ლევან ფანჩვიძე „წლის პოეტი“

ლევან ფანჩვიძე „წლის პოეტი“

„ივერიონის“ ჭეშმარიტი გულშემატკივარი და ჩვენი საუკეთესო მეგობარი, პოეტი ლევან ფანჩვიძე წმინდა ილია მართლის გაზეთ „ივერიისა“ და ჟურნალ „ქართული ელიტის“ მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგებით „წლის პოეტად“ დასახელდა.

 

ვულოცავთ უდაოდ ნიჭიერ პოეტს აღიარებას, შემოქმედებით წარმატებებს და სულიერ სიმხნევეს ვუსურვებთ. დარწმუნებული ვართ, შემოქმედებით ზენიტზე მყოფი კალმოსანი მომავალშიც გაანებივრებს პოეზიის ჭეშმარიტ თავყვანისმცემლებს.

 

ნიშანდობლივია, რომ მისი აღიარება ბოლოდროინდელ ლექსებს მოჰყვა. განსაკუთრებული ინტერესით მიიღო მკითხველმა ლევან ფანჩვიძის საიუბილეო კრებული „წვიმის სონატა“, რომელიც 2014 წელს გამოვიდა.

 

ამბობენ: „პოეტი მხოლოდ ერთი ლექსიაო“. ლევან ფანჩვიძის ბოლო კრებულში იმდენი „ერთი ლექსია“, იმდენად ნაღდი პოეზია იღვრება, ერთმანეთისგან ვერც გამოარჩევ. ზოგიერებისგან განსხვავებით იგი ცოტას წერს, მაგრამ მის ერთგულ მკითხველს ნაღდ პოეზიას აზიარებს და „კიდევ მინდა“-ს განცდას უტოვებს!

 

კიდევ ერთხელ გილოცავთ ლევან ამ აღიარებას და დამდეგ შობა-ახალ წელსაც. დარწმუნებული ვართ, შენი შემოქმედებითი წარმატებებით მომავალშიც გაგვახარებთ!

 

„ივერიონის“ შემოქმედებითი ჯგუფი.

 

მკითხველს ვთავაზობთ რამდენიმე ლექსს მისი საიუბილეო კრებულიდან.

 

 

მე დამესიზმრა                               

წვიმდა და აღარ გადაიდარა,
ძლივს მიაღწია სულმა ხატამდის,
მე დამესიზმრა _ ვიყავ ნიკალა
და ფუნჯით ქართულ ზეცას ვხატავდი!

როცა სიცოცხლე ასე ტკბილია,
ვინ გაიმეტა ქართლი ესოდენ?
მე დამესიზმრა _ ვიყავ ილია
და წიწამურთან ტყვიას მესროდნენ.

ვარ ყველა დროის თანამედროვე,
ფიქრით მივცურდი ნატვრის ყურემდის,
მე დამესიზმრა _ ვიყავ თევდორე
და ყიზილბაშებს თავგზას ვურევდი.

დაფიქრებული მოდის რიონი,
ცა იმერეთის მხიბლავს ტილოთი,
მესიზმრა _ ვიყავ გალაკტიონი
და თვითმკვლელობას ჩემსას ვცდილობდი.

ვერ გამოვიცან სოფლის იგავი,
ბეთლემის მხრიდან ქრისტეს მოსვლამდის,
მე დამესიზმრა _ ბერი ვიყავი
და სინას მთიდან მამულს ვლოცავდი.

რამდენი ლექსი დამრჩა უთქმელი,
მოჰქუხს არაგვად ტალღა სტრიქონთა,
მე დამესიხმრა _ ვიყავ რუსთველი
და სამშობლოდან ცრემლი მიმქონდა.

არაგვის პირას ცეცხლი მინთია,
დღე იმზირება ატმის ჩეროდან,
მე დამესიზმრა _ ვიყავ მინდია
და ჩემი სიბრძნის არვის სჯეროდა.

ვიდრე შემოვა მწუხრი ღამისა,
ჩემო ხატებავ, ჩემო ლერწამო...
მომეცი თაფლი, მხრებზე წავისვა
და ცოტნესავით შენთვის ვეწამო!..
            2004 წ.

 

მსოფლიო პოეტებს

ანით, სისხლით და ჰოეთი,
მე ვარ, ქართველი პოეტი!

თუ ჰაინე და რონსარი,
ბნელეთს სამოთხის სხივს ახლის,
ჰეი, რამდენს გყავთ მგოსანი
გალაკტიონის სიმაღლის?!

მწვერვალს წამოდო მზემ ტერფი,
ვცოცხლობ მუსიკით და სიტყვით...
თქვენ თუ გყავთ თქვენი პეტეფი,
ჩემს აკაკიზე რას იტყვით?!

აბა, რას იტყვით ვაჟაზე?..
მთას გაზაფხული უხარის.
მე ქართველი ვარ! მაშ, ასე -
კარის მცველი ვარ უფალის!

ჟღერს ვით მსოფლიო მორალი,
,,სტუმარ-მასპინძლის" პათოსი...
მიყვარს ედგარ-პოს ,,ყორანი"
მიყვარს ,,მერანი" ტატოსი!

მაგრამ,მსოფლიო პოეტებს,
ლექსის ცეცხლი რომ დაანთეს...
ვეტყვი შექსპირს და გოეთეს,
პუშკინს, ბაირონს და დანტეს.

ანით, სისხლით და ჰოეთი,
მე ვარ,ქართველი პოეტი
და რუსთაველით შოთათი,
ყველას გჯობივართ ცოტათი!

 

 

თვეების ვალსი

იანვარში შენი სახე ვნახე მკრთალი,
თებერვლის ტოტს ლოლო შეტყდა პაწაწინა,
მარტის თვეში შემომინთე ტრფობის ალი
და აპრილმა ყვავილობით გამაცილა.

მაისის ვარდს შევადარე ეგ სინაზე
და ივნისში არ მინდოდა არვის ხილვა,
ივლისის მზემ მანებივრა ცხელ ქვიშაზე,
აგვისტოში გამიღიმა ნამის ღილმა.

სექტემბერში ნებაც არ მაქვს, რომ ვიმრუშო,
ოქტომბერში შენს სარკმელთან ვიარები,
ქალავ, იქნებ ნოემბერში მომიშუშო,
დეკემბერში მოსარჩენი იარები.

                    2010 წ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: