რამაზ საყვარელიძე: ვეცდები გაგებით მოვეკიდო როგორც კაბინეტის კრიტიკოსებს, ასევე მის დამცველებს

რამაზ საყვარელიძე: ვეცდები გაგებით მოვეკიდო როგორც კაბინეტის კრიტიკოსებს, ასევე მის დამცველებს

ინტერვიუ პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძესთან    

 

ბატონო რამაზ, ბიძინა ივანიშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში ხასგასმით აღნიშნა რომ იკვლევს არასამთავრობო ორგანიზაციისა და ხელმძღვანელობის ეკა გიგაურის, ნინო ლომჯარიას და კახა კოჟორიძის საქმიანობას ეს რას ნიშნავს?

- პოსტსაბჭოთა სივრცეში უნდობლობა, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ყოველთვის არსებობდა.   არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად არიან დაკავებულნი ხელისუფლების კრიტიკით, შესაბამისად  ხელისუფლების მხრიდან ყოველთვის ჩნდება კითხვები, თუ ვინ არის ამა თუ იმ ორგანიზაციის დონორი. ბიძინა ივანიშვილსაც ეჭვი აქვს რომ თავად ნაციონალური მოძრაობაა ამ ჯგუფების  დონორი, რადგან ეს ჯგუფები დადებითად არიან განწყობილნი მათ მიმართ და მათ წისქვილზე ასხამენ წყალს.

ბიძინა ივანიშვილმა გამომწვევად მოიხსენია ექსპერტებიც, თუმცა არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად რას ედავება მათ...

-ექსპერტებთან დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე თავად გახლდით პირველი სატელევიზიო დებატების დროს. მაგრამ სიტყვიერი უკმაყოფილების გარდა სხვა რაიმე ძალისმიერ ზეწოლას არ ჰქონია ადგილი. შემცირდა ექსპერტების მიწვევა მედია-საშუალებებში, შეიძლება ამას ამ ფაქტთან არაფერი ჰქონდეს საერთო. უბრალოდ ექსპერტებისგან ძნელად შესაქმნელია სკანდალი, მათ ურჩევნიათ სკანდალზე ორიენტირებული პოლიტიკოსები, რომლთა მოსაზრებებსაც ხშირად ვისმენთ.

ბიძინა ივანიშვილმა თავის სატელევიზიო გამოსვლაში აღნიშნა, რომ დაგვიანდა სამართლიანობის აღდგენა, და შეეხო ეკონომიკურ პრობლემებს ლარის კურსთან დაკავშირებით. ექსპერტები ხშირად საყვედურობენ მთავრობის კაბინეტს იმას, რაც ბიძინა ივანიშვილმა უსაყვედურა. კერძოდ, რომ დაგვიანდა სამართლიანობის აღდგენა. ეტყობა მისი კრიტიკა დადებითად ითვლება, სხვების კრიტიკა კი მას კამათისკენ განაწყობს. ვეცდები გაგებით მოვეკიდო როგორც კაბინეტის კრიტიკოსებს, ასევე მის დამცველებს. გაბედულობით არ გამოირჩევა ეს კაბინეტი, მაგრამ მეორეს მხრივ მათი გაუბედაობა ბუნებ-რივია, რადგან მისი ყველა წევრი პირველად არის ხელისუფლების სათავეში. თუ მანქანის მართვას სჭირდება გამოცდილება, უფრო მეტი გამოცდილება ესაჭიროება სახელმწიფოს თავდაჯერებულ მართვას.

თქვენის აზრით გახდება თუ არა ივანიშვილის GDშ რუსთავი2-ის საპირწონე?

 

- ტელევიზიამ რომ იმუშაოს პოლიტიკაზე, ამისთვის სხვანაირი აგებაა საჭირო: პოლიტიკაზე მიმართული უნდა იყოს გადაცემების დიდი ნაწილი - საინფორმაციო თოქ-შოუები, იუმორისტული, საგანმანათლებლო, ფილმებშიც კი შეიძლება იყოს დანახული ის ქვეტექსტები რომელიც სჭირდება ამა თუ იმ პოლიტიკურ ორგანიზაციას. ასეთი სტრუქტურა GDშ-ს ჯერჯერობით არ აქვს.

 

ესაუბრა გიორგი მოსიაშვილი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: