Iverioni
«    დეკემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
დეკემბერი 2018 (6)
ნოემბერი 2018 (15)
ოქტომბერი 2018 (16)
სექტემბერი 2018 (13)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
30-01-2015, 21:05
ნანახია: 1814

 ჩვენ არ გვაქვს მილიონები, და არც იმდენი ჭკუა, რომ ნიცშესთან შევიდეთ პოლემიკაში. ჭკუაზე რა გითხრათ, ბატონო ბიძინა, კითხვისა და ანალიზის უნარი კი გვაქვს, მაგრამ დრო არ გვაქვს ამისთვის, ვინაიდან ჩვენი ტვინი, დროის იმ მონაკვეთში, როდესაც გვღვიძავს, ბოდიში მომითხოვია და ისეთი ყოფითი საკითხების გადასაწყვეტად არის მომართული, როგორიც, თქვენს ქონებასთან რა მოსატანია და, თვეში საშუალოდ, 700-დან 1000 ლარის გამომუშავებაა, რომ მომდევნო თვისთვის ჭამის, გადასახადების და ასეთი წვრილმანებისთვის ფული ვიქონიოთ. 

 

ზოგს, გაგიკვირდებათ ბატონო ბიძინა და, პატარა შვილებიც გვყავს, რომლებსაც პამპერსები, სპეციფიკური საჭმელი და სამოსი სჭირდებათ, რაც ზოგ შემთხვევაში ზრდასრული ადამიანების სამოსზე მეტად ფასობს. ზოგ ჩვენგანს კიდევ უფრო მოზრდილი შვილები გვყავს და მათი გასტრონომიული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების იქეთ, განვითარებისთვის, განათლებისთვისაც გვჭირდება ფული. ბარემ იმასაც გეტყვით, რომ ზოგ ოჯახს მოხუცებიც გვყავს, რომლებსაც მუდმივად მკურნალობა და წამლები ესაჭიროებათ და გვაპატიეთ, ბატონო ბიძინა და, ზოგჯერ ჩვენც ვხდებით ცუდად და კიდევ უფრო დიდი ბოდიში ასეთი თავხედობისთვის, ვიცი, რომ ამ გაჭირვებულ ქვეყანაში უხერხულია ამის თქმა, მაგრამ ზოგჯერ ტანსაცმლის ყიდვაც გვჭირდება...

 

დიახ, არ გვაქვს იმდენი ჭკუა და გონება, რომ ამ ქვეყანაში არსებული მწირი სამუშაო ადგილების შემხედვარემ ათას ლარზე მეტი გამოვიმუშაოთ, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ იმდენი ჭკუა კი გვაქვს, როდესაც იმედს გაგვიცრუებენ, გული ავიყაროთ მასზე და მოთმინებით დაველოდოთ ახალ არჩევნებს. 

 

დიახ, ბატონო ბიძინა, ჩვენ საზოგადოება ვართ და ჩვენც გვაქვს ძალა. სწორედ ძალისა და თქვენი პერსონის გამოყენებით შევცვალეთ წინა ხელისუფლება. თქვენ ალბათ, ფიქრობთ, რომ ეს თქვენ შეცვალეთ საზოგადოების დახმარებით წინა ხელისუფლება, მაგრამ გვაპატიეთ პირდაპირობისთვის, მაგრამ ეს ჩვენ გამოგიყენეთ თქვენ, რომ "ნაციონალები" მოგვეშორებინა ხელისუფლებიდან.

 

ჩვენ ისევ აქ, ამ ქვეყანაში, და ზუსტად იგივე პრობლემების წინაშე ვართ, ბატონო ბიძინა. ჩვენ არ შევცვლილვართ, ან კი რა შეგვცვლიდა, შეცვლა და ცხვირის აბზეკვა ხომ კარგმა ცხოვრებამ და ბევრმა ფულმა იცის (თუ ვერ ხვდებით რას ვგულისხმობთ, თქვენი მთავრობის წევრებსა და პარლამენტარებს გადაავლეთ თვალი და მიხვდებით, ჭკვიანი კაცი ხართ, მხოლოდ ნიცშეს ანალიზით ხომ არ ამოიწურება თქვენი შესაძლებლობები), ჩვენ კი გაგიკვირდებათ და, ისევ ისეთი ღარიბი ერი ვართ და ისევ ისეთი დაუსაქმებლები, როგორც ადრე, მიშას დროს. სულ ფულზე და მატერიალურ უუნარობაზე რომ არ გეწუწუნოთ და მაღალ მატერიებზე ვისაუბროთ, თქვენ წარმოიდგინეთ და დღესაც ისევე გვწყურია სამართლიანობის აღდგენა, როგორც მაშინ, იმ დროს, როდესაც თქვენ ჩვენთან ერთად მოითხოვდით ამას...

 

ბატონო ბიძინა, ნიცშედან ვერ ვიციტირებ, არ გამაჩნია შესაბამისი ინტელექტუალური რესურსი, მაგრამ შოთა რუსთაველის პოემიდან მახსოვს ერთი ფრაზა, - "ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდებისო", - ამბობდა დიდი მგოსანი, ხოდა, ამ ორი დღის წინ, იმ ერთ საათიან სატელევიზიო ინტერვიუში ის რომ არ გეთქვათ, რაც თქვით, შესაძლოა არც ეს წერილი დამეწერა... რა თქვით? თქვით, რომ ლარი ჯანმრთელია, სამართლიანობა აღდგება, რას ერჩით ამ მთავრობასო... ჰო, კიდევ, საზოგადოება ახსენეთ ხშირად, ჭარბი და ზედმეტი 

 

ნდობა აქვთ ჩემდამიო, ჩემით მოვიპოვეო, ამბობდით...

 

9 ციტატა ივანიშვილის ინტერვიუდან. ტელეიმედი, "ქრონიკა":

"ის, რომ მე საზოგადოების ჭარბი და ზედმეტი ნდობა მაქვს, ეს ჩემით მაქვს მოპოვებული..."

"საზოგადოების ზედმეტი ნდობა დავიმსახურე..."

"ზედმეტი ნდობა, რაც მე გამაჩნია საზოგადოებისგან..."

"გადაჭარბებული ნდობა მაქვს საზოგადოებისგან..."

"მე მაქვს ნდობა, ჩემს სიტყვას აქვს ცოტა მეტი ძალა, მეტი ფასი აქვს..."

"რა თქმა უნდა, მე ჭარბი მუხტის მატარებელი ვარ, როგორც საზოგადოების წევრი..."

"მე მაქ, კიდევ ვიმეორებ, უკვე მესამედ, თუ მეოთხედ, ჭარბი ნდობა საზოგადოების..."

"საზოგადოებას ვავსებ მათგანვე მიღებული ნდობით..."

"ის ჭარბი ნდობა, რაც დათვურ სამსახურს უწევდა საზოგადოებას, მოვაშორე და საზოგადოებასვე დავუბრუნე და ვუბრუნდები, და გავხდი საზოგადოების წევრი და საზოგადოებას მინდა მოვახმარო საზოგადოებისგანვე მიღებული ჭარბი ნდობა..."

ამ ერთსაათიანი სატელევიზიო ინტერვიუს განმავლობაში, ბატონო ბიძინა, თითქმის თქვენი ყოველი წინადადება ამ სიტყვებით იწყებოდა. მომიტევეთ მე გლახაკს, და მომეჩვენა, რომ ისტერიულად იმეორებდით ამ ფრაზებს... კიდევ უფრო მეტ პატიებას გთხოვთ ამ გულახდილობისთვის და, თქვენი ეს ფრაზები სააკაშვილის ისტერიულ ტონს მაგონებს, რომელიც ჭკუაგადაკეტილივით იმეორებდა, ჩვენ ეს ვქენით, ჩვენმა მთავრობამ საქართველოს ისტორიაში პირველად შეძლო ამის გაკეთება... ჩვენ, მსოფლიოში პირველი ქვეყანა ვართ, რომელმაც... და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ.. გახსოვთ ეს სიმღერა, ხომ? ხომ კარგად გახსოვთ, ბატონო ბიძინა...

 

დიახ, დიახ... ალბათ გახსოვთ, რა ემართებათ მთავრობებს, რომლებიც საზოგადოების ჭარბი ნდობით ზულუქდებიან. ალბათ გახსოვთ, როგორ იცვლება კაცის ხასიათი იმის მიხედვით, მაძღარია მისი კუჭი, თუ მშიერი... მშიერი კაცი ძალიან აგრესიულია, ბატონო ბიძინა, ძალიან, და ზოგჯერ ამ აგრესიულობას თქვენი ნდობა კი არა, უახლოესი ადამიანების ნდობა და სიყვარულიც კი ეწირება ხოლმე... ასე რომ, პატივცემულო, ვიდრე თქვენმა ამ ტონმა, რომელიც ქვეყანაში არსებული ძალიან, ძალიან მძიმე სოციალური ფონისა და მთავრობის უსუსურობის დაფარვას ცდილობს, სულ დაგვავიწყა ყველა კეთილი საქმე, რომელიც გიკეთებიათ, ნუ გაზულუქდებით საზოგადოების ნდობით და თუ საზოგადოების ნაწილი ხართ, დაეშვით ჩვენს დონემდე, ჩვენს პრობლემებამდე, მით უფრო, რომ წინა საუკუნეებისგან განსხვავებით, ახლა წვერის ინით შეღებვა და ქუჩაში გავლა სულაც აღარ არის საჭირო ხალხის პრობლემების გასაცნობად; სრულიად საკმარისია გადახედოთ "ფეისბუქს", ფორუმებსა და ხალხის აზრს მედიაში, და ნაცვლად იმისა, რომ იმ ოხერ ცხრა წელს ორასსერიანი სულელური სერიალი მიუძღვნათ, ნიცშეს ფილოსოფიის შემდეგ იმ მთავრობის მოქმედების ანალიზი გააკეთეთ, რომელზეც თავად აიღეთ პასუხისმგებლობა, თორემ, უკვე გითხარით და აღარ განვმეორდები მშიერი კაცის აგრესიულობაზე, ბატონო ბიძინა.

 

წარმატებებს გისურვებთ, ბატონო ბიძინა,

პატივისცემით, სითბოთი და სიყვარულით - გიორგი გიორგაშვილი, საზოგადოებიდან.

 

წყარო: ambebi.ge