ირაკლი ღარიბაშვილი:ნეპოტიზმის და კორუფციის ფაქტები არ არსებობს

ირაკლი ღარიბაშვილი:ნეპოტიზმის და კორუფციის ფაქტები არ არსებობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს, - მთავრობის მეთაური გურჯაანში განვითარებულ მოვლენებს დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

"ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა გურჯაანში, მაგრამ ეს იყო პროვოცირებული ე.წ ოპოზიციის მხრიდან. ძალიან ცუდია, რომ ასე უხეშად, დესტრუქციული მეთოდებით მათ სცადეს რაიონის გამგეობის მუშაობის ხელშეშლა და პარალიზება. სამწუხაროა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის რეაქცია იყო საკმაოდ მძაფრი და მწვავე, მაგრამ კარგად გვახსოვს, რა პირობებში ცხოვრობდა მოსახლეობა. მსგავსი რეაქცია ჩვენთვის მიუღებელია, თუმცა მოსახლეობის აგრესია გასაგებია. მინდა, ყველას მოვუწოდო, ოპოზიციის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაქსიმალურად თავი შეიკავონ მძაფრი გამოხატულებებისგან", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ახლოვდება რიგის სამიტი, ყველა რაიონში სიმშვიდე და სტაბილურობა ქვეყნის იმიჯისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"თუ მსგავსი რამ ხდება, ამაზე რეაგირებას შესაბამისი უწყებები მოახდენენ. ეს არის დადგმული სპექტაკლი და ოპოზიციის ამოცანაა ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის პარალიზება. რეაქციაც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან იყო მწვავე. ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ ხალხის აგრესიის შესაჩერებლად და მზად ვართ, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ჩვენს მხარდამჭერებს, მაქსიმალურად შეინარჩუნონ სიმშვიდე", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: