ირაკლი ღარიბაშვილი: "ალბათ ხალხი მიხვდა, რომ ჩვენ უალტერნატივო პოლიტიკური ძალა ვართ"

ირაკლი ღარიბაშვილი: "ალბათ ხალხი მიხვდა, რომ ჩვენ უალტერნატივო პოლიტიკური ძალა ვართ"

  გუნდიდან ერთი სუბიექტის გასვლა  არ ნიშნავს გუნდის დაშლას. ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას "ქართული ოცნების" შესაძლო დაშლასთან დაკავშირებით.

"ერთი წლის წინ, განსხვავებით დღევანდელობიდან, არ არსებობდა საფუძველი ვინმეს განეცხადებინა, რომ კოალიცია დაიშლებოდა ან არ დაიშლებოდა. ერთი წლის შემდეგ განვითარდა მოვლენები და ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენ ჩვენი სურვილით არ დაგვიშლია, ჯერ ერთი არ დაშლილა, ერთი სუბიექტი გავიდა კოალიციიდან. ამის პროგნოზირება წინასწარ, რომ თავდაცვის სამინისტროში რამე დარღვევა იქნებოდა, ძალიან რთულია. ჩვენ არ ვართ წინასწარმეტყველები და მკითხავები, ჩვენ ვართ პოლიტიკოსები, ამიტომ, წინასწარ ამის განჭვრეტა არც ერთ მსოფლიოში არ ხდება.

კოალიციები იშლება, ახალი სუბიექტები გადიან, ახალი სუბიექტები გამოდიან, ეს არის განახლებადი პროცესი. ეს არის პოლიტიკა, ყოველ დღე რაღც იცვლება. მე ამაში ვერ ვხედავ ვერანაირ უცნაურობას, განსაკუთრებულობას, ეს არის ჯანსაღი პროცესი და ეს არის დემოკრატიულობის მაჩვენებელი. ის, რაც ხდება ევროპაში და განვითარებულ დემოკრატიებში, სწორედ ეს პროცესი ხდება ახლა საქართველოში.

მე არ ვისურვებდი, რომ საკითხების განხილვა გარეთ ხდებოდეს. სჯობს შიგნით, კოალიციაში ხდებოდეს საკითხების განხილვა და თუ ვერ შევთანხმდებით, შემდეგ ხდებოდეს საზოგადოებაში ამის გამოტანა. ალბათ ამასაც დრო სჭირდება და ეს დაიხვეწება. კოალიციის მართვა არ არის იგივე, რაც ერთი პარტიის მართვა. კოალიციური მთავრობა საკმაოდ რთულია და ჩვენ საქართველოში ამის გამოცდილება არ გვქონდა. ჩვენ გვქონდა დიქტატორული რეჟიმი წლების განმავლობაში. ჩვენ ერთ და ორ წელიწადში მოვახერხეთ ის, რასაც თანამედროვე ევროპა ანდომებდა რამდენიმე წელს.

ასე რომ, პროცესი საკმაოდ დაჩქარებულად მიდის. კოალიცია დაიშლება-არ დაიშლება ამას დრო გვაჩვენებს. ჩვენ ვქმნით ყველანაირ გარემოს, რომ კოალიციაში იყოს აბსოლუტურად ჯანსაღი გარემო. ჩვენ შიგნით გვაქვს სრული დემოკრატია. ყველა სუბიექტს აქვს უფლება, რომ გამოხატოს საკუთარი აზრი. გვაქვს პოლემიკა და დებატები მნიშვნელოვან საკითხებზე. რა ტქმა უნდა რიგ საკითხებზე ვთანხმდებით, რიგ საკითხებში ვერა. ესეც დემოკრატიის მაჩვენებელია. ჩვენ ხალხს შევპირდით თავისუფალ პოლიტიკურ გარემოს და ჩვენ ეს ვუზრუნველყავით.

ჩვენ ვაპირებთ, რომ კოალიცია შევინარჩუნოთ არჩევნებამდე და არ არის გამორიცხული, რომ კოალიცია საპარლამენტო არჩევნებზე ისევ ამ ფორმით წარსდგეს. ამას კიდევ ერთელ დავაკონრეტებთ ჩვენ. სუბიექტის გასვლა არ ნიშნავს კოალიციის დაშლას, ეს არის პროცესი. ერთი წლის წინ საფუძველი არ არსებობდა რამე გვეთქვა, დანარჩენს დრო გავჩვენებს. მე არაფერს გამოვრიცხავ და არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება პოლიტიკაში, განსაკუთრებით ქართველ პოლიტიკოსებს, ხშირად აქვთ გაუაზრებელი ამბიციები და მოქმედებენ არა სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე.

აქ უშვებენ დიდ შეცდომას, როდესაც საკუთარ პარტიულ ინტერესებს აყენებენ სახელმწიფო ინტერესზე მაღლა. ეს არის პოლიტიკოსისი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც განაპირობებს პოლიტიკური გუნდის დიდ კრახს იმიტომ, რომ ხალხი ყველაფერს ხედავს და გრძნობს. ყველაფერს დრო გვაჩვენებს.

ეს არ არის "ნაციონალური მოძრაობა", ეს არის კოალიცია, სადაც თავიდან ექვსი სუბიექტი იყო და ძალიან რთული მოცემულობა იყო თავიდანვე და შემდეგაც ასე განვითარდა, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ სამ არჩევნებში გავიმარჯვეთ. ჩემი მეგობარი მეკითხებოდა, ეს როგორ მოხდაო. მე არ ვიცი, ეს როგორ მოხდა, ხალხს ჰკითხეთ. ალბათ ხალხი მიხვდა, რომ ჩვენ ვართ უალტერნატივო პოლიტიკური ძალა. ჩვენ დავპირდით ხალხს დემოკრატიას, ეს არის დემოკრატია." - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: