ახალი ცივი ომი თავს გვახსენებს რატომ იქნა დავიწყებული საქართველოს გაკვეთილები?

ახალი ცივი ომი თავს გვახსენებს რატომ იქნა დავიწყებული საქართველოს გაკვეთილები?

სრჟან პავლოვიჩი, ალბერტას უნივერსიტეტის პროფესორი
ჩვენ  ახალი "ცივი ომის" პერიოდში ვცხოვრობთ. ალბათ, ამ ომის დაწყების თარიღს სამომავლოდ ისტორიკოსები დაადგენენ, მაგრამ ის, რომ ეს რეალობაა, ამის უარყოფა, ან მისი მნიშვნელობის შემცირება არასწორი იქნებოდა. საქმე ისაა, რომ ეს ახალი ტიპის "ცივი ომია", რომელშიც იდეოლოგია დომინირებულ როლს აღარ ასრულებს, როგორც ადრე იყო - საბჭოთა კავშირისა და დასავლეთის, ანუ სოციალისტური და კაპიტალისტური სისტემების დაპირისპირების ჟამს, ანუ პირველი "ცივი ომის" დროს. დღევანდელ "ცივ ომს" ენერგეტიკული რესურსების - ნავთობ-გაზის კონტროლისთვის ბრძოლა განაპირობებს.
ახალი ცივი ომი საშიშ სახეს ღებულობს: პოლიტიკური გზებით პრობლემების მოგვარება უკვე შეუძლებელი ხდება. დღეს მთავარ როლს ძალა და ეკონომიკური ძლიერება ასრულებს. სახელმწიფოები ომში სხვადასხვა გათვლებით ებმებიან - რესურსების მოპოვების (თუ არ აქვთ), ან მისი შენარჩუნებისთვის (თუ აქვთ). ასეთი ცივი ომებით განპირობებული კრიზისების მოგვარება შეიძლება ათწლეულობით გაგრძელდეს.
21-ე საუკუნეში ჩვენ მრავალი "ფერადი" რევოლუციის მოწმენი გავხდით, რომლებიც მმართველი რეჟიმების წინააღმდეგ იყვნენ მიმართულნი. ამ რევოლუციებს საერთო ნიშნები გააჩნდათ: ცუდი დაგეგმვა, პროგრესის კრიტერიუმების არარსებობა, იდეებისადმი ღალატი, მოსახლეობის ცრუ მოლოდინი და საბოლოო ჯამში - იმედგაცრუება, დასავლეთის სახელმწიფოების დაპირების შეუსრულებლობა და სხვა. ბევრი მათგანი წინა და ახალ ცივ ომებს შორის დადგმულ ინტერმედიას წარმოადგენდა.
უკრაინის თანდათანობითი სისხლიანი დაშლა ახალი ცივი ომის აქტიური ფაზის კლასიკური მაჩვენებელია. უკრაინის მოვლენებმა კიდევ უფრო გააღრმავა 1989 წელს ბერლინის კედლის სიმბოლური დანგრევის დროს გაჩენილი ჯერ თითქოს შეუმჩნეველი, მაგრამ შემდგომი მოვლენებით უკვე მკვეთრად დაფიქსირებული დასავლეთ-აღმოსავლეთის კონფრონტაცია. ამერიკის ადმინისტრაციის კარნახით მისი დასავლელი მოკავშირეები შეეცადნენ რუსეთის სამხედრო ძალისა და პოლიტიკური ნების შემოწმებას. რუსეთისადმი ეკონომიკური სანქციების გამოცხადებისადმი ევროპის გარკვეული ყოყმანის მიუხედავად,  კრიზისი ამჟამად თავის გადამწყვეტ, ყველაზე საშიშ ფაზაში შედის.
სამწუხაროდ, დასავლელი პოლიტიკოსები საკუთარ შეცდომებს არ სწავლობენ და დასკვნები არ გამოაქვთ.
ვინმე თუ იხსენებს საქართველოს? 2008 წლის ზაფხულში ევროპა-აზიის კონტინენტის გზაგასაყართან შეყუჟულმა ამ მშვენიერმა ქვეყანამ დასავლეთ-რუსეთის გარჩევების გამო დაწყებულ ომში "პეშკის" როლი შეასრულა. საქართველოსთან "ხუთდღიანი ომის" დროს რუსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავისი მზადყოფნა გამოავლინა იმის წინააღმდეგ, რომ ნატო რუსეთის [სამხრეთ] საზღვრებს არ მიახლოვებოდა. განა ვინმეს უნდა შეპარვოდა ეჭვი იმაში, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინის მიმართაც იგივეს გააკეთებდა?
საქართველოს გაკვეთილები კიეველ პოლიტიკოსებსაც დაავიწყდათ. ნათელი იყო, რომ დასავლეთს არ ჰქონდა რუსეთთან ომის დაწყების სურვილი თავიანთი პოლიტიკური მოთამაშის, საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის - პოლიტიკური სპეკულიანტის მიხეილ სააკაშვილის დასაცავად. ასევე აშკარაა, რომ დასავლეთი უკრაინის გამო რუსეთთან ომს არ დაიწყებს. ეს ფაქტია და მას ვერ შეცვლის ვერც საერთაშორისო ფიარ-აქციები, ვერც დასავლელი პოლიტიკოსების სამხედრო რიტორიკა და ვერც გულზე მჯიღის ცემა.
ამგვარი მოქმედება მხოლოდ კრიზისს  აღრმავებს და წყვეტს მოსკოვსა და დასავლეთის დედაქალაქებს შორის ჯერ კიდევ შემორჩენილ კავშირის ხაზებს.
დიალოგი პოლიტიკური და დიპლომატიურ მეთოდებით მიტოვებულია, საერთაშორისო შეხვედრებში მკვეთრი ტონები მეფობს, სიტყვა "მტერი" დასავლეთ-აღმოსავლეთის ურთიერთობის ლექსიკონში ისევ გაჩნდა.
ვლადიმერ პუტინის მიერ შექმნილი სისტემა ავტორიტარული და დიქტატორულიც კი არის, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ამ სისტემის მშენებლობა განხორციელდა სტანდარტული "ქვით" - იმ შიშით, რომ რუსეთი ყველა მხრიდან ნატოს ბლოკით იქნება შევიწროვებული. შეიძლებოდა ეს ყველაფერი მოლაპარაკებითა და შესაბამისი შეთანხმებით  მოგვარებულიყო, მაგრამ ამის ნაცვლად დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა რუსეთის მოქმედება უკრაინაში ფაშისტური გერმანიის მოქმედებას შეადარა. კი, ვლადიმერ პუტინი ნამდვილად შეიჭრა და მიიერთა ყირიმი, მაგრამ მისი მოქმედება ძალიან შორსაა გერმანიის მიერ 1936 წელს რეინის ან 1938 წელს სუდეტის მიერთებისგან. გარდა ამისა, დევიდ კემერონი უინსტონ ჩერჩილი არაა და მას ბევრად ჩამოუვარდება.
კანადის როლი უკრაინის კრიზისის მოგვარებაში საკმაოდ სპეციფიკურია. პრემიერ-მინისტრმა სტივენ ჰარპერმა რუსეთს უკრაინის საშინაო საქმეებში ჩარევის შეწყვეტისკენ მოუწოდა, პარალელურად კი იმ პოლიტიკური კლუბის წევრი გახდა, რომლის წევრები უკრაინის მოვლენებს საკუთარი ვიწროპოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ: მალე კანადაში ფედერალური არჩევნები ჩატარდება და სტივენ ჰარპერს ჩვენთან მცხოვრები უკრაინული ფესვების მქონე ამომრჩევლის ხმები დაჭირდება (მილიონზე მეტი). ასეთი ქმედება კანადის საერთაშორისო ავტორიტეტისთვის მავნეა: თუ მკაცრად ლაპარაკობ, ბატალიონებიც მზად უნდა გყავდეს, თუ არადა, იაფფასიან პოლიტიკას თავი უნდა დაანებო.
მახსენდება გერმანიის ყოფილი კანცლერის ვილი ბრანდტის პოლიტიკა: იგი თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს მტრად არ განიხილავდა და ცდილობდა მოლაპარაკების დროს  მისი შიშისა და ეჭვების მიზეზი გაეგო. ვილი ბრანდტი წინასწარვე მზად იყო ხანგრძლივი მოლაპარაკებისა და შესაძლო დროებითი წარუმატებლობისთვის.
ალბათ, ჩვენ მალე ვნახავთ ისეთ დასავლელ პოლიტიკოსს, რომელიც ასეთ მიდგომას გამოავლენს და გაბედულად მოახდენს მის რეალიზებას.

 


"Eდმონტონ ჟოურნალ" (კანადა), 01 იანვარი, 2015 წელი
http://www.edmontonjournal.com/Opinion+Cold+making+itself+felt/10694699/story.html/სტორყ.ჰტმლ

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: