოფილი იყო სამთავრობო და ოპოზიციურ არხებად. თქვენი აზრით, რა შეიცვალა ამ კუთხით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ?
- ვთქვათ, საზოგადოებრივი მაუწყებელი, „იმედი“, „რუსთავი 2“ იყო და არის მკვეთრად სახელისუფლებო არხები. ასეთი რამ დემოკრატიულ ქვეყნებში არ ხდება და თუ ხდება, ესე იგი, იქ დემოკრატიის ხარისხი დაბალია.
- საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა ისე დატოვა, არანაირი საფუძვლიანი განმარტება არ გაუკეთებია. ასევე, გამოითქვა ვერსია, რომ ის წასვლას არ აპირებდა და ამ შემთხვევაში სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას დაემორჩილია. ამ ნაბიჯით სამეურვეო საბჭომ თავიდან ხომ არ აირიდა პასუხისმგებლობა?
- საზოგადოებრივი მაუწყებლის დღევანდელი ბორდი სრულიად უმოქმედოა! ის არასოდეს ყოფილა ქმედუნარიანი ამ ბოლო წლების მანძილზე! რაც შეეხება დირექტორს, ვფიქრობ ის წავიდა პირადი მოსაზრებით, უბრალოდ, თავისი თავი ამოწურა. როცა ფინანსური პოლიცია შევიდა და ამდენი დავალიანებაა, აქ რომ ჭანტურია არ ფიგურირებდეს არ შეიძლება. მან აირიდა მორალური და მატერიალური პასუხისმგებლობა და დროზე წავიდა. პირიქით, ჭანტურია ცდილობს, თავი გადაირჩინოს. დასაწყისში კი, მისი ნებითვე ჩაჯდა სახელისუფლებო ნავში და თავსაც კარგად გრძნობდა. რაც შეეხება თანამდებობის დატოვებას, რა თქმა უნდა, მარტო პირადი გადაწყვეტილება არ იქნებოდა. აქ დიდია „ნაცმოძრაობის“ როლი, ისინი იძლევიან განკარგულებებს. ჭანტურიას წასვლა ამ პირობებში არის ხსნა.
- რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დამოუკიდებელი და საზოგადოებრივ ინტერესებზე გათვლილი მედია მივიღოთ?
- ძნელია ამაზე საუბარი. ამის გადასაწყვეტად უნდა დასხდნენ სპეციალისტები, რასაც საკმაო დრო სჭირდება. ლიბერალურ დემოკრატიას აქვს თავისი კანონები, რომელიც ჩვენთან არ მოქმედებს . სახელმწიფო ე.წ. „კაი ბიჭების“ და „ცუდი ბიჭების“ გავლენის ქვეშ კი არ უნდა იყოს, არამედ, ჩამოყალიბებული სისტემის. უნდა შეიცვალოს მმართველობის ფორმა და გახდეს ლიბერალური დემოკრატიის პრინციპებზე დაფუძნებული. მაშინ ეშველება მედიას და არა მარტო...
ქვეყანაში, სადაც გვაქვს ანტიკონსტიტუციური გუბერნატორების ინსტიტუტი, დემოკრატიაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია!
- დღევანდელი გადასახედიდან, რამდენადაა შესაძლებელი, მედია იყოს დამოკიდებული საბაზრო ეკონომიკის პირობებზე?
- საქართველოში საბაზრო ეკონომიკა ძალიან დაბალ დონეზეა და სახელმწიფომ თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დაეხმაროს მედიას ზეწოლის გარეშე. თუ ის „ფირმები“ გათავისუფლდებიან გადასახადებისგან, რომლებიც დაეხმარებიან მედიას, წინ წავიწევთ. მთავარია, ტრაგედიად არ აღვიქვათ ის, რომ ამ კონკურენტულ პირობებში ზოგი მედია გაჩერდება, ზოგი წინ წაიწევს, ეს ნორმალური პროცესია, ოღონდ ამას ხელისუფლების მტკიცე ნება სჭირდება.
- როცა მედიასაშუალება წყვეტს მუშაობას, უამრავი ჟურნალისტი რჩება დაუსაქმებელი...
- დღეს არა მარტო ჟურნალისტები რჩებიან უმუშევარი... ჩემს მაგალითზე ვთქვათ, პროფესორი ვარ უნივერსიტეტში და 300 ლარი მაქვს ხელფასი. რა ვქნა?! იმ ადამიანების უმეტესობა, ვინც სახელისუფლებო არხებზე მუშაობენ, არ არიან ჟურნალისტები! თუმცა ადამიანი უმუშევარი არ უნდა დარჩეს და ტელევიზია რომ გაჩერდება, ის ქუჩაში არ უნდა აღმოჩნდეს!
- თქვენი აზრით, რამდენად სწორად ახდენენ ტელევიზიები საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმირებას?
- ტელევიზიები ცდილობენ გაზარდონ საინფორმაცი გადაცემების რაოდენობა და ამით საზოგადოების ცნობიერებაზე იმოქმედონ. სახელმწიფო მართვის აღნიშნულ პირობებში ეს მოსალოდნელიცაა.
ესაუბრა ია ადეიშვილი