Iverioni
«    ნოემბერი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
2-04-2015, 21:18
ნანახია: 1312

რა შეიძლება გახდეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივის წარუმატებლობის მიზეზი?

საგანმანათლებლო ალიანსის თანათავმჯდომარე მარიამ რამინაშვილი, განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ კობა სუბელიანის მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა, რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტს მოიცავს:

 

„საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით კენჭი უნდა უყაროს კობა სუბელიანის საკანონმდებლო ინიციატივას. აღნიშნული ინიციატივა ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ალტერნატიული ასაკის განსაზღვრის მიზნით მომზადდა და გულისხმობს, მშობლების სურვილის შემთხვევაში, ხუთწლიანი ბავშვების სკოლაში შეყვანას, რომლებსაც მიმდინარე კალენდარულ წელიწადში უსრულდებათ 6 წელი. აბსოლუტურად ვეთანხმები იმ პოზიციას, რომ სკოლაში მოსწავლეთა შესვლის ასაკი განისაზღვროს იმ ფორმით, როგორც ეს პირველი მოსმენით იქნა მიღებული. ანუ, ეს ინიციატივა ორ მნიშვნელოვან მომენტს მოიცავს - ერთი, რომ შესვლის ასაკი კალენდარული წლის დასრულებითაა განსაზრვრული და მეორე, მიუხედავად ამისა, ნებაყოფლობითია ამ შემთხვევაშიც. ეს უკანასკნელი რეგულაციაც ჩვენი რეალობიდანაა გამომდინარე, რადგან განათლების სამინისტროს ან არ სურს ან არ შეუძლია, შექმნას რგოლი, რომელიც ამ ასაკის ბავშვებს შეამოწმებს, რამდენად არიან მზად სასკოლო სივრცესთან შესაგუებლად, ან რგოლი, რომელიც დაადგენს იმ სკოლებს, რომლებიც მზად არიან ხუთწლიანი ბავშვების მისაღებად. მე შეგნებულად არ გამოვიყენე სიტყვა შემეცნება, რადგან ჩვენი ეროვნული სასწავლო გეგმა ერთმნიშვნელოვნად აფიქსირებს - დაწყებითი საფეხურის მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრის დროს , ასევე 1-4 კლასის საგნობრივი პროგრამების სტანდარტის ჩამოყალიბებისას, რომ ეს ეტაპი არის სწავლის სწავლა და ცოდნის დაგროვებისკენ მიმართული პროცესები უმნიშვნელო დოზითაა ჩართული, სწორედ ამას ეფუძნება ის მომენტიც, რომ შეფასება 1-4 კლასში არ შეიძლება, კანონით იკრძალება.

 

/ამონარიდი ეროვნული სასწავლო გეგმიდან/ მუხლი 2. ზოგადი განათლების საფეხურების ამოცანები 1. დაწყებითი საფეხურის ძირითადი ამოცანებია: ა) შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად; ბ) ჩამოუყალიბოს მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და სამყაროს შემეცნების მიმართ ინტერესი; გ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები და ჩამოუყალიბოს საფუძვლები შემდგომ, საბაზო საფეხურზე სწავლის წარმატებით გასაგრძელებლად; იმ ცოდნის დასაუფლებლად, უნარ-ჩვევების გასავითარებლად და დამოკიდებულებების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც მას მომავალში დასჭირდება. 2. სწავლის ხუთი წლის ასაკიდან დაწყებასთან დაკავშირებით, პირველ კლასში: ა) საგაკვეთილო პროცესში გამოყენებულ უნდა იქნას განმავითარებელი, დიდაქტიკური თამაშები; ბ) გაკვეთილის დაწყებიდან 15 წუთის შემდეგ დრო უნდა დაეთმოს ფიზიკურ აქტივობებს (3-5 წთ); გ) რეკომენდებულია გაკვეთილი მიმდინარეობდეს აქტიური და პასიური აქტივობების მონაცვლეობით (მაგ. საკითხავ დავალებას მოჰყვეს ხატვა ან როლური თამაში); დ) შესაძლებლობის ფარგლებში, რეკომენდებულია, საკლასო გარემო დაიყოს რამდენიმე ნაწილად, რომელთაგან მინიმუმ ერთი დასვენებასა და თავისუფალ აქტივობას დაეთმობა."" მაშასადამე, რჩება ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა - სასკოლო და საგაკვეთილო სივრცის შესაბამისი რესურსებით აღჭურვა და პედაგოგის კომპეტენცია, რომელმაც ზუსტად იცის, ასაკობრივი თავისებურებების შესახებ და ამ თეორიულ ცოდნას იყენებს პრაქტიკულ აქტივობებში. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არგუმენტები ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაშიც, როცა მოსწავლე 6 ან მეტი წლის შედის სკოლაში. შეიძლება ითქვას, რომ სწავლების პირველი წელი ერთი და იმავე პრობლემებითა და საჭიროებებითაა განსაზღვრული, მიუხედავად იმისა, რა ასაკის მოსწავლეებით დაკომპლექტდება კლასი. ახლა, ორიოდე სიტყვით, რას ამბობენ ამასთან დაკავშირებით პედაგოგიური თეორიები. მაგალითისთვის რამდენიმე ავტორიტეტს მოვიყვან, რომელთა თეორიულ შეხედულებებსაც სრულად იზიარებს დღევანდელი ქართული საგანმანათლებლო სისტება პროცესის დაგეგმვისა თუ წარმართვის დროს.მონტესორი: ,, მონტესორის სასწავლო პროგრამა,, ბავშვების სახლი" განკუთვნილია 3-6 წლის ბავშვების ადრეული განვითარების სტიმულირებისათვის. სხვადასხვა ასაკის ბავშვები ერთ საკლასო სივრცეში იმყოფებიან, რომლის მოწყობასაც მონტესორი დიდ მნიშვენლობას ანიჭებდა. მისი შეხედულებით, თავისთავად არ არსებობს ზარმაცი, ინტერესების არმქონე, მიღებელი და გამომწვევი ქცევის მქონე ბავშვი. ეს პრობლემები ჩნდება მაშინ, როცა გარემო არვალისწინებს ბავშვის საჭიროებებს. მონტესორის სწავლების მეთოდი გულისხმობს:ბავშვზე დაკვირვებას წინასწარ მოწყობიულ გარემოში, რომელშიც იგულისხმება სასწავლო ოთახი, სადაც სივრცის რეორგანიზაცია ადვილადაა შესაძ;ებელი სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე.ასევე, მოწესრიგებულადაა განლაგებული მრავალფეროვანი სამუშაო მასალები სხვადსხვა სირთულის დავალებების შესასრულებლად, დაკვირვების საფუძველზე, ბავშვისატვის სასწავლო გეგმის შემუშავებას განვითარები სენსიტიური პერიოდის გათვალიწინებით. სწავლებაში შეგრძნების ყველა არხის გამოყენებას: მხედველობა, სმენა, ყნოსვა, შეხება, კინესტეტიკური შეგრძნებები. ბავშვისათვის მისაწვდომი სწავლების ტემპის შერჩევასა და პორტფოლიოს განვითარებას მიღწევების შეფასებისათვის. სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვების ერთ კლასში სწავლებას, მაგ.: 3-6 წლის, 7-9 წლის.

 

ვიგოტსკი: ,, ვიგოტსკი თვლიდა, რომ ენა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვის განვითარებაში. ენის საშუალებით ის ცოდნა, რომელიც სხვებს გააჩნიათ, მოსწავლეთათვის ხელმისაწვდომი ხდება. ენა კოგნიტური იარაღია, რომელიც მოსწავლეებს აზროვნებასა და პრობლემების გადაჭრაში ეხმარება. ვიგოტსკი თვლიდა, რომ 2 წლის ასაკამდე ბავშვისთვის აზროვნება და მეტყველება ორ განცალკევებულ ფუნქციას წარმოადგენს. აზროვნება ენისგან დამოუკიდებლად ხდება. როცა ენა იწყებს განვითარებას, იგი, თავდაპირველად, კომუნიკაციის გამოიყენება. დაახლოებით 2 წლის ასაკიდან, ენა და აზროვნება ერთიანდება: ბავშვები იწყებენ აზრების გამოხატვას ენის საშუალებით და იყენებენ ენას იმისთვის, რომ იფიქრონ და იაზროვნონ. როდესაც ენა და აზროვნება ერთმანეთს ერწყმის, ბავშვები ხშირად საკუთარ თავს ელაპარაკებიან. ამ ფენომენს ეგოცენტრული მეტყველება ეწოდება. დროთა განმავლობაში მეტყველების ამ ფორმას შინაგანი მეტყველება ცვლის. შინაგან მეტყველებაზე გადასვლა 3-7 წლის ასაკში ხდება." ბიჰევიორისტული თეორია, საერთოდ უგულვებელყოფს მოსწავლის ინდივიდუალურ მახასიათებლებს სასწავლო პროცესში და მთელი დატვირთვა სასწავლო გარემოსა და პედაგოგზე გადააქვს.: ,,ეს თეორია არ ითვალისწინებს ბავშვის პიროვნებას და მის ინდივიდუალურ თავისებურებებს . თუმცა იგი მნიშვნელოვანია, რადგანაც აღწერს გარე ფაქტორების ზეგავლენით ახალი ჩვევების ჩამოყალიბების კანონზომიერებებს. კერძოდ, ეს თეორია გვასწავლის, რომ როგორც კი მოსწავლე რაიმე უნარს შეიძენს, მასწავლებელმა მას უნდა დაანახოს, რომ ეს უნარი სასარგებლოა. მაშასადამე, პედაგოგებმა ისე უნდა მოახდინონ სასწავლო პროცესის ორგანიზება, რომ განმტკიცება მოხდეს უშუალოდ სწავლის შემდეგ. სწავლის განმტკიცებას სკოლაში, ჩვეულებრივ, განაპირობებს რაიმე დავალების წარმატებით შესრულება.

 

განმტკიცების კიდევ ერთი სახეა მასწავლებლის მიერ მოსწავლის შექება, წახალისება. აქედან გამომდინარე, ახლად ნასწავლი კიდევ უფრო განმტკიცდება, თუკი მასწავლებელი სწავლასთან დაკავშირებული ამოცანების სირთულეს შეუსაბამებს მოსწავლის შესაძლებლობებს. ეს მოსწავლეს უყალიბებს წარმატებაში დარწმუნებულობის, აგრეთვე, საკუთარი წარმატების მართლზომიერების განცდას. ამასთანავე, მასწავლებელს შეუძლია აგრძნობინოს და დაანახოს მოსწავლეს, რომ მას ძალიან სიამოვნებს, რომ მოსწავლე იყენებს ახლად შეძენილ უნარებს. რა თქმა უნდა, იდეალურ შემთხვევაში, განმტკიცების ეს ორი ფორმა ერთდროულად უნდა იყოს გამოყენებული." როგორც პედაგოგიური თეორიებიდან ვიგებთ, მოსწავლის 5 და 6 წლიან ასაკს არანაირი განსხვავება არ აქვს სასწავლო პროცესთან მიმართებაში, საჭიროებები და პრობლემები ამ ორ ასაკს ერთმანეთისგან არ არჩევს. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ პრაქტიკულ თვალსაზრისით, თეორიებიც არ შეიძლება მიჩნეულ იქნას, როგორც აბსოლუტური ჭეშმარიტება. ახლა რაც შეეხება კვლევებს… მე პირადად, გაოცებული ვარ, როცა არგუმენტად მოშველიებულია კვლევები, რადგან განხორციელებული კვლევების რეკომენდაციები, რომელიც სამინისტროს მიერაა გასაჯაროებული გვთავაზობს: 1. მნიშვნელოვანია მინიმალური სასკოლო ასაკის გადახედვა ან სასკოლო მზაობის შემოწმების სისტემის გამართვა 2.თუ ხუთწლიანების სწავლება მოხდება სკოლამდელ დაწესებულებაში, საჭიროა სკოლამდელი დაწესებულების კადრების მომზადება, რომლებიც არსებულ მეთოდოლოგიურ რესურსებზე დაყრდნობით უზრუნველყოფენ ბავშვების სკოლისათვის მომწიფებას (სამივე სფეროს განვითარებაზე ზრუნვით); 3.იმ შემთხვევაში, თუ 5 წლიანთა სწავლება გაგრძელდება სკოლაში, აუცილებელი იქნება სასკოლო ოთახების ინფრასტრუქტურის ადაპტირება მათ თავისებურებებზე…"

 

აქვე, დაუშვებელია კვლევების შედეგად მიღებული კონკრეტული ბავშვის შედეგის განზოგადება! ჩვენ ხომ სტანდარტულ მატერიალურ საგნებთან არ გვაქვს საქმე, საიდან ვიცით, როგორი მომზადებული ბავშვი მოდის შემდეგ წელს? რომლის სასტარტო პოზიციაც განმსაზღვრელი იქნება საბოლოო შედეგისთვის. თუ მეთოდები ან სასწავლო გარემო, ან პროცესის რომელიმე ელემენტის პრობლემა დაადგინა კვლევამ, მაშინ იმ ნაწილში უნდა მიმართოს სამინისტრომ ძალისხმევა, განსაკუთრებით აუცილებლად იმიტომ, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია სკოლამდელი განათლების საფეხური, საბავშვო ბაღები ეს სოციალური პროექტია და არა განათლების დაწყებამდე სავალდებულო საფეხური წინარე ფორმით. არადა ეს თაობა საკმაოდ მობილური და გონებამახვილია, გარდა ამისა, კარგად აქვთ წვრილი და მსხვილი მოტორიკა განვითარებული, რაზეც ეპოქამ თავისთავად იზრუნა. ამიტომ თუ ისინი არ შევლენ სკოლაში, მე მიმაჩნია, რომ დანაშაულიც კია, რადგან აუცილებლად დაზარალდება ბავშვი, მისი მოთხოვნისა და განხორციელებული აქტივობების შეუსაბამობა აუცილებლად შეასუსტებს მისი შემდგომი საგანმანათლებლო მოტივაციის ხარისხს. როგორც ვხედავთ, არცერთი რეკომედაცია არ მიუთითებს 5 წლის ასაკის შეუსაბამობის შესახებ სასკოლო მზაობასთან. უბრალოდ, სახელმწიფოს/სამინისტროს მხრიდან დამატებითი აქტივობების განხორციელებაა აუცილებელი, რასაც, როგორც ჩანს, სამინისტრო ვერ ახორციელებს, აქედან გამომდინარე, ირჩევს მარტივ გზას - კრძალავს ხუთწლიანების შესვლას სკოლაში (15 სექტემბრის შემდეგ დაბადებული).

 

ვფიქრობ, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ამით სახელმწიფო მხოლოდ გადაავადებს პრობლემას - სკოლა შესაბამისობაში იქნას მოყვანილი სწავლების პირველ წელთან და არაფერ კავშირშია თავად ბავშვთან დაკავშირებულ პრობლემებთან. ასევე, აღნიშნულ პრობლემას ემატება ის, რომ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა 25 მოსწავლით განისაზღვრა. სტატისტიკური მაჩვენებლებით გაზრდილია 5-6 წლიანთა რაოდენობა, შესაბამისად, სახელმწიფოს არ აქვს ვაუჩერის თანხა, დააფინანსოს ამ რაოდენობის მოსწავლე, ამას ემატება გაზრდილი ფინანსური კლასებით გამოწვეული პრობლემებიც. დაბოლოს, პირადი გამოცდილებიდან შემიძლია, გითხრათ, ხუთწლიანების სკოლაში შემოსვლის პირველი წლიდან ვაკვირდები ამ პროცესს, განსაკუთრებულად ყურადღებით ვაანალიზებდი ამ მოსწავლეების შედეგებს, სწორი, შესაბამისი და კომპეტენტური მიდგომების შემდგომ, არც ერთხელ პრობლემა არ შექმნილა არცერთი მიმართულებით. ამ სიტუაციაში მიჩნდება ეჭვი, რომ სახელმწიფო/სამინისტრო ნაცვლად იმისა, რომ აგვარებდეს დასახელებულ აუცილებლობებს - ზრუნავდეს საგაკვეთილო სივრცის შესაბამისი რესურსებით აღჭურვასა და პედაგოგების კომპეტენციის მუდმივ განახლებაზე ან ადგენდეს სკოლების შესაბამისობას, უბრალოდ მარტივად აგვარებს საკითხს, საერთოდ კრძალავს ხუთწლიანების სკოლაში შესვლას, თუმცა, მიკვირს ნამდვილად, რადგან, იშვიათი გამონაკლისების გარდა, სექტემბრის 15-მდე დაბადებულ და 31 დეკემბრამდე დაბადებულ ბავშვებს შორის თითქმის არანაირი განსხვავება არ არსებობს სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებულ პრობლემებთან მიმართებაში.

 

მოყვანილი არგუმენტების ფონზე კი - არსებული ინიციატივის წარუმატებლობის მიზეზი შესაძლებელია გახდეს 1.ინიციატორის პარტიული კუთვნილება, 2. სახელმწიფოს მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რომელიც ამ მიმართულებით უნდა მოაგვაროს განათლების სამინისტრომ, 3. სამინისტროს მხრიდან რეკომენდაციებით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელების შეუძლებლობა - ფინანსური თუ კომპეტენციის არარსებობით წარმოქმნილი - სამივე შემთხვევაში, დაზარალებულია ბავშვი, რომელიც მზადაა სასკოლო გარემოსთვის, რაც გამოუსწორებელი შეცდომაა და სავალალო შედეგს მოგვცემს“.