დავით დარახველიძე: ჩვენ შევხვდებით, მოვუსმენთ და დავეხმარებით დევნილებს!

დავით დარახველიძე: ჩვენ შევხვდებით, მოვუსმენთ და დავეხმარებით დევნილებს!

დევნილებში არის მოლოდინი, რომ ახალი ხელისუფლებისგან სათანადო ყურადღება ექნებათ და ამით მათი სოციალური მდგომარეობაც მკვეთრად გამოსწორდება. "ივერიონი" შეეცადა გაერკვია, თუ რას შეიძლება ელოდოს ამ ეტაპზე დევნილი მოსახლეობა არსებული ხელისუფლებისგან.


ვესაუბრებით ლტოლვილთა და განსახლების ახლდდანიშნულ მინისტრს დავით დარახველიძეს.


_ ბატონო დავით, პირველი კითხვა ქვეყანაში მიმდინარე საკითხებს უკავშირდება. მოგეხსენებათ, არჩევნების შემდეგ ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში არსებულ ობიექტებში თვითნებურად შეიჭრენ დევნილები და სოციალურად დაუცველები. თქვენი აზრით, რა არის ამის რეალური მიზეზი და როგორ შეიძლება გადაწყდეს ეს პრობლემა?


_ როგორ გითხრათ, ეს რომ ბუნებრივად არ ხდება, ალბათ, თქვენც შეამჩნევდით. ჩემი ინფორმაციით, ამ ყველაფერის უკან "ნაცმოძრაობის" კოორდინატორები დგანან. ისინი არწმუნებენ ხალხს, რომ ახლა არის სათანადო მომენტი და უბიძგებენ ხალხს ამ ქმედებისკენ თავად დევნილებიდან წამოსული ინფორმაციით შეჭრილი მოსახლეობის 30%, 40% დევნილები არ არიან და ისინი უბრალოდ სარგებლის შოვნაზე გადასული ხალხია.


_ თქვენ გუშინ დევნილთა იმ ნაწილს სთხოვეთ დახმარება, ვინც არ მონაწილეობს ამ ქმედებებში. მოაგაწოდეს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ვინ ფლობს ფართებს საკუთრებაში და ვინ არის დაკმაყოფილებული სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით. რაში დაგჭირდათ ამ განცხადების გაკეთება. თქვენს სამინისტროს არ გააჩნია ერთიანი ბაზა იმისა, თუ რომელი დევნილია ფართით უზრუნველყოფილი და რომელი არა?


_ ასეთი ბაზა შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს, რადგან ის ბაზა, რომელიც სამინისტროს გააჩნია, არა არის სრულყოფილი. გარდა ამისა, არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ერთ დევნილზეა გაფორმებული ფართი და იქ სულ სხვა ცხოვრობს.


_ როცა შემოთავაზება მიიღეთ ამ თანამდებობაზე, იცნობდით აქ მიმდინარე პროცესებს?


_ ვფლობდი გარკვეული ინფორმაციას შექმნილ ვითარებაზე, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ჩემთვის და ალბათ, ბევრი ადამიანისთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ შესაძლებელი იყო, სულ რაღაც 200 დოლარად შეგეძინა დევნილობის სტატუსი და ჩამდგარიყავი მათ რიგებში. ასე რომ, ბაზა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ამ მხრივაც დასახვეწია.


_ რაც შეეხება დევნილთა იმ ნაწილს, რომელიც მთელი ამ წლების მანიძილზე ქირით ცხოვრობს. რა ბედი ელით მათ? რას სთავაზობს სახელმწიფო?


_ რაც შეეხება დევნილთა ასეთ კატეგორიას, მათ წინაშე მართლაც ვალშია სახელმწიფო და ისინი უზრუნველყოფილები იქნებიან იმ რესურსებით, რა რესურსებიც ექნება სახელმწიფოს.


_ მოგეხსენებათ, დღემდე დევნილი მოსახლეობის მიმართ არასათანადო მოპყრობა იყო სამინისტროს მხრიდან. კერძოდ, არ იყო გამართული დევნილთა მიღების პროცედურა მინისტრებთან თუ სამინისტროს თანამშრომლებთან _ ფაქტობრივად, დევნილებისთვის ჩინოვნიკები მიუწვდომლები იყვნენ. როგორი იქნება დევნილებისამი ახალი მინისტრის დამოკიდებულება და გაითვალისწინებთ თუ არა წინამორბედთა საქმიანობაში არსებულ ხარვეზებს?


_ გეთანხმებით, წინა ხელისუფლება არ უსმენდა, არ ხვდებოდა, არ პასუხობდნენ დევნილებს. ჩვენ შევიმუშავებთ გეგმას და დავნიშნავთ ერთ დღეს, როცა გვექნება უშუალოდ მინისტრთან შეხვედრის საათები. ალბათ ეს დღე ხუთშაბათი იქნება. რა თქმა უნდა, თუ ხელი არ შეუშალა მთავრობის სხდომამ, ან კიდევ რაიმე სხვა ღონისძიებამ.


_ 28-ლარიან შემწეობასთან დაკავშირებით თქვენ განაცხადეთ, რომ დევნილთა კატეგორიები უნდა დაიყოს იმისდა მიხედვით, თუ ვის რამდენი შემოსავალი გააჩნია, მაღალშემოსავლიან დევნილებს შემწეობა მოეხსნება, ხოლო იმას, ვინც მართლა დამოკიდებულია 28 ლარზე, დახმარება საარსებო მინიმუმის შესაბამისი უნდა მიეცეს. თქვენი აზრით, სად შეიძლება გაივლოს ზღვარი _ შემუშავებულია თუ არა უკვე სტრატეგია?


_არა, ეს უბრალოდ, ჩემი მოსაზრება და სურვილია. ამაზე დიდი ხანია საუბარი მიმდინარეობდა სხვადასხვა დროს და მე ეს სავსებით სამართლიანად მიმაჩნია, თუნდაც ჩემი მაგალითიდან გამომდინარე.


_ ბატონო დავით, რას სთავაზობთ დევნილთა იმ ნაწილს, რომლებიც თბილისიდან რეგიონებში განასახლეს,? მაგალითად, ფოცხო-ეწერში ჩასახლებული დევნილები ცენტრალურმა ხელისუფლებამ ადგილობრივი, ანუ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის იმედზე დატოვა. რას სთავაზობს ხელისუფლება ამ ხალხს?


_ ერთი რამ არის _ სანამ სახელმწიფოში არ შეიქმნება სოციალურად ჯანსაღი გარემო, მანამ არაფერი ეშველება მათ მდგომარეობას იმისდა მიუხედავაც კი, დონორი ორგანიზაციები ინიციატივას გამოიჩენენ.


_ რას იტყვით თბილისში არსებულ იმ ჩასახლებებზე, სადაც დევნილები ცხოვრობენ. ისინი უმეტესად ავარიულ შენობებში არიან განთავსებულნი. ვის ეკისრება ამ შენობების რეაბილიტაციაზე პასუხისმგებლობ?


_ იქ, სადაც დევნილები ცხოვრობენ და საკუთრებაში აქვთ ესა თუ ის ნაგებობა, მის რემონტზე და რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელი მხოლოდ და მხოლოდ თბილისის მერიაა. 

 
ესაუბრა ვალერი ვახანია               

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: