ადამიანები რომლებიც ლოთი ქობალიამ დახვრიტა-ვეტერანების პასუხი გია ჯაჯანიძეს

ადამიანები რომლებიც ლოთი ქობალიამ დახვრიტა-ვეტერანების პასუხი გია ჯაჯანიძეს

თამაზ გოჩაშვილი: პროტესტს ვაცხადებ ჩემი ბატალიონის "დე-შე-ბეს" და გენერალ გია ყარაყარშვილის საეჭვო რეპუტაციის გადაცემაში "სხვა რაკურსით" ლანძღვის გამო. 

ამა წლის 9 აპრილს "იმედის" სატელევიზიო სივრცეში გადაცემა "სხვა რაკურსით" გასულ სიუჟეტზე, სადაც წამყვანმა გია ჯაჯანიძემ დააყენა ზვიად გამსახურდიას და მისი მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელთა შერიგების და პატიება-არპატიების საკითხი? მეომარ კაცს თითქმის არაფერი არ მიკვირს ამ ქვეყანაზე და მით უმეტეს საქართველოში, მაგრამ გამაკვირვა ამ გადაცემის ფორმატმა და მიზანს მგონი მიუხვდი კიდეც. ნეტავი ისინი მომცა ბრძოლის წინა ხაზზე და იმ პროდიუსერების სახეები დამანახა იქ რა გმირობას ჩაიდენდნენ. ასეთი არაკომპეტენტური და უპასუხისმგებლო სანახაობებით ანგრევენ ქვეყანას. დამნაშავეები უდანაშაულო კრავები გამოყავთ და პირიქით. ჯერ რად უნდოდათ ამ საეჭვო რეპუტაციის ფორმატში, რასაც გადაცემა "სხვა რაკურსით" ქვია ამ უმნიშვნელოვანესი საქართველოს სამოქალაქო ომის თემების განხილვა? ამით, ჩემი აზრით, უფრო მეტი დაძაბულობა და ფარისევლური ქვეტექტები შეიტანეს საზოგადოებაში და გააღრმავეს უფსკრული. მე მეგონა მხოლოდ მე გავბრაზდი და როგორც სოციალურ ქსელში ვნახე, აქ გამოსულ პირებსაც, გამსახურდიას ზოგიერთ მომხრესაც პროტესტის ნიშნად დაუტოვებია დარბაზი. რატომ მოყავთ ამგვარ გადაცემებში სულ ერთი და იგვივე საეჭვო რეპუტაციის და წარსულის მქონე პირები? სად არიან სამხედრო ფორმირებების ნამდვილი წამყვანი ხელმძღვანელები და მეომრები? რატომ ისინი არ გამოყავთ? რა გვარდიის ლიდერები და ვიცე-მაიორები (?) და ვიცე-პოლკოვნიკები არიან? სად მოასწრეს ამდენი სამხედრო სამსახური?

 

ვაცხადებ პირდაპირ, გადაცემაში "სხვა რაკურსით" მისვლა ვაჟკაცი კაცისთვის არის ნამდვილი შეურაცხოფა და მე პირადად ასეთი საეჭვო რეპუტაციის ფორმატს არ ვცნობ და არც მივიდოდი. ასევე ვაპროტესტებ უარყოფით ფორმატში ჩემი სადესანტო-მოიერიშე ბატალიონის წევრების მოხსენიებას. და არ მომეწონა ჟურნალისტ დავით ბოლქვაძის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის გია ჭანტურიას და გენერალ გია ყარყარაშვილის აუგად მოხსენიება.

 

1993 წლის ოქტომბრის ბოლოს სამთავრობო ჯარები იკავებენ ხობს და ჩვენც ბრძანება მივიღეთ შესვლაზე. ახალი დაბრუნებულები ვიყავით სოხუმის ჯოჯოხეთიდან, სადაც ძიძარიას ქუჩაზე ჩემი ბიჭებით ბოლო სუნთქვამდე ვამაგრებდით პოზიციას. მოსახლეობამ ნორმალურად მიგვიღო, მაგრამ ლოთი ქობალიას ხალხმა დაგვიშინა ყუმბარები და იძულებული გავხდით ნაწილი მოსახლეობისა გაგვეყვანა და უკან დაგვეხია. ამის შესახებ არ იცოდნენ ჩვენმა თანამებრძლებმა რამაზ დავითაშვილიმა, ლევან ცქიტიშვილმა და დიმა ბალალაშვილმა და 1993 წლის 28 ოქტომბერს ხობში შევიდნენ ჩვენს დასახმარებლად და პირდაპირ ტყვედ აღმოჩდნენ გამსახურდიას მომხრეებთან. აქვე მოედანზე აღმოჩნდა მსოფლიო სატელევიზიო ახალი ამბების კორესპოდენტი დავით ბოლქვაძეც და, როგორც ამბობენ, მან მოასწრო და გადაიღო მოწინააღმდეგის მიერ შემოყვანილი ტანკები წარწერებით "აფსნი" და ჩეჩენ-კაზაკთა რაზმები.

 

თავად იქაური მოსახლეებმა და თანამებრძოლებმა დაადანაშაულეს ლოთი ქობალია ამ ბიჭების დახვრეტისათვის და ვის რას ედავებიან? ამიხსენით, ვის აქვს სამხედრო ტყვეების დახვრეტის უფლება? ერთი ტყვია არ აკმარეს ამ გმირ ბიჭებს უმოწყალოდ აწამეს და ბოლქვაძეს 12 ტყვია ქონდა მოხვედრილი. რამაზის ყურებში ავტომატის "შომპოლი" ქონდა გაყრილი და დიმა ბალალაშვილს ხელის მტევანი აკლდა. მიცვალებულები გაძარცვეს და დათოს "ბათინკებიც" კი გახადეს და ისე ჩადეს მიწაში. მისი ვიდეოკამერით კი აფხაზები დაასაჩუქრეს. არსებობს კადრები, როგორ გადაარჩინა დავით ბოლქვაძემ აფხაზი ტყვე სიკვდილს, როდესაც დაჭრილს ზედ გადაეფარა და ამ დროს ქართველმა გაწირა და მოკლა. ის ისეთი გულიანი ბიჭი იყო, რაღაც სურათის დახატვისთვის მოკლულ ნოდიასაც ზედ გადაეფარებოდა. არმისული ზუდგიდამდე სოფელ კირცხთან ვნახეთ წითელი ჯვრის სისხლიანი დაყაჩაღებული მანქანა. აქ ვიპოვე დავით ბოლქვაძის საბუთები და მეგონა ამ მანქანაში დაცხრილეს. შემდეგ ყველაფერი გავიგეთ და დავაბრუნეთ მანქანა და მის ოჯახს გადავეცით დათოს საბუთები.

 

თავიანთი დანაშაულის დასაფარავად მიცვალებულებს გაუვრცელეს ათასი ჭორი და უკვე 28 ში დაღუპულებს თავი რომ ემართლებინათ 29 ში ყაჩაღობა და გაუპატიურების მცდელობა დააბრალეს. მე ვკითხულობ ერთს – თუ ქობალიამ არ დახვრიტა ეს ბიჭები, ის არ მოძებნიდა მკვლელებს, როცა ამხელა პატიმრობის ვადას უსჯიდნენ და რატომ გაუშვეს ის ამინისტიით? აი, ამგვარი უპასუხისმგებლო გამოურკვეველი ჭორების ქვეყანაში ვცხოვრობთ და რით ვერ გამოიძიეს აქამდე საქმის ვითარება? ჩემი ბატალიონის კიდევ ერთი მეომარი ნუგზარ კახნიაშვილი, დავით თევზაძის გამოცილების დროს მოკლეს ზუგდიდის რაიონის სოფელ ლესიჭინესთან. მან ვის რაღა დაუშვა? საკონტროლო ტყვია ესროლეს და ყურის ბიბილო მოაჭრეს, შეურაცხვეს მიცვალებული. ამ საოცარ ადამიანებს ნუ მოვკლავთ უდანაშაულოდ მეორედ და მესამედ უპასუხისმგებლო საუბრებით. ეს დაუშვებელია.

 

თბილისის ზღვის სასაფლაოზე განისვენებს კიდევ ერთი უკრაინელი ბიჭი სახელად იგორი, რომელიც ასვე დახვრიტა ლოთი ქობალიამ და კიდევ რამდენია?! უგზო-უკვლოდ დაკარგულები. ეს იყო საშინელი ტრაგედია და ძალიან იმოქმედა ჩვენზე, როდესაც აფხაზეთში გადარჩენილი ჩვენი ბიჭები უმოწყალოდ დახვრიტეს ისევ ქართველებმა. ჩვენ აფხაზები გადაგვიცვლია და გაგვიშვია. რა დააშავეს ამისთანა ამ ბავშვებმა, რომ სიცოცხლე წაართვეს ან შვილი არ ყავდათ, ან მეუღლე ან დედა?! არა, არაფრით აქვს ამ მკვლელობებს გამართლება. საერთოდ ვერ გავიგე რა საუბარი იყო იმ ხალხისგან ვინც იქ არ ყოფილა. მაშინ ხსენებული პოლკოვნიკი რეზო გახოკიძე არც შესულა ხობში დაფნარის ხიდზე იდგა და ოპერაციას ხელმძღვანელობდა. დაუშვებელია ასევე პირადად ლოთი ქობალიას პიროვნების მიმართ ვინმეს კეთილგანწყობის შენარჩუნებისთვის ზრუნვა.

მან თავის თავს უკვე გამოუტანა განაჩენი და გაუგებარია ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის დღევანდელი ხელმძღვანელის ირაკლი შიხაიაშვილის მასთან ერთად შერიგების ღონისძიებების მოწყობა. ეს ხომ ფარსია? ამ კაცმა გოლგოთაზე გაუშვა ამდენი ხალხი და თვით ზვიად გამსახურდიას შვილებმა გამოაგდეს მამის საფლავიდან, როგორც მოღალატე. ვინც შესარიგებელი იყო უკვე შერიგებულია და ხელახლა ამ თემის წამოწევა არ არის საჭირო.

 

ირაკლი შიხიაშვილს ურჩევნია მიხედოს გამსახურდიას მხარეს დაღუპული ბიჭების და გვარდიელების საპენსიო უზრუნველყოფის საკითხს და ასევე იმას, რომ სამოქალაქო ომში ფოთთან, ზუგდიდთან, სენაკთან, ქუთაისთან დაღუპული სამთავრობო ჯარების მეომრებს დღესაც არა აქვთ მარჩენალდაკარგულის სტატუსი. დღეს აღდგომაა და მინდა მივუსამძიმრო ზ. გამსახურდიას მომხრე გვარდიის მხარეს დაღუპულ მეომართა ოჯახებს. ამ წლებში მათ მძიმე განსაცდელები გადაიტანეს და სრული განუკითხაობაც. მათი შვილებიც დაიღუპნენ ბძოლაში, იმ რწმენით რომ მართალ საქმეს ეწირებოდნენ. სახელმწიფოს უნდა აეღო ადრეც და დღესაც პასუხისმგებლობა მათი შვილების წინაშე. რაც შეეხება აფხაზეთს უნდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ სწორედ შევარდნაძე-გამსახურდიას ხელისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა ეს სამოთხე და 300 ათასი მკვიდრი დარჩა მიუსაფარი. თორემ მეომარ კაცებს ეს მიწა არ დაუკარგიათ და მათმა სრულიად გაუაზრებელმა პოლიტიკამ ჩემი უანგარო ბიჭების სიცოცხლე შეიწირეს. "დე-შე-ბეს" გმირი ბიჭების შეურაცხოფის უფლებას არავის მივცემთ. მითუმეტეს საეჭვო რეპუტაციის და წარსულის ვაიპიროვნებებს. გადახედეთ ჩვენს ვიდეო არქივს, და დაინახავთ რა პირობებში იბრძვის ჩვენი ბატალიონი, მშიერ-მწყურვალები, დუბანელები და დაუხურავები, წყალიც არ გვქონდა სულის მოსათქმელად. ვის დავანებებ მათი სახელის აბუჩად აგდებას?! წინა ხაზზე ჩვენ თავდადებით ვიბრძოდით და არავისთვის არ გვღალატია, არც ქვეყნისთვის და არც ერთი ფორმირებისთვის. პირდაპირ ვაცხადებ ჩვენ ყველაზე მეტი გვაქვს ნაომარი და ამიტომაც დაგვარქვეს თავდაუზოგავები – "Смертник" -ები. არც ერთი ბრძოლა არ წაგვიგია. როგორ არ გავიხსენო დაღუპული თანამებრძოლები: შრომის შეტევაში ზაზა მოზაიძე და გოჩა ჩაგელიშვილი, ან აძიუბჟში ნაწამები პაატა ხუბულური და თემურ ბობოხიძე, რომლებიც მედესანტეებმა ტყვედ ჩაიგდეს, სასტიკად აწამეს და მაინც ვერ დააჩოქეს, ან სოხუმში დაუმარხავი შალვა ნადირაძე, ზაზა დემეტრაშვილი და დათო პაპუაშვილი, ან სინოპში ჭურვის ნამსხვრევებით დაგლეჯილი ჩემი ბიჭები ვასიკო ამირიძე, მამუკა ტოგონიძე, ნუგზარ გვრიტიშვილი, კობა ჩოხელი და დათო ჩალაური. რა სიმწრით მოვაგროვეთ მათი სისხლიანი ძვლები, ზოგის ხელი, ზოგის ფეხის და გულის ნაფლეთები.

 

მინდა ვკითხო ამ "ტელევიზიონშჩიკებს" გრძნობთ კი პასუხისმგებლობას, როცა ამ ვაისცენარებს წერთ. ვინ ხართ? რა გინდათ? ვის სპეცდავალებებს ასრულებთ? ვითომ მშვიდობას თესავთ და თქვენს გადაცემებს მადლი არ აქვს იმიტომ, რომ შინაგანი მუხტი არ გაგაჩნიათ მართალი საქმის კეთებისა. ამიტომაც გვექცევა ჩვენი ბედკრული ქვეყანა თავზე. იმიტომაც გაუტყდა გული ბევრ ჩემს თანამებრძოლს და ზოგმა თავი ჩამოიხრჩო და ზოგი სამშობლოდან გადაიხვეწა. არ გაბედოთ და თქვენი ბინძური ენებით ჩემს ნატანჯ ბიჭებზე სიტყვაც არ დაძრათ! და ვინც გვღალატა ყველამ თავის გულში ჩაიხედოს. საინტერესოა ის, რომ ამ გადაცემის ავტორებმა ისიც კი არ იციან, რომ "საქართველოს მხედრიონის" ლიდერი და გამსახურდიას მომხრეები ტამიშის დესანტის განადგურების დროს 1993 წლის ივლისში შერიგდნენ და გვერდი-გვერდ იბრძოდნენ. "მხედრიონმა" გახსნა პირველმა ოჩამჩირის მხრიდან 10 ივლისს გზა ტამიშზე და რამდენიმე ბიჭიც დაეღუპა წინა ხაზზე ამ დღეს, როდესაც ტანკებმა დაიგვიანეს. საინტერესოა ისიც, რომ შემდეგ ჯაბა იოსელიანი და აკაკი ელიავა ზუგდიდში შერიგდნენ და ერთმანეთში კაცურად გაარკვიეს ურთიერთობები. ერთად შექმნეს კიდევაც საზოგადოებრივი ორგანიზაცია "პატრიოტთა კავშირი". ახლა ვის სჭირდება ამ შერიგება-არშერიგების თემის წინ წამოწევა გაუგებარია. მით უმეტეს, რომ აქ მოწვეულ სტუმრებს აშკარად აკლდათ კომპეტენცია და მე ვიტყოდი რა ფორმირებებს წარმოადგენდნენ სრულიად გაუგებარია. მკვლელებთან შერიგება არ შეიძლება მოხდეს და არც შეიძლება ეპატიოს ვინმეს გამსახურდიას მომხრეთა სახლების გადაწვა დარჩელში. ყველამ ყველაფერი კარგად იცის საქართველო პატარა ქვეყანაა. და უნდა დაისაჯოს ყველა ვინც არ უნდა იყოს ის და გახსოვდეთ, ამგვარ დანაშაულს არ აქვს ვადა. გადაცემები უნდა გაკეთდეს არა პატიება-არპატიებაზე, არამედ ითქვას დაუფარავად სიმართლე ვინ რა ჩაიდინა და პირები ვინც დამნაშავეა უნდა ერთხელ და სამუდამოდ მოშორდნენ სატელევიზიო სივრცეს.

 

ამგვარი საეჭვო რეპუტაციის გადაცემის ფორმატში მონაწილეობა თავისთავად არის სამარცხვინო. არავის არ მინდა შეურაცხოფა მივაყენო, მაგრამ გია ჯაჯანიძის პროფილი ნამდვილად არ ითვალისწინებს უსერიუზულეს საკითხებზე მსჯელობას და მით უმეტეს ერის გამთლიანებას. რადგან გადაცემამ მიიღო სარკაზმული სახე და იყო დამონტაჟებული იმგვარი რეპლიკებით და ჩანართებით, რომლებიც ორივე მახრეს უფრო აღიზიანებდა. მით უმეტეს ამ აღდგომის წინა დღეებში რა საჭირო იყო დაღუპულთა და ინვალიდთა ლანძღვა და დადანაშაულება. ეს არ იყო მორწმუნე ქრისტიანების საუბარი.

 

აი, თუნდაც, როგორც თავად აცხადებს, გვარდიის ვიცე-მაიორის (ეს რა ჩინია გაურკვეველია) რომან ძიძიგურის, რომელმაც იკადრა და ჩვენს გენერალს გია ყარყარაშვილს (აშკარად ჩანდა რომ დარწმუნეული არ იყო) თავისი მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულა. სიტყვებით – "მე დაგლოცავ ასე – ინვალიდის სავარძელში დიდხანს გამყოფოსო უფალმაო". ამ სიტყვების შემდეგ ნამდვილად არ არის შერიგების მცდელობაც კი. ეს ყველაფერი ძალიან სამარცხვინოა და ცდება ადამიანურ ნორმებს.

არც გია ყარყარაშვილის შეურაცხოფის უფლებას არავის მივცემთ, ის ვაჟკაცი კაცია და ბევრ ტკივილს იტანს და რაც შეუძლია კიდევ სხვებსაც ეხმარება. ისტორიის ბედუკუღამრთობამ და პოლიტიკურმა შეცდომებმა ქართველი გვარდიელები დააპირისპირა და ერთმანეთზე ტყვია ასროლინა მეომრებს. ეს აღარ უნდა განმეორდეს. დაღუპულთა სიცოცხლის, სისხლის და საქართველოს პატივისცემით უნდა შეწყდეს მეომართა ასე უდიერად მოხსენიება და საქმის გამოსწორების ნაცვლად დაძაბულობის მომატება. შეკვეთილი გადაცემები სხვადასხვა ქვე დინებების წისქვილზე ასხავს წყალს და ფორმირებების ლანძღვა ხომ საერთოდ დაუშვებელია. ჩვენ გვერდიგვერდ ვიბრძოდით და ყველამ ვიცით ძმობის ფასი. არ იციან ეს გრძნობა მხოლოდ ვაიჟურნალისტებმა და ვაიპოლიტიკოსებმა, რომელებიც სამშობლოს დოლარებზე უკვე დიდი ხანია უნამუსოდ ყიდიან. ამ აღდგომის დღეებში ვთხოვ უფალს დააწყნაროს და დაალაგოს ჩვენი ქვეყანა. პატრიოტებს და გულით ანთებულ ხალხს მიეცეს საქმის კეთების საშუალება და ხელს ნუ გვიშლიან თავიანთი მე ვიტყოდი სულმდაბლობით. რაც უფრო დიდი რანგი აქვს ადამიანებს მათ მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ და ჩინების მიხედვით ნუ იყიდებიან. ამდენი წელია 30 ვერცხლია მათი საფასური. გამოიყო ვეტერანებისთვის დიდი თანხები და კაზინოებში, ნარკოტიკებში და რაღაც ვითომდა პროექტებში დაიხარჯა. კაცი შვილმა პასუხი არ აგო და ისევ სატელევიზიო სივრცე უჭირავთ. მინდა მთელი გულით ვუთხრა- შეინანონ თავიანთი მზაკვრობა და ახსოვდეთ – ვინც სისხლის ფასად ვიცავდით სამშობლოს მისთვის უცხოა უფლის ღალატი.

 

უნდა დამთავრდეს ვეტერანთა მოძრაობაში მლიქვნელობა, პირფერობა და ფულის სიყვარული. საუბედუროდ, მავანნი მიდიან გარიგებეზე და კაცურად საქმის კეთების შნოც არ აქვთ. ცალსახად ვაცხადებთ, ნაციონალებმა უნდა დატოვონ ვეტერანთა სამსახური. ჩვენი აზრით, ქვეყანაში საბოტაჟი მიდის და მათი დევიზია ვეტერანები დაქსაქსონ და დააშორონ ერთმანეთს. და ვინც ამ ჩემს გაფრთხილებას კვლავ და კვლავ ვერ შეიგნებს, სამახსოვროდ დაუბარებ – "ვაი, თქვენს პატრონს, უბედურს!" ჩემი აზრით გმირთა მოედანზე ჩვენს მიერ 2010 წელს დეკემბერში დაწყებული ჩვენი შიმშილობის აქცია კვლავ გრძლდება და უკვე არა მხოლოდ ვეტერანები უკვე ხალხი შიმშილობს. რას ეუბნებიან სხეულდაგლეჯილ, დაფლეთილ, დამწვარ-დაბუგულ ბიჭების სულებს, ალისფერი სისხლი, რომ თქრიალით ჩამოსდიოდათ ნატყვიარი შუბლებიდან და გულებიდან. ვის დაუტოვეს საქართველო საჯიჯგნად და რა ელოდება ჩვენს სამშობლოს წინ, როდესაც ეს ღვთიური მიწა ყველა მხრიდან მტრით არის გარემოცული. მე ყოველთვის ვიქნები იმ გმირების მხარეს და დამცველთა შორის ვისაც უყვარდა თავისი ბედკრული ქვეყანა და ალალად შეაკვდა მტერს. დიდება მათ ვაჟკაცობას და გმირობას. მჯერა უფალმა თვითოეული მათგანი გულში ჩაიკრა. ვენაცვალე მათ წმინდა საფლავებს, ისინი მარადისობის საკუთრება არიან. და გულში ვიხუტებ ყველა გადარჩენილ ვეტერანს და ვეტყვი სიყვარულით – დიდება თქვენს გამძლეობას, კაცები ხართ. ქრისტე აღდგა, გიხაროდეთ საქრისტიანოს დამცველებო!

ლალი ცერაძე

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: