თამაზ გოჩაშვილი – ალმოდებული ბიჭები ცეცხლში იწვოდნენ და ჩვენს გადასარჩენად კი მაინც სროლას აგრძელებდნენ

თამაზ გოჩაშვილი – ალმოდებული ბიჭები ცეცხლში იწვოდნენ და ჩვენს გადასარჩენად კი მაინც სროლას აგრძელებდნენ

ლალი ცერაძე – ჩემს მიერ გამოსაცემად მზადდება წიგნი "ქართველი ჯარისკაცის ჩანაწერები". გთავაზობთ თავდაცვის სამინისტოს "სადესანტო-საშტურმო ბატალიონის" (ს/ნ – 43323) მეთაურის მოადგილე მაიორ თამაზ გოჩაშვილის მოგონებას თავისი და თანამებრძოლების საბრძოლო გზის შესახებ.

 "დე-შე-ბე"-ს მეომრები გამორჩეული იყვნენ თავიანთი სამხედრო წვრთნით, მობილიზებით, უღალატობით, თავდადებითა და პატრიოტიზმით. ყველანაირ გაჭირვებას იტანდნენ, შიმშილსაც და სიცივეს, მაგრამ მათ ერთი გრძნობა – სამშობლოს სიყვარული ყველაფერის ატანის ძალას აძლევდათ. როდესაც ვუყურე "დე-შე-ბე"-ს ვიდეორგოლს, ცხარე ცრემლით ვიტირე და მივხვდი, ჩვენ ისტორიკოსები ვალში ვართ ამ მეომრებთან, რომ მათ შესახებ ნაკლები იცის ქართულმა საზოგადოებამ, ჩვენმა ახალგაზრდობამ. დიდება მათ გმირობას, მათ მოთმინებას და კაცობას.

1993 წლის 2 ივლისს სწორედ სადესანტო-საშტურმო ბატალიონმა  პირველმა მიაყენა გამანადგურებელი დარტყმა ტამიშში გადმოსხმულ დესანტს და რუსების კბილებამდე შეიარაღებულ სპეცნაზს მედგრად დაუხვდა.

ისინი მთელი წლის განმავლობაში სოხუმის შემოგარენში პოზიციებზე გადიოდნენ ტყვიების წვიმაში და 1993 წლის 27 სექტემბერს რკინიგზის სადგურის მიმდებარე ქვაფენილი ხომ მათი სისხლით წითლად შეიღება და ამ ვაჟკაცებმა სულ ბოლოს დატოვეს მიტოვებული ქალაქი.

 "დე-შე-ბე" (მეორე ნაწილი)

თამაზ გოჩაშვილი – "ალმოდებული ბიჭები ცეცხლში იწვოდნენ და ჩვენს გადასარჩენად კი მაინც სროლას აგრძელებდნენ"

1993 წლის 15 სექტემბერს აფხაზებმა დაარღვიეს ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და სოხუმზე დაიწყო შემოტევა. ქალაქი ალყაში აღმოჩნდა. კინდღი-ახალდაბას მონაკვეთიც აფხაზებმა  გადაკეტეს და თავისი საქმე ხუთიანზე შეასრულეს. ფაქტიურად ეს იყო ტამიშის დესანტის ოპერაციის შემდგომი გაგრძელება, რადგან  ოჩამჩირის შენაერთები ვერ თუ არ შემოვიდნენ სოხუმში. ქალაქი პანიკამ და ქაოსმა მოიცვა.

21 სექტემბერს სოფელ ვარჩეს ზევით მდინარე კოდორიდან გავწმინდეთ ტამიშის სკოლამდე ტერიტორია. მაგრამ ეს შენობა ვერ ავიღეთ, თუმცა მოწინააღმდეგეს მაგრად დავუშინეთ. რკინიგზასთან წინააღმდეგობა შეგვხვდა და წინ ვეღარ წავიწიეთ და აძიუბჟაში მოვგროვდით.  ჩვენ კოდორი უკან გადმოვცურეთ და სველები ვშრებოდით. ლევან ასათიანმა კი მოიკითხა ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები,რომელიც თითქოსდა აძუბჟაში დაგვრჩა. ამის გულისთვს ბიჭები უკან დაბრუნდნენ. ამ დროს ჩვენი ნაწილის შინაგანი ჯარის მეომრებით ჩანაცვლება მიდიოდა. როტაცია არ იყო ბოლომდე დამთავრებული, როცა მძიმე ტექნიკით აფხაზებმა კონტრიერიში დაიწყეს.

სიტუაცია უმართავი გახდა და არეულობა დაიწყო.  ჩვენი მეომრები ზოგი ტყიდან გამოვიდა და ზოგი გზიდან დაბრუნდა, მაგრამ, საუბედუროდ, ჩვენი მეგობრები პაატა ხუბულური და თემური ბობოხიძე ("ხონსკი") აღარ გამოჩნდა. ეს ბიჭები მართლაც გმირის სიკვდილით დაიღუპნენ, მამულს და თავის კაცობას არ უღალატეს.

 როგორც შემდეგ გავიგეთ აფხაზებმა ისინი სასტიკად აწამეს, რომ დაეჩოქებინათ და ვერაფრით ვერ შეძლეს. პაატა ხუბულური სპორცმენი ბიჭი ერთგული თანამებრძოლი და უშიშარი მეომარი იყო. სწორედ მან გამოიტანა შრომის ნატყვიარი ველიდან თავისი მეგობრების ზაზა მოზაიძის და გოჩა ჩაგელიშვილის ცხედრები და თავადაც, სამწუხაროდ, მალე მოუწია სიკვდილთან შეგებება.

იქღამით ჩვენი ბიჭები თამაზ ჩიქოვანი და გოჩა ფიცხელაური შევიდნენ ჩუმად და ვიღაც ადგილობრივ რუსის ქალს მიუნიშნებია ადგილი სახლთან, სადაც მათი სამარე იყო. თან  მოუყოლია მათი წამების და გმირობის ამბავი. ბიჭებმა ხელით მოთხარეს და გამოიტანეს. ცხონებულ პაატას თავის ქალა აღარ ქონდა – მთელი მჭიდი ქონდა თავზე დაცლილი და თემურის კი ფეხები და ხელები გადამტვრეული და დახვრეტილი ქონდა ტყვიებით. ასეთი საშინელი მოწამეობრივი სიკვდილით შეუერთდნენ მარადისობას. უფალმა აცხონოთ ვაჟკაცები იყვნენ.

 ცოტა შევისვენეთ და ამ დროს გავიგეთ, რომ 22 სექტემბერს  ბაბუშერაში რუსებმა ჩვენი მეომრებით სავსე თვითმფრინავი ჩამოაგდეს  და ზოგიერთი ჩვენი ბიჭი იქ მისახმარებლად წავიდა. იბომბებოდა აეროპორტიც.

უცებ მივიღეთ გია ყარყარაშვილის ბრძანება და დავიძარით სოხუმში ძიძარიას ქუჩისკენ. აქ მივიღეთ მართლაც მძიმე ბრძოლა და  ჩვენი მეთაური ლევან ასათიანი დაიჭრა კიდეც. ამის შემდეგ მე ვასრულებდი მეთაურის მოვალეობას.

ჩვენი ჯგუფი სადგურის მოპირდაპირედ განლაგებულ ოთხ სახლში შევიდა და სამი დღე ბოლო სუნთქვამდე ვიცავდით. იქ სახლების წინ მაღლობია და სწორედ აქედან გვიშენდნენ რუსები, აფხაზები და დაქირავებული გადამთიელები.

მოსახლეობა თითქმის გასული იყო. ბინებიც დაცარიელდა,  მაგრამ იქ  ჯერ კიდევ იყვნენ ქალები, ბავშვები, მოხუცები. და რადგან მეტი გამოსავალი არ იყო, მაშინვე შევაფარეთ და სარდაფებში ჩავიყვანეთ. მოწინააღმდეგემ დაგვიშინა "მინამიოტებიდან" და ყუმბარები სახლის სახურავში ცვიოდა. კვამლი, ცეცხლი, ყვირილი, ღრიანცელი იდგა. სახლებში სართულებზე განვალაგეთ ოთხ-ოთხი კაცი და სახურავზეც საკონტროლოდ დავაყენეთ ბიჭები, რომ მტერი არ შემოგვპარვოდა.

საკვები არანაირი არ იყო. პირველ დღეს კიდევ რაღაც მოიტანეს და მერე მომტანიც არავინარ იყო. სადგურში "მხედრიონელები" და კასპის ბატალიონის ბიჭები იყვნენ და შევძახე – "თუ გახვალთ ჩვენც გაგვაგებინეთ მეთქი". მერე ვეღარ ვნახე, როგორც გავიგე დაღუპულან.  ჩვენ ფაქტიურად წინ ვიყავით და ზურგი კი არანაირი არ გვქონდა. ყველა მხრიდან გვიშენდნენ. საშველი არ იყო. ბევრი ბიჭი დაიჭრა და ტყვიების წვიმაში გაიყვენეს.

ბოლოს უკვე რუსები შეტევაზე გადმოვიდნენ და სახლის სადარბაზოში შემოცვივდნენ. რუსები "ბრონებში" აღმოჩდნენ ჩაცმულები. კიდევ კარგი "პე-კა"-ში მქონდა "ბე-ზეები", რომელიც ბრონს ხვრეტავს, როგორც პეჩენიას. ამან სიკვდილს კი გადაგვარჩინა, მაგრამ მათ მაინც მოასწრეს და "პადსტვოლნიკის" ნემსა მომხვდა და ყელში დავიჭერი.

გასისხლიანებული გოჩა შალამბერიძემ გამომათრია ოთახში, მიმაწვინა და გადამიხვეს.  ყველგან ცეცხლი ეკიდა. გარშემო კვამლი იყო. ტყვიების წვიმა და  ერთი უბედურება. მეტი საშველი აღარ იყო უნდა გავსულიყავით. რუსებმა და სომხებმა ("კაბანას" ბატალიონი) ჩვენი დატოვებული "ბეემპეებიდან"  ჩამოასხეს "სალიარკა"და ოთახებში ჩაასხეს ზევიდან და ააფეთქეს.

 ჩემთვის უცნობი ქართველი ბიჭები ალმოდებული  ცეცხლში იწვოდნენ და ჩვენს გადასარჩენად კი მაინც სროლას აგრძელებდნენ.  გამწარებულები გვეძახდნენ -"გადით, გადით, ჩვენ დაგიცავთ, ნუ გეშინიათო". სანამ შეძლეს  ტყვიამფრქვევიდან ისროლეს და ჩვენც ამ ორიოდე წუთში გადავირბინეთ.

ქუჩაზე დავინახე ჩემი ბიჭები მიწისქვეშა გადასასვლელში ჩასულები ეფარებოდნენ. თემური ძაბახიძე ორივე ფეხში დაჭრილი ეგდო. მურთაზა ძაბირაძეს დავუძახე – "რა გინდათ გადასასვლელში?! გადით! აქ საშიშია. ორივე მხრიდან ყუმბარებს ჩაგიყრიან და ამოგხოცავენ მეთქი." თან თემური გასაყვანი იყო. დაახლოებით 10-15 მეომრამდე მოჩანდა. მე დარჩენა გადავწყვიტე, რომ მათი გასვლა დამეცვა. "პა-კა" დავიკავე და ვისროდი. თავს არ ვაღებინებდი რუსებს და ჩემებიც თითო-თითო გადარბენით გადიოდნენ.

ბოლოს მე გამოვედი ფორთხიალით, ვხედავ ჩემი თანამებრძოლი შალვა ნადირაძე ("შალე") გდია გზაზე. არ მინდოდა დამეტოვებინა, ქამარში ჩავჭიდე ხელი და გათრევა დავიწყე. ჯემპერი აეწია და, საწყალს, ერთი ნატყვიარი ჰონდა შიგ გულში მოხვედრილი.

ახლა მეორე ჩემი ბიჭი ზაზა დემეტრაშვილი დავინახე დაღუპული. ჩამომჯდარივით იყო და თავი ტყვიას გაგლიჯა. (ამ ოჯახს მეორე ტრაგედია ელოდა წინ, მამამისმა ვერ გაუძლო ამ დანაკარგს და მტკვარში თავი დაიხრჩო. წასვლის წინ ზაზას ქართულ ჩოხაში გადაუღია სურათი და დედისთვის უთქვამს – "დე, სამი ბიჭი გყავს და არ გინდა ერთი სამშობლოს მიუძღვნაო?"  მგონი, ასეთი თავდაუზოგავი პატრიოტიზმი რაღაც გენეტიკური თავდაცვის ცნობიერებიდან მოდის. ლ. ც.)

ბიჭებამდე მივაღწიე და ვეუბნებოდი – "არავინ არ დავტოვოთ, გავიტანოთ მეთქი", მაგრამ ეს უკვე შეუძლებელი გახდა. ტყვიის წვიმა წამოვიდა და უკვე ფეხებთან ფეთქდებოდა. ჯონი ტოკმაიდს ზურგზე ავკიდე თემურ ძაბახიძე ("კოკოშა") და სირბილით სცადა მისი გაყვანა. მოსახვევს მოეფარნენ და მერე შევიტყვე ისიც იქვე დაუჭრიათ. კიდევ კარგი ამ ადგილზე ღამით ჩვენების "ბე-ემ-პე" შესულა და იმათ გამოუყვანიათ ბიჭები.

მე კი სულ სხვა მხრიდან მომიწია გასვლა. რაღაც ხოხვით და წვალებით გამოვედი ბოლოს. მე როცა ჰოსპიტალს მივაღწიე, ჩემი ბიჭები უკვე იქ დამხვნენ. ბევრი "დე-შე-ბელი" სვანეთიდან გამოვიდა. დაჭრილები კი ბოლო გემით გამოგვიყვანეს.

ყველაზე ძალიან მტკივა გული, რომ ზაზა დემეტრაშვილის, დათო პაპუაშვილის და შალვა დემეტრაძის  ცხედრები ვერ გამოვიტანეთ და ოჯახებში ვერ ჩამოვასვენეთ.

მე მესმის ამ ალალი ბიჭების გულისტკივილის და პატრიოტული გრძნობის – როცა ქვეყანა თავზე გენგრევა და მას არ დაიცავ გადამთიელებისაგან და მტრისგან, რაღა ფასი აქვს ჩვენს სიცოცხლეს? კაცი ერთხელ უნდა მოკვდე, ცხრაჯერ ხომ არ მოკვდები. ცამეტი თვე მაინც ხომ ვიომეთ კაცურად, ცრიელი ხელებით მშიერ-მწყურველებმა და რუსეთის სპეცნაწილების სერიოზული შემოტევები მოვიგერიეთ.

     და ყოველთვის, განსაკუთრებით გაჭირვების დროს, იმ ორი უცნობი ქართველი ვაჟკაცი ბიჭის თავგანწირვა მახსენდება იმ დაცხრილულ სახლში, ცოცხლად რომ დაიფერფლნენ და დაიბუგნენ ცეცხლში და ჩვენ რომ სიცოცხლე გვაჩუქეს.

დიდება მათ კაცობას და მამულიშვილობას.

და მერწმუნეთ, როცა დაღუპული ბიჭების შესანდობარს ვსვავ, მათ სულებს პირველ რიგში ვგულისხმობ.

 (სურათზე სოხუმის ვაგზალი და მის წინ მდებარე კორპუსები ძიძარიას ქუჩაზე  ლ. ც.)

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: