მივა თუ არა პარლამენტში მთავარი პროკურორი?

მივა თუ არა პარლამენტში მთავარი პროკურორი?

თავისუფალი დემოკრატები მთავარი პროკურორის პარლამენტში დასაბარებლად ემზადებიან. ოფიციალურ მოთხოვნას ოპოზიცია პირველივე სესიაზე წარადგენს. ალასანიას გუნდს აინტერესებს, რატომ დასჭირდა პროკურატურას დამატებითი საგამოძიებო მექანიზმი და რა მიზნები აქვს სამართლიანობის აღსადგენად შექმნილ უწყებას. ფრაქციის წევრებს მიაჩნიათ, რომ ამ კითხვებზე საპასუხოდ გამართული დახურული შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში საკმარისი არ არის. სხდომას ბადაშვილი არ დასწრებია.

 

უკვე ცნობილია, რომ თავისუფალი დემოკრატების მოთხოვნას ნაციონალური მოძრაობაც უერთდება. საპარლამენტო ოპოზიციურ ფრაქციებს ამ თემაზე კონსულტაცია უკვე ჰქონდათ.

 

ნაციონალურ მოძრაობაში დარწმუნებული არიან, რომ ახალი დეპარტამენტი ხელისუფლების ხელში პოლიტიკური ბრძოლის კიდევ ერთი იარაღია.

 

მთავარი პროკურორის პარლამენტში მისვლის აუცილებლობას ვერ ხედავენ მმართველ გუნდში. ეკა ბესელიას განცხადებით, ერთი კვირის წინ გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე თავისუფალი დემოკრატების ყველა კითხვას ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ უკვე უპასუხა. 

 

ახალი საგამოძიებო სტრუქტურა 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ პროკურატურაში შესულ საჩივარ-განცხადებებს სწავლობს, რომელიც საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულს ეხება. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს მიაჩნია, რომ მსგავსი უწყება ხელისუფლების შტოებისგან დამოუკიდებლად უნდა შექმნილიყო და ასეთია საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციაც.

 

ახალი დეპარტამენტი მთავარ პროკურატურაში 4 მარტს შეიქმნა. პრეზენტაციას აღმასრულებელი ხელისუფლება და მისი მეთაური დაესწრო. პროკურატურის მონაცემებით, 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან უწყებაში 52 ათასზე მეტი საჩივარ-განცხადებაა შესული, რომელიც საჯარო მოხელის შესაძლო დანაშაულს უკავშირდება, აქედან ქონების უკანონოდ ჩამორთმევას ეხება 697 სარჩელი.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: