რუსული არხების ტრანსლირების პრობლემა აღარ არსებობს

რუსული არხების ტრანსლირების პრობლემა აღარ არსებობს

ქართულმა საკაბელო ოპერატორებმა რუსული არხების ტრანსლირება განაახლეს, რომელიც 2008 წელს რუსეთ-საქართვეოს ომის დროს შეწყდა.

 

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ივერიონს" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის პრესსამსახურის უფროსმა ხატია ყურაშვილმა განუცხადა, ქართულ მხარეს რუსული არხების ტრანსლაციაზე პრობლემა აღარ აქვს. მისივე განმარტებით, ნებისმიერ საკაბელო კომპანიას აქვს საშუალებება მოლაპარაკება აწარმოოს უცხოურ ტელეკომპანიასთან და ეთერში გაუშვას ნებისმიერი ტელეარხი. ერთადერთი მოთხოვნა მარეგულირებელი კომისიის მხრიდან ლიცენზიისა და ტრანსლაციის ნებართვის ოფიციალური დოკუმენტის წარდგენაა. 

 

ქართულმა საკაბელო კომპანია "მე-7" არხმა თავის ბადეს უკვე დაამატა რუსული არხები:  "პერვიი",  "ტვ ცენტრი", "ოერტე", "ერტეერი"და კიდევ რამდენიმე რუსული არხი. 

 

როგორც კომპანია "სილკნეტის" პრესსამსახურის წარმომადგნელმა თეონა წერეთელმა "ივერიონს" განუცხადა, მათი კომპანია უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას რუსულ ტელეარხებთან და დაახლოებით 25 ნოემბრისთვის ცნობილი გახდება, თუ რომელი არხები დაემატება "სილკ ტივის" ბადეს.    

 

ცნობისათვის, რუსული არხების საეთერო ტრანსლაცია თბილისის ანძიდან ჯერ კიდევ 1990 წელს შეწყდა. მოგვიანებით კი მათი ჩვენება მხოლოდ საკაბელო ქსელების საშუალებით ხდებოდა. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: