Iverioni
«    იანვარი 2021    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
4-03-2015, 16:30
ნანახია: 7910

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია: მე მჯერა მეორედ მოსვლის, მაგრამ, არ მეგონა „ნაციონალებიც“ ასე თუ ფიქრობდნენ.

ქვეყანაში შექმნილ ურთულეს პოლიტიკურ სიტუაციაზე და სხვა საჭირბოროტო საკითხებზე „ივერიონს“ ესაუბრება სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზი პეტრე კვარაცხელია.


-მამაო, “ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით 21 მარტს რუსთაველზე საპროტესტო აქციას გეგმავს. ისინი მთავრობას უმოქმედობასა და ლარის გაუფასურებაში ადანაშაულებენ, რამაც ისედაც გაღარიბებული მოსახლეობა უფრო გააღატაკა. “ნაციონალები“ იმუქრებიან, რომ მომავალ არჩევნებს არ დაელოდებიან. თქვენი აზრით, რა ვითარებაა ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოში და რეალურია თუ არა მათი მუქარა?
-მექმნება წარმოდგენა, რომ  არსებული სიტუაციით,  დაინტერესებულთან ერთად, ბედნიერიც არის აწ განსვენებული ეს  ე.წ. პოლიტიკური დაჯგუფება და ხელსაყრელ დროს ელოდება ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად.
ნურავინ შეიქმნის ილუზიას, რომ უნარშეზღუდული და ხელოვნურად შენარჩუნებული პარტია ( “ნაციონალური მოძრაობა“), ოდესმე დაფიქრდება თავის  შეცდომებზე და, აქედან გამომდინარე,  შეეცდება ქვეყნისა  და ერის ინტერესების დაცვას!
საქართველო ბოლო პერიოდში პიროვნული კონფლიქტების სათარეშო ველი გახდა. ,,ნაციონალების" მეხოტბეებს თავის დროზე ხელი რომ არ გადაეფარებინათ ყველა იმ შეცდომაზე თუ დანაშაულზე, რაც მათი პარტიის სახელით განხორციელდა ცხრა წლის მანძილზე, იქნებ დღემდე მოქმედი ხელისუფლება ყოფილიყო. დღისით, მზისით ხალხს თვალს უხვევდნენ და უმტკიცებდნენ, რომ თეთრი აუცილებლად შავია ან პირიქით... მათ გააჩნდათ ხალხის აბსოლუტური ნდობა, ყველა რესურსი იმისათვის, რომ ახალი ხორცმეტი თავიდან აეცილებინათ, მაგრამ ავანტიურით, ჯადოსნური დაპირებებითა და უნიჭო წარმოდგენებით კრახი განიცადეს!
სამწუხარო ის არის, რომ დღემდე ილუზიებში ცხოვრობენ. ,,დემოკრატიის შუქურას" (სააკაშვილს) ჰგონია, რომ ისევ პრეზიდენტია. რეალობადაკარგული ექსი ნობელიანტი მწერლის - სელმა ლაგერლოფის - ნაწარმოების ,,პორტუგალიის იმპერატორის" მთავარ გმირს მაგონებს.
რაც არ უნდა დამძიმდეს სიტუაცია, არასდროს იქნება მომგებიანი წინა ხელისუფლებისთვის - 9 უმძიმესი წელი ისე ღრმად ჩაიკირა ერის ფსიქიკაში, ძალიან დიდი ,,ნგრევა" უნდა მოხდეს, ამის დავიწყება შესაძლებელი რომ გახდეს. დღევანდელი სიძნელეებიც ,,ოცნების" წინამორბედის ბრალია. ქვეყანაში წესრიგი რომ ყოფილიყო, ერი ,,ოცნებას" არ მიეცემოდა. მესმის, რომ ლარი დაეცა, მაგრამ ისინი ლარზე დაბლა არიან!..


-თქვენი აზრით, არის თუ არა დღევანდელი ხელისუფლება მზად, აღკვეთოს ყოველგვარი რეციდივი, რომელიც საზოგადოებაში არეულობისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას შეიტანს?
-არსებული ხელისუფლება დღემდე ეიფორიაშია: წინამორბედი მარცხს თუ არ ეგუება, ამჟამინდელს უჭირს გამარჯვების დაჯერება, რადგან საჭირო დროს საჭირო სიტუაციაში აღმოჩნდნენ. გავიგეთ, რომ ცხრა წელი ტყუილში, ბოროტებაში, აგრესიასა და ტირანიაში ვცხოვრობდით, მაგრამ ,,ოცნება" რას აკეთებს უკეთესს?! ძალიან ობიექტური თვალით  რომ დავინახოთ და ფოკუსი სწორად დავიჭიროთ, რეალურად არაფერი შეცვლილა. დრო ერთმანეთის ბრალდებებში გადის და არავინ ინტერესდება სოციალურად  დაუცველი ადამიანებით. ადრე ვიცოდით, რომ მონობაში ვცხოვრობდით, რომ თავისუფლება გვეთამაშა, რომ რესპუბლიკის მოედანზე გამარჯვება გვეყვირა, როცა რუსეთი გორთან იდგა -  დღეს საერთოდ არაფერი ვიცით. ვინ ვართ, სად ვართ, საით მივდივართ... ,,გარდაცვლილი " თუ ემუქრება ცოცხალს, ეს პირველის სიძლიერის არა, მეორის სისუსტის ბრალია. ის თუ მკვდარია, ეს მკვდარზე უფრო მკვდარი აღმოჩნდა!..


 - მიუხედავად დღევანდელი ხელისუფლების მიერ დაშვებული არაერთი შეცდომისა, შეძლებენ თუ არა “ნაციონალები“ ხალხის მხარდაჭერის მოპოვებას?
-ეს სასაცილოა. თუ ისინი დაბრუნებას გეგმავენ, არა იმიტომ, რომ გულისტკივილი ამოძრავებთ, არამედ იმიტომ, რომ მეტად გამძვინვარებულებმა შური იძიონ 1-ლი ოქტომბრის გამო. სინამდვილეში, ეს მარცხი მხოლოდ მათი ბრალია. ამდენი ფასადური თვითკმაყოფილებით  მორღვეული ძირი გამოეცალათ. მე კი მჯერა მეორედ მოსვლის, მაგრამ არ მეგონა, ,,ნაციონალებსაც" თუ გააჩნდათ რწმენა... ,,ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან"...


-მეორე წელია საუბრობენ ე.წ. მესამე პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე. კულუარებში კი “პატრიოტული ალიანსისა“ და ნინო ბურჯანაძის “ქართულ ოცნებასთან“ მოსალოდნელ სატელიტობაზე უსვამენ ხაზს. თქვენი აზრით, შეძლებენ თუ არა ისინი “ნაციონალურ მოძრაობის“ჩანაცვლებას?
-,,ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა" -ნიკო გომელაურის ეს ლექსი გამახსენდა. აქ იმდენად ყველაფერი ხდება, რომ არც ეს არის გამორიცხული, მაგრამ რატომ გახდა შესაძლებელი  ე.წ. მესამე ძალა?! ან რა ძალა აქვთ ასეთი?! თუ ასეთი ძალოსნები არიან, რატომ მესამე, ბარემ პირველი იყოს და გაერთიანდნენ...
გენიალურია ,,ნატვრის ხე"- ,,ნაქარალი, ნაქორალი, გაგლეჯილ-გამოგლეჯილი"... ნუთუ ასე უინტერესო ცხოვრება აქვთ, რომ თავს პოლიტიკას აფარებენ?! შენი ქვეყნისთვის თუ სიკეთე გინდა, რა საჭიროა პარტია?! შეგიძლია ისედაც გააკეთო და უფრო მეტიც... ექვთიმე თაყაიშვილსა  და ამბროსი ხელაიაზე მეტი ქართველები ესენი არ არიან... პოლიტიკის მიღმა მდგარმა ,,უბრალო" ქართველებმა ნაკლები არ გააკეთეს...


- ბიძინა ივანიშვილი ლარის გაუფასურებას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს აბრალებს. თქვენი აზრით, ეს ასეა თუ ივანიშვილი მთავრობისათვის პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს?
-ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა რომ გახდა საჭირო, ეს არის ტრაგედია უგმიროდ. ,,საიდან სადაო" -მასზეა ნათქვამი... ვისაც არ უნდა დააბრალოს, შუშებიანი სასახლიდან დანახული საქართველო არ მგონია სახარბიელო მდგომარეობაში იყოს. გამჭირვალე ფონიდან,  წესით,  მკაფიოდ უნდა ჩანდეს ქვეყნის ბედი თუ უბედობა. მისი მდგომარეობა მყინვარწვერს უფრო მაგონებს, არადა  ამტკიცებდა, რომ თერგი იყო... ,,უძრაობა ქალაქში, უძრაობა სრულიად"...


-რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვის მკვლელობა ვის აძლევდა ხელს - რუსეთს, უკრაინა თუ აშშ-ს?
-იმას, ვინც მოკლა, მაგრამ ყველაზე საინტერესო ე.წ. ლიბერალების ჰუმანიზმი და გაკვირვებაა... თურმე რუსეთი ბოროტების იმპერიაა. ეს ისედაც ვიცით, ვინ არის რუსეთი. უბრალოდ, ასეთი გაოცება  მართლა საოცარ გაოცებას იწვევს მათგან, ვინც წლების მანძილზე დუმდა საქართველოში მკვლელობების სერიაზე... უკვე აუტანელია ამდენი თვალთმაქცობა.


- დაბოლოს, რა ხდება რუსულ და უკრაინულ ეკლესია-მონასტრებში. ამ ქვეყნებში არსებული საომარი ვითარებიდან გამომდინარე, რა როლს თამაშობენ ისინი?
-ვფიქრობ, რუსეთის ეკლესია უკრაინაში იმ როლს თამაშობს, რაც აფხაზეთში შეასრულა. რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ ერთმორწმუნეა, რუსეთი დამპყრობელია და რელიგიასაც ამ ნიშნით იყენებს. ერთმორწმუნე იყო ბიზანტიაც, მაგრამ გავიხსენოთ, რას აკეთებდა ბულგარეთში, იმდროინდელ საქართველოში...

ვშიშობ, ბიზანტიის ბედი არ ეწიოს რუსეთსაც. ჰო, აფზაზეთზე გამახსენდა-ნათქვამია, ფიცის გატეხვიდან იწყება ყველა უბედურებაო. უკრაინაში გახიზნული რეფორმატორის მიერ დავით მეფის საფლავზე დადებული ფიცის რღვევის ბრალი ხომ არ არის ჩვენი უბედურება?!

                      ესაუბრა ია ჯღარკავა